ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია – ამერიკის ხმა

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე, სადაც ის მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს უმასპინძლებს, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.

ტრადიციული მიღება დღეს, 25 სექტემბერს, უნდა გაიმართოს ნიუ იორკში.

,,პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

აღნიშნულზე “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე,”- წერს “ამერიკის ხმა”.

გამოცემის ცნობით, მიწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების – ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და ,,აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები. ,,ამერიკის ხმის” ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.

“ბათუმელები” დაუკავშირდება მთავრობის ადმინისტრაციას. თუკი ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით რაიმე განმარტებას გააკეთებს, მას აქვე შემოგთავაზებთ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის ამგვარ მიღებას ტრადიციულად ყოველ წელს მართავს. ასევე, ტრადიციულად, როგორც წესი, მიღებაზე მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ლიდერები, გარდა ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.

ყველა ხმა, რომელიც დააკლდება არჩევნებს, ჩაეთვლება „ოცნებას“ – ინტერვიუ

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ წარმოგიდგენიათ ისეთი პარტია, ან პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც ზუსტად პასუხობს თქვენს ინტერესებს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობასა და ევროპულ მომავალზე. ამიტომაც, აირჩიეთ ნებისმიერი, ვინც არ არის პირდაპირი წინაღობა ამ გზაზე, რადგან ასეთად თავი გამოავლინა „ქართულმა ოცნებამ“ – ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე. იგი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რატომ არის არჩევნებზე მისვლა აუცილებელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს ოპოზიციაშიც არავინ მოსწონს.

რატომ აწყობს ხელისუფლებას არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს და არის თუ არა რეალური არჩევანი ოპოზიციის ველზე? – „ბათუმელებმა“ გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარია. 2009-2013 წლებში გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციურად ვართ განწყობილი, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს შორის არავინ მოგვწონს? 

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში სასწორზე დგას საქართველოს არამხოლოდ ხელისუფლების საკითხი – ვინ მართავს საქართველოს მომავალი 4 წლის განმავლობაში – არამედ ის, იქნება თუ არა საქართველო კვლავ დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ევროპული ქვეყნის პერსპექტივა.

დღევანდელმა ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, ის საქართველოს გადააქცევს იზოლირებულ, ღარიბ, რუსეთზე დამოკიდებულ და დანაკუწებულ ერთეულად, მაშინ, როდესაც საქართველოს გაუჩნდა პერსპექტივა, იყოს ერთ-ერთი განვითარებული, მაღალი კეთილდღეობის მქონე და მშვიდობიანი გაერთიანების – ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ხელისუფლება არწმუნებს საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, მან გამოიგონა ე.წ. გლობალური ომის პარტია, სინამდვილე კი, მარტივად დასანახია ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ევროგაერთიანების პროექტმა ევროპას მოუტანა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, უწყვეტი მშვიდობა, ყველაზე მაღალი კეთილდღეობა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მიეშურა ევროპას ჩვენი მოქალაქეების ესოდენ დიდი რაოდენობა.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 30%-ით შემცირდა, აქედან ყველაზე დიდი წილი საქართველოს მოქალაქეებისა გავიდნენ საქართველოდან სწორედ ბოლო ორი წლის განმავლობაში – 2022 და 2023 წლებში დამყარდა აბსოლუტური რეკორდი ემიგრაციაში. ამ მასშტაბის ემიგრაცია არ მომხდარა არც 90-იანი წლების დასაწყისის სამოქალაქო ომის დროს, არც 2008 წელს, რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრის დროს და არც 2017 წელს, როდესაც ევროკავშირმა მოგვცა უვიზო რეჟიმი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა და მათ შორის ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში აღარ გააჩნიათ ნორმალური პერსპექტივა.

იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაიცალოს მოსახლეობისგან, იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მომავლის რწმენა, აუცილებელია არჩევნებზე მისვლა და ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელიც, პირველ რიგში, დააბრუნებს საქართველოს დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ, ვერ წარმოგიდგენიათ ისეთი პარტია, ან პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც ზუსტად პასუხობს თქვენს ინტერესებს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობასა და ევროპულ მომავალზე. ამიტომაც, აირჩიეთ ნებისმიერი, ვინც არ არის პირდაპირი წინაღობა ამ გზაზე, რადგან ასეთად თავი გამოავლინა „ქართულმა ოცნებამ“ .

  • მოქალაქე უნდა მივიდეს არჩევნებზე იმიტომ, რომ ეს რეფერენდუმია, თუ ამავდროულად, ოპოზიციის ველზე არსებობს რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება? 

განსხვავებები, რა თქმა უნდა, საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ თუ სერიოზულად განვიხილავთ ივანიშვილის ხელისუფლების გაშვებას, ეს შესაძლებელია მხოლოდ არსებული ოპოზიციური ძალების ერთმანეთთან თანამშრომლობით, კოალიციის შექმნით. იმის მიუხედავად, რომ არჩევნებამდე ვერ მოხერხდა საარჩევნო, ერთიანი ბლოკის შექმნა, ყველა შემთხვევაში, ამ ძალებმა ერთად უნდა შექმნან კოალიცია.

ერთ მხარეს ჩვენ გვყავს „ქართული ოცნება“, რომელმაც გააღატაკა მოქალაქეების დიდი ნაწილი და მათ ხარჯზე საკუთარი თავი გაიმდიდრა – ეს არის ივანიშვილის ინტერესების გამტარი ძალა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის მოქალაქეებს აიძულა, გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან, მეორე მხარეს კი დგას ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე პოლიტიკური ძალა, მაგრამ მათ გააჩნიათ საერთო ამოცანა – საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე.

ვთვლი, რომ თავისუფლად შესაძლებელია ეფექტური თანამშრომლობა კოალიციურ მთავრობაში.

  • კვლევების მიხედვით ჩანს, რომ ვერცერთი პოლიტიკური პარტია, დიდი ალბათობით, უმრავლესობის ხმას ვერ მიიღებს. რა უპირატესობა ექნება კოალიციას ამომრჩევლისთვის იმის გათვალისწინებით, რომ თავის დროზე „ქართული ოცნებაც“ კოალიციის სახელით მოვიდა ხელისუფლებაში? 

„ქართული ოცნება“ ნამდვილი კოალიცია არასდროს არ ყოფილა, ეს იყო ერთი კაცის მიერ არჩეული სხვადასხვა ძალის გაერთიანება, რომლის ერთადერთი კრიტერიუმი იყო ერთგულება ივანიშვილის მიმართ, მისი დავალებების შესრულება ყოველგვარი კითხვების გარეშე. ამ „კოალიციიდან“ კი ყველა გაირიცხა, ვინც დაფიქრდა იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა ივანიშვილის ქცევა საქართველოს ინტერესებს.

იგივე ვერ მოხდება ნამდვილ კოალიციაში. კოალიციაში ერთი პიროვნება, ან ერთი პოლიტიკური ძალა ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება უპირატესობას, პირველ რიგში, კოალიციური მთავრობა არის აპრობირებული პრაქტიკა ყველაზე წარმატებულ, განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში. შეერთებულ შტატებში ორპარტიული სისტემაა და ხშირად ნაკლად მიიჩნევენ ხოლმე იმას, რომ შესაძლოა ამ ორი პარტიიდან არცერთი არ გამოხატავდეს ამომრჩევლის საკმაო ნაწილის ინტერესებს. თუმცა ესეც გამოცდილ, წარმატებულ სისტემად ითვლება.

ევროპის ქვეყნებში კი, აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნებისა, იმართება საპარლამენტო მმართველობის სისტემით. აქ ძალიან ხშირად ვხედავთ კოალიციებს, რომლებიც ზოგჯერ იცვლიან კონფიგურაციას, მაგრამ ის ყოველთვის პასუხობს ამომრჩევლის ინტერესებს. მაგალითად, გერმანიაში კოალიციები საკმაოდ მდგრადია და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წლის კონსტიტუციის მიღებიდან გერმანიას სულ მე-9 კანცლერი ჰყავს. გერმანია მუდმივად ქმნის სტაბილურ მთავრობებს იმის მიუხედავად, რომ ეს მთავრობები ძალიან ხშირად არის კოალიციური.

  • სახელისუფლებო პროპაგანდა მუშაობს იმ საკითხზეც, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია პოლიტიკური კულტურა და კოალიციის შემთხვევაში კიდევ უფრო გაჭირდება გადაწყვეტილებების მიღება… 

პოლიტიკური კულტურა მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ათწლეულების განმავლობაში გაიზარდა, მიიღო გამოცდილება, ის მომწიფებულია იმისთვის, რომ ქვეყნის მართვა ჩავაბაროთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გაერთიანებას, რომელიც ყოველთვის იგრძნობს ანგარიშვალდებულებას საკუთარი ქვეყნის წინაშე.

კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ინტერესების შეჯერების პროცესი უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს მოსახლეობას, რეგიონებს, სხვადასხვა ინტერესების ჯგუფებს, მათი ინტერესი იყოს ხელისუფლებაში გათვალისწინებული. ამან შესაძლოა გააჭიანუროს გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, მთავრობის ჩამოყალიბება, მაგრამ ეს მისაღები ფასია, მივიღოთ დაბალანსებული, წარმომადგენლობითი, მოსახლეობასთან ანგარიშვალდებული მთავრობა.

  • გიორგი გახარიამაც მოაწერა ხელი პრეზიდენტისგან ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“, რაც ითვალისწინებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას „თავისუფალ გარემოში“. რა იცვლება გახარიას ამ ნაბიჯით? 

ჩემი აზრით, ქარტიაზე გიორგი გახარიას პარტიის ხელის მოწერა ამცირებს რისკებს, რასაც მიიჩნევდა ბევრი სახიფათოდ. ამ ხელმოწერით პასუხი გაეცა იმას, რომ გახარია არ გახდება ივანიშვილის მაშველი რგოლი ძალაუფლების შენარჩუნების საკითხში.

ფაქტია, რომ ეს კითხვები გახარიას მიმართ არსებობდა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ეს პარტია არ უერთდებოდა ქარტიას. დღეს უკვე ნათლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გახარიას პარტია მომავალ კოალიციაში, რომელიც საქართველოს ევროპულ კურსზე დაბრუნების გარანტი უნდა გახდეს.

  • რამდენად ელოდებით ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გააქტიურებას, რა ტენდენცია იკვეთება სოციოლოგიური კვლევებით? 

ჩანს ის, რომ უფრო მეტი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, თავისი ხმა შეუერთოს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას ხელისუფლების გამოცვლასთან დაკავშირებით.

შეიძლება ყველა ადამიანი არ იყოს შეთანხმებული იმაზე, თუ რომელი პარტია ჯობს მომავალი ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ მთავარია, რომ მოქალაქეების დაახლოებით სამი-მეოთხედი – ნამდვილად ორ-მესამედზე მეტი – თანხმდება იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ აღარ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში.

  • „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ფორმით ცდილობს გააქტიუროს ნიჰილიზმის განწყობა. რატომ აწყობს რეალურად ხელისუფლებას მოქალაქეები არ წავიდნენ არჩევნებზე? 

ეს არის ერთგვარი საშუალება, რომელსაც იყენებს ყოველი უვარგისი ხელისუფლება – „კარგი, მე არ ვვარგივარ, მაგრამ მე თუ არა, ვინ?“

ამას იმიტომ აკეთებენ, რომ არაფერი აქვთ შესათავაზებელი. „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა სრული უუნარობა, როგორც საგარეო კურსის მიმართულებით, ისე ქვეყნის საშინაო საკითხებში.

დღეს საქართველო სრული იზოლაციის წინაშეა, სანქციები წესდება უმაღლესი დონის. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ჩამოშალა ყველაფერი, რაც ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა – ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლად გაუქმდეს.

საშინაო საქმეებში კი, გვაქვს მასშტაბური სიღარიბე, ადამიანები ტოვებენ ქვეყანას… მან რაც აჩვენა, არის კორუფციული გზით საკუთარი თავის გამდიდრების დიდი ნიჭი. შესაბამისად, ამ ვითარებაში დაარწმუნო მოქალაქეები, რომ სახლში დარჩნენ და საერთოდ არ მივიდნენ არჩევნებზე, ერთადერთი გზაა, შეინარჩუნო ხელისუფლება.

  • თუ სახლში დარჩება მოქალაქე, ამით როგორ დარჩება „ოცნება“ ხელისუფლებაში? 

ხელისუფლებას ყოველთვის გააჩნია ადმინისტრაციული რესურსი – სულ რომ არავინ მივიდეს არჩევნებზე, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები, საჯარო მოხელეები, გამგეობების, თუ მთავრობის სამსახურები იძულებული იქნებიან მივიდნენ არჩევნებზე.

ხელისუფლებას ასევე აქვს კონტროლი და უპირატესობა საარჩევნო პროცესის მსვლელობისას. ისინი ხედავენ, რამდენად არაპოპულარულია ეს ხელისუფლება და ამიტომაც ერთადერთი იმედია, არ მივიდნენ მოქალაქეები მასობრივად არჩევნებზე.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ მასობრივად ამომრჩევლების გამოცხადების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება არჩევნების ისე გაყალბება, რომ ხელისუფლება დარჩეს ძალაუფლებაში. ხალხი რომ სახლში დარჩეს, ამისთვის ავრცელებენ ამ მოსაზრებასაც, რომ არჩევნები ყალბდება.

  • რას დაკარგავს მოქალაქე, თუ ამ რთულ სიტუაციაში ის მაინც სახლში დარჩენას ამჯობინებს და იტყვის, ოპოზიციაც არ ვარგაო? 

ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს არამხოლოდ ევროპულ პერსპექტივას, რომ გახდეს განვითარებული და მაღალი კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, ევროპის ნაწილი, ნაწილი ყველაზე უფრო მშვიდობიანი და დაცული რეგიონისა მსოფლიოში, არამედ გახდება აბსოლუტურად იზოლირებული, ღარიბი, უპატრონო ქვეყანა, რომელზეც თავისი გეგმები აქვს რუსეთს.

ეს ერთგვარი მინიშნებები, რომ რუსეთთან შერიგების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აპირებს ვინმე, არის ასევე აბსოლუტური, მტკნარი ტყუილი. რუსეთი თვითონ ამას არ ადასტურებს. ასე 90-იან წლებშიც საქართველო შეიყვანეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების სანაცვლოდ. ამის სანაცვლოდ რა მივიღეთ, ყველას გვახსოვს.აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე და ყველაზე ნაკლებად ვის მიმართაც აქვს ნეგატიური დამოკიდებულება, იმას მისცეს ხმა.

საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის შენარჩუნების და კეთილდღეობის მიღწევის გზა არის გზა, რომელიც გაიარეს სხვა ევროპულმა ქვეყნებმა. ამ გზაზე უნდა დავაბრუნოთ ქვეყანა ამ არჩევნების შემდეგ.

ამომრჩეველმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ყველა ხმა, რომელიც დააკლდება ამ არჩევნებს ამომრჩევლის არმისვლით, რეალურად ჩაეთვლება „ქართულ ოცნებას“.

ამიტომაც, თუ მას არ მოსწონს რომელიმე ოპოზიციური გაერთიანება, აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე და ყველაზე ნაკლებად ვის მიმართაც აქვს ნეგატიური დამოკიდებულება, იმას მისცეს ხმა.

იდეალური მთავრობა არ არსებობს ბუნებაში და ადამიანებს გვაქვს ის არჩევანი, რაც არსებობს.

შესაბამისად, გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ რაციონალურად. რაციონალური არჩევანი კი არის გასტუმრება დადასტურებულად ცუდი ხელისუფლებისა და ხმა უნდა მისცეს ამომრჩეველმა ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თუ იდეალურად არ პასუხობს მის ინტერესებს, ყოველ შემთხვევაში, სხვაზე ნაკლებად არის მისთვის მიუღებელი.

ამ თემაზე:

რას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ხალხისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“

 

ქალებმა არჩევნებზე ხმა უნდა მივცეთ მათ, ვინც ჩვენს დაკვეთას შეასრულებს – კვლევა

„საქართველოს მოსახლეობის 52%-ს და საარჩევნო სიებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 54%-ს ქალები შეადგენენ. სწორედ ქალთა ჩართულობამ და ხმების მობილიზებამ შეიძლება შეიძინოს კრიტიკული მნიშვნელობა გარდამტეხი ცვლილებებისთვის.

ამ დროს კი, ქალები ქვეყანაში აუნაზღაურებელ საშინაო შრომას კაცებზე სამჯერ მეტ დროს უთმობენ და თან, ქვეყნის ეკონომიკურ სარგებელსაც ქმნიან,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, „რას ითხოვენ ქალი ამომრჩევლები?! – ქალების ნამდვილი საჭიროებები და წუხილები“.

საარჩევნო კომისიის გენდერულ პორტალზე ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების I ტურში მონაწილეობა მიიღო ქალების 49.48%-მა (980 092) და კაცების 50.52%-მა (1 000 552). მეორე ტურში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ქალების 51.43% -მა (290 931) და კაცების 48.57%-მა (274 711).

„არსებითი ცვლილებებისთვის ქალ ამომრჩევლებთან მუშაობა უნდა გააქტიურდეს, რათა ქალთა ხმებმა შეიძინოს ის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც ქვეყნის უფრო უკეთეს, უფრო თანასწორ მომავალს სჭირდება,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევა მკვლევარმა ქრისტინე ჟღენტმა ჩაატარა, კვლევის ზედამხედველი კი სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი ნარგიზა არჯევანიძე იყო.

ჩვენ, ქალებს, არჩევნების დროს გვაქვს ის ძალაუფლება, ხმა მივცეთ იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ჩვენს დაკვეთას შეასრულებს, რომელიც ჩვენი, ქალი ამომრჩევლების წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და ჩვენს საჭიროებებს გაითვალისწინებს,“ – ამბობს ნარგიზა არჯევანიძე.

ქალთა ხმების პოლიტიკური პარტიებისთვის მისაწვდენად და მათი საჭიროებების გამოსაკვეთად მკვლევარმა ქრისტინე ჟღენტმა სამაგიდო კვლევა აწარმოა, რომლის ფარგლებშიც შეაგროვა და დაამუშავა ქალთა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის შესახებ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარებული ავტორიტეტული კვლევები, ანგარიშები, პუბლიკაციები, თემატური სტატიები, მიმოხილვები და სტატისტიკური მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ ქალთა საჭიროებების შესახებ საქართველოში აქამდე ჩატარებულ კვლევებში ძირითადად სოციალური და ეკონომიკური საკითხები დომინირებს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ქალთა რვა ჯგუფი და ის საკითხები, რისი გადაჭრის იმედითაც მიდიან ქალი ამომრჩევლები საარჩევნო ყუთთან.

ახალგაზრდა ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, ლგბტქი ქალების საჭიროებები, სოფლად/მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქალები, ემიგრანტი ქალები, კონფლიქტით დაზარალებული ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები, არაფორმალურ სექტორში დასაქმებული (გარემოვაჭრე) ქალები – ეს ქალთა ის ჯგუფებია, რომელთა საჭიროებებიც აისახა კვლევაში.

ქალთა ყველა ჯგუფს, მისი ინტერესი და საჭიროება აქვს. მაგალითად, ახალგაზრდა ქალებისთვის მთავარი გამოწვევა გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებაა, ასევე არსაკმარისი შესაძლებლობები აქვთ თანამედროვე განათლების მისაღებად და სამუშაო ადგილების არ არსებობა ან დაბალი და არასათანადო ანაზღაურება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ახალგაზრდა ქალ ამომრჩევლებს აწუხებთ, არის სოფლებსა და დაბებში სოციალიზაციის და თვითრეალიზაციის სივრცეების არარსებობა.

ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, უსაფრთხო, არაძალადობრივი გარემო, დასაქმება, ინფრასტრუქტურული და საცხოვრებელი პირობების მოგვარება – ეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების წინაშე არსებული გამოწვევების არასრული ნუსხაა. ქალთა ამ ჯგუფისთვის პრობლემურ საკითხადაა ასევე მიჩნეული ადრეული ქორწინება. ამასთან, აუნაზღაურებელი შინშრომა და ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა პირდაპირ აისახება ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე და ზრდის ქალებზე ძალადობის ფაქტებს.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელთა პრობლემებიც განხილულია კვლევაში, არიან ლგბტქი ქალები. კვლევის თანახმად, ისინი სრულიად მოწყვეტილი რჩებიან სახელმწიფოებრივი პოლიტიკის დაგეგმვის პროცესს, რაც აძლიერებს მათი ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და მათ მიმართ ძალადობის ფაქტებს. უსაფრთხოების საკითხებს თან სდევს დასაქმებისა და ეკონომიკური გამოწვევები, დისკრიმინაციული საზოგადოებრივი გარემო, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა.

სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის, გამოწვევად რჩება მემკვიდრეობის საკითხებიც, რადგან ქალებისთვის მემკვიდრეობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის არდატოვების დისკრიმინაციული მიდგომა, ქალებს უზღუდავთ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობას.

კვლევა ასევე ეხება ემიგრანტი ქალების საჭიროებებს. ემიგრაციის გამოცდილების მქონე ქალთა შეფასებით, ემიგრაციაში შეგროვებული ეკონომიკური, ფინანსური რესურსები ძირითადად ოჯახის საჭიროებებზე იხარჯება და არ არის საკმარისი ქალების ინდივიდუალური კეთილდღეობისთვის. ოჯახის წევრებსა და შვილებთან განშორების ემოციურ სტრესს, როგორც წესი, ემატება წლების განმავლობაში გაჩენილი გაუცხოებაც. შესაბამისად, ემიგრაციიდან დაბრუნებისას ჩნდება ოჯახთან რეინტეგრაციის პრობლემებიც.

ასევე, ემიგრაციიდან დაბრუნებას ვერ ახერხებენ ქალები, რადგან მათთვის შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა ნაკლებადაა. ერთი მხრივ აქ ასაკობრივი ფაქტორი მუშაობს – დამსაქმებლები ახალგაზრდა კადრებს ანიჭებენ უპირატესობას და არა ემიგრაციიდან დაბრუნებულ 50 + ასაკის ქალებს, მეორე მხრივ ემიგრანტები წლების განმავლობაში არიან მოწყვეტილი საქართველოს რეალობას, რაც მათ რეინტეგრაციას ართულებს. ამასთან არ არსებობს გამართული სოციალური და ჯანდაცვის სისტემა, რაც ქალებს უფრო მოწყვლადებს ხდის.

ქალთა ყველა ჯგუფისათვის პრობლემურ საკითხადაა მიჩნეული დასაქმება (რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობის ნაკლებობა), განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურული და საცხოვრებელი პირობების მოუწესრიგებლობა.

„დღეს, საქართველოში კვლავ ვხვდებით ადგილებს, სადაც ქალები და გოგოები დიდ დროს და ძალისხმევას ხარჯავენ სასმელი წყლის სახლში მოტანაში. პრობლემურია სარწყავი, საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგების, უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდების, გზების მოპირკეთებისა და სოფლების საჯარო ტრანსპორტით უზრუნველყოფაც,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი ნარგიზა არჯევანიძე ამბობს, რომ როდესაც ამომრჩევლის 54 % ქალია,  მნიშვნელოვანია, ამ ქალების საჭიროებები პოლიტიკური პარტიებისთვის იყოს ნათელი.

„პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტად უნდა ისაუბრონ ქალებთან, არამარტო ცენტრში, არამედ რეგიონებშიც, რომ გაიგონ რეალურად რა სჭირდებათ ქალებს. იმისათვის, რომ უფრო ინკლუზიური პოლიტიკა შეიმუშავონ და რეალურად მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას, მნიშვნელოვანია, რომ მათ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ, ცენტრალურ ნაწილად აქციონ ქალთა საჭიროებები.

ამ საჭიროებებზე ზრუნვა და  შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო, ვინაიდან სწორედ მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკა პირდაპირ აისახება ქალების ყოველდღიურობასა და ცხოვრებაზე. ეს საკითხები უნდა იყოს პრიორიტეტული.

ხშირად, სიღარიბის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები ან გენდერული თანასწორობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ან ის საკითხები, რაც უშუალოდ ქალებს ეხებათ და მათ ყოველდღიურობაზე აისახება, ხდება ხოლმე მეორეხარისხოვანი.

არაპრიორიტეტულ საკითხებად იქცევა განსაკუთრებით ისეთ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. დღევანდელი ხელისუფლების სხვადასხვა არადემოკრატიული, საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, როდესაც გვაქვს ასეთი დემოკრატიული უკუსვლა და ავტორიტარული შემობრუნება, აი, ეს მოვლენები, პირდაპირ აისახება ქალების სხვადასხვა ჯგუფების და უმცირესობების ყოველდღიურობასა და ცხოვრებაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ქალების საჭიროებები და გამოცდილებები გაითვალისწინონ პოლიტიკოსებმა, რადგან მათ სჭირდებათ ყველაზე მეტი მხარდაჭერა,“ – ამბობს ნარგიზა არჯევანიძე.

მოზარდების ქორწინების პროპაგანდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე

„ქართულ ოცნებას“ თავის საარჩევნო კამპანიაში არასრულწლოვნები ჰყავს ჩართული.

ამის არაერთი მაგალითია. ერთ-ერთი შემთხვევაში კი – ქუთაისში გამართული საარჩევნო ღონისძიებაზე, არასრულწლოვანმა, 17 წლის ბიჭმა, ასევე არასრულწლოვან გოგოს ხელი საჯაროდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატის ფონზე სთხოვა.

„მაგარი ამბავი იწყება“, – შესძახა ღონისძიების წამყვანმა. ამ დროს სცენაზე მდგომმა ბიჭმა დაუძახა დარბაზში მყოფ გოგონას, რომელიც ასევე არასრულწლოვანია და აჩუქა ქორწინების ბეჭედი, რასაც მოჰყვა ტაში და შეძახილები.

„საოცარი ქუთაისური და ქართული ოჯახის შეიქმნა, აპლოდისმენტები“, – შესძახა ისევ წამყვანმა. აქვე გაისმა მეორე წამყვანის ხმაც – „18 წლისები რომ გახდებიან, იქორწინებენ“.

სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები საზოგადოების მხრიდან და ფაქტს „ოჯახობანას თამაში სცენიდან“ და „არასრულწლოვანთა ქორწინების რეკლამირება“ უწოდეს.

ეწევა თუ არა „ქართული ოცნება“ ნაადრევი ქორწინებების პროპაგანდას და რატომ არის წახალისებული მმართველი პარტიის მხრიდან „ოჯახობანას თამაში“?

ფაქტის შეფასება ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაცია „საფარს“ ვთხოვეთ.

იურისტის, სალომე სალდაძის შეფასებით, მსგავსი ქცევა ნაადრევი ქორწინების წახალისებაა, რაც ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა საქართველოში.

„იმისათვის, რომ ქორწინება იყოს კანონიერი, ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არის განსაზღვრული. მე-6 მუხლი ამბობს, რომ ქორწინება ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის ორგანოში.

ქორწინების აუცილებელი პირობაა დასაქორწინებელ პირთა თანხმობა და ასევე, აუცილებელია საქორწინო ასაკი.

ქორწინებას კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს 18 წლის ასაკიდან. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის შემთხვევები, როდესაც ქორწინება რეგისტრირებულ არ არის, მაგრამ ფაქტობრივია და ეს ხდება უფრო ადრეულ ასაკში.

თუ 16-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანები ქორწინდებიან, ამას რაიმე სამართლებრივი რეაგირება ვერ მოჰყვება, თუმცა სსკ-ით დანაშაულად არის მიჩნეული სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველთან“, – ამბობს სალომე სალდაძე.

მისი თქმით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საუბრობს ნიშნობაზეც.

„ის, რაც ამ ვიდეოში ჩანს, ნიშნობის ელემენტებსაც შეიცავს. ხელის თხოვნა, ანუ ნიშნობას 1109-ე მუხლი განსაზღვრავს. დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა, ანუ ნიშნობა არ წარმოადგენს ქორწინების ვალდებულებას.

ის, რაც ვიდეოში ვნახეთ, ეს არ წარმოშობს დაქორწინების ვალდებულებას და შეიძლება არც დაქორწინდნენ მომავალში ეს ადამიანები, როცა 18 წელს მიაღწევენ, თუმცა „საფარის“ შეხედულება და პირადად ჩემიც არის ის, რომ მსგავსი ტიპის ქმედება, რომელიც საჯაროდ ვრცელდება და მით უმეტეს მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც უამრავი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნებიც შეიძლება ესწრებოდნენ და უყურებდნენ, წარმოადგენს არასრულწლოვნების ქორწინების წახალისებას. ეს დაუშვებლად მიგვაჩნია, რადგან ვიცით, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას“, – ამბობს სალომე სალდაძე.

იურისტის აზრით, სახელმწიფოს ინტერესები იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ როგორმე ხელი შეუშალოს არასრულწლოვანთა ქორწინებას, ჩამოაყალიბოს სწავლების, ტრენინგების სისტემა, რომ შეცვალოს არასრულწლოვნების, მათი მშობლების ხედვა, ვინც ემხრობა ადრეულ ასაკში ქორწინების.

თუმცა ამის ნაცვლად ვხედავთ სრულიად საპირისპირო რამეს, როცა ახალისებენ არასრულწლოვანთა დაოჯახებას. ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ეს ვიდეო იქნება იმის ბიძგი, რომ მომავალში შეიძლება უფრო გახშირდეს ასეთი ასაკის მქონე პირთა „ნიშნობა“ ქორწინებები“, – ამბობს სალომე.

მისი თქმით, არც სპონტანურობის შთაბეჭდილებას ქმნის „ნიშნობის“ ეს სცენა, წამყვანის ემოციებიდანაც ჩანს, რომ ეს დადგმული სცენა იყო.

„ქართული ოცნება“ ბოლო წლებია „ოჯახის სიწმინდის“ დამცველის როლს ირგებს და ამ მიზნით ფსევდო ღირებულებების პროპაგანდას ეწევა.

სწორედ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის“ მოტივით დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ“ ჰომოფობიური კანონი, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს.

მაშინ როცა, ქვეყანაში პედოფილიისა და ბავშვებზე ძალადობის მაჩვენებელი კრიტიკულად მაღალია, ხელისუფლებას ამ პრობლემის შესამცირებლად რაიმე არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„მხოლოდ სამართლებრივი ნორმის ჩამოყალიბება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაც პრობლემა ქვეყანაში ამოძირკვო. სახელმწიფოს აქვს არაერთი ვალდებულება, ისე წარმართოს სახელმწიფო პოლიტიკა, სწავლება, ადამიანის უფლებების დაცვის პოპულარიზაცია, ადამიანების შეგნებამდე უნდა დავიდეს ეს, რომ წარმატებული იყოს რომელიმე ნორმის მოქმედება.

მარტო კანონის დასჯადი მუხლის მოქმედება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანთა გონებაში რაღაც შეიცვალოს.

მმართველი გუნდის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მათ ყოველ გამოსვლაში უნდა იგრძნობოდეს დისკრიმინაციის, თუ ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართული ფრაზები და ეს ხალხმა უნდა დაინახოს. როცა ხალხი საპირისპიროს ხედავს, ეს უკვე პრობლემა“, – ამბობს სალომე სალდაძე.

________________

მთავარი ფოტო: არასრულწლოვნების ნიშნობის სცენა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე.

„ორბის“ ახალ პროექტს ბათუმის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს – 5 კორპუსი ზღვასთან ახლოს

შპს „ორბი ჯგუფი“ ბათუმში ზღვასთან ახლოს კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, კომპლექსის პროექტი ხუთ შენობას აერთიანებს – ერთი პედესტალით გაერთიანებული ა, ბ, გ და ცალკე მდგომი გ და ე კორპუსები. ეს გეგმა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 25 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

რენდერი

გდგ-ში მოცემული ინფორმაციით, შენობები, აეროპორტთან შეთანხმებით, 81 მეტრზე მაღალი არ შეიძლება იყოს. ამის გათვალისწინებითაც კი კომპანიას ზონაში დადგენილი განაშენიანების რეგულირების პარამეტრების გადამეტებაზე თანხმობა სჭირდება. კერძოდ, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] გაზრდას 3,5-დან 12,0-მდე ითხოვს.

სწორედ ასეთ შემთხვევაში ითხოვს კანონი კვარტლის გეგმის დამუშავებას [გდგ], რასაც მერიის წარდგენით ბათუმის საკრებულო განიხილავს და ამტკიცებს. ეს სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული ერთგვარი მექანიზმია „ზედმეტად მონდომებული მშენებლისგან“ ქალაქის დასაცავად. თუმცა, ბათუმის შემთხვევაში ფაქტობრივად არ მუშაობს, რადგან ბათუმის საკრებულო სულ თანახმაა: „მივესალმებით“, „ეკონომიკა იზრდება“, „ხალხი დასაქმებულია“ – ეს არის „ოცნების“ უმრავლესობის ლოგიკა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ უმრავლესობას პროტესტი არ დაუფიქსირებია, როცა იგივე კომპანია შუა ქალაქში ქარხანას აგუგუნებდა.

მართალია, საბოლოო ნებართვა მაინც ქალაქის მერმა უნდა გასცეს, მაგრამ მერი ნებართვას ვერ გასცემს, თუ საკრებულო უარს იტყვის გდგ-ს დამტკიცებაზე, ანუ კოეფიციენტის გაზრდაზე, გდგ-ს შემუშავების საჭიროებაც ხომ ამ სურვილმა გამოიწვია. ამიტომაც, როცა ქალაქი შენდება ისე, როგორც შენდება, ამაზე საკრებულოც არის პასუხისმგებელი.

ბოლოს და ბოლოს ამ ქალაქში ერთი ყოფილი მერი, რომელიც წინა მთავრობის დროსაც მერი იყო და „ოცნების“ მთავრობაშიც გარკვეული პერიოდით დატოვეს ამ თანამდებობაზე, ამბობს, რომ მერი იმას გააკეთებს, რასაც მმართველი პარტია უბრძანებს. ამ ქალაქში არავინ ფიქრობს, რომ არჩეული მერი „ერთი საწყალი თანამდებობის პირია“, მაგრამ აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, როგორ „გააგდეს“ წინა არჩეული. ამომრჩეველმა არ  გააპროტესტა, როცა მის რჩეულ მერს განცხადება დააწერინეს და სახლში გაუშვეს. რატომ? – იმიტომ ხომ არა, რომ მერი იმას გააკეთებს, რასაც მმართველი პარტია უბრძანებს… ყველაფერი ლოგიკურია.

არადა ქვეყანას აქვს თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც მოქმედმა მერმა კარგად იცის. მედიასთან ის ყველაზე ხშირად ამ ფრაზას იყენებს – „ყველაფერი კანონის შესაბამისად…“რადგან მთავარი თემიდან გადავუხვიე [იქნებ არც] აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბოლოს და ბოლოს ბათუმი ის ქალაქია, სადაც ყოფილმა პრემიერმა გენგემის შესყიდვის მომზადებისა და დამტკიცების აუცილებლობა ასე ახსნა: „მორჩა ფულის კეთების დრო“.

გენგეგმის მომზადება მერიამ კონკრეტულ კომპანიას ტენდერით დაუკვეთა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ გვაქვს, ამიტომ რა მორჩა და რა არ მორჩა, თქვენ თავად გადაწყვიტეთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ „ორბის“ დამფუძნებელი ზაზა ზოიძე, დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და კომპანიასთან დაკავშირებული სხვა პირები „ოცნების“ შემწირველები არიან. ამასთან ირაკლი კვერღელიძე რუსული კანონის მხარდამჭერია.

„ორბის“ პროექტს რომ დავუბრუნდეთ, კომპანია მშენებლობას გეგმავს ზღვის პირის ქუჩის #1-ში, სადაც სამ ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს უკვე წლებია ფლობს. ეს ნაკვეთი კომპანიამ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე 2016 წელს შეისყიდა ვალდებულების შესრულების პირობით.

კომპანია გდგ დოკუმენტში წერს, რომ მიწის ნაკვეთი 2016 წელს 9 მილიონ ლარად იყიდა და არანაკლებ 350 სასტუმრო ნომრის მოწყობის ვალდებულება აიღო. ასევე აქვს ვალდებულება მოაწყოს პარკი ან სკვერი. კომპანია წერს, რომ 40 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო მთავრობასთან, თუმცა 300 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. გარდა ამისა, მერიას ამ პროექტში 1500 ადამიანის დასაქმებას ჰპირდება.  რეესტრის ამონაწერით მფლობელი „ორბი მილენიუმ ჯგუფია“ , ეს კომპანია „ორბი ჯგუფს“ ეკუთვნის.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ხვალ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ, საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს აპარტამენტებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტს, აუზს, სარეკრეაციო ზონას, საზოგადოებრივი დანიშნულების, მათ შორის კვების ობიექტებს, შიდა გზებისა და ავტოსადგომების მოწყობას.

გეგმარებითი ერთეული მდებარეობს ქალაქის ცენტრალური, ისტორიული ნაწილის სამხრეთით, ახალი ბულვარის მიმდებარედ და მოქცეულია ზღვისპირას, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩებსა და კვარტალთშორისი გასასვლელებს შორის – ფართობი 36 800 კვ.მეტრია და მოიცავს ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი 32 249 კვ.მეტრია. ტერიტორიის ინტენსიური ათვისება დაიწყო რამდენიმე წლის წინ და დღეისათვის საპროექტო ტერიტორიის ნაწილზე სასტუმროს აშენებენ.

პროექტი ბათუმის აეროპორტთან შეუთანხმებიათ.

აბიტურიენტი შვილის მოსამზადებლად დედა მარჩენალდაკარგულის პენსიას ითხოვს – სასამართლო არ ჩქარობს

17 წლის არასრულწლოვანი გოგოს დედამ შვილის დახმარების მისაღებად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წელს მიმართა, თუმცა მოსამართლეს ამ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაუწყია.

სვეტლანა ხაბელოვა ამბობს, რომ ის, როგორც დედა და მარჩენალდაკარგული შვილის მეურვე, სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებს. ახლა ეს თანხა თავისი შვილის, ირინას კონკრეტულ საგანებში მოსამზადებლად სჭირდება, რადგან მოზარდი მეთორმეტე კლასში გადავიდა და აბიტურიენტია.

საიას იურისტის განმარტებით, კანონი ბავშვის საქმის პრიორიტეტულ განხილვას ითხოვს, რაც ამ შემთხვევაში უგულებელყოფილია.

სვეტლანას მეუღლე 2008 წელს გარდაეცვალა, ის რვა თვის შვილთან ერთად მარტო დარჩა. უნდა ემუშავა, რომ ოჯახი გადაერჩინა, ამიტომაც შვილი დროებით საცხოვრებლად „წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონს“ მიაბარა. ამბობს, რომ შვილს ხშირად ნახულობდა და უყურადღებოდ არ ტოვებდა.

ამ პანსიონში იზრდებოდა ირინა 2022 წლამდე, ვიდრე ის არ დაიხურა. პანსიონის დახურვის შემდეგ, სვეტლანამ გადაწყვიტა შვილი თავისთან წაეყვანა საცხოვრებლად. ამ დროს მას უკვე მიღებული ჰქონდა ბინა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე არსებულ სოციალურ სახლში. თუმცა, როგორც თავად გვიყვება, ამ პერიოდში ის ბათუმის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა ექთნად და მოზარდის აუცილებელი უზრუნველყოფისთვის დახმარებას საჭიროებდა, ამიტომაც ირინა დღემდე გიმნაზიაში სწავლობს და იქვე ცხოვრობს.

2023 წელს სვეტლანა ხაბელოვამ სასამართლოს მიმართა და შვილის ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის უფლება მოითხოვა. საუბარია მარჩენალდაკარგულის პენსიაზე, რომლის მიღებაზეც მანამდე, როგორც თავად გვიყვება, სოციალური სააგენტოს მოთხოვნით თქვა უარი და ეს ხელმოწერითაც დაადასტურა.

სვეტლანა ხაბელოვა თავის განცხადებაში სასამართლოს წერს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაჩქარებულად განიხილონ მისი საჩივარი:

„როცა პანსიონი გაუქმდა, ჩემი შვილის მინდობით აღზრდაში გაგზავნას აპირებდნენ. გავაპროტესტე, ვუთხარი დედა ვადგავარ თავზე და რა უფლებით აგზავნით მინდობით აღზრდაში-მეთქი. შენ ვერ მიხედავო.

მინდობით აღზრდისთვის 600 ლარს უხდიან ოჯახს და მე სააგენტომ მომთხოვა, შვილის პენსიაზე უარი მეთქვა. მითხრეს შეიძლება შენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგესო და მომთხოვეს ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომ უარს ვამბობ ამ თანხაზე და მხოლოდ სრულწლოვნების ასაკში მიიღებს თავად. ახლა ჩემი შვილი 17 წლის არის და უნდა, რომ ეს თანხა გეოგრაფიაში, ინგლისურში და ქართულში მოსამზადებლად გამოიყენოს, რადგან უკვე აბიტურიენტია და მომზადება სჭირდება“.

სვეტლანა ხაბელოვას სარჩელი განსახილველად მოსამართლე სალიხ შაინიძეს დაეწერა, თუმცა საქმის არსებითი განხილვა დღემდე არ დაწყებულა.

2023 წლის 24 აპრილს სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის მიხედვითაც ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქმეში არასრულწლოვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ადვოკატის ჩაბმის საკითხი და მიზანშეწონილად მიიჩნია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩართვა.

იმავე განჩინების მიხედვით, სასამართლომ სააგენტოს დაავალა არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის მიზნით, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა, მათ შორის, ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით, განცხადების საგანთან მიმართებაში მხარის პოზიციის გამოკვლევა, განჩინების ჩაბარებიდან გონივრულ ვადაში. სააგენტო საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო და 2024 წლის იანვარში საქმის მასალებიც გამოითხოვა.

სვეტლანა ხაბელოვას საქმესთან დაკავშირებით „ბათუმელები“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოდან ტექსტური შეტყობინებით გვიპასუხეს, რომ ოფიციალურად, მეილზე მივმართოთ კითხვებით.

2024 წლის ივლისში სვეტლანა ხაბელოვამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და საქმის განხილვის დაჩქარება ითხოვა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ.

საიას იურისტის, ირმა აბაშიძის განმარტებით:

„საქმე ბავშვის ქონების განკარგვას ეხება. ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსით კი გათვალისწინებულია, რომ ბავშვის საქმეები პრიორიტეტულად განიხილება. კანონმდებლობით გვაქვს დადგენილი საქმის წარმოების ორთვიანი ვადა და გახანგრძლივების შემთხვევაში ხუთ თვემდე. თუმცა, ჯერ არ მინახავს პრაქტიკაში, რომ დაეცვა რომელიმე სასამართლოს [ვადა], ჩემს კონკრეტულ საქმეებს ვგულისხმობ.

ბავშვის საქმე პრიორიტეტულად უნდა განიხილებოდეს, ეს იქნება ადმინისტრაციული წარმოება, სარჩელი თუ საჩივარი. ფაქტობრივად, რაც ხდება ცალსახაა, წელიწადზე მეტია გასული და პროცესი არ არის ჩანიშნული. რეალურად ეს თანხა მისია.

კანონის მიხედვით, თუ ეს თანხა ათას ლარზე მეტია, მშობელს ან ბავშვის წარმომადგენელს შეუძლია განკარგოს სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, სასამართლომ კი უნდა იხელმძღვანელოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად შეესაბამება საუკეთესო ინტერესს ეს საკითხი. მაგრამ აქ პრობლემა არის ის, რომ არც კი ჩანიშნულა პროცესი.“

დედის თქმით, ბავშვის პრიორიტეტია განათლების მიღება, ანაბარზე დადებულ თანხას კი ისინი ვერ იყენებენ ისეთი მნიშვნელოვანი საქმისთვის, როგორიც არის მომზადება სტუდენტობისთვის.

რუსეთში კრძალავენ „უშვილობის პროპაგანდას“ და საოჯახო კინოს სიებს ადგენენ საბჭოთა ფილმებით

ბოლო ორი კვირაა რუსეთის დუმაში „რუსეთის ტრადიციულ ღირებულებებს“ განიხილავენ. რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ ამ პერიოდში აქცენტი გაკეთდება ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე. მაგალითად, დეპუტატები გეგმავენ აკრძალონ რუსი ბავშვების შვილად აყვანა იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, სადაც ნებადართულია სქესის შეცვლა.

17 სექტემბერს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისას, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, პრიორიტეტებს შორის დაასახელა „ტრადიციული ფასეულობების, კულტურის, ოჯახის ინსტიტუტისა და ბავშვობის დაცვა“. 

რუსი ბავშვების გაშვილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით რუსმა დეპუტატებმა ხვალ, 25 სექტემბერს უნდა განიხილონ.

2013 წლიდან რუსეთმა აკრძალა რუსეთიდან ბავშვების შვილად აყვანა აშშ-ს მოქალაქეების მიერ. გარდა ამისა, რუსეთში კანონი კრძალავს რუსეთის მოქალაქეების შვილად აყვანას ერთსქესიანი წყვილებისა და მარტოხელა ადამიანების მიერ, რომლებიც ცხოვრობენ იმ ქვეყნებში, სადაც დაშვებულია ერთსქესიანი ქორწინება. 2022 წელს რუსმა დეპუტატებმა შესთავაზეს მთავრობას აკრძალულიყო რუსეთის ფედერაციიდან ობლების შვილად აყვანა „არამეგობრული“ სახელმწიფოს ყველა მოქალაქისთვის.

გარდა ამისა, დღეს, 24 სექტემბერს რუსეთის დუმამ დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც კრძალავს ე.წ. „ჩაილდფრი“ [child-free – ნებაყოფლობით უშვილო] იდეის პოპულარიზაციას. პროექტი ითვალისწინებს ფიზიკური და თანამდებობის პირებისთვის 800 ათას რუბლამდე და იურიდიული პირებისთვის 5 მილიონ რუბლამდე ჯარიმის დაწესებას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ჩაილდფრი პროპაგანდის“ ხელშეწყობას ინტერნეტში, მედიაში, კინოში და რეკლამაში.

„თემატური საჯარო გვერდები და თემები სოციალურ ქსელებში ხშირად გამოხატავენ დედობისა და მამობის უპატივცემულობას, აგრესიას ორსული ქალებისა და ბავშვების, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ“, – წერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი თავის ტელეგრამის არხზე.

მან განმარტა, რომ ჯარიმები დაწესებული „ჩაილდფრი“ იდეის პოპულარიზებისთვის ანალოგიური იქნება „ლგბტ პროპაგანდისა“ და სქესის შეცვლის პოპულარიზების ჯარიმებისა. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ლგბტ ადამიანისთვის შექმნილ ორგანიზაციებს ექსტრემისტული ორგანიზაციების იარლიყი მიაკერა და მათი საქმიანობა აკრძალა ქვეყანაში.

კრემლმა ამ იდეის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთში ყველაფერი, რაც ხელს უშლის შობადობის ზრდას, უნდა გაქრეს, – წერს „კომერსანტი“.

ასევე, რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, გუშინ, 23 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივ პალატაში წარადგინეს „განათლების სამინისტროს მიერ ოჯახით სანახავად რეკომენდებული“ ფილმების სიის პროექტი.

რუსული მედიის ცნობით, სიაში 191 ფილმია, რომელთაგან 181 სსრკ-ში, ძირითადად 1960-იან და 1970-იან წლებშია გადაღებული. სიის ავტორებმა ეს არჩევანი იმით ახსნეს, რომ თანამედროვე რუსული ფილმები „ამერიკული ნიმუშების“ მიხედვით არის გადაღებული.

ფილმების წინასწარი სია მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტის განათლების ფილოსოფიის ცენტრმა მოამზადა.

გამოცემა წერს, რომ საბჭოთა ფილმებზე აშკარა აქცენტს მხარი დაუჭირეს დისკუსიის მონაწილეებმა:

„ამრიგად, ვლადიმერ შაპოვალოვმა, რუსეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის გამგეობის წევრმა, თქვა, რომ კინოს „ევალება, ახალგაზრდებს ჩამოუყალიბოს წარმოდგენა”, რომელიც შეიცავს ინფორმაციას „ძლიერი ოჯახის ღირებულების, შემოქმედებითი შრომის, მოქალაქეობის, პატრიოტიზმისა და ჩვენი ქვეყნით სიამაყის შესახებ”. მან სინანულით აღნიშნა, რომ თანამედროვე ფილმები მსგავსს არაფერს იძლევა” – წერს „კომერსანტი“. 

____________________________

ფოტოზე: ბავშვები მონაწილეობენ სამხედრო აღლუმში რუსეთის ქალაქ პიატიგორსკში. ფოტო: პიატიგორსკის ადმინისტრაცია/instagram, 2019 წელი 

 

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ისტორიულ წიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა – მედია

2022 წლიდან, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში უკრაინული ლიტერატურისადმი ინტერესი სწრაფად გაიზარდა, გამომცემლებისა და მაღაზიების შემოსავალი იზრდება – წერს უკრაინული გამოცემა „ჰრომადსკე“.

გამოცემის ცნობით, 2023 წელს უკრაინელი წიგნის გამომცემლების შემოსავალი 2022 წელთან შედარებით გაორმაგდა და 2021 წლის ომამდელ მაჩვენებლებს მესამედზე მეტით გადააჭარბა. ხუთმა უმსხვილესმა საგამომცემლო კომპანიამ გასულ წელს 2 მილიარდ გრივნაზე მეტი გამოიმუშავა, ხოლო 19 კომპანიამ გადალახა 100 მილიონის ზღვარი.

გამოცემა ამის სამ მიზეზს ასახელებს: I – რუსულენოვანმა წიგნმა დაკარგა პოზიცია; II – მთავრობამ 2023 წელს განაახლა სახელმძღვანელოების შეკვეთები და ეს არის საიმედო ბიზნესი; III – ომის ფონზე შეიცვალა მკითხველთა ჩვევები.

ონლაინ წიგნის პლატფორმა Yakaboo-ს აღმასრულებელი დირექტორი, ევგენი ვოლოვიჩენკო ამბობს, რომ ომმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ადამიანების ცხოვრებაზე: „რის გამოც ბევრი აიძულა, ნუგეშისცემა კითხვაში ეძიათ. აღსანიშნავია, რომ უკრაინელები მხარს უჭერენ ეროვნულ მწარმოებლებს ზოგადად და უკრაინელ გამომცემლებს განსაკუთრებით“.

ორი უკრაინული გამომცემლობა „ჰრომადსკესთან“ აღნიშნავს, რომ ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა ისტორიულ წიგნებსა და თანამედროვე უკრაინელ ავტორებზე.

ხარკოვში დაფუძნებული მსხვილი გამომცემლობის, Vivat-ის გენერალური დირექტორი იულია ორლოვა მედიასთან ამბობს, რომ „გაზრდილია მოთხოვნა ისტორიულ ლიტერატურაზე, წიგნებზე ენის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ჩვენ მზად ვართ, შევიცნოთ საკუთარი თავი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ერი მწიფდება“.

ამავე დროს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში წიგნების საშუალო ფასი 37,5%-ით გაიზარდა, ზოგიერთი კატეგორიის წიგნების ფასი გაორმაგდა.

_______________

ფოტოზე: კიევი, 2023 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/OLEG PETRASYUK

რუსეთმა ავიაბომბებით მიიტანა იერიში ხარკოვზე – არის მსხვერპლი

რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით შეუტიეს ქალაქ ხარკოვს – ინფორმაციას ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი და ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებენ.

„დაარტყეს ხარკოვის ოთხ ადმინისტრაციულ ოლქს, შესაბამისი სამსახურები აგროვებენ ინფორმაციას დაღუპულებისა და ნგრევის შესახებ, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ დარტყმის ქვეშ არის ქალაქის საცხოვრებელი უბნები” – თქვა ტერეხოვმა.

უკრაინული მედია იუწყება, რომ ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე 15 დაშავებულის შესახებ. მოგვიანებით სინეგუბოვმა დაადასტურა, რომ დაიღუპა 3 ადამიანი.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ესროლეს კიევისა და სალტოვსკის რაიონებში – ერთ-ერთი პირდაპირი დარტყმა აღმოჩნდა. ნანგრევების ქვეშ ხალხია; ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ – წერს უკრაინული მედია.

ტროტუარების კრიზისი – ქვეითებისთვის ბათუმში ადგილი აღარ არის | ვიდეო

ბათუმში ძნელად მოიძებნება ქუჩა, რომლის ტროტუარიც უკანონოდ გაჩერებული ავტომანქანებით, კაფეების მაგიდებით ან სულაც სამშენებლო კომპანიების მიერ მოწყობილი ოფისებითა და სხვა კონსტრუქციებით არ არის ოკუპირებული. მიტაცებულ ტროტუარებზე მცირე ადგილი რჩება ქვეითებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს ან საბავშვო ეტლით მოძრაობს.

ქალაქში პარკირების არასაკმარისი ადგილების გამო მძღოლები ავტომანქანებს ხშირად აჩერებენ ტროტუარებზე. ეს აიძულებს ქვეითებსა და ეტლით მოსარგებლეებს, გადავიდნენ სამანქანო გზაზე, რაც ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობის ფონზე განსაკუთრებით სახიფათოა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე ეტლით გადაადგილდება. მას გორგასლის ქუჩაზე შევხვდით და ჰაიდარ აბაშიძის კვეთამდე, ქუჩის პატარა მონაკვეთი გავიარეთ ერთად. ტროტუარზე გაჩერებული ავტომანქანების გამო რამდენიმე ადგილი სრულად ჩაკეტილი აღმოჩნდა, რის გამოც სამანქანო გზაზე გადასვლა მოგვიხდა. თომა ამბობს, რომ ბათუმში ეს ყოველდღიური პრაქტიკაა:

„ტროტუარი დავიწყებული გვაქვს. ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით, ფაქტობრივად სამანქანო გზით ვსარგებლობთ ეტლით მოსარგებლე ადამიანები. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია – მანქანებს შორის გვიწევს გაძრომა, ზოგჯერ ვერ გვხედავენ გადაადგილების დროს, რამდენიმე შემთხვევა იყო, მეც შემემთხვა, ჩემს მეგობრებსაც, როცა მანქანა დაეჯახა გადასვლის დროს, ხილვადობა არ იყო ზებრა გადასასვლელზე; ხშირ შემთხვევაში ტროტუარი მაღალია, ვერც ავდივართ, ვერც ჩამოვდივართ. ხშირად ამ პრობლემებს ეტლი მწყობრიდან გამოჰყავს. 

აი, აქაც ვერ გავიარე საერთოდ, ჩაკეტილია მთლიანად ტროტუარი და ასობით მეტრის გავლა გიწევს, ხანდახან შეიძლება კილომეტრისაც, უკან სიცხეში ან  წვიმაში, იმისთვის, რომ გადახვიდე მეორე მხარეს და იქაც იგივე სიტუაცია შეიძლება დაგხვდეს“, – ამბობს თომა.

YouTube video player

წლებია შშმ აქტივისტები იბრძვიან რეგიონში საზოგადოებრივი სივრცეების ადაპტირებისა და ხელმისაწვდომობისთვის. აქტივისტების ნაწილი ტროტუარების მიმტაცებლებთან მუშაობს. მაგალითად, საინიციატივო ჯგუფი „გამითვალისწინე“ ბათუმის ქუჩებში დადის და ცდილობს, მძღოლებს აუხსნას, რამდენად დიდ სირთულეებს უქმნიან შშმ პირებსა და მოქალაქეებს არასწორად გაჩერებული ავტომანქანები; ზოგიერთი აქტივისტი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საუბრობს პრობლემაზე, თუმცა ქალაქის ტროტუარების კრიზისი უარესდება. 

„ეს პრობლემები წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენ ვერ ვხედავთ გადაჭრის გზებს. ამაზე მუდმივად მიდის საუბარი, ყველა დონეზე, იქნება ეს უბრალოდ შეხვედრები, მაღალი შეხვედრების დონეზე, პირისპირ შეხვედრები, საკონსულტაციო საბჭოებში შეხვედრები, საკრებულო… ყველგან ერთი და იგივე, ყველა საქმის კურსშია.

10-12 წლის წინ უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები აფრთხილებდნენ მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს, რომ ეს ქაოსი დადგებოდა – პარალიზება ქუჩების, ტროტუარების სწორედ ამ განაშენიანების გამო. თუმცა ეს არ იქნა შესწავლილი და არ გაჰყვნენ ამას. გერმანიის სახელმწიფო გვეხმარებოდა სხვადასხვა ფონდის საშუალებით, პროექტების, კვლევების ჩატარებაში და ა.შ. თუმცა დღის სინათლე ვერ იპოვა ამ პროექტებმა და იმიტომაც ვართ ამ დღეში.

მაღალი კორპუსები შენდება, პარკირება, ფაქტობრივად, არ აქვთ და გამოდის, ის ხუთი-ათი ათასი მცხოვრები მანქანებით – აყენებენ ყველგან, სადაც კი ადგილს იპოვიან, ან 2-3 კმ.-ის რადიუსში, სადაც იპოვიან ადგილს. ეს უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ხალხის ჩართულობით. უნდა გვქონდეს გეგმაზომიერი პოლიტიკა და პოლიტიკის დოკუმენტები გრძელვადიანად – მომავალში, 10 წელში სად ვიქნებით, მოვხსნით ამ პრობლემას? და რით ვიწყებთ დღეს“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

ნინო ჩხაიძე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა. ამბობს, რომ ყოველ საღამოს გაჰყავს ბავშვები პარკის ან ბულვარის ტერიტორიაზე სასეირნოდ, თუმცა ავტომანქანებით ჩახერგილი გზის გამო იძულებულია საბავშვო ეტლით სამანქანო გზაზე გადავიდეს.

„ხშირია, როცა საბავშვო ეტლით მოგყავს ბავშვი და ფაქტობრივად გასავლელი არაა, ხშირად მიწევს ბავშვთან ერთად სამანქანო გზაზე გადასვლა, რაც ჩემთვის და ჩემი შვილების სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია. ამ ქალაქში გადაადგილება, როგორც ბავშვით, ისე ფეხით, სულ უფრო და უფრო არაკომფორტული ხდება – ტროტუარებზე დაპარკინგებული მანქანები, ასევე სარესტორნო სფერო, ნებართვით იქნება ეს თუ უნებართვოდ, რეალურად ქმნის მოქალაქეებისთვის დისკომფორტს.

ქალაქში ამდენი კორპუსია, რომლებსაც არ აქვთ საპარკინგე ტერიტორია, ამდენი მანქანაა, რომლებსაც არ აქვთ პარკირების ადგილი… პირველ რიგში ამ პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს და ასევე მოქალაქეებმა, რომლებიც თუნდაც იძულებულები არიან, რომ დააპარკინგონ ასე ტროტუარზე, აუცილებელია, რომ გაითვალისწინონ ეტლით მოსარგებლეები, ასევე საბავშვო ეტლით მოსიარულე მოქალაქეები – გასავლელი დარჩეს და სამანქანო გზაზე არ მოგვიწიოს გადასვლა“, – ამბობს ის.

ტროტუარების ოკუპირების პრობლემას რეჟისორი და აქტივისტი შოთა გუჯაბიძე ქალაქის ქაოსურ განაშენიანებას უკავშირებს. ის ამბობს, რომ ადგილობრივი მთავრობისთვის ბიზნესიდან მიღებული ფულადი სარგებელი ჩრდილავს ადეკვატური რეგულაციებისა და ზედამხედველობის საჭიროებას. ამ ფულს კი ქალაქის საჯარო სივრცეები ეწირება.

„ცხადია, პირველი მიზეზი არის ეს არასწორი განაშენიანება, დანაშაულებრივი განაშენიანება, რომელსაც გამორიცხულია სხვა შედეგი მოეტანა – როდესაც დგას ერთსართულიანი სახლი (დავანებოთ თავი, რომ მას ისტორიული და კულტურული ღირებულება აქვს), იმ ადგილას, სადაც ერთი ოჯახი ცხოვრობს, როცა ჩასვამ კორპუსს, სადაც 100 ოჯახი ცხოვრობს და უკვე 50 მანქანა მაინც არის, სად უნდა წავიდეს ის მანქანა…

აი, თუ დავაკვირდებით, 10 მანქანა კეტავს კვარტალს. სულ ეს ხდება; ახლა სადაც ვდგავართ, ზუსტად ასეთი ერთსართულიანი განაშენიანება იყო, ერთი მანელიშვილების სახლია სასწაულით გადარჩენილი და თავიანთი გმირობის ფასად უჭირავთ სული კბილით. 

პროექტები, რომლებიც შემოდიოდა ამ ე.წ. ზონალურ საბჭოში [პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და კანონმდებლობიდან გასულია 2011 წლიდან. ამაზე ბევრი კვლევა, დამადასტურებელი საბუთი და საჩივარი გვაქვს]… ეს ზონალური საბჭო სწორედ ამიტომ არის, რომ დააქციოს ბათუმი და იქ ვიღაცებმა ჩვენი სამშობლოს ხარჯზე ფული აკეთონ.

როცა შემოდიოდა პროექტი, იმ პროექტის მიხედვით უკვე ცხადი იყო თუნდაც ის, რომ, მაგალითად, ასბინიან საცხოვრებელ სახლს ჰქონდა ხუთი საპარკინგე ადგილი. ცხადია, ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდით იმ ხუთ პარკინგსაც არ გააკეთებდა, რადგან იმ ფართობს გაყიდდა კომერციულ ფასად და უფრო დიდ ფულს გააკეთებდა, ვიდრე შეიძლება მანქანის დაყენებით ვინმეს რაიმე მიეღო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო“, – ჰყვება შოთა გუჯაბიძე.

ირმა დიდმანიძე 10 წელია მძღოლია. ამბობს, რომ საკუთარი ავტომანქანა ორი წლის წინ შეიძინა, ქალაქის სიმჭიდროვის გამო ყველაზე მცირე გაბარიტიანი ავტომანქანა შეარჩია. თუმცა ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილის ძებნაში მაინც ძალიან დიდი დრო ეხარჯება. – „კილომეტრის გავლაც მიწევს ხანდახან, იმიტომ, რომ ვეძებთ პარკირებას“, – ამბობს ის.

„მერია არ ითვალისწინებს არაფერს, თითოეულ მილიმეტრს რომ ითვლიან მშენებლობის დროს [მშენებლები], პარკირებას რატომ არავინ ითვალისწინებს? დამეთანხმება ყველა მძღოლი, რომ ეს პრობლემა გვიდგას ძალიან მწვავედ… ცალკე საცობები. უკვე ვეღარ ვთხოვთ მერიას, მოვითხოვთ, რომ გაითვალისწინოს მძღოლების ყოველდღიური ცხოვრება და იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე“, – ამბობს ირმა.

მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადახედოს თავის პრიორიტეტებს და გააცნობიეროს, რა არის კარგად რეგულირებული ურბანული გარემოს გრძელვადიანი სარგებელი. ეს მოიცავს არსებული რეგულაციების აღსრულებას და რიგ დამთხვევებში მათ გადახედვასაც კი, რათა ქალაქის ინფრასტრუქტურა მორგებული იყოს ადამიანებზე და არა მხოლოდ ბიზნესის ინტერესებზე. 

„საჯარო მოხელეებს რომ ვეუბნებით ეს პრობლემებია, გვპასუხობენ, რომ უფრო მეტ ფოტოს გაჩვენებთ ამის დამადასტურებელსო… ჩვენ იმიტომ ვქირაობთ ამ ადამიანებს, რომ მათ ეს პრობლემები უნდა გადაჭრან. თუ თავს აყენებ იმ პოზიციაზე, რომ აგირჩიოთ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და ამ გამოწვევებს უპასუხო. ეს პერსონიფიცირებული კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, ეს უნდა იყოს რეგიონის პოლიტიკა, ქალაქის პოლიტიკა, რომ ნებისმიერი მერი იქნება ეს თუ სხვა ახალი ხელმძღვანელი, მიჰყვეს ამ პოლიტიკას ნაბიჯ-ნაბიჯ და სწორად გაატაროს ის.

რესტორანმა, რომელიც ცდილობს ეკონომიკური საქმიანობა აწარმოოს და მეტი მოგების მიზნით მაგიდები დადგას გარეთ, გაითვალისწინოს იმ ადამიანების საჭიროებები, რომლებიც ეტლით მოსარგებლეები არიან, სხვადასხვა საჭიროების არიან – ყურადღებით უნდა იყოს ვინც ამას აკეთებს.  რა თქმა უნდა, მუნიციპალური სამსახურების გულგრილობასაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

„საშინელება და ჯოჯოხეთი ხდება ძველ ბათუმში, ტურისტულ ადგილებში, როცა პირდაპირ ოკუპირებულია ტერიტორია, რომელიც არის ჩემი, რომელზეც ე.წ. მენაშენეები და ვითომ განვითარებული მშენებლები იძახიან, რომ „ჩემი კერძოა [ტერიტორიაა], მე აქ უფლებები მაქვს“ და მსგავსი სისულელეები… [რეალურად] რაღაც უფლებები აქვთ, მაგრამ არა ის, რასაც აკეთებენ. ცხადია, ხელისუფლებასთან გარიგებით.

ტროტუარი არავისი არ არის, ანუ ყველასია – იქ რომ რაღაცას დგამს, განსაკუთრებით მძიმე რკინა-ბეტონის ჩამოსმულ კონსტრუქციას და დამატებითი კომერციული ფართობი აქვს, ეს არის პირდაპირ დანაშაული. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უნდა მივიდეს მერიის ზედამხედველობის სამსახური, შესაბამისად უნდა დააჯარიმოს და მოიყვანოს პირველად მდგომარეობაში.

ეს რომ ასე არ ხდება, უკვე ვიცით, რომ იქ რაღაც გარიგებაა… მეორე თვეში უფრო დიდი ჯარიმა უნდა გადაახდევინოს და იმხელა უნდა იყოს ის ჯარიმა, რომ საბოლოო ჯამში მშენებელს არ უნდა უღირდეს [ტროტუარის მიტაცება]; დანგრეული რომ არ არის – პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ რაღაც საეჭვო არის. შეიძლება ამას ამართლებენ იმითი, რომ იქ ეკონომიკა და განვითარებაა, მაგრამ ეს ყველაფერი ზღაპარია“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

რას გეგმავს ბათუმის მერია ამ პრობლემის მოსაგვარებლად? – უკვე წლებია ბათუმის მერიაში ამ კითხვას აღარ პასუხობენ. „არ გვაქვს პასუხი ამ დროისთვის, თუ რამე შეიცვლება, მოგწერთ“, – შეგვატყობინეს ბათუმის მერიიდან.

___

სად იქნება აჭარაში შესაძლებელი ძაღლებისა და კატების უფასო აცრა ცოფზე 28 სექტემბერს

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების, ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გამართავს.

ბათუმსა და მთელ აჭარაში უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს, შაბათს, 11:00-16:00 საათებში, შემდეგ მისამართებზე:

  • ბათუმი – 6 მაისის პარკი – ტბის მიმდებარე ტერიტორია; კოლონადები სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან;
  • ხულო – შინდისის გმირების ქ. №2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
  • შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
  • ქედა – 26 მაისის ქ.№ 2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
  • ხელვაჩაური – დიდ აჭარის ქ. 23 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
  • ქობულეთი – აღმაშენებლის №44 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი).

უფასო ვაქცინაცია ცოფზე ჩატარდება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. მისამართების სია რეგიონების მიხედვით შეგიძლიათ აქ ნახოთ.

ცოფთან ბრძოლის დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო ამ დღის აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით.

ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.

კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება, ამიტომ შინაური ცხოველების ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია.

რა ფილმებს ნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე – სრული პროგრამა

27 სექტემბერს, პარასკევს, ბათუმში საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] გაიხსნება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.

ფილმების ნახვა მაყურებლებს შაბათიდან, 28 სექტემბრიდან შეეძლებათ.

წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.

უკვე ცნობილია კინოფესტივალის პროგრამა.

წელს კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება 2 საკონკურსო სექცია: მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების და სექციები: „დიდოსტატთა კოლექცია“, „ფოკუსი უკრაინა“, „ქართული პანორამა“ და „ქართული კინოკლასიკა“.

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსზე წელს 10 ფილმი იქნება წარმოდგენილი. ეს ფილმებია:

  1. „მომაკვდავი“, მათიას გლასნერი, გერმანია, 2024; 180 წთ.
  2. „რედაქცია“, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა / გერმანია / სლოვაკეთი / ჩეხეთის რესპუბლიკა, 2024; 126 წთ.
  3. „გრეისი“, ლეონარდო მოურამატეუსი , ბრაზილია/პორტუგალია 2024, 108 წთ.
  4. „ეჭვმიტანილი“, რობერტ გლინსკი, პოლონეთი, 2023; 104 წთ.
  5. „საყვარელი“, ლილია ინგოლფსდოტირი, ნორვეგია 2024 წელი, 100 წთ.
  6. „ნაგავი და თოჯინები“, მანიჯე ჰეკმათი, ირანი, 2024 წელი, 76 წთ.
  7. „ის არაა, რასაც ფიქრობ“, ვუსლათ სარაჩოღლუ, თურქეთი, 2024; 108 წთ.
  8. „ერთად 99“, შვედეთი/დანია, 2023 წ., 115 წთ.
  9. „ანტიკვარიატი“, რუსუდან გლურჯიძე , საქართველო/ფინეთი/შვეიცარია/გერმანია, 2024 წ.; 132 წთ.
  10. „პანოპტიკონი“, გიორგი სიხარულიძე, საქართველო/საფრანგეთი/იტალია/რუმინეთი 2024 წ.; 95 წთ.

ამავე თემაზე: ბათუმის კინოფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარე გელა ბაბლუანი იქნება

BIAFF-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში 20 ფილმი იქნება წარმოდგენილი:

  1. „ალდი“, გიორგი არაბული, საქართველო, 2024, 18 წთ.
  2. „მკვდარი“, გოგა ანთიძე საქართველო, 2024; 17 წთ.
  3. „სატყუარა“, გიორგი მუხაძე /ტობი ანდრისი, საქართველო; 2024, 15 წთ.
  4. „მეწაღე“, ლევან ბირკაძე /ტანე სომერი, საქართველო, 2024; 10 წთ.
  5. „სილეზიაში ჩარჩენილი“, სანდრო ვისოცკი, საქართველო/პოლონეთი, 2024; 23 წთ.
  6. „3MWh“, მარია-მაგდალენა კოჩოვა, ჩეხეთი, 2024; 12 წთ.
  7. „ჩიტის გაფრენა“, ლეინად პაჟარო დე ლაჰოსი, კოლუმბია, 2024; 20 წთ.
  8. „ზაფხულის დასასრულის ლექსი“, ლამ კანჯაო , ჩინეთი, 2024; 15 წთ.
  9. „იყავი ვინმე“, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი, 2024; 27 წთ.
  10. „ირმის კბილი“, საიფ ჰამასი , პალესტინა, 2024; 16 წთ.
  11. „ქაღალდის ნავების მსგავსი სიზმრები“, სამუელ სუფრენი, ჰაიტი, 2024; 19 წთ.
  12. „ველური მიწისთვის“, ემილ კაშკა, ავსტრია, 2024; 19 წთ.
  13. „სიყვარულის ბატები“, არტემ ტუმარჩენკო , უკრაინა, 2024; 25 წთ.
  14. „ბედნიერი დასასრული“, ანასტასია მიხალჩუკი , უკრაინა, 2024; 13 წთ.
  15. „კვარა“, სიყვარულისა და ფეხბურთის ისტორია, რაფაელ იარდინო /მარიო ლეომბრუნო იტალია, 2024; 11 წთ.
  16. „ნომინანტი“, ბირუტე კაპუსტინსკაიტე, ლეიტუვა , 2024; 15 წთ.
  17. „თითქოს არ არსებობ“, აზერ გულიევი, საფრანგეთი/აზერბაიჯანი, 2024; 18 წთ.
  18. „პარალიზი“, ამირ ალი სისიპური, ირანი, 2024; 15 წთ.
  19. „ხანმოკლე მოგზაურობა“, ერენიკ ბექირი, ალბანეთი, 2023; 17 წთ.
  20. „ახალი საღებავის სუნი“, მირის სვეჟე ფარბე, სერბეთი, 2024; 14 წთ.

არასაკონკურსო სექციაში, „დიდოსტატთა კოლექცია“, წელს 5 ახალი ფილმი იქნება ნაჩვენები. ეს ფილმებია:

  • „სიყვარულით ჰილდესგან“, ანდრეას დრეზენი, გერმანია, 2024; 124 წთ.
  • „გლეხები“, DK უელჩმანი და ჰიუ უელჩმანი, პოლონეთი/სერბეთი/ლიტვა, 2023; 115 წთ.
  • „ქიმერა“, ალიჩე რორვახერი, იტალია/საფრანგეთი/შვეიცარია/თურქეთი, 2023; 130 წთ.
  • „გოგონა ნემსით“, მაგნუს ფონ ჰორნი, დანია/პოლონეთი/შვედეთი, 2024 წ.; 115 წთ.
  • „მე, კაპიტანი“, მატეო გარონე, იტალია/ბელგია/საფრანგეთი, 2023; 121 წთ.

წელს კინოფესტივალზე ცალკე სექციაში, „ფოკუსი უკრაინა“, ნაჩვენები იქნება 3 უკრაინული ფილმი:

  • „რედაქცია“, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა / გერმანია / სლოვაკეთი / ჩეხეთის რესპუბლიკა, 2024; 126 წთ.
  • „რეალობა“, ოლეჰ სენცოვი, უკრაინა, ხორვატია, 2024; 90 წთ.
  • „ფაიფურის ომი“, ბრენდან ბელომო, სლავა ლეონტიევი, უკრაინა/ავსტრალია/აშშ, 2024; 87 წთ.

„ბიაფის“ არასაკონკურსო სექციაში – „ქართული პანორამა“ – წელს ნაჩვენები იქნება ახალი ქართული ფილმები:

  • „გონდოლა“, ვეიტ ჰელმერი, გერმანია/საქართველო, 2023; 81 წთ.
  • „დედა-შვილი, ანუ ღამე არასოდეს არის ბნელი“, ლანა ღოღობერიძე , საქართველო/საფრანგეთი, 2024; 89 წთ.
  • „მარადიულნი: ყველაფრიზმი“, ბერდია კუტუბიძე , საქართველო, 2024; 90 წთ.
  • „ნაძვის ხის სიცოცხლე და სიკვდილი“, ლიტვა, საქართველო, დანია, 84 წთ.
  • „ლურჯი მოცვი“, ელენე მიქაბერიძე , საქართველო/საფრანგეთი/ბელგია/კატარი, 2024 წ., 75 წთ.
  • „პეპლების იძულებითი მიგრაცია“, ნანა ჯორჯაძე, საქართველო 2023 წ., 90 წთ.
  • „სისხლის სახელით“, აკაკი ფოფხაძე, საფრანგეთი/ ბელგია/ ავსტრია, 2024 წ.; 108 წთ.
  • „თოვლი ჩემს ეზოში“, ბაკურ ბაკურაძე, საქართველო, 2024; 124 წთ.
  • „ვენეცია“, რუსუდან ჭყონია, 2024 წ .; 96 წთ.
  • „ელენე დარიანი“, ელენე თავაძე, საქართველო, 2024 წ., 15 წთ.
  • „ყინვა და პატარა მოწაფე“, გიორგი ოვაშვილი , საქართველო, 2024; 20 წთ.
  • „ვაზომოტორული რინიტი“, მიხეილ გაბაიძე, საქართველო, 2024 წ.; 15 წთ.
  • „ჭაობი- აკადემია“, მირიან ორაგველიძე, საქართველო, 2024 წ., 54 წთ.
  • „ზაზას დღიურები“, ნიკოლოზ ვერძაძე , საქართველო, 2024; 27 წთ.

სექციაში – „ქართული კინოკლასიკა“, ნაჩვენები იქნება სერგო ფარაჯანოვის, თენგიზ აბულაძისა და ოთარ იოსელიანის ფილმები:

  • „ამბავი სურამის ციხისა“, სერგო ფარაჯანოვი/დოდო აბაშიძე, საქართველო, 1985; 88 წთ.
  • „ნატვრის ხე“, თენგიზ აბულაძე, საქართველო, 1976; 107 წთ.
  • „იყო შაშვი მგალობელი“, ოთარ იოსელიანი, საქართველო, 1970; 85 წთ.

BIAFF-ზე კინოჩვენებები წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-სა და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. CAVEA GRAND MALL-ში კინოსეანსებზე დასასწრებად ბილეთები გაიყიდება, ევროპის მოედანზე კი კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მესამე წელია სახელმწიფო დაფინანსების გარეშე იმართება. წელს ფესტივალის მხარდამჭერები არიან: NDF-ი, იტალიის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ნორვეგიის კინოს ინსტიტუტი, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ასოციაცია „ვისტულა“, შვედეთის საელჩო, ლიეტუვის საელჩო და ბათუმის თოჯინების თეატრი.

„ბათუმელები“ დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას კინოფესტივალის მიმდინარეობის შესახებ.

____________________

ფოტოზე: კადრი 2024 წლის გერმანული ფილმიდან „სიყვარულით ჰილდესგან“. ფილმი „ბიაფზე“ ნაჩვენები იქნება სექციაში – „დიდოსტატთა კოლექცია“.

ამავე თემაზე: 

„ბიაფი“ სახელმწიფომ არც წელს დააფინანსა, მაგრამ კინოფესტივალი მაინც გაიმართება

 

გერმანიის სუპერმარკეტებში, ბანანებში 7 მლნ ევროს კოკაინი აღმოაჩინეს

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანულ სუპერმარკეტებში ბანანებს შორის 95 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.

გამოცემის ცნობით, კოკაინის ამ რაოდენობის საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 7 მილიონზე მეტი ევროა.

კოკაინის შეკვრები რამდენიმე ქალაქის სუპერმარკეტში, ბანანის ყუთებში იყო. ცნობილია, რომ ტვირთი სამხრეთ ამერიკიდან ჩამოვიდა ანტვერპენის პორტში. გერმანიის პროკურატურა მიიჩნევს, რომ კოკაინის ეს პარტია შეცდომით მოხვდა სუპერმარკეტების ქსელში.

კოკაინი აღმოჩნდა ერთი ქსელის 11 სუპერმარკეტში. ფაქტის შესახებ განცხადება პროკურატურამ და პოლიციამ 23 სექტემბერს გაავრცელა.

საბაჟოებზე 14 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2024 წლის სექტემბერში სარფის, ვალესა და ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტებში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს.

„მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14 240 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“ – წერს უწყება.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა, 3 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 სექტემბრის 21 საათიდან 25 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – ხანმოკლე წვიმა, ჭექა-ქუხილი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 26-27 სექტემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 645 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
  • ტანკი – 8 800 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 17 292 ერთეული [+40]
  • საარტილერიო სისტემა – 18 475 ერთეული [+61]
  • MLRS – 1 198 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 952 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 764 ერთეული [+65]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 595 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 175 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 3 155 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 187 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 343 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 458 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 150 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 436 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის საკონტინენტთაშორისო რაკეტის გამოცდა, სავარაუდოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის საზღვარი კიდევ ერთ მონაკვეთზე გაარღვიეს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვინ როგორ შეიძლება გახდეს დამკვირვებელი არჩევნებზე? – ინტერვიუ

„ბევრი წუხს, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდეს ან მანიპულაცია იყოს. იქ, სადაც არის ობიექტური და მომზადებული დამკვირვებელი, ამის შანსი ნაკლებია,“ – ამბობს ნინო ლომჯარია, რომელიც მოხალისე დამკვირვებლებს ელის.

დამკვირვებლობის მსურველებმა განაცხადების შევსება უკვე დაიწყეს.

იმიტომ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა წელს გადაწყვიტა, კოალიციურად დააკვირდეს არჩევნებს. სადამკვირვებლო მისიის – „ჩემი ხმა“ – პარალელურად, არჩევნებს დააკვირდებიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებიც.

ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ კოალიციური მიდგომით ეცდებიან სრულიად საქართველო დაფარონ. გარდა ამისა, ჩაანაცვლონ რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაცია, თუ მის საქმიანობას პრობლემა შეექმნება რუსული კანონის გამო.

„ბათუმელები“ ნინო ლომჯარიას, ყოფილ ომბუდსმენს და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელ დირექტორს, დამკვირვებლების შერჩევის პროცესზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, ვის შეუძლია გახდეს დამკვირვებელი და როგორია აქტიურობა ამ დროისთვის? 

დამკვირვებლების მობილიზაცია აქტიურად მიმდინარებს სადამკვირვებლო მისიისთვის „ჩემი ხმა“. გვაქვს შეხვედრები ქალაქებში, რეგიონებში, ვხვდებით სტუდენტებს, ვატარებთ ონლაინკამპანიას, რომ დარეგისტრირდნენ მოქალაქეები დამკვირვებლებად მისამართზე https://www.wevote.ge/myvote 

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები დარეგისტრირდნენ ამ საიტზე. არსებობს კონკრეტული დათქმები, რომ დამკვირვებელი არ შეიძლება გახდეს ის, ვინც წინა არჩევნებზე იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის დამკვირვებელი და ასე შემდეგ. დარეგისტრირების შემდეგ დავუკავშირდებით დამკვირვებლებს და ჩავუტარებთ ტრენინგებს.

  • რატომაა მნიშვნელოვანი, გახდე დამკვირვებელი? 

ამ მნიშვნელოვანი არჩევნების დროს მოქალაქეებს შეუძლიათ ერთი ის, რომ მივიდნენ არჩევნებზე და რაც შეიძლება მეტი მოქალაქე უნდა მივიდეს არჩევნებზე – ბევრი ამომრჩევლის არჩევნებზე მისვლა არის გარანტია ნაკლები საარჩევნო მანიპულაციისა, ასევე იმისა, რომ საზოგადოების განწყობა აისახოს არჩევნების შედეგზე.

მეორე, რაც შეიძლება გააკეთოს მოქალაქემ, არის ის, რომ მას შეუძლია გახდეს დამკვირვებელი, დააკვირდეს საარჩევნო უბანს და დაიცვას ამომრჩევლების ხმები.

ბევრი წუხს, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდეს, ან მანიპულაცია იყოს. იქ, სადაც არის ობიექტური და მომზადებული დამკვირვებელი, ამის შანსი ნაკლებია.

  • რამდენ უბანზე გეყოლებათ დამკვირვებელი, მოიცავთ ყველა უბანს? 

მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი უბანი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. მოქალაქეებს შეუძლიათ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და არ იყვნენ პასიურ როლში. დამკვირვებლობა არის მნიშვნელოვანი გარანტი არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის.

ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება. მიზანი არის ის, რომ ყველა უბანზე ვიყოთ. რის საშუალებაც იქნება, იმას გავაკეთებთ. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებსაც ასევე ეყოლებათ დამკვირვებლები, ვართ კოორდინაციაში, რომ საერთო ჯამში ყველა უბანი იყოს დაფარული.

  • როგორ შეიქმნა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“? რამდენი სამოქალაქო ორგანიზაცია გაერთიანდა და რა შესაძლებლობა მოგცათ ამ გაერთიანებამ? 

ეს კოალიციური სადამკვირვებლო მისია, რომელიც აერთიანებს 30 სამოქალაქო ორგანიზაციას, უპრეცედენტოა საქართველოს მასშტაბით – აქამდე ინდივიდუალური ორგანიზაციები აკვირდებოდნენ არჩევნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ კოალიციურად, ამით გავაერთიანეთ ადამიანური, მატერიალური რესურსები.

ამ მიდგომით დაზღვეულია ის რისკიც, რომ თუ რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაცია გააჩერებს მუშაობას რუსული კანონის გამო, სხვები განაგრძობენ დაკვირვებას.

სხვადასხვა დონორი ჰყავს სადამკვირვებლო მისიას, თუმცა მოხალისეობრივი საქმიანობაა დიდი დოზით, როცა საქმე ეხება ჩვენი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ადამიანურ რესურსებს. ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა დიდწილად ხდება მოხალისეობრივად. ამ მიზნითაც გავაერთიანეთ ეს რესურსი.

  • დამკვირვებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი? ისინი მიიღებენ ანაზღაურებას? 

ცხადია, ჩაუტარდებათ ტრენინგი. ჩვენ თითოეული დამკვირვებელს მივაწვდით ინფორმაციას საარჩევნო პროცედურის თაობაზე, კომუნიკაციების, უსაფრთხოების შესახებ, მათ მივაწვდით შესაბამის მასალებს, რაც დასჭირდებათ დაკვირვებისთვის. ეს მოხდება ოქტომბერში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ანაზღაურებას რაც შეეხება, ჰონორარი არ არის, მაგრამ ვუნაზღაურებთ ე.წ. „პერდიემს“, ანუ ყოველდღიურ ხარჯს გადაადგილებისთვის, კვებისთვის, კომუნიკაციისთვის და ასე შემდეგ.

  • რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს დამკვირვებელი? 

დამკვირვებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, 18 წელს მიღწეული, შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის ადამიანი და არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს. რეგიონებში კიდევ უფრო მეტად გვჭირდება დამკვირვებელი.

მსურველმა უნდა შეავსოს კითხვარი ჩვენს საიტზე და იქ მიუთითებს, სად მუშაობს ამჟამად. არის გარკვეული სამუშაო ადგილები, მაგალითად, სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა და ასე შემდეგ, სადაც დასაქმებულს არ აქვს დამკვირვებლად მუშაობის უფლება.

  • როდისაა ბოლო ვადა, როცა მსურველმა შეიძლება მოგმართოთ? 

ოფიციალურად არჩევნებამდე 5 დღით ადრე, თუმცა სასურველია ბევრად უფრო ადრე დარეგისტრირდნენ.

სასურველია, ოქტომბრის პირველ კვირაში მაქსიმუმ ჩვენთან მსურველების რეგისტრაცია დასრულდეს, რომ შემდეგ ლოჯისტიკურად ყველაფერი მოესწროს.

გაერთიანების შანსი საარჩევნო სიების წარდგენამდე 2 დღით ადრე – რას აპირებენ „ლეიბორისტები“ და სხვები

„2 დღეში მეცოდინება“, – მხოლოდ ეს მოგვწერა სოციალურ ქსელში ეკა ბესელიამ, პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა. მას და კიდევ რამდენიმე პარტიას, რომელსაც ამომრჩევლის გარკვეული ნდობა აქვს, თუმცა კვლევების მიხედვით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა შეიძლება შეექმნათ, ვკითხეთ: ვისთან გაერთიანდებით, ან რატომ არ ერთიანდებით?

2 დღეში ანუ 26 სექტემბერს იწურება კანონით დადგენილი ვადა, როცა ცესკოში პოლიტიკურმა სუბიექტებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სიები უნდა წარადგინონ.

ეკა ბესელია დღეს სხვა დეტალებზე არ საუბრობს. სხვა პარტიებში კი, სადაც ხუთპროცენტიანი ბარიერის მოტივით გაერთიანების შანსზე კითხვა დავსვით, იგრძნობა ის, რომ მოლაპარაკების რესურსს პოლიტიკური ძალები ვეღარ ხედავენ.

ეკა ბესელია

მაგალითად, პარტია „ჩვენის“ ლიდერი – დავით ქაცარავა სოციოლოგიურ კვლევებს ენდობა, თუმცა 5%-იანი ბარიერის გადალახვის იმედს იტოვებს. დავით ქაცარავას ვკითხეთ, რატომ უღირს მარტო ყოფნა, თუ ჩანს, რომ 5%-იანი ბარიერი პარტიამ შესაძლოა ვერ გადალახოს?

„რომ შემდგარიყო ნაწილობრივი გაერთიანება მაინც, ეს იქნებოდა განხილული ჩვენი მხრიდან, მაგრამ რადგან 4 ოპოზიციური გაერთიანება რჩება განცალკევებით, ვერცერთ ოპოზიციურ ერთობას ცალ-ცალკე ვერ შევუერთდებით,“ – ამბობს დავით ქაცარავა, პარტია „ჩვენის“ ლიდერი.

კოალიციის „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანების შემთხვევაში დავით ქაცარავა ამ ერთობაში გაწევრიანებას განიხილავდა.

„ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს სთავაზობს ალტერნატივას, ვისთვისაც მიუღებელია „ქართული ოცნება“ და გულდაწყვეტილია, იმედგაცრუებულია ოპოზიციური სპექტრით. ვფიქრობთ, რომ 5%-იანი ბარიერი არ უნდა იყოს რთული დასაძლევად.

დავით ქაცარავა

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმები არ დაიკარგოს. პასუხისმგებლიანი ადამიანები ვართ შეკრებილი… დავაკვირდებით ამომრჩევლის განწყობას კვლევებში და ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,“ – გვითხრა დავით ქაცარავამ.

პარტიას „ჩვენ“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა მუსლიმთა ინტერესების დამცველი პარლამენტში – ტარიელ ნაკაიძე, ასევე მის მიერ დაფუძნებული პარტია „რეგიონები საქართველოსთვის“.

„მე პირადად მქონდა კომუნიკაცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ სურთ ამ სეგმენტზე, უმცირესობის საკითხებზე მომუშავე ადამიანები… ჩვენ გვქონდა მაქსიმუმ ერთი ადამიანის სიაში ჩასმაზე საუბარი, არანაირი სხვა პირობა არ დაგვიყენებია. მე ვიქნებოდი ეს თუ სხვა იქნებოდა, იმუშავებდა ისევ ამ სეგმენტზე. ღიად არავის უთქვამს უარის მიზეზი, მაგრამ ეშინიათ უმცირესობების თემის, ეკლესიის და ასე შემდეგ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ტარიელ ნაკაიძემ. ის დავით ქაცარავას მას შემდეგ დაუკავშირდა, როცა სხვა ოპოზიციური ძალებისგან გაერთიანებაზე უარი მიიღო.

ტარიელ ნაკაიძე

ტარიელ ნაკაიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობების ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს პარლამენტში:

„ქართული ოცნების“ სიის ოცეულში ვერ მოხდა ვერც ერთი უმცირესობის წარმომადგენელი, არც აჭარის რეგიონიდან არის იქ ვინმე. აჭარა განსაკუთრებულია იმითაც, რომ ავტონომიური რესპუბლიკაა, ცენტრალურ ხელისუფლებაში მინისტრებს და მათ მოადგილეებს რომ თავი გავანებოთ, რომელიმე დეპარტამენტის უფროსი არის აჭარის რეგიონიდან? ინკლუზიური უნდა იყოს სახელმწიფო სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური ჯგუფის თუ ფილოსოფიური მრწამსის მიუხედავად.

სიები როცა შედგება, დავინახავთ სხვები როგორ მოიქცევიან,“ – გვითხრა ტარიელ ნაკაიძემ.

„ვინ არის ოპოზიცია? როგორ წარმოგიდგენიათ „ლეიბორისტული პარტია“ – ერთადერთი მემარცხენე პოლიტიკური პარტია, რომელსაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში დაამყაროს ევროპული სოციალიზმი, გაერთიანდეს ოლიგარქებთან? რა ვუთხრათ ამომრჩევლებს, დავკარგეთ ნამუსი, სინდისი და ბანკირების, ოლიგარქების ფულზე გავყიდეთ-თქო, ეს ვუთხრათ?“ – გვითხრა გიორგი გუგავამ, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

გიორგი გუგავა ამბობს, რომ „ლეიბორისტებს“ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ და ივანიშვილის ხელისუფლებაც დასრულებულია,  საზრუნავი კი ახლა  ისაა, „ხვალინდელი საქართველო ისევ ოლიგაქრებით და ბანკირებით არ ჩავანაცვლოთ, ისინი ისევ გააგრძელებენ ამ ქვეყნის ძარცვას და თუ დასჭირდათ, რუსეთისკენ კი არა, ჩრდილოეთ კორეისკენაც აიღებენ კურსს,“ – აღნიშნა გიორგი გუგავამ „ბათუმელებთან“.

გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ვუთხარით, რადგან არსებობს საარჩევნო ბარიერის გადალახვის რისკი, რატომ არ შეიძლება პრეზიდენტის ინიციატივა გაიზიაროს, მიიჩნიოს, რომ ეს არჩევნები უფრო რეფერენდუმია, ვიდრე არჩევნები და სტრატეგიულად მომგებიანად სხვა ძალებთან გაერთიანდეს?

„გაიხსენეთ 2020 წელი, ვინ დარჩა ხალხის ერთგული და ვინ „გაუთეთრა“ ივანიშვილს არჩევნები? „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა ყველამ „გაუთეთრა“ არჩევნები ივანიშვილს…

პრეზიდენტი რამდენსაც იპრუტუნებს, ხომ გააჩნია სამართლებრივად და პოლიტიკურად ეს რამდენად განხორციელებადია? როგორ გგონიათ თქვენ, პარლამენტში რომ შევლენ ეს პარტიები, მერე დაიშლებიან ერთი წლის თავზე? ბოიკოტი ვერ შეინარჩუნეს აგერ, წინა არჩევნებზე, რომელიც ასრულებდა ივანიშვილს.

ჯერ ერთი, საიდან დაასკვენით, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ვერ ლახავს ბარიერს? თქვენ ბერძენიშვილის და ზურაბიშვილის ნარატივით არ უნდა გველაპარაკებოდეთ…

„ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს გადალახული ბარიერი იმის მიუხედავად, რომ ბოიკოტირებული ვართ ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდანაც, ამ ტელევიზიების უკან კი, პარტიები დგას… კვლევებში რასაც აქვეყნებენ, 4-ჯერ და 5-ჯერ მეტს აიღებს „ლეიბორისტული პარტია“, – გვითხრა გიორგი გუგავამ.

ხულოს იმამი ამბობს, რომ მთავრობამ მეჩეთის რესტავრაცია დაიწყო – ტენდერი არ იძებნება

საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხულოს ცენტრალური მეჩეთის იმამი ნუგზარ ჯორბენაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაცნობ-მეგობრებს ახალ ამბავს უზიარებს. იმამი წერს, რომ ხულოს ცენტრალური მეჩეთის რესტავრაცია იწყება და მეტი დამაჯერებლობისთვის ამ ინფორმაციას თან ურთავს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მეჩეთში ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს ექსპრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად იმყოფება.

მან თავის პოსტს დასაწყისშივე ხაზგასმით დაურთო შეხვედრის თარიღიც – 2024 წლის 20 სექტემბერი. ხულოს მერი „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაშია, ანზორ ბოლქვაძე კი – „ოცნების“ საპარლამენტო სიაში.

იმამის პოსტს ბევრი მოწონება და პოზიტიური კომენტარი მოჰყვა, ბევრმა კი იკითხა, არჩევნების წინ გავახსენდით მთავრობასო? იმამს კომენტარებში ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარიც შეახსენეს. 

თავისსავე პოსტში ნუგზარ ჯორბენაძე ვარაუდობს იმასაც, რომ ამ ამბავს შესაძლოა „ბევრი უარყოფითი აზრი მოჰყვეს“, მაგრამ „არა უშავს, რეკლამას არ ვაკეთებო“ – წერს.

იმამის პოსტი ფეისბუქზე

გამოხმაურებამ არ დააყოვნა:

„რა კარგია არჩევნები. იციან, როგორ ჩააბან სასულიერო პირები საარჩევნო აგიტაციაში“ – წერს თემურ ბერიძე.

გიორგი რიჟვაძემ კი იმამს ბათუმის მეჩეთის შეუმდგარი მშენებლობის ამბავი შეახსენა: „10 წელია ბათუმში წვიმაში, თოვლში და ქარში რომ ლოცულობენ, ის მუსლიმებიც, ეგება გაიხსენოთ. საარჩევნო გარიგება და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა უფროა, სამწუხაროდ, ბატონო ნუგზარ, თქვენი პოსტი. აქვე გიდასტურებთ დიდ პატივისცემას“ – წერს ის.

„ …არჩევნებამდე 1 თვით ადრე გაახსენდათ ზუკის მეჩეთი რო იყო სარესტავრაციო? ცუდი კი არაა, უბრალოდ საწყენია, წვიმაში რო ხალხი ლოცულობს და თქვენისთანა ხალხი ხმას არ იღებს…“

ხულოს ცენტრალური მეჩეთის იმამის გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამავე ფოტოებით ვიგებთ, რომ სამუშაოები სახურავის მოხსნით დაიწყო.

ფოტო ნუგზარ ჯორბენაძის ფეისბუქის გვერდიდან

მოგვიანებით ნუგზარ ჯორბენაძემ გამოაქვეყნა კიდევ ერთი ფოტო, სადაც ვხედავთ, რომ შენობისთვის სახურავი უკვე მოუხსნიათ. ამ ფოტოს ნუგზარ ჯორბენაძემ თან დაურთო პროექტის რენდერი აღწერით, როგორია და როგორი იქნება შენობა. მეჩეთის ექსტერიერისა და ინტერიერის ფოტოები მას წინა პოსტზეც ჰქონდა დართული.

პოსტი ფეისბუქზე

ამ ყველაფრის თანახმად უნდა ვივარაუდოთ, რომ ხულოს მერიას შესაბამის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და შერჩეულია კომპანია, რომელმაც ადგილზე სამუშაოები უკვე დაიწყო. თუმცა არავის აქვს პასუხი კითხვაზე – რომელი კომპანია მუშაობს ხულოს ცენტრალური მეჩეთის რესტავრაციაზე და როგორ შეარჩიეს ის, როცა შესაბამისი შესყიდვა არც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იძებნება და არც პირდაპირ შესყიდვებში?

ინფორმაციის გარკვევას დაგვპირდა, თუმცა ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ნური გორგაძემ.

რა ხდება, სამუშაოები ტენდერის გარეშე დაიწყო?

როგორ?

რატომ? 

იმიტომ ხომ არა, რომ არჩევნები მოახლოვდა?

ხულოს ცენტრალური მეჩეთის იმამის პოსტის მიხედვით უნდა გვევარაუდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ხულოში ავიდა, რომ ადგილობრივებს მეჩეთის რესტავრაციას დაჰპირებოდა, თუმცა ფოტო, რომელიც იმამმა გამოაქვეყნა, ძველია.

იმამის თქმით, ეს ფოტოები ახლა იმიტომ გამოაქვეყნა, რომ რესტავრაცია რეალურად ახლა დაიწყო.

იმამი გვიხსნის, რომ ფოტო, რომელიც მან გამოაქვეყნა, 2019 წელს არის გადაღებული და სინამდვილეში ირაკლი ღარიბაშვილი 2024 წლის სექტემბერში ხულოში არ ყოფილა:

„მე დიდი ხანია ვარ ამ საქმეში ჩართული. 2019 წელს, როცა იყო ყოფილი პრემიერი ჩამოსული, ვთხოვე, ენახა მეჩეთი. დაგვპირდა, რომ რესტავრაციას ჩაატარებდნენ, ეს პროცესი მაშინ დაიწყო, ამიტომაც ავტვირთე ფოტო“- გვითხრა მან.

იმამს ვკითხეთ, რატომ დააწერა პოსტს თარიღი საგანგებოდ და რატომ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს შეხვედრა მეჩეთში ახლახან შედგა.

„ხომ დავწერე იქ, ბევრი დადებითი და ბევრი უარყოფითი მოჰყვებოდა ამას… და რამე პოლიტიკური მიზანი რომ მქონოდა, მაშინ ირაკლი კობახიძეს გამოვაქვეყნებდი“ – გვითხრა იმამმა.

მას ვკითხეთ, როდის ჩატარდა ტენდერი და რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა. ნუგზარ ჯორბენაძემ გვითხრა, რომ არ იცის. მას ვკითხეთ ისიც, თუ რას ფიქრობს ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის კატეგორიულ უარზე. იმამმა გვითხრა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ღმერთით, ესეც იქნებაო.

რატომ არ ვიცით ვინ არის მშენებელი კომპანია, როდის დაიწყო და დასრულდა ტენდერი? – ეს ყველაფერი ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქ მთავარი ის იყო, ამომრჩეველს ამბავი უფრო ადრე უნდა გაეგო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტენდერს თავისი ვადები აქვს, დიდი ალბათობაა იმისაც, რომ ტენდერი შეიძლება ჩაიშალოს და ხელახლა გახდეს გამოსაცხადებელი, ეს უკვე ტენდენციაა, რაც ინფორმაციის გავრცელებას დროში გააჭიანურებდა.

ახლა კი ხულოში იციან, რომ მთავრობამ ინება და მეჩეთის რესტავრაცია დაიწყო. მადლობებს იმამის პოსტის კომენტარებში ნახავთ. 

„ბათუმელები“ მეჩეთთან ახლოს მცხოვრებლებს ტელეფონით გაესაუბრა. მათ გვითხრეს, რომ 3 დღეა, რაც მეჩეთზე სამუშაოები დაიწყო, მოშალეს სახურავი და მოქმედი მინარეთი, დღეს, 23 სექტემბერს კი, მშენებლები არ გამოჩენილან.

მიმდინარე სამუშაოები – ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა
მიმდინარე სამუშაოები – ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა

რაც შეეხება მუსლიმების წუხილს ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით:

ბათუმში მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აგებას მათ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე 2017 წლიდან ცდილობს, თუმცა მათ ამის ნებართვას არ აძლევენ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიას დაუდგინა დისკრიმინაციული მოპყრობა მუსლიმი თემის მიმართ, თუმცა არ დაავალდებულა ნებართვის გაცემა. სასამართლომ ბათილად მიიჩნია ბათუმის მერიის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმის მერიამ „ახალი მეჩეთის საქმეზე“ ხელახლა უნდა გასცეს ნებართვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უზენაეს სასამართლოს კი მესამე წელია ეს საქმე არ განუხილავს.

ემიგრანტის თქმით, მას რაჭაში 1 ტონა ყურძენი ვენახიდან მოჰპარეს

რაჭაში, სოფელ ბუგეულში, ველიაშვილების ოჯახს ვენახიდან ერთი ტონა ყურძენი მოჰპარეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ოჯახს, რომელიც ბუგეულში რთველზე ავიდა, ვენახში ყურძენი მოკრეფილი დახვდა.

ნინო ველიაშვილი ათი წელია ემიგრაციაშია. 5 წლის წინ მშობლიურ სოფელში მამაპაპისეული სახლის აღდგენა და იქ ვენახის გაშენება გადაწყვიტა.

სოფელი ბუგეული ხვანჭკარას მიკროზონად არის მიჩნეული. ნინო ველიაშვილმა და მისმა ოჯახმა ბუგეულში 3 500 კვადრატულ მეტრზე ორი ჯიშის ყურძენი – ალექსანდროული და მუჯურეთული დარგო. ჯამში 1 700 ძირი ვენახი.

„ნავენახარი იყო, გატყევებული ადგილი. ხუთი წლის განმავლობაში 50 ათას ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული. რადგან ემიგრაციაში ვართ, ნებისმიერ სამუშაოში, რაც ვენახს ეხებოდა, მუშებს ვქირაობდით და ფულს ვიხდიდით.

წელს პირველი მოსავალი უნდა აგვეღო. ველოდებოდით. იმდენი ყურძენი ესხა, ვფიქრობდით, რომ მინიმუმ ტონა ყურძენს მაინც მოვკრეფდით.

ჩემი სახლი ბუგეულის ცოტა ზემოთ დგას, სოფელ ქედისუბანში. ვენახი ბუგეულში გვაქვს, რადგან ხვანჭკარას მიკროზონაა და იქ მოდის ის განსაკუთრებული ჯიშის ყურძენი, რომელიც საკმაოდ ძვირად ფასობს. კილოგრამი დაახლოებით 7-8 ლარად გაიყიდა წელს, როგორც ვიცი.

თითქმის ყოველდღე ნახულობდნენ ვენახს ჩემი ოჯახის წევრები. 5 სექტემბერს წავიდნენ ქუთაისში. ახლა შაბათს, 21 სექტემბერს, ავიდნენ რთველზე და ვენახი გაკრეფილი დახვდათ.

180 კილო ძლივს მოკრიფეს, ისიც გზის მხარეს რაც იყო. ეტყობა გზიდან რომ არ შეემჩნიათ ქურდობის ფაქტი, იმიტომ დატოვეს ისიც.

მეზობლებმა კი გაგვაფრთხილეს, დარაჯი აიყვანეთ, რადგან იპარავენ ყურძენსო, მაგრამ ასე უცებ ვერავინ ვერ მოვიძიეთ, რადგან სოფელში ყველას თავისი ვენახი ჰქონდა სადარაჯო,“ – გვიყვება ნინო ველიაშვილი.

ნინო ველიაშვილი

ნინო ამბობს, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მეზობლებს ესაუბრა და გაარკვია, რომ ყურძნის ქურდობა რაჭაში გახშირებულია. ამის გამო სოფლებში იძულებულნი არიან ან თავად უდარაჯონ 24 საათი ვენახს, ან ვინმე დაიქირაონ.

„ვფიქრობ, ყურძნის ქურდობა გამხდარია როგორც ერთგვარი ბიზნესი. მინივენებით დადიან თურმე ღამით. რადგან ვენახის მოკრეფა ოქროს მოპარვა ხომ არაა, შეხვიდე სახლში და უცებ გამოიტანო ნივთი. ამას სჭირდება დრო და ადამიანები, ვინც მოკრეფს. ჯგუფები მუშაობენ ამ ქურდობაზე. დარწმუნებული ვარ, მთავრობამაც იცის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტმაც. შეუძლებელია ასეთი ამბავი ხდებოდეს მუნიციპალიტეტში და არ იცოდნენ. დარწმუნებული ვარ, ისიც იცის ყველამ, ვინც აკეთებს ამას. არ მიგვიმართავს პოლიციისთვის. მე რომ მანდ ვიყო, აუცილებლად მივმართავდი, მაგრამ ჩემი ოჯახის ის წევრები, ვინც მანდ მყავს, არ არიან ისეთი აქტიურები, რომ ამ ამბავს მიყვნენ სამართლებრივად. გაისად კამერები უნდა დავაყენო ან გავყიდო ვენახი. ამდენი ათასი დავახარჯო და მოსავალი მომპარონ, ასე აღარ მინდა,“ – ამბობს ნინო.

ნინოს თქმით, მომხდარი ამბით იმედგაცრუებულია. რადგან უნდოდა ემიგრაციაში მყოფს მშობლიურ სოფელში რაღაც გაეკეთებინა და დაბრუნებისთვის ნიადაგი მოემზადებინა. მაგრამ ახლა აღარ იცის, როგორ მოიქცეს.

„ემიგრაციიდან მინდოდა ჩემს მშობლიურ სოფელში რამე გამეკეთებინა. სახლი და მარანი აღვადგინე. მინდოდა, ტურისტული ზონა მომეწყო, პირველ მოსავალს ველოდი და აი, მომპარეს. ახლა ისე ვარ გამწარებული, შეიძლება მივაყიდო სულ. მე თუ ვიწვალე და ერთ ღამეში სხვამ დაკრიფა და ისარგებლა, მე რა ხეირი აქედან?

ერთადერთი თხოვნა მაქვს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, აქტიური რთვლის პერიოდში, რომელიც სექტემბრის სამ კვირას მოიცავს, სოფელში გააძლიერონ პატრულირება. თუკი პატრული ივლის, ქურდები ასე ადვილად ვერ გაბედავენ, რომ ვენახში შევიდნენ და მთელი წლის ნაშრომი მოიპარონ,“ – ამბობს ნინო.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გვაინტერესებდა ჰქონდა თუ არა მსგავსი ფაქტის შესახებ უწყებას ინფორმაცია და იყო თუ არა გამოძიება დაწყებული. თუკი შსს ამ ინფორმაციას მოგვაწვდის, ამბავს აქვე განვაახლებთ.

განახლება – 24/09/2024:

სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს “ბათუმელებს” დაუკავშირდა შსს-სამინისტროს პრესსამსახური. შსს აცხადებს, რომ ბუგეულში ყურძნის ქურდობაზე “რამდენიმე დღით ადრე იყო გამოძიება დაწყებული. უწყებამ ჩაატარა მოკვლევა, რის შედეგადაც ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა”.

შსს-მ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, კონკრეტულად როდის დაიწყეს გამოძიება. ცნობისათვის, 23 სექტემბრს, სტატიის გამოქვეყნებამდე, შინაგან საქმეთა სამინიტრო ამბობდა, რომ არ ფლობდა ყურძნის ქურდობის შესახებ ინფორმაციას.

მთავარი ფოტო: ველიაშვილების ოჯახის ვენახი ქურდობამდე

რატომ არ გამოცხადდა სახელმძღვანელოების გრიფირება? – რას ამბობს განათლების სამინისტრო

მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტრომ დღეს, 23 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ 2024 წელს საერთოდ არ გამოცხადებულა გრიფირება.

„სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი.

მოგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი საერთოდ არ გამოცხადებულა.

წელს მე-12 კლასში შემუშავდა მხოლოდ დამხმარე რესურსები ყველა იმ საგანში, რომლებიც მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაემატა აღნიშნულ კლასს – ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ქიმია, საქართველოს ისტორია.

დღეისათვის სკოლებში არსებობს ძველი გრიფირებული მსოფლიო ისტორიის წიგნი, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიას. ამასთან, მასწავლებლების გზამკვლევად დამატებითი შეიქმნა რესურსი, რომელიც მუდმივად იქნება განახლებადი“ – წერს განათლების სამინისტრო.

20 სექტემბერს პედაგოგმა და ილიაუნის მკვლევარმა გიორგი ჯავახიშვილმა „ბათუმელებთან“ სწორედ იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომ განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი შეაჩერა და ავტორებისა და გამომცემლობებისგან მალულად დაიწყო უახლესი ისტორიის რესურსზე მუშაობა, რომლის რედაქტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი უნდა ყოფილიყო.

დამხმარე რესურსის შექმნაზე კი პროფესორ დიმიტრი შველიძეს უნდა ემუშავა, რაც დაადასტურა კიდეც შველიძემ, გუშინ 22 სექტემბერს, ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტით.

დიმიტრი შველიძე წერს, რომ მე-12 კლასის ე.წ. სასწავლო რესურსზე მუშაობა მან მიმდინარე წლის ივნის-ივლისში დაიწყო სამინისტროს დაკვეთით.

„როგორც განათლების სამინისტროში აგვიხსნეს, უნდა მომზადებულიყო დროებითი სახელმძღვანელო ანუ როგორც უწოდებდნენ, „სასწავლო რესურსი“ მე-12 კლასისთვის საქართველოს ისტორიაში.

დღემდე მე მოვამზადე „რესურსის“ პირველი ნაწილის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც სამინისტროს წარმომადგენელთა აზრით, უნდა ისწავლებოდეს წელს, პირველ სემესტრში“ – წერს დიმიტრი შველიძე.

სახელმძღვანელო რესურსის ობიექტურად შედგენაზე გიორგი ჯავახიშვილი ეჭვობს, რომ რესურსი იქმნებოდა კონკურსის გარეშე და პროცესის შესახებ ინფორმირებულნი არ ყოფილან არც ავტორები და არც გამომცემლები.

მისი თქმით, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა ის ფაქტიც, რომ სახელმძღვანელო რესურსის რედაქტორი პოლიტიკურად მიკერძოებული პირი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი უნდა ყოფილიყო.

განათლების სამინისტრო ამ მოსაზრებას „უსაფუძვლოს“ უწოდებს.

„გამოთქმული ეჭვი, შიში თუ ბრალდებები იმის თაობაზე, რომ უკანასკნელი 30 წლის პერიოდი არასწორად დაიწერება, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით უწყების დისკრედიტაციის მცდელობა“ – წერს სამინისტრო.

განათლების სამინისტრომ ახალი, ეროვნული მიზნები 2024 წლის 22 აპრილს დაამტკიცა. უწყების განცხადებით, ახალი საგნობრივი სტანდარტის გადამუშავება ამის საფუძველზე დაიწყო და „ყველა საგნის სახელმძღვანელოს განახლება, ახალი ეროვნული გეგმის დამტკიცებისთანავე დაიწყება“ – წერს პრესრელიზში სამინისტრო.

აპრილის შემდეგ თითქმის ექვსი თვე გავიდა. დაიწყო ახალი სასწავლო წელიც, სამინისტრო კი სექტემბრის ბოლოს ამბობს, რომ ჯერ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა არ დაუმტკიცებია.

შესაბამისად, არც ახალი სახელმძღვანელოები შესულა სკოლაში, მაშინ, როცა სამინისტრომ აგვისტოში შეატყობინა სკოლებს, რომ მე-12 კლასში სასწავლო ბადე გაიზრდებოდა და მოსწავლეებს 5 საგანი დაემატებოდათ.

________________

ამ თემაზე:

„ოცნების“ დეპუტატი უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს დაარედაქტირებს – გრიფირება გააუქმეს

„პრობლემებზე არ საუბრობენ, ცდილობენ შექმნან მტერი“ – რა ხდება ხულოში არჩევნების წინ

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რა ხდება ხულოში? როგორია მოსახლეობის განწყობა? როგორ მუშაობს აქ მმართველი პარტია და ოპოზიცია? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნესტან ანანიძეს ესაუბრა, იურისტს, აქტივისტსა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელს.

  • ნესტან, თქვენი დაკვირვებით, როგორ მუშაობს მმართველი პარტია ხულოში?

ძირითადად, საჯარო კრიტიკას ერიდება ხალხი, თუმცა საზოგადოებაში აშკარაა, რომ მმართველი ხელისუფლების მიმართ დიდი უკმაყოფილება და იმედგაცრუებაა.

აშკარაა ისიც, რომ მოქმედი ხელისუფლება რეალური საქმის კეთებით საზოგადოების ნდობის მოპოვებას არ ცდილობს. გასული წლების განმავლობაში არ უშენებიათ ნდობა საზოგადოებაში, არ უკეთებიათ საქმე და შესაბამისად, ამ სახის ძალაუფლება დღეს აღარ აქვთ. ამიტომაა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებულია მაქსიმალურად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსები, სოციალური დახმარებით მანიპულირება, მერიებში დასაქმებული ადამიანები, მერის წარმომადგენლები… რათა მაქსიმალურად გაავრცელონ სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია და ასე ეცადონ საარჩევნოდ ხმების მობილიზებას.

ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია, რაც აშკარად აქვთ, ეს არის, საზოგადოებაში შექმნან წარმოდგენა, რომ თითქოს არ არსებობს ოპოზიციური პარტია საქართველოში და არ არსებობს პარტია, რომელსაც ხმას მისცემს საზოგადოება, რაც არის მტკნარი სიცრუე.

ეს არის სახელისუფლებო პროპაგანდა, რადგან ჩვენ ვხედავთ არაერთ ოპოზიციურ პარტიას, კოალიციას. 12 წლის შემდეგ მთელი საზოგადოება ვხედავთ საჭიროებას ცვლილებების, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

დეზინფორმაციულ მეთოდს მუდმივად იყენებს „ქართული ოცნება“. განსაკუთრებით იყენებენ მშვიდობის და ომის ნარატივებს წინასაარჩევნო შეხვედრებზე. ჩვენ ვნახეთ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც, ხულოს ცენტრში ამოსულს, გამოსვლა ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ და არა იმაზე, თუ რეალურად რა გვაწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ, მაგალითად, ბათუმი-ახალციხის გზა, რომელსაც ხულოელები ყოველდღიურად იყენებენ, სეზონურად ძალიან დატვირთულია და დღემდე არ არის გაკეთებული. ათ წელზე მეტია, რაც ამ გზაზე დავდივართ.

ამაზე პასუხი არ აქვთ, ბოდიშსაც არ იხდიან და ცდილობენ ელექტროენერგიის მიწოდების, გზის, სასმელი წყლის, ოჯახების ემიგრაციაში წასვლის, მთიანი აჭარის მოსახლეობისგან დაცლის პრობლემებზე საერთოდ არ ისაუბრონ, ზოგადად, საერთოდ არ ისაუბრონ პრობლემებზე.

იმის გამო, რომ უნარი არ აქვთ ამ პრობლემების მოგვარების, ცდილობენ შექმნან დეზინფორმაციით მტერი, რომელსაც, მათი აზრით, ფორმალური კანონებით ებრძვიან და ასე ცდილობენ ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, ანტიჰომოფობიური განცხადებები იქნება ეს თუ სხვა.

  • არაერთი მოქალაქე დააჯერეს, რომ თითქოს შეუძლიათ გაიგონ, მათ ვის მისცეს ხმა. რომ განუმარტოთ მოქალაქეებს, რატომ ვერავინ გაიგებს თუ ვის მიეცი ხმა არჩევნებზე?

წინასაარჩევნოდ არაერთ უბანზე მოეწყო იმიტირებული ხმის მიცემა. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰკითხოთ, ვისაც მონაწილეობის გამოცდილება ჰქონია, მეც მქონია, დაგიზუსტებთ, რომ შეუძლებელია იდენტიფიცირება, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

ზოგადად, ყველა არჩევნებზე არსებობს წარმოდგენა, რომ ადამიანები, ვინც კომისიაში არიან, რაღაც მექანიზმებს იყენებენ, რომ გაიგონ, თუ ვის მისცა ხმა მოქალაქემ. ეს წარმოდგენები უფრო მძაფრდება, რაც მეტწილად სიტყვიერი დაშინების მცდელობაა. ეს იმისთვის კეთდება, რომ ადამიანებს შეუზღუდონ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.

  • რატომ ვერ დაკარგავს მოქალაქე ან მისი ოჯახის წევრი საჯარო სამსახურს, თუ მხარს არ დაუჭერს მმართველ პარტიას?

შეიძლება ითქვას, რომ ესაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფორმა და ამას მხოლოდ არჩევნების დროს არ იყენებენ.

როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდებთან, რომ ისინი აქტიურად იყვნენ სამოქალაქო პროცესებში ჩართულნი, ხშირ შემთხვევაში ურეკავენ ამ ახალგაზრდების ახლობლებს, მშობლებს და აფრთხილებენ, რომ თუ არ შეწყვეტს ეს კონკრეტული ახალგაზრდა აქტიურობას, სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ჩვენ ვნახეთ მერიებიდან, სხვადასხვა „აიპებიდან“ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული არაერთი ადამიანი, რომლებმაც იჩივლეს სასამართლოში და არაერთი საქმე მოიგეს. მახსენდება თეა წულუკიანისთვის მოგებული საქმეები და არა მხოლოდ.

შეუძლებელია საჯარო სამსახურებიდან ადამიანების მასობრივად დათხოვნა. პირველ რიგში, მათ არ აქვთ საკმარისი ადამიანური რესურსი ჩანაცვლებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტები, სოფლები დაცლილია და აღარც სამუშაო ძალა აღარ არსებობს. ადამიანები ემიგრაციაში არიან წასული და ერთ დღეს ადამიანის დათხოვნა და მეორე დღეს იმ პოზიციაზე ახლის მიყვანა ასეთი მარტივი არ არის.

თითოეული მოქალაქე კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა გვირჩევნია? – ჩვენს შვილებს მივცეთ უკეთესი მომავალი, რაც შესაძლებელია მხოლოდ ცვლილებებით და არა 12, 16 თუ მეტი წლით ერთი მმართველი პარტიით, თუ ჩვენ გვინდა ოჯახის წევრების დაკარგვა, რომლებიც ვეღარ ჩერდებიან ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ დასაქმებაც პოლიტიკური ნიშნით ხდება?!

რა გვირჩევნია, ხვალ რომ ვიღაცამ თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით და პოლიტიკური ნიშნით დაგვაშინოს – გაგათავისუფლებ სამსახურიდანო, თუ შევქმნათ სახელმწიფო, საზოგადოება, სამუშაო სივრცეები, საჯარო სექტორები, სადაც ადამიანებს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ კვალიფიკაციის მიხედვით დანიშნავენ და მუშაობის შესაძლებლობას მისცემენ?!

  • შეიძლება აიღო თანხა თუ სხვა სახის შემოთავაზება, თუმცა საარჩევნო კაბინაში არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთო?

მე არაერთხელ მსმენია, მათ შორის ჩემს სოფელში, უბნებზე, როგორ იხდიან არჩევნებზე ხმის მიცემის წინ თანხას იმის სანაცვლოდ, რომ მოქალაქეებმა ხმა მისცენ კონკრეტულ პარტიას.

ეს ხელს არ გვიშლის თავისუფლად, დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება, როდესაც საარჩევნო კაბინაში დავრჩებით მარტო.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როცა ადამიანები იყენებენ მოსყიდვის, მოქრთამვის მეთოდებს, თუმცა ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, აღებული ქრთამის მიუხედავად მივიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ფარულობა და თუ რომელიმე მოქალაქის ხმის მიცემის ფარულობა არის დარღვეული და ამაზე პირდაპირ მიუთითებენ, მიანიშნებენ, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სასამართლოებს, ვინც დაეხმარებათ ამ კანონდარღვევის აღმოფხვრაში.

  • რა სახის დეზინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივ დონეზე, სოფლებსა თუ თემებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები?

ყველაზე მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული მექანიზმი, ჩემი აზრით, სოციალური საკითხებით მანიპულირებაა, იმიტომ, რომ აჭარაში ცხოვრობს უამრავი ეკომიგრანტი, ცხოვრობენ მეწყრული პროცესებით დაზარალებულები, სოციალურად დაუცველები და სხვა, ეკონომიკურად მოწყვლადი ოჯახები.

ძირითადი მიზანია ასეთი ადამიანების დარწმუნება, რომ მათი მხარდაჭერა დამოკიდებულია არა სახელმწიფოზე, რომლის ვალდებულებაა მოქალაქის მხარდაჭერა, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც მმართველ ხელისუფლებაშია.

რეალურად, სოციალური დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხაა, რომელიც ეკუთვნის ადამიანს არა იმიტომ, რომ, ვთქვათ, მმართველ ხელისუფლებაში მყოფმა ქველმოქმედება განახორციელა, ან რაიმე მსგავსი, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაეხმაროს ადამიანებს. ეს ხდება მოქალაქეების მიერ სხვადასხვა სახის გადასახადებიდან შეკრებილი ბიუჯეტით. ეს არ არის დამსახურება კონკრეტული მმართველი ხელისუფლების ან პარტიის, ამიტომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ დეზინფორმაციას, რომ ეს პარტიის მხარდაჭერაა.

ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც იქნება ამ არჩევნების შემდეგ, ექნება ვალდებულება, დაიცვას და სათანადო საცხოვრებელი გარემო შეუქმნას ეკომიგრანტებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. სოციალური დახმარება არ გაქრება, ან შეწყდება.

  • სად აპირებთ არჩევნებზე წასვლას და ზოგადად, როგორი წინასაარჩევნო მოცემულობაა თქვენთან, რა განწყობები იკვეთება მოსახლეობაში?

მე თვითონ ყველა საარჩევნო წელს ვარ ჩართული სადამკვირვებლო პროცესში და არჩევნებს წელსაც დავაკვირდები ერთ-ერთ უბანზე, ხულოში, ხმასაც აქ მივცემ.

თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა მივიდეს არჩევნებზე და აირჩიოს ხელისუფლება, რომელსაც შემდეგ მოსთხოვს სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას მისი ცხოვრების ხარისხის გასაზრდელად.

რაც შეეხება განწყობებს, აშკარაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მმართველი ხელისუფლებით უკმაყოფილოა. ამ პროცესში ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების უფრო მეტად გააქტიურება, უფრო მეტი ხილვადობა, მათი პროგრამების საზოგადოებისთვის გაცნობა, მათი ხმების მოქალაქეებამდე მიტანა, რაც ჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს შექმნიდა, ჩემი აზრით.

ასევე, მნიშვნელოვანია კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების არსებობა. პოლიტიკურ პარტიებს ხმა უნდა მივცეთ არა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებენ მომავალში, რასაც „ქართული ოცნება“ ხშირად იყენებს, რომ აი, მომეცი ხმა და ამ კანონს მივიღებ ან ამ ცვლილებას განვახორციელებ, გზას დავაგებ, სკოლას აგიშენებ… არჩევანი მოქალაქეებმა იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ, თუ რა გააკეთა აქამდე მმართველმა პარტიამ და რამდენად იმსახურებს ის მისი ისტორიიდან გამომდინარე ხელისუფლებაში დარჩენას.

პუტინმა ცხინვალთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე დუმას შეთანხმება წარუდგინა 

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის წარუდგინა შეთანხმება სამხრეთ ოსეთთან [დე ფაქტო] სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამის შესახებ 19 სექტემბერს იუწყებოდა რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი.

„მოხდეს რატიფიცირება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის 2023 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში ხელმოწერილი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების“, – წერია დოკუმენტში, რომელიც დუმაში ოფიციალურად 18 სექტემბერს წარადგინეს.

დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას“.

დოკუმენტების პაკეტში ასევე მოცემულია რუსეთის მთავრობის დასკვნა. „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით“, – ნათქვამია დასკვნაში.

აქამდე 4 დღით ადრე, 14 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.

ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს უშუალოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არაერთი ჯგუფი გამოეხმაურა, სადაც მისი სიტყვების გულწრფელობის დამტკიცება მოითხოვეს „ოსი ხალხის გენოციდისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის“ აღიარებით.

ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აფასებენ და იწონებენ რუსი პროპაგანდისტები, მათ შორისაა რუსული პროპაგანდისტული არხის – Соловьев live-ის თანაწამყვანი სერგეი კარნაუხოვი, რომელიც ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს საკუთარ გადაცემაში [Лабиринт Карнаухова], ვარშავის გეტოს წინააღმდეგობის მემორიალთან, 1970 წელს მუხლებზე დაჩოქილი გერმანელი პოლიტიკოსის, მაშინდელი კანცლერის – ვილი ბრანტის ფოტოთი გამოეხმაურა.

კარნაუხოვი ტელეწამყვანობამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო; ასევე იყო კიროვის და კალინინგრადის ოლქების ვიცე-გუბერნატორი; გავრცელებული ინფორმაციით, იგი რუსეთში ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დევნის ინიციატორი იყო (2011 წელს).

კარნაუხოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აქტიურ პროპაგანდას ეწევა. საქართველოში არსებული ვითარება, ბოლო „ანალიზის“ დროს, ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს მთლიანობაში, ქართული საზოგადოება, ქართული სახელისუფლო ელიტების მსგავსად, პროდასავლური ვექტორს მცდარად მიიჩნევდეს.

„საქართველომ, წლების განმავლობაში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში პროდასავლური ვექტორის მიუხედავად, სრულად ვერ იპოვა თავისი ადგილი როგორც რეგიონში, ისე დასავლური სამყაროს ფარვატერში [ნავიგაციისთვის უსაფრთხო გასასვლელი წყლის სივრცეში]. ამიტომ ქართული საზოგადოება და ელიტები ცდილობენ რაღაც მაინც გააკეთონ, რაიმე მიმართულებით მაინც დაიწყონ მოძრაობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადაწყვიტა რუსეთისკენ მობრუნება“, – ამბობს ის.

„არის მოსაზრება, რომ თბილისის „დაახლოება“ მოსკოვთან (მაგალითად, ღირებულების ნაწილში, კეთილი სიტყვები ოსეთსა და აფხაზეთზე და ა.შ.) გარკვეული სტრატეგიის ნაწილია. კერძოდ, ქართული ელიტის ზოგიერთ წარმომადგენელს ჩამოუყალიბდა წარმოდგენა, რომ თითქოს მოსკოვის ოფისებში ჩამოყალიბდა გარკვეული მიდგომა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „საქართველოში რეინტეგრაციის“ მიმართ. კერძოდ, ამბობენ, თუკი საქართველოში მმართველი ელიტა გარკვეულწილად „ნეიტრალური“ გახდება (მაგალითად, თუ საქართველო დისტანცირდება ნატო-სგან და აშშ-სგან ან რაღაც მსგავსი), მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ არ „დააბრკოლოს“ დაკარგული ტერიტორიების“ დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში. ამიტომ, ამას გარკვეული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ“, – დაწერა 20 სექტემბერს თავის ტელეგრამ არხზე რუსმა პროპაგანდისტმა, სერგეი კარნაუხოვმა.

პროპაგანდისტი იქვე დასძენს, რომ რუსეთმა არ უნდა დააყოვნოს, მხარი დაუჭიროს მათ, ვინც საქართველოს შიგნით მზადაა რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობისთვის – „ჩვენ ასევე გარკვეული მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ამჟამინდელ ხელისუფლებას, აშშ-სგან, ნატოსა და ევროკავშირისგან დისტანცირების საკითხებში“.

 

„დაგვტოვეს მშივრები“ – ზესტაფონი და შროშა ავტობანს მიღმა | ვიდეო

„ძალიან ბევრი წავიდა ემიგრაციაში, 18 ობიექტი დაიხურა. ავტობანი რომ გაიხსნა, იმ ღამეს, ცხრა საათის მერე ამ გზაზე მანქანა საერთოდ არ მოძრაობდა“, – გვიყვება მაიკო, „MM-ის“ თანამშრომელი. კვების ეს ობიექტი ზესტაფონში ყავით ცნობილ ქუჩაზე მდებარეობს.

ბოლო ერთ წელში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ორი ახალი მონაკვეთი გაიხსნა. სასიკეთო ცვლილებას უკვალოდ არ ჩაუვლია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის, აქ საგრძნობლად იმატა უმუშევრობამ, მიგრაციამ და ზარალმა.

სტატიაში აღვწერთ, როგორ აისახა ცვლილებები ზესტაფონისა და შროშის მცხოვრებებზე, შესრულდა თუ არა „გარემოს ზემოქმედების შეფასების“ დოკუმენტში შეტანილი პუნქტები და შეიძლებოდა თუ არა მოქალაქეებისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე გაკეთებულიყო ახალი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მაგისტრალის მონაკვეთები.

  • ზესტაფონი – ყავით ცნობილი ქუჩა ნაომარ ტერიტორიას ჰგავს

ყავით ცნობილი და ერთ დროს ავტომანქანებით გადატვირთული თამარ მეფის ქუჩა დღეს შეიძლება ვეღარ იცნოთ. ძირითადად, რასაც დღეს ამ ქუჩაზე ნახავთ, ჩამოშლილი შენობებია წარწერებით აჭრელებული მინებით – „დაკეტილია“, „ქირავდება“, „იყიდება“.

როგორც კაფე  „დისქავერის“ თანამშრომელი თიკო ამბობს, ავტობანის გახსნის შემდეგ მოსული კლიენტები აქაურობას ხშირად ნაომარ ტერიტორიას ადარებენ: – „ვინც იცოდა და ხშირად დადიოდა აქ, ამბობს, ნაომარს ჰგავს ქუჩაო… ობიექტები, რომლებიც დაიკეტა, უკვე დაზიანდა; მოუვლელია, მინები კი, ჩამსხვრეული…“

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ბევრი ობიექტი დაიკეტა. ძალიან ბევრი წავიდა საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი რაიონს გარეთ გავიდა სამუშაოდ“.

თიკო ამბობს, რომ ეს სურათი საბოლოო არაა და ზაფხულის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდება:

„ახლა კიდევ ზაფხულია და ზაფხულის იმედად არიან ღია ობიექტები. ოქტომბრიდან ისინიც დაიკეტებიან. რეალურად, ქუჩაზე დარჩება 4 ობიექტი. მობრძანდით ოქტომბერში და დანარჩენი ობიექტებიდან აღარცერთი აღარ იქნება”.

თიკოს თქმით, ავტობანი რომ კეთდებოდა, ყველამ წინასწარ იცოდა, თუმცა არ უზრუნველყვეს, რომ ობიექტები ერთიანად გადაეტანათ ავტობანის მიმდებარედ:

„შესაძლებელი იყო გამოეყოთ ავტობანზე ადგილი, სადაც ყველა ერთიანად გადავიდოდა და არა გაფანტულად. ეს ობიექტები ერთად რომ იყო აქ, იმიტომ მუშაობდა – ყველამ იცოდა, რომ ყავის ქუჩა იყო და მოდიოდნენ აქ“.

თიკოს აზრით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა ავტობანის ახალი მონაკვეთის გახსნას თამარ მეფის ქუჩაზე პროტესტი არ მოჰყოლოდა:

„პროტესტი რომ არ ყოფილიყო, იმიტომ გააკეთეს ასე – სულ გვეუბნებოდნენ, ეს ცოტა ხანსაა და ისევ გადმოვა გზა, დროებითაა და ისევ გადმოვაო.

ასე აჩერებდნენ ხალხს, რათა ამ ყველაფერს პროტესტი არ მოჰყოლოდა. მოვიდნენ, აზომეს ობიექტები, გადაგიყვანთ ავტობანზეო… ლამაზი სიტყვით აჩერებდნენ ხალხს – ეს არის სიმართლე.“

როგორც სხვადასხვა ობიექტის თანამშრომლები ამბობენ, მათ ჰპირდებიან, რომ რამდენიმე წელში (მათი თქმით, ეს თარიღი 1,5 წლიდან 3 წლამდე მერყეობს) შორაპნის წრეზე მოეწყობა ადგილი, სადაც შეძლებენ გადასვლას. თუმცა თიკო ამბობს, რომ 2 წლის შემდეგ ეს ყველაფერი დაგვიანებული იქნება:

„ყველა ერთად უნდა გადასულიყო თავის დროზე. ორი წლის მერე ვინ სად გადავა, მაგას უკვე ეს ხალხი ვეღარ აჰყვება. ამ ხალხიდან ყველამ გაიგნო გზა; 2 წელიწადში კიდევ მეტი გაიგნებს და თავისთავად აღარავის იქ აღარ მოუნდება.

მეც, პირადად, შემოდგომიდან მივდივარ ემიგრაციაში. ნელ-ნელა მაინც წავა ეს ხალხი საზღვარგარეთ, ყველა გაიფანტება.

დაკეტილი ობიექტების კორიანტელში „MM-ს“ ვპოულობ, კაფეს თანამშრომელი მაიკო მიყვება, რომ ეს გზა ათწლეულების უკან როგორიც იყო, ისევ ისეთი გახდა:

მაიკო, MM-ის თანამშრომელი

„რაც ავტობანი გაიხსნა, ხალხმა ძალიან მოიკლო, რადგან ყველა ავტობანზე გადავიდა. ეს გზა როგორც წლების წინ იყო, ისევ ისე ჩაკვდა.

ხალხზეც აისახა, ძალიან ბევრი ობიექტი დაიხურა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. თან ახლა ისეთი სეზონია, ყველას უნდა მუშაობა, ეს ხალხიც ცოდოა.

გზასაც ეტყობა, ხალხი რომ დადიოდა, გადატვირთული იყო გზა, საცობი იყო, ახლა შეგიძლია დაითვალო რამდენი მანქანა გაივლის დღეში“.

მაიკო ამბობს, რომ სხვა ობიექტების მსგავსად, შეიძლება მათი კაფეც დაიკეტოს:

„ჩვენც იგივე ბედი შეიძლება გვეწიოს. ახლა სეზონია კიდევ და ვფართხალებთ, სექტემბრიდან რომ უარესად ჩაკვდება ყველაფერი, დარწმუნებულები ვართ.“

თიკოს მსგავსად, მაიკოც აღნიშნავს, რომ ობიექტების დაკეტვასთან ერთად იმატა ემიგრაციამაც:

„ძალიან ბევრი წავიდა ემიგრაციაში, 18 ობიექტი დაიხურა. ხელფასებსაც დაუკლეს, თუ მუშაობა არ გაქვს, თანხასაც ვეღარ გადაუხდი თანამშრომელს, ამიტომ ბევრმა გადაწყვიტა წასვლა“.

დაკეტილი ობიექტების მფლობელების მოკითხვისას ყველასგან ერთსა და იმავე პასუხს იღებ, რომ მათ ვეღარ იპოვი, რადგან ობიექტები დაკეტეს და წავიდნენ. ვინც დღემდე მუშაობს, მათ ფართობი საკუთრებაში აქვთ.

მათგან ერთ-ერთია კაფე „N1”-ის მფლობელი პაატა, რომელიც ევროპიდან თავისი ბიზნესის დასახმარებლად დაბრუნდა:

„ევროპაში ვცხოვრობ და ახლა სპეციალურად ჩამოვედი, რომ ამ ბიზნესისთვის წვეთოვანი დამედგა. 2015 წელს გავხსენი კაფე („N1”), რის შემდეგაც ფუნქციონირებს და მართავენ ოჯახის წევრები, რადგან  მე ევროპაში ვცხოვრობ.

პაატა, ნ.1-ის მფლობელი

ლოგიკურია, რომ ავტობანის გახსნას ყველა ელოდა და ყველამ იცოდა, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მართლა გაიხსნა, იყო ძალიან მოულოდნელი და სპონტანური.

მიუხედავად ზარალისა, პაატა ადგილის შეცვლაზე არ ფიქრობს. როგორც ამბობს, მისთვის ეს ადგილი მნიშვნელოვანია და სწორედ ახლა უნდა დაიწყოს თავისი მიზნის განხორციელება:

„ბევრს ჰქონდა თადარიგი დაჭერილი, ავტობანის სხვადასხვა მიდამოში გადაიტანეს კაფეები და იქ განაგრძეს მუშაობა, მაგრამ ჩემთვის ეს ტერიტორია და ადგილი ყოველთვის განსაკუთრებული იყო. თავიდანაც კონკრეტული ღირებულებების გამო შევარჩიე ეს ადგილი და ვიცოდი, ავტობანი რომ გაიხსნებოდა, იმის შემდეგ დაიწყებოდა ჩემთვის ეს საქმე.“

ყველა დაცემა წამოდგომის საწინდარიაო ამბობს პაატა, მისი მიზანია ობიექტს ახალი სიცოცხლე გაუჩინოს და ჩართოს თავის პროექტში – „გაიცანი საქართველო“:

„ევროპაში მაქვს პროექტი „გაიცანი საქართველო“ – პოლონეთში პირველი რესტორანი უკვე გავხსენი, პროექტის მიზანია საქართველო და მისი ღირებულებები გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. ეს ობიექტიც ამის ნაწილი იქნება, ახლა ხდება მისი მოდერნიზება და პროექტზე მორგება.“

გზას ვაგრძელებ. ღია ობიექტების თანამშრომლები კამერის წინ ლაპარაკს ერიდებიან, თუმცა ყველა აღნიშნავს, რამდენად მძიმე შედეგი მოიტანა ავტობანის გახსნამ მათთვის.

კაფე „გოლდენს“ მივადექი. თანამშრომელი ეთერ გუმბერიძე მიყვება, როგორ აისახა ავტობანის გახსნა მათ ობიექტზე:

„ძალიან შემცირდა ხალხი, მაგრამ მაინც მოდიან ჩვენი სტუმრები, ვისაც ახსოვს ჩვენი ყავის, ხაჭაპურის გემო.

ეთერ გუმბერიძე, „გოლდენის“ თანამშრომელი

ასე უცბად თუ დადგებოდა ეს ვითარება, არ ველოდით, მყისიერად მოიკლო ხალხმა. ბევრი ობიექტი დაიკეტა, ვისაც ქირა ჰქონდა გადასახდელი, ეს ობიექტი ჩემი უფროსისაა და ამუშავებს მაინც“.

ეთერის თქმით, ადრე თუ მათ კაფეში ორი თანამშრომელი მუშაობდა და მოვალეობებს ინაწილებდნენ, ახლა მხოლოდ ერთი ითავსებს ყველა მოვალეობას:

„მოლარე და მცხობელი ვიყავით, ახლა ყველაფერს მე ვაკეთებ. ორნი ვართ დარჩენილი, ერთი დღე მე ვმუშაობ, ერთი დღე – მეორე თანამშრომელი და მორჩა“.

ეთერიც აღნიშნავს, რომ ავტობანის გახსნის შემდეგ ზესტაფონში უმუშევრობამ იმატა:

„უმუშევრობამაც მოიმატა, ზოგი ემიგრაციაში წავიდა, ზოგი – სახლში, ზოგმა სხვაგან იშოვა სამსახური.

ზესტაფონში ბაზარსაც შეეტყო. ჯერ მარტო ამ ქუჩაზე 4 ტონა ყველი იყიდებოდაო – ასე ამბობდნენ, ახლა მაგდენი აღარ იყიდება“.

იმავეს ამბობს ზესტაფონის ბაზარში რძის პროდუქტებით მოვაჭრე თამარ ნოზაძეც:

„სახაჭაპურეებს დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ყველი და თავისთავად ყველის ფასიც იმატებდა. მოსახლეობაზე, გლეხებზე აისახა პირველ რიგში, ყველი რომ აღარ იყიდება, გაიაფდა. იმ იაფი ყველით კიდევ ამ გაძვირებულ პროდუქტს ვეღარ ყიდულობს ხალხი.

  • შროშა – „დაგვტოვეს მშივრები – გზა ჩვენ არ გვაქვს და კვალი“

სამარშრუტო ტაქსიში ვჯდები და მძღოლს ვეუბნები შროშამდე გამოგყვებით-მეთქი. კი, მაგრამ ავტობანით მივდივარ, გადასახვევთან მოგიწევს ჩამოსვლაო – მიპასუხა.

ავტობანზე ჩამოვდივარ. აქ სავაჭრო ბაზარს აშენებენ, სადაც თიხის ჭურჭელი უნდა გაიყიდოს. მშენებლებს ვეკითხები, როგორ მოვხვდე შროშაში. გზას მასწავლიან.

სოფელში შესვლა რომ შეძლო, გზის უსაფრთხო ნაწილზე გადასვლაა საჭირო, ამისთვის ან ჯებირს უნდა გადააბიჯო შუა ავტობანზე, ან ჯებირს და მოაჯირს შორის გაძვრე, რაც თითქმის შეუძლებელია.

საბოლოოდ ვახერხებ გზის უსაფრთხო ნაწილზე გადასვლას და მალე ძველ გზაზე გადავდივარ, რომელიც ერთ დროს ერთადერთი გზა იყო დასავლეთში მოსახვედრად. ავტომანქანა აქ, ფაქტობრივად, აღარ მოძრაობს, გზაც უკაცრიელია.

შროშა – ძველი გზა და ავტობანი

რამდენიმე წუთში ვხედავ  ვულკანიზაციას და მის წინ მჯდომ ადამიანს. ერთმანეთს ვეცნობით, გივი გველესიანს სახლის წინ, ჭიშკართან აქვს გახსნილი ვულკანიზაცია, ავტობანის გახსნის შემდეგ უმუშევარი დავრჩიო მეუბნება:

„ვმუშაობდი და უმუშევარი ვარ, აქ მოძრაობა აღარ არის. ჩამოვდივარ სახლიდან და ვზივარ, თუ ვინმეს გაუჭირდება, ქე მივეხმარები და პატივს ვცემ.“

მეთუნეები ძალიან დაზარალდნენ, სანამ სოფელ წევამდეც მივა ავტობანი, ნაწილმა იქ გადაიტანა თიხის ჭურჭელიო მითხრა გივიმ:

„სანამ გვირაბები გაკეთდება, წევაში წავიდნენ და იქ დგანან გაყოლებაზე გაჭირვებულები, სახელდახელოდ ააშენეს რაღაც. აქ აშენდება ახლა საამქროები და გადმოვლენ.“

გივი გველესიანი

მშენებლობის ერთი მხარე, სადაც მეთუნეები უნდა გადავიდნენ, თითქმის დასრულებულია, მეორე – შენების პროცესშია. შროშის ავტობანი წინა წლის შემოდგომაზე, სექტემბერში გაიხსნა.

გზას განვაგრძობ დახლებისკენ, სადაც ავტობანის გახსნამდე თიხის ჭურჭელს ყიდდნენ. ახლა ეს ადგილი ღობით არის შემოსაზღვრული. დახლის მეპატრონე დალი ამბობს, რომ ავტობანის გახსნა შროშაზე ძალიან ცუდად აისახა, თუმცა იმედი აქვს, თიხის ბაზარი ამუშავდება, რომელიც ახლა შენდება და ამის გამო მთავრობის მადლიერია:

დალი

„ხალხი ძირითადად დამოკიდებული იყო თიხის ჭურჭელზე. ბევრს ჰქონდა ბაზრობა, ზოგი კიდე აბარებდა, ასე ვირჩენდით თავს… მაგრამ იზრუნა ჩვენზე მთავრობამ და ავტობანზე კეთდება თიხის ბაზრობა, რომელიც უმოკლეს ხანში გაიხსნება.“

დალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავტობანის გახსნიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, დიდი სამუშაოები ჩატარდა, ამ ყველაფერს კი დრო სჭირდებოდა და იმედი აქვს, რომ თვე-თვენახევარში გაიხსნება ბაზრობა.

სოფელ წევის გზაზე გადასულ მეთუნეებს შორისაა დალის ოჯახიც:

„დროებით გადავედით წევაში, ის მონაკვეთია იქაც დარჩენილი [სანამ იქაც ავტობანი აშენდება]. რა ვქნათ, დიდი ოჯახები გვაქვს, ბავშვები გვყავს… აქაურობასთან შედარებით ვაჭრობა ბევრად ნაკლებია. ყველა ვერ გადავიდა იქ, აქედან და იქიდან ტრანსპორტი გინდა… რამდენიმე ოჯახია გადასული.“

ავტობანის გახსნამ ზარალთან ერთად შროშა მთავარი გზიდანაც მოკვეთა:

„ავტობანზე შესასვლელი არ გვაქვს, მაგრამ ახლა გვპირდებიან, მე მგონი გაკეთდება. ბაზრობა სადაც იქნება, იქ ალტერნატიული ხიდი უნდა გაკეთდეს, თორემ ბაზრობამდე ხალხი როგორ მივა…“

კიდევ ერთ თიხის დახლთან მივდივარ, პატარა კარში შესულს, რომელიც თიხის ჭურჭლითაა სავსე, მეპატრონე ბაბულია გველესიანს ვეცნობი. იგი ამბობს, რომ 26 სექტემბრის შემდეგ (როდესაც ავტობანი გაიხსნა), ამ გზაზე ავტომანქანა აღარ მოძრაობს:

„უბრალოდ ვყარაულობთ ჭურჭელს, რომელიც აქ გვილაგია. ვერსად ვერ წავიღე. ვისაც საშუალება ჰქონდა, წაიღო წევაში, მაგრამ მე ვერანაირად ვერ წავიღებდი, რანაირად წავიღებდი…

უნდა მიიტანო, მოიტანო, ან იქ უნდა გააკეთო დახლი და ადგილზე გაჩერდე; გადატანა- გადმოტანაში ჭურჭელიც იმსხვრევა, ისედაც მიტან-მოტანას ხომ თავისი ხარჯები აქვს და აბა როგორ?..“

ბაბულია ამბობს, რომ ავტობანის გახსნის შემდეგ აქ მხოლოდ ადგილობრივები დადიან და ელიან ბაზრობის გახსნას, რომელზეც ეუბნებიან, რომ სექტემბრის ბოლოს იქნება.

„ვიცოდით, ავტობანი რომ კეთდებოდა, მაგრამ გვეგონა, პირველ რიგში, გააკეთებდნენ სავაჭრო ადგილებს და ასე არ დავრჩებოდით, მაგრამ არ გამოვიდა ასე.

დავრჩით როგორც ტუპიკი, თამაშგარეში… ჩამოსასვლელი არ გვაქვს… ავტობანზე რომ გინდოდეს ასვლა, თბილისისკენ ან დასავლეთისკენ წასვლა, არც ასასვლელი გვაქვს… გაკეთდებაო მაგასაც გვპირდებიან, ჩასმულია პროექტშიო.“

ბაბულია გველესიანი

63 წლის ვხდები ქალი, სად მაქვს იმის თავი ვიხტუნაო მოაჯირებზეო – ამატებს.

ბოლო წერტილი შროშის თიხის გასაყიდი ყველაზე დიდი მონაკვეთია. ამ ადგილას უწინ 52 მეთუნე იყრიდა თავს, ახლა კი, ერთ ხელზე დაითვლება მათი რაოდენობა.

დაგვტოვეს მშიერი. გზა ჩვენ არ გვაქვს და კვალი. ერთ დღეს გაგვანადგურეს, რასაც ჰქვია“, – მეუბნება ერთ-ერთი მეთუნე.

მისი თქმით, თვეებია შროშა იზოლაციაში მოქცეული, მთავრობას კი, დახმარების თხოვნაზე რეაგირება არ ჰქონია:

„ჰაერში დავრჩით… მერამდენე თვეა, რაც ჩაკეტილები ვართ, ვინ იცის. მთავრობას დახმარება რომ ვთხოვეთ, არ გვაქვს საშუალება, წადი სადმე და იქ გააკეთეო;

წასვლა რომ მნდომებოდა და გაკეთების საშუალება მქონოდა, ჭურჭელს კი აღარ დავაწყობდი გასაყიდად.“

ბაბულია გველესიანის მსგავსად, აქ მყოფ მეთუნეებს საშუალება არ ჰქონდათ, ჭურჭელი სხვა ადგილას გადაეტანათ:

„52 ვიყავით, დაითვალე ახლა რამდენი ვართ… წავიდა ხალხი… სხვადასხვა ადგილას დადგნენ გზაზე.

ვერ წავედით, არ გვქონდა გასაქანი, რომ წავსულიყავით. რომ წახვიდე და ააშენო, ფული გინდა, ფული ჩვენ არა გვაქვს”.

„აქ ვართ და რას ვაკეთებთ… ვზივართ მთელი დღე ტყუილად“ – ერთვება საუბარში კიდევ ერთი მეთუნე.

„ვიღაცამ შეიძლება გამოიაროს – ერთმა ან ორმა, ვისთან მივა? ან ერთთან მივა, ან მეორესთან. ყველა ხომ ვერ გაყიდის იმ ერთ დღეს…“ – ამატებს მეორე

მათი თქმით, აქ რამდენიმე დღის წინ გაიარეს მთავრობის წარმომადგენლებმა, თუმცა მათთან გასაუბრება არ ისურვეს:

„ძალიან გაბრაზებულები ვართ, ამას წინათ გაგვიარა ჩვენმა მთავრობამ; ვთხოვეთ გაეჩერებინათ მანქანა, ორი სიტყვა რომ გვეთქვა, მაგრამ არ გაგვიჩერეს.“

  • რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ავტობანის გახსნის შემდეგ ადამიანები არ დაზარალებულიყვნენ?

რა წერია „გარემოს ზემოქმედების შეფასებაში“:

უბისა – შორაპნის (F3) და შორაპანი – არგვეთას (F4) გარემოს ზემოქმედების შეფასებაში თითო თავი ეთმობა სოციალურ-ეკონომიკურ ზემოქმედებას.

შროშა

უბისა – შორაპნის „გზშ-ში“, რომელშიც შედის სოფელი შროშაც, ცხრილის სახით მკაფიოდ არის აღნიშნული, როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანების კომპენსაცია, რომელთა ბიზნესსა ან/და დასაქმებაზე მოახდენს გზა ზემოქმედებას.

ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია ყველა ოჯახი მათი სტატუსის მიუხედავად (დაკანონებადი მფლობელების და მიწის თვითნებურად დამკავებელი პირების სახით).

ასევე აღნიშნულია, რომ გზის სამუშაოების დროებითი ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს კომპენსაციის სახით უნდა მიენიჭოთ:

„ფულადი ანაზღაურება შეჩერებული ბიზნესის თვეების წმინდა შემოსავლის ოდენობით. შემოსავალი დაიანგარიშება საგადასახადო დეკლარაციის ან მისი არარსებობის შემთხვევაში. საარსებო მინიმუმის საფუძველზე (5 წევრიანი ოჯახისათვის). მუდმივი მუშა/დასაქმებული პირი: დაკარგული ხელფასის ანაზღაურება 3 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობით (5 წევრიანი ოჯახისათვის).და კომპიუტერის შესწავლის კურსები.“

მიიღეს თუ არა კომპენსაცია შროშელმა მეთუნეებმა? მეთუნე ნინო ამბობს, რომ არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ:

„აბსოლუტურად არანაირი კომპენსაცია არ მიგვიღია – ვითხოვდით, მაგრამ არაფერი.

პირიქით, როგორც ეთნოგრაფიული კუთხე, აქამდე გადასახადებისგანაც თავისუფლები ვიყავით, ახლა კი, ყველაფერთან ერთად, ახალ სავაჭრო ადგილას, სადაც გადაგვიყვანენ, ყოველთვიურ გადასახადს გვიწესებენ“.

ნინოსთან ვაზუსტებთ ამ ერთი წლის მანძილზე ძველ გზაზე დარჩენილი მეთუნეებიდან მიიღო თუ არა ვინმემ კომპენსაცია, რაზეც ნინომ იგივე გვიპასუხა, რომ აბსოლუტურად არანაირი კომპენსაცია არავის მიუღია.

შროშა. მიტოვებული სავაჭრო ჯიხური
  • ზესტაფონი

შორაპანი – არგვეთა (F4) გარემოს ზემოქმედების შეფასებაში, რომელშიც შედის ზესტაფონი და თამარ მეფის ქუჩა, თავში „სოციალური და კულტურული ასპექტები“ ყურადღების ცენტრში ექცევა გზისპირა ბიზნესის საკითხი:

„პროექტის ექსპლუატაციის პერიოდის დროს სატრანსპორტო მოძრაობის გადართვამ არსებული გზიდან ახალ მიმართულებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ გზისპირა ბიზნესზე, მათ შორის მცირე გზისპირა მაღაზიებსა და რესტორნებზე ზესტაფონში.

გზის მომხმარებლებთან ვაჭრობის დონე დაეცემა, მაგრამ ისინი მაინც შეძლებენ ადგილობრივი საზოგადოებისთვის თავიანთი სერვისების მიწოდებას.“

განმარტების თანახმად, გზისპირა ბიზნესისთვის გამოსავლად და პრიორიტეტად თავიანთი სერვისების ადგილობრივებისთვის მიწოდება უნდა იქცეს.

მაშინ, როცა „ზემოქმედების სკრინინგის“ ცხრილში გრაფაში – „ბიზნესის შეფერხება გამოწვეულია ბიზნესზე წვდომის შემცირებით“ – აღნიშნულია, რომ საკითხით გამოწვეული საზოგადოების შეშფოთების დონე, ისევე როგორც საკითხის მნიშვნელობა, არის მაღალი.

ასევე, „განსახლებისა და კომპენსაციის ბიუჯეტში“ ცალკე გრაფა აქვს – ბიზნესს, დასაქმებასა და მოვაჭრეების კომპენსაციას, რომლისთვისაც ჯამური ღირებულების სახით გამოყოფილია 316,078 – ლარი.

ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „ობიექტი MM-ის“ მფლობელი მამუკა გვეუბნება, რომ მათ არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ:

„არც თანხა მიგვიღია და არაფერი. შეპირება იყო, რომ რაღაც ადგილი გამოიყოფოდა ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, წელიწადი მიდიოდა ამაზე საუბარი და არც მანდ არავის არაფერი მიუღია.“

იმავეს ამბობს კაფე „დისქავერის“ მფლობელი რეზო – „[კომპენსაციის] მსგავსი არაფერი მომხდარა“.

„არც გამიგია არაფერი მსგავსი, ჩემს ახლობლებსაც აქ ჰქონდათ ობიექტი და დახურეს, დანარჩენი კიდევ ვღაფავთ სულს.“

შროშა – ბაბულიას ჭურჭელი
  • არასათანადოდ შეფასებული ეკონომიკური განსახლების რისკები 

არსებობს თუ არა პრაქტიკა, როდის უნდა მოხდეს იმ ყველაფრის უზრუნველყოფა, რაც ადამიანებს აუნაზღაურებს ან/და შეუმცირებს ზარალს და სოფელ შროშის შემთხვევაში დაგვიანებულია თუ არა სავაჭრო ობიექტების მშენებლობა;

ამ კითხვით მივმართეთ მარიამ ფაცაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ადგილობრივი თემების მხარდაჭერის კოორდინატორს, რომელიც ჩართული იყო მაგისტრალის მონაკვეთების მშენებლობის მონიტორინგის პროცესში:

 „თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს, რომ ავტობანის გახსნამდე ეს ყველაფერი უზრუნველყოს, მაშინ ადგილობრივებს უნდა აუნაზღაუროს ზარალი, რომელსაც ამ პერიოდში განიცდიან“, – ამბობს მარიამი.

მარიამი აღნიშნავს, რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებად მიიჩნევიან:

„არამხოლოდ ადამიანები, რომელთაც უწევთ ფიზიკური განსახლება ანუ მაგალითად, ისინი, რომელთა საცხოვრებელზე ან მიწის ნაკვეთზეც უშუალოდ გადის ახალი მაგისტრალი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ეკონომიკური განსახლების რისკის ქვეშ დგებიან – კარგავენ შემოსავალს და საარსებო გარემოს.“

მარიამის თქმით, ბანკის [ამ შემთხვევაში, მონაკვეთების დამფინანსებლები არიან აზიის განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკები] პოლიტიკის მიხედვით, ფიზიკურ განსახლებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განსახლების საკითხიც:

„ეკონომიკური განსახლება გულისხმობს შემოსავლის დაკარგვას, რაც ადეკვატურად უნდა იყოს შეფასებული და ასევე უნდა იყოს მიტიგაციის – შერბილების სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო გარემო არ გაუარესდეს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

ამ მონაკვეთების შემთხვევაში პრობლემურია, რომ სათანადოდ არ არის შეფასებული ეკონომიკური განსახლების რისკები და არ არის მიღებული ყველა ზომა იმ ადამიანების საცხოვრებელი გარემოსა და შემოსავლების დონის შესანარჩუნებლად, რომლებიც პროექტების გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ.“

  •  აზიის განვითარების ბანკის პასუხი

აზიის განვითარების ბანკს, რომელიც შორაპანი – არგვეთის (F4) მონაკვეთის დამფინანსებელია, ვკითხეთ:

რატომ ვერ შეფასდა სათანადოდ ეკონომიკური განსახლების რისკები და არ გატარდა ყველა ზომა იმ ადამიანების საცხოვრებელი გარემოსა და შემოსავლების დონის შესანარჩუნებლად, რომლებზეც მოახდენდა გავლენას ავტომაგისტრალის მშენებლობა?

აზიის განვითარების ბანკის პასუხში ხაზგასმულია, რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია მაგისტრალი საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე.

ასევე აღნიშნულია, რომ ისინი ადევნებენ თვალს „პროექტში ჩართული ყველა აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოს საქმიანობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანხვედრა ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკასთან და ყველა იმ პროცედურის შესრულებას, რაც პროექტის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების ინტერესების გათვალისწინების ხელშეწყობისკენაა მიმართული.

პროექტის არაპირდაპირი ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის ზეგავლენის შერბილების ნაბიჯები, რაც საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მოქმედების სფეროა, გათვალისწინებული იყო პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე და განხორციელების პროცესშია.“

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლის თქმით, მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებში ევროპის საინვესტიციო ბანკის სოციალური სტანდარტების გათვალიწინებით განსახლების გეგმას ადგენს ინიციატორი ორგანიზაცია.

უბისა-შორაპნის მონაკვეთის (F3) შემთხვევაში კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტმა შეადგინა განსახლების გეგმა და 2018 წლის მაისში გაიმართა კონსულტაციები ადგილობრივებთან, რის შემდეგაც ოფიციალურად გამოქვეყნდა გეგმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც შროშაში წარმოიშვა და სტატიაშია განხილული, გამოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია, რათა უკეთ გაერკვნენ პრობლემის არსში და საკითხს თვალყურს მიადევნებენ მათი მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში.

ასევე მათ პასუხში ნათქვამია, რომ ძალიან დიდი სერიოზულობით ეკიდებიან ყველა პრობლემას, რომლებიც ექმნებათ დაინტერესებულ მხარეებს და სწორედ ამიტომ აქვთ ოფიციალური გასაჩივრების მექანიზმი. თუმცა ამ დრომდე ამ პროექტთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივარი არ მიუღიათ.

____

ეგვიპტეში საქართველოს დესპანის ოჯახი აჭარაში ხრეშის მოპოვების ბიზნესს მალავს – „გამჭვირვალობა“

„სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცეს კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე, ნარგიზა ჭავჭანიძე. მიხეილ თიგიშვილი და მისი მეუღლე, ასევე, ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არც ერთი მათგანის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში 2024 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მას არ აუსახავს“ – წერს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, დესპანის ოჯახს უკავშირდება საგარეჯოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შეუსრულებელი ვალდებულებაც – სახელმწიფომ 111 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი სწორედ ამ მიზნით გადასცა კომპანიას, რომლის 20%-ს ფლობს მიხეილ თიგიშვილის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ დესპანის, მიხეილ თიგიშვილის ცოლმა, ნარგიზა ჭავჭანიძემ კომპანია „დეენკა პრომაინინგი“ 2021 წლის 29 ივლისს დაარეგისტრირა. 12 დღის შემდეგ, 2021 წლის 10 აგვისტოს კი, სსიპ „მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“ ამ კომპანიას 3-წლიანი ლიცენზია მისცა, რის საფუძველზეც ლიცენზიატს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე 111,440 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება ჰქონდა.

„ინერტული მასალის მოპოვების შედეგად, მიმდებარედ, მდინარე აჭარისწყალზე მოწყობილ ხიდის საძირკვლებს/საყრდენ ბურჯებს საფუძველი გამოეცალა და ასევე საფრთხე შეექმნა მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებს, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს.

ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, 2024 წლის 4 ივნისის #803 განკარგულებით, შპს „დეენკა პრომაინინგს“ 48%-ით, 165,000 კუბურ მეტრამდე გაუზარდა მოსაპოვებელი ქვიშა-ხრეშის თავდაპირველი მოცულობა, რის სანაცვლოდაც მან ბიუჯეტში საბოლოო ჯამში 236,739 ლარი უნდა გადაიხადოს.

ხსენებული დაზიანებული ხიდის მოსაწყობად ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს 958,325 ლარი დახარჯა, რაც დუმბაძეების უბანში მცხოვრები მოსახლეობის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მიხეილ თიგიშვილი მისი მეუღლის კომპანიის მიერ ლიცენზიის მოპოვების დროს მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2022 წლიდან დღემდე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ასევე თიგიშვილებთანაა დაკავშირებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში (ყოფილი ბოგდანოვკა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად მთავრობის მიერ შერჩეული კომპანია „ასი გრუპ ჯორჯია“, რომლის 20% წილს დესპანის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი ფლობს,

„მთავრობის 2022 წლის დადგენილებით, სწორედ ამ კომპანიას დაევალა 1,117,450 კვ/მ-ზე საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთავრობამ ზონის მოწყობის ვადა 2023 წელს 1 წლით გადაიწია, მთავრობის ახალი დადგენილებით, კომპანიას შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2024 წლის პირველი სექტემბრისთვის უნდა მოეწყო, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ჩანს, რომ ვალდებულება არც ამჟამადაა შესრულებული

„ასი გრუპ ჯორჯია“, თავის მხრივ, დაკავშირებულია ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია „ასი გრუპ ჰოთელს ჯორჯიასთან“, რომლის დირექტორიც დურმიშხან თიგიშვილია, 100% წილის მესაკუთრე კი ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილია. კანდილი, ცესკოს მონაცემებით, სწორედ თიგიშვილების მისამართზეა რეგისტრირებული.

„ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ 2022 წელს აუქციონზე, უკონკურენტოდ (ერთი ბიჯით) წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი „მედეა“ თითქმის 6 მილიონ ლარად შეიძინა“ – წერს გამჭვირვალობა.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც 14-წლიანი ლიცენზია მისცა სსიპ „მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“, არის „ფორვარდ მაინინგი“.

„ამ კომპანიის დამფუძნებელი და 42,5% წილის მფლობელი ილია ცანავა არის ეგვიპტეში საქართველოს დესპანის, მიხეილ თიგიშვილის შვილის, დურმიშხან თიგიშვილის ბიზნესპარტნიორი შპს „აიდი გლობალში“. შპს „ფორვარდ მაინინგმა“ უფლება მიიღო, 114,595 კუბური მეტრი ბაზალტი მოიპოვოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ილია ცანავა ამავდროულად, 2014 წლიდან არის პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერის, აშშ-ის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშიასა და მისი მამიდის, ციალა მორგოშიას, ბიზნესპარტნიორი შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიაში“ – წერს „გამჭვირვალობა“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 643 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330]
  • ტანკი – 8 784 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 17 252 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 18 414 ერთეული [+81]
  • MLRS – 1 197 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 949 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 699 ერთეული [+71]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 595 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 102 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 3 145 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 124 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 338 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 458 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 085 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 401 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის საზღვარი კიდევ ერთ მონაკვეთზე გაარღვიეს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჩინჩალაძე და მურუსიძე სისტემიდან წავლენ“ – კიდევ რას უპირებს სასამართლო კლანს ოპოზიცია

„ვეტინგის გარეშე წარმოუდგენელი იქნება სამართლიანი პროცესის ჩატარება“, – მიიჩნევს თამარ კორძაია, პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი. ოპოზიციური ძალების სხვა ლიდერებს ვკითხეთ: რას უპირებს სასამართლოს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის აღდგენა „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება იყო 12 წლის წინ. თუმცა ბიძინა ივანიშვილი სასამართლო კლანის ლიდერს, ლევან მურუსიძეს გაურიგდა, ხოლო პრემიერმა ღარიბაშვილმა გვითხრა: „მურუსიძე და ჩინჩალაძე იყვნენ სისტემის მსხვერპლნი“.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ე.წ. ვეტინგს ემხრობა, ანუ იმას, რომ საერთაშორისო კომისიამ – ავტორიტეტულმა და ნდობით აღჭურვილმა პირებმა – შეისწავლონ მოსამართლეების კეთილსინდისიერება, ასევე მათი კავშირი კორუფციასთან. ამას ითვალისწინებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ინიციირებული „ქართული ქარტიაც“, რაზეც ხელი, მაგალითად, გიორგი გახარიამ არ მოაწერა, თუმცა გახარიამ წინასაარჩევნო პროგრამაში ეს ჩაწერა:

„ჩინჩალაძე და მურუსიძე სისტემიდან წავლენ. პრივილეგიებს ჩამოვართმევთ სასამართლოს ელიტურ დაჯგუფებას. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უზრუნველვყოფთ ყველა აქტორს შორის კონსენსუსის მიღწევას, რომ მანკიერი სისტემა გამოსაცვლელია [failed system],“ – ვკითხულობთ „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო პროგრამაში.

„ბათუმელები“ წინასაარჩევნო პროგრამებს გაეცნო და ოპოზიციონერ ლიდერებს ესაუბრა: რა ელის სასამართლო კლანს?

„დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის გზაზე ჩვენთვის ბარიერები და პოლიტიკური კომპრომისები არ არსებობს. სასამართლოს გავათავისუფლებთ გავლენის ჯგუფისგან საკონსტიტუციო რეფორმითა და სასამართლოში კორუფციის აღმოფხვრის გზით, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და სასამართლოს თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მიერ კორუფციის ფაქტების გამოძიების გზით,“ – ვკითხულობთ „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო პროგრამაში.

ეს პარტია პრიორიტეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას ანიჭებს:

„შევცვლით წევრების ნომინირების წესს და საბჭოს შემადგენლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული საბჭოს დაკომპლექტება ამა თუ იმ პარტიისადმი ლოიალური წევრებით.

  • დავნერგავთ საბჭოში [იუსტიციის უმაღლეს საბჭოში] გადაწყვეტილებების მიღებას ე.წ. ორმაგი 2/3-ის წესით;
  • დამოუკიდებელ ინსპექტორს გავათავისუფლებთ საბჭოს გავლენისგან და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას.

პროცესი იქნება მტკივნეული, მაგრამ ქვეყანამ ეს ფურცელი უნდა გადაშალოს და დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. დავიცავთ ყველა დამოუკიდებელ და კეთილსინდისიერ მოსამართლეს, რომლებიც სისტემაში მრავლად არიან. წინ წამოვწევთ და მათ ვანდობთ მართლმსაჯულებას. ჩვენს სამართლებრივ სისტემას აქვს კვალიფიციური ადამიანური რესურსი და არ საჭიროებს უცხოელ მოსამართლეებს,“ – აღნიშნულია გიორგი გახარიას წინასაარჩევნო პროგრამაში.

კლანის სასამართლოდან მოშორებას ჰპირდება ამომრჩეველს პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობაც“. თამარ კორძაია ამ თემაზე საუბრის დროს ყველაზე ხშირად „ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას“ ახსენებს და თანამონაწილეობით გადაწყვეტილებების მიღებას.

„ჩვენ უნდა ამოვიდეთ ქართული ქარტიიდან, რასაც ხელი მოვაწერეთ. ეს არის მინიმალური სტანდარტი. ვვარაუდობთ, რომ ვინც ხელი მოვაწერეთ, ყველა გაითვალისწინებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია მოსამართლეების კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების შემოწმება. მნიშვნელოვანია, სისტემაში დავინახოთ კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც… ვეტინგი არის საშუალება, რომ სულ მცირე გავიგოთ, რამდენად კეთილსინდისიერია მოსამართლე, მოქმედებს თუ არა კანონის ფარგლებში, რამდენად არის ნეპოტიზმში ჩართული, ასევე კორუფციასთან გვაქვს თუ არა საქმე.

მნიშვნელოვანი შეკითხვაა ამ პროცესში: ვინ გააკეთებს ამ ყველაფერს? ჩვენი მოსაზრებაა, რომ ჩავრთოთ ავტორიტეტული ექსპერტები და ეს პროცესი დავინახოთ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს სიმაღლიდან.

თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ყველაზე ლოგიკურია, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ რეკომენდებული პირები ჩავრთოთ, ან თავად მოსამართლეები, თუმცა ამ ნაწილში ოპტიმისტი ვერ ვიქნებოდი, მათ ბევრი საქმე აქვთ,“ – გვითხრა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია

ე.წ. ვეტინგი ჩატარდა მოლდოვაში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა შეთანხმებულად დატოვეს თანამდებობები, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ დარჩენილიყო და საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ უკმაყოფილება გაზრდილიყო?

როგორ დაიცავთ თავს მსგავსი რისკებისგან, რაც სასამართლო კლანმა საქართველოში შეიძლება გააკეთოს? – ვკითხეთ თამარ კორძაიას.

„მსგავს რისკებს ჩვენც ველოდებით, მაგრამ  ვიმოქმედებთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად,“ – ამბობს თამარ კორძაია.

დავუშვათ, სასამართლო სისტემა კლანისგან გათავისუფლდა, რა მექანიზმი დაინერგება, რაც მმართველ პოლიტიკურ ძალას სასამართლოზე გავლენის საშუალებას არ მისცემს? – ესეც ვკითხეთ პარლამენტის წევრს და ვუთხარით ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიზებული სასამართლო იყო. ამჯერად რატომ მოინდომებს იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო დამოუკიდებელი გახდეს?

„ეს შეკითხვა ლოგიკურია, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სადაც აღიარა შეცდომების დაშვება, პირველ რიგში, აღიარა სასამართლოსთან მიმართებით. უფლებამოსილებების მაქსიმალურად გადანაწილება უნდა მოხდეს. ერთი უწყების ქვეშ არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება, როგორც ეს დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება. აუცილებლად იქნებიან ჩართული ამ პროცესში საერთაშორისო არბიტრები. მათ უნდა შექმნან ასევე დამოუკიდებლობის გარანტიები.

პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს. ამ ორგანოს უნდა ჰქონდეს ძირითადად სტრატეგიის განსაზღვრის უფლება სასამართლო სისტემაში, მაგრამ დისციპლინური წარმოების უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს, რაც ზემოქმედების ბერკეტია მოსამართლეებზე. მოსამართლეების დანიშვნის საკითხებიც არ უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ვნახეთ, რომ არ იმუშავა ე.წ. უპარტიო დანიშვნის წესმა. ერთმა-ორმა შესაძლოა გაამართლა, მაგრამ ზოგი გადაიბირეს, ზოგი მდუმარეა და ასე შემდეგ,“ – აღნიშნა თამარ კორძაიამ „ბათუმელებთან“.

ვინ გაამწესებს მაშინ მოსამართლეს?

„რამდენიმე ვერსია შეიძლება არსებობდეს. შეიძლება არსებობდეს საყოველთაო, კონსენსუსის გზით შექმნილი დროებითი ორგანო, როგორც, მაგალითად, იქმნება საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, როცა იქმნება კომისია, არჩევენ კანდიდატებს და შემდეგ ირჩევს პარლამენტი,“ – გვითხრა თამარ კორძაიამ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ინიციირებული „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს „სასამართლოს გათავისუფლებას“. ქარტიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. ქარტიაში სასამართლოს შესახებ კონკრეტულად ეს ჩანაწერია:

  • გავათავისუფლებთ სასამართლოს კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის  შემოწმების გზით;
  • ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;
  • შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
  • შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;
  • სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;
  • მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
  • გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაც „ილიას გზა“ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას, ე.წ. ვეტინგს ემხრობა. პროგრამაში ვკითხულობთ:

„ჩვენ განვახორციელებთ სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმას ევროპული სტანდარტების მიხედვით და პრეზიდენტის ქარტიის შესაბამისად, რომელსაც
ოპოზიციურმა პარტიებმა მოვაწერეთ ხელი.

  • მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცესის, ე.წ. ვეტინგის უზრუნველყოფა;
  •  საქმეთა სწრაფად განხილვის მიზნით სასამართლოში ყველა ვაკანსიის შევსება და განხილვის ვადების შემჭიდროება;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების შემცირება და მოსამართლეების ე.წ. გადასახლების გაუქმება.

განხორციელდება მოსამართლეთა და იუსტიციის საბჭოს წევრების კეთილსინდისიერების შემოწმება, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი 9 რეფორმის ფარგლებში. ისინი, ვინც ვერ მიიღებენ დადებით შეფასებას, დატოვებენ სისტემას.

განხორციელდება იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილების, დაკომპლექტების და საქმიანობის წესის ცვლილება იმისათვის, რომ საბჭომ რეალურად შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქცია – უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა.

გატარდება საჭირო ცვლილებები სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციის და კორპორატივიზმის/კლანურობის აღმოსაფხვრელად და სამომავლო პრევენციისთვის. გაუქმდება მოსამართლეზე ზეწოლის და მის გადაწყვეტილებაში ჩარევის მექანიზმები [მაგ. გამოსაცდელი ვადა, ე.წ. გადასახლების მექანიზმი და სხვ.].

შეიქმნება სასამართლოს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კანონით გარანტირებული სისტემა.

მართლმსაჯულება გახდება დროული და ეფექტური, გაიზრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაიწერება შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები გადაწყვეტილებების დროულად გამოტანის უზრუნველსაყოფად.

განხორციელდება საკონსტიტუციო მართლმსაჯულების რეფორმა,“ – ვკითხულობთ კოალიციის „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაში „ილიას გზა“

„სიტყვას ვიძლევით, არ შევეკვრებით კლანს“, – ამბობს თენგიზ თევზაძე, პარტია „ახლის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია, გირჩი, დროა“ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას აპირებს და ამავდროულად 200 ახალი მოსამართლის შერჩევას, სასამართლო საქმეების გაჭიანურების პრობლემა რომ არ გამწვავდეს.

ამ კოალიციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ პროცესში მოსამართლეებს საერთაშორისო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება უნდა შეეძლოთ, ხოლო ვინც შემოწმებაზე უარს ამბობს, შეუძლია სისტემა შემოწმების გარეშე დატოვოს.

რა გამორიცხავს კლანთან შეკვრას, ან იმას, რომ ხელისუფლებაში მოსული ოპოზიცია არ მოისურვებს ისევ სასამართლო სისტემის გავლენის ქვეშ მოქცევას? – თენგიზ თევზაძე აქცენტს კოალიციის ურთიერთკონტროლზე აკეთებს.

ოპოზიციონერს შევახსენეთ, რომ თავის დროზე კოალიციის სახელით მოვიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაც“.

„ვერ დაგეთანხმებით, კოალიცია იყო მაშინ მხოლოდ ერთ პირზე დამოკიდებული. მაშინ რომ რომელიმე ლიდერი წინააღმდეგი წასულიყო, რა მოხდებოდა? უბრალოდ გაუშვებდნენ იქიდან, როგორც მოხდა ეს შემდეგ წლებში…

ამ შემთხვევაში კი, სამი ოპოზიციური ცენტრი არსებობს და არცერთს არ აქვს მინიმუმ ბარიერის გადალახვის პრობლემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: რეალურად უნდა შევეწინააღმდეგოთ ერთმანეთს, თუ რამე ისეთს გავაკეთებთ.

ჩვენ ვართ კოალიცია და გვაქვს ურთიერთკონტროლის მექანიზმი. სამთავრობო კოალიციაში შემავალ პარტიებსაც ურთიერთკონტროლის მექანიზმი გვექნება. შესაბამისად, ეს არ იქნება ერთი პირის, ან პირთა ვიწრო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.,“ – გვიპასუხა თენგიზ თევზაძემ.

თენგიზ თევზაძე

თენგიზ თევზაძე გვესაუბრება, რომ კონსენსუსი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის, არამედ „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც თევზაძის აზრით, მომავალ პარლამენტში უკვე ოპოზიციაში იქნება.

რა მექანიზმით იქნება დაცული სასამართლოს დამოუკიდებლობა ვეტინგის დასრულების შემდეგ?

„ვფიქრობთ, ვეტინგის პროცესი შეეხება დაახლოებით 150 მოსამართლეს – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს, ასევე იმ მოსამართლეებს, რომლებზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ მიერ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა…

დღეს 200 ახალი მოსამართლე გვჭირდება მინიმუმ, რომ მართლმსაჯულების სისტემამ იმუშაოს ეფექტურად. თუ ამ შემოწმების დროს, გაიპარება ვინმე არაკეთილსინდისიერი მოსამართლე, იმდენად ბევრი ახალი მოსამართლე შევა, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, საბოლოო ჯამში შეიქმნება მართლმსაჯულების კლანისგან გათავისუფლების მექანიზმი.

ნაფიც მსაჯულებს შეეძლებათ განიხილონ ყველა დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს.

უნდა ვიფიქროთ ამ საკითხზეც, როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესი,“ – გვითხრა თენგიზ თევზაძემ.

ისინი ღმერთკაცები, ოლიმპიელები არიან, პოლიტიკაში მათი წასვლა კი იმედგაცრუებაა – სტუდენტი გერმანიიდან

მე ვარ ვასილ ონიანი. სტუდენტი. ბერლინში ვსწავლობ ფილოსოფიას. ვარ მოყვარული მოკრივე, აქტივისტი და ორგანიზაცია „გზის“ ერთ-ერთი წევრი.

ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ირეკლავს და შემდეგ ამ ინფორმაციებს გერმანელ საზოგადოებას აწვდის.

როდესაც რუსული კანონი მიიღეს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს მოვლენები გერმანიაშიც უნდა გაშუქებულიყო. უნდა აგვეხსნა გერმანული საზოგადოებისთვის, თუ რატომ იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარება მნიშვნელოვანი. შესაბამისად, დავიწყეთ პროტესტების ორგანიზება, მე ვარ ძირითადად სპიკერი, ვარ „მიკროფონი“ ასე რომ ვთქვათ. ჩემი პირველი რიგის მოვალეობა, დემონსტრაციების დაგეგმვაა.

ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როდესაც ვხედავ, რომ არამხოლოდ ქართველები ესწრებიან აქციებს, არამედ გერმანელები და უკრაინელებიც. გვინდა, რომ საქართველოს პრობლემები ცნობილი იყოს დასავლეთში. საქართველოში, როდესაც ადამიანს ჭავლის ქვეშ ევროკავშირის დროშა უჭირავს, ეს ისეთი მოვლენაა, რომელზეც თვალის დახუჭვა შეუძლებელია.

  • რა მიზანს ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ მიერ სპორტსმენების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა, ვგულისხმობ ოლიმპიური ჩემპიონების „ქართული ოცნების“ სიაში შეყვანას?

ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი მოვლენა იყო, რადგან მე სპორტის დიდი მოყვარული ვარ და ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ სპორტსმენებს. ზუსტად ამიტომ იყო ეს ჩემთვის დიდი იმედგაცრუება. მათ საქართველო წარმოაჩინეს და რაღაც მხრივ გააცნეს მსოფლიოს, ეს ძალიან სასიხარულო ამბავი იყო ჩემთვის. ამ ადამიანებზე ვერ გავაკეთებ უარყოფით კომენტარს, რადგან ისინი ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანები არიან.

მთლიანობაში, ეს არის ძალიან ბინძური პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. საზოგადოებაში თუ ვინმეს აქვს ავტორიტეტი, ცდილობს, რომ ყველა მოისყიდოს და ჯიბეში ჩაისვას. ძალიან მტკივა გული იმაზე, რომ არ დარჩა საზოგადოებაში არცერთი ფენა, რომელიც ოლიგარქმა საკუთარი გავლენის ქვეშ არ მოაქცია.

პირადად ჩემთვის ლაშა ტალახაძე, ბექაური და სხვები სპორტის ღმერთკაცები არიან და ძალიან დამწყდა გული, როდესაც ისინი პოლიტიკურ ველზე დავინახე, სადაც მათი ადგილი არ არის. ისინი ძალიან მაგრები არიან თავიანთ სფეროში, მაგრამ ვისურვებდი, რომ თავი შორს დაეჭირათ პოლიტიკისგან. შეუძლებელია ქართველი ხალხის სიყვარულზე მეტი იყოს პარლამენტი. მათ ყველაფერი აქვთ, უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს, ოლიმპიელები არიან.

  • რა მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბერს საქართველოსთვის?

26 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია დროში გაიწელება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში და არ გვაქვს იმდენი დრო, რომ განვიცადოთ რეგრესი, წინსვლის ნაცვლად წავიდეთ უკან და არ დავუახლოვდეთ ევროკავშირს.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის მონაწილეობა. მე ოპტიმიზმით ვუყურებ ყველაფერს. ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი წარმატებით უნდა გადავლახოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ამით ბრძოლა არ მთავრდება და არც იწყება, ეს არის მუდმივი პროცესი. გოეთეს სიტყვებია – თავისუფლების ღირსი უფრო ის არის, ვინც ყოველ დილით საომრად მიდის. თავისუფლება ყოველდღიურად უნდა მოიპოვო.

26 ოქტომბერი იქნება დასაწყისი იმ ბრძოლის, რომელიც ჩვენმა თაობამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა თავისუფლებისთვის.

იმ ადამიანებს, ვინც სკეპტიკურად უყურებ არჩევნებს, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ. უარყოფითი ფაქტორები ითამაშებს როლს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ.

ადამიანის ხმა ძალიან დიდი დანიშნულების მატარებელია. ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, ყველა უნდა ეცადოს, რომ გადადგას ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი.

საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. საქართველო და ევროკავშირი განუყრელი ცნებებია. ევროკავშირი არის ყველაზე დიდი მშვიდობის პროექტი, სადაც პატარა ერებს შეუძლიათ დიდ ერებთან თანაცხოვრება ისე, რომ საკუთარი იდენტობა არ დაკარგონ.

ეს ჩვენ ყოველთვის გვაკლდა. ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობდით დიდ იმპერიებთან. მაგალითად, ბოლო იმპერიაა რუსეთი, რომელიც ცდილობდა ჩვენი იდენტობის და კულტურის განადგურებას. ევროკავშირი არის ის ადგილი, სადაც ყველა პატარა ხალხს თავისი ხმა აქვს. აქ ყოფნამ ის განცდა გამიჩინა, რომ საქართველოს ადგილი არის აქ, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოს სახით.

  • თქვენი აზრით, რატომ ტოვებენ ადამიანები საქართველოს და თქვენ თუ აპირებთ უკან დაბრუნებას?

პირველი ფაქტორი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ არის ფინანსურად გამართული. მიდიან, რომ უკეთესი ცხოვრება ეძებონ სხვაგან. ეს მტკივნეული პროცესია. ამის დადებითი მხარე ევროპაში მიღებული განათლებით დაბრუნებული ადამიანები არიან. ამას მივესალმები. თუ ეს ადამიანები აქ დაგროვილ ცოდნას საქართველოს მოახმარენ, ეს ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანი იქნება.

მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ დავბრუნდე. ჩემი ოცნებაა ვიმუშაო ევროპარლამენტში, სადაც ვიმუშავებ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე. სადაც არ უნდა ვიყო, საქართველოსთვის სასარგებლო საქმეს გავაკეთებ.

  • როგორია თქვენი ოჯახის შეხედულებები და თუ საუბრობთ მათთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?

როდესაც გერმანიაში გამოცდა უნდა ჩამებარებინა, მამაჩემმა მითხრა წადიო შვილოო, ჩააბარე, თუ მიგიღებენ ახალ ცხოვრებას დაიწყებ, თუ არადა პატარა მოგზაურობა გამოგივაო. ჩავაბარე, ჩემი მშობლები ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები იყვნენ.

ჩემი მშობლები ძალიან განათლებულები არიან. ისინი არიან სხვა ეპოქის შვილები, მაგრამ, რაც მათ ძალიან კარგად იცოდნენ იყო ის, რომ ჩემთვის თავისუფალი აზროვნების საშუალება მოეცათ. მათ სხვა შეხედულებები აქვთ, მაგრამ მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს და ჩვენი თაობის დიდი იმედი აქვთ, სჯერათ, რომ ჩვენ ბევრი ცვლილების მოხდენას შევძლებთ, რაც ქვეყნის წარმატებისთვის აუცილებელია.

ბერლინი. ვასილ ონიანი

პროფესორ დიმიტრი შველიძის თქმით, ის XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს

პროფესორი დიმიტრი შველიძე მე-12 კლასის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს.

მან ამის შესახებ ფეისბუქში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ განათლების სამინისტროს მიერ კონკურსების გაუქმება და ერთი მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება, საზოგადოების მხრიდან სამართლიან ეჭვებს ბადებს.

„ამგვარი შესაძლებლობის შესახებ იყო საუბარი გიორგი ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც მოჰყვა ფართო გამოხმაურება“, – წერს დიმიტრი შველიძე ფეისბუქზე.

პედაგოგმა და მკვლევარმა გიორგი ჯავახიშვილმა „ბათუმელებთან“ თქვა, რომ განათლების სამინისტრო აპირებს გამომცემლობებისა და ავტორებისგან მალულად, კონკურსის გარეშე გამოსცეს მე-12 კლასის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო, რომლის რედაქტორიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილია.

მკვლევარი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმძღვანელოს მალულად გამოცემას და ამ გუნდში ისეთი პირის მონაწილეობას, რომელიც პოლიტიკურად მიკერძოებულია.

„ეს ადამიანი 13 სექტემბერს გორში გამართულ აქციაზე იდგა და ტაშს უკრავდა ბიძინა ივანიშვილს, როცა მან განაცხადა, რომ „ოსების ცეცხლის ალში გახვევის გამო“ ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოვიხადოთ.

მეორე მხრივ, სოსიაშვილი არის მოქმედი პარლამენტარი, რომელმაც ხელი მოაწერა როგორც რუსულ კანონს, ისე ჰომოფობიურ კანონს და ასევე მხარი დაუჭირა გენდერული კვოტების გაუქმებას. შესაბამისად, მისი ყოფნა ამ სახელმძღვანელოს რედაქტორის პოზიციაზე აჩენს პოლიტიკურ კითხვებსაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ჯავახიშვილი.

სწორედ ამ შიშებსა და არგუმენტებზე საუბრობს დიმიტრი შველიძეც თავის პოსტში.

„საზოგადოებაში არსებობს სამართლიანი ეჭვი და პროტესტი სახელმძღვანელოს აქამდე მიმდინარე კონკურსების გაუქმების და ერთი, მონოსახელმძღვანელოს შემოღების შესახებ…

იმის გამო, რომ შესაძლოა მართლაც არსებობდეს ამგვარი შესაძლებლობა, ვაჩერებ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას (დროებით ან საერთოდ), იმ დრომდე, სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი – გაგრძელდება თუ არა სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები“, – წერს შველიძე.

მისი განმარტებით, მე-12 კლასის ეგრეთ წოდებულ „სასწავლო რესურსზე“ მუშაობა მან მიმდინარე წლის ივნის-ივლისში დაიწყო.

„როგორც განათლების სამინისტროში აგვიხსნეს, უნდა მომზადებულიყო დროებითი სახელმძღვანელო ანუ როგორც უწოდებდნენ „სასწავლო რესურსი“ მე-12 კლასისთვის საქართველოს ისტორიაში.

პირველი თემა ეს არის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მეორე – საქართველო საბჭოთა კავშირში და საქართველო და თანამედროვე მსოფლიო.

დღემდე მე მოვამზადე „რესურსის“ პირველი ნაწილის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც სამინისტროს წარმომადგენელთა აზრით, უნდა ისწავლებოდეს წელს, პირველ სემესტრში.

ამ ეტაპზე დასაშვებად მიმაჩნია, რომ ეს ნაწილი გამოყენებულ იქნას სკოლაში, რათა არ დაზარალდნენ  მეთორმეტეკლასელები“, – წერს ის.

დიმიტრი შველიძე ამავე პოსტში წერს, რომ „სასწავლო რესურსი“ ასევე ითვალისწინებდა მესამე, დიდ თემას – „საქართველო და თანამედროვე მსოფლიო“, თუმცა „მასში მითითებულია მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი, ეს არის 1990 წლის არჩევნები საქართველოში და დამოუკიდებლობის აღდგენა, 1991 წლის 9 აპრილი.

მე წინადადება მივეცი სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ სასწავლო პერიოდი განივრცოს და სრულად მოიცვას 1990-2010-იანი წლები.

ამ წინადადებაზე მივიღე სიტყვიერი თანხმობა.

თუ ვინმე დაინტერესდება, თუ რა არის ჩემი საყრდენი კონცეპტუალური ხედვა, საქართველოს თანამედროვე ისტორიის საკვანძო საკითხების შესახებ, შეუძლია გადაათვალიეროს ჩემ მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელო, სტუდენტებისთვის.

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ჩემ მიერ ან ჩემი მონაწილეობით მომავალში შექმნილი სახელმძღვანელო ყველა შემთხვევაში იქნება ერთ-ერთი და არა ერთადერთი“, – წერს დიმიტრი შველიძე.

___

ფოტო: დიმიტრი შველიძის ფეისბუქის გვერდიდან

___________

ამ თემაზე: 

„ოცნების“ დეპუტატი უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს დაარედაქტირებს – გრიფირება გააუქმეს

პედაგოგებს ქობულეთში პარფიუმერიის ვაუჩერებს გადასცემენ – მერია 20 ათას ლარს დახარჯავს

ქობულეთის მერია მასწავლებელთა კონფერენციის ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარია გათვალისწინებული. მერიამ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ მასწავლებელთა კონფერენციაში გამარჯვებულების საჩუქარი იქნება „პარფიუმერული მაღაზიის სასაჩუქრე 150-ლარიანი ვაუჩერი და ყვავილების თაიგული“.

კონფერენციაში გამარჯვებულ მასწავლებლებზე გადასაცემად მერიას 23 ვაუჩერი და 30 თაიგული უნდა მიაწოდონ.

ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულს ასევე ევალება ადგილობრივი მომღერლების ჯგუფის მოწვევა, აპარატურის ქირაობა, სცენის გაფორმება ყვავილებით, რეჟისურა და სხვა. ასევე ფურშეტი 100 კაცზე [მენიუ გაწერილია ტექნიკურ დავალებაში].

20 ათასი ლარით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დაიწყება და პირველ ოქტომბერს დასრულდება. პირობაში აღნიშნულია: „ღონისძიების ორგანიზების ვადა 2024 წლის ოქტომბრის თვე. კონკრეტული დღე შეთანხმდება შემსყიდველთან; მომსახურების გაწევის თარიღი შესაძლებელია შეიცვალოს ამინდის პროგნოზის შესაბამისად, რაც წერილობით ეცნობება მიმწოდებელს.“

ტენდერში ღონისძიების ჩატარების ადგილად ქობულეთის კულტურის სახლია მითითებული. ტენდერში გამარჯვებულმა ღონისძიების თარიღამდე 10 დღით ადრე ღონისძიების ძირითადი კონცეფცია მერიასთან უნდა შეათანხმოს.

ტენდერის მიხედვით კონფერენცია პედაგოგის დღეს ეძღვნება.

საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება, ამ დღეს მასწავლებლის ეროვნული პრემიაც უნდა გაცემულიყო, თუმცა მთავრობამ არჩევნების გამო ღონისძიება წელს სექტემბერში გადმოიტანა.

„ვინაიდან, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, გამონაკლისის სახით, წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება 13 სექტემბერს“, – წერია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

განათლების სამინისტრომ 13 სექტემბერს საჯარო სკოლის ათი პედაგოგი დააჯილდოვა. აქედან ორი, აჭარიდანაა. ამ ცერემონიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევე როგორც გასულ წელს. თუმცა ხარჯების დიდი ნაწილი ორგანიზებას მოხმარდა. ათ მასწავლებელს კი თითოეულს 10-10 ათასი ლარი გადასცეს.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 სექტემბრის 21 საათიდან 23 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით ყველგან წვიმა, ელვა-ჭექა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის ღელვა 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 24 და 25 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად წვიმა და ელვა-ჭექა.

———-

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 642 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 500]
  • ტანკი – 8 768 ერთეული [+22]
  • ჯავშანტექნიკა – 17 222 ერთეული [+52]
  • საარტილერიო სისტემა – 18 333 ერთეული [+63]
  • MLRS – 1 195 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 949 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 628 ერთეული [+67]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 595 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 023 ერთეული [+57]
  • სპეცტექნიკა – 3 144 ერთეული [+19]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 089 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 325 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 457 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 025 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 370 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პერსონალური ტრაგედიები და საერთაშორისო ტენდენციები – 14-20 სექტემბრის შეჯამება 

მოამზადა ნათია კაპანაძემ

____

გასულ კვირას, 14-20 სექტემბრის შუალედში „ბათუმელებმა“ და „ნეტგაზეთმა“ აქტიურად გააშუქა მოვლენები, რომელიც მოიცავდა საერთაშორისო ტენდენციებს თუ პერსონალურ ტრაგედიებს. თითოეული ამბავი გავლენას ახდენდა შიდა პროცესებზე.

პოლიტიკურ ჭრილში მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნები იყო, თუმცა კვირის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაწესებულ სანქციებს, რაც „რუსული კანონის“ მიღებას და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს უკავშირდება. სანქციები 60 ადამიანს შეეხება, რაც მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასეს. კობახიძემ აღნიშნა, რომ აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის გაფრთხილებაა.

შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში საზოგადოება მნიშვნელოვნად ააღელვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომ საქართველოს მთავრობამ ოსებს ბოდიში უნდა მოუხადოს. ეს განცხადება ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა. მოქალაქეები და რუსეთთან მებრძოლი გმირების ოჯახის წევრები კი მსგავს ინიციატივას საეჭვოდ მიიჩნევენ. პარალელურად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაძაბულობაა – ოკუპანტების მიერ ორი მოქალაქის დაკავება, კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონში არსებულ ვითარებას.

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა, მეათე მოწვევის ფორმატში, ბოლო სხდომა გამართა და მიიღო ახალი კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის არგუმენტით.  მეორე დღეს კი თბილისში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა – ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, მოკლეს.

კვირის ამბად ვასახელებთ კესარია აბრამიძის ბრძოლას უფლებებისთვის. ტრანსგენდერი ქალის მამაცმა ნაბიჯებმა არაერთხელ დააფიქრა საზოგადოება, მისმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გაამწვავა დისკუსიები საქართველოში ლგბტქ+ ადამიანების უსაფრთხოებასა და უფლებების დაცვის პრობლემებზე, საზოგადოების ნაწილმა კიდევ ერთხელ შეახსენა ხელისუფლებას მთავარი სიკეთის – ადამიანის თავისუფლების და ხელშეუხებლობის გარანტიების შექმნის პასუხისმგებლობა. 

  • ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი:

თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს – ჰერჩინსკი არჩევნებზე

მეტი: https://netgazeti.ge/news/741995/ 

ხაზარაძე გახარიასთან შეთანხმებისთვის კვლავ მზადაა და ასახელებს პირობებს, რომლებზეც შეთანხმება შედგა

მეტი:  https://netgazeti.ge/news/742872/ 

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ – ანა წითლიძე

მეტი: https://netgazeti.ge/news/742868/ 

ტარიელ ნაკაიძის „რეგიონები საქართველოსთვის“ საარჩევნოდ შეუერთდა პარტიას – „ჩვენ“

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/544964/

„ლიფტში შიშით შევდივართ, წინა არჩევნებზეც დაგვპირდნენ“ – კორპუსი, სადაც „ოცნება“ ხალხს შეხვდა

მეტი:https://batumelebi.netgazeti.ge/news/545089/ 

ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს ქცევის კოდექსს ხელი არ მოაწერეს – „ეს არის აგდება

მეტი:https://batumelebi.netgazeti.ge/news/544558/ 

საია საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 4 შემთხვევაზე საუბრობს

მეტი: https://netgazeti.ge/news/742580/ 

“რ უ ს უ ლ ი  კ ა ნ ო ნ ი ს”  შ ე ს ა ხ ე ბ:

აშშ სავიზო სანქციებს უწესებს 60 ადამიანს საქართველოში

მეტი:https://netgazeti.ge/news/742180/ 

„აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“ – კობახიძე აშშ-ის ახალ სანქციებზე
მეტი: https://netgazeti.ge/news/742421/ 

მდინარაძე აშშ-ის ახალ სანქციებს „არჩევნებში ჩარევად“ მიიჩნევს

მეტი: https://netgazeti.ge/news/742190/ 

ბოკუჩავა: სანქციები არის „გაფრთხილება პირადად ივანიშვილის მიმართ“

მეტი:https://netgazeti.ge/news/742188/ 

„სანქციები აჩვენებს ამერიკელების სოლიდარობას ქართველებისადმი“ – ჰელსინკის კომისია

მეტი: https://netgazeti.ge/news/742437/ 

„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ვარიანტიც არის მაგიდაზე“ – ევროკომისია

მეტი:https://netgazeti.ge/news/742859/ 

ამერიკელი ანალიტიკოსი “მკვეთრ ესკალაციას” უწოდებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დაწესებულ სანქციებს

მეტი:https://netgazeti.ge/news/742744/ 

„ჩვენი პროფილი არაა“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის სანქციების აღსრულებაზე

მეტი https://netgazeti.ge/news/742337/ 

“ღია სივრცე”  რუსული კანონის გამო 26 ოქტომბრამდე ფინანსების გარეშე აგრძელებს მუშაობას 

მეტი: https://netgazeti.ge/news/742254/ 

რეესტრი საკუთარ თავზე არ გვაწვდის იმ ინფორმაციას, რომელსაც რუსული კანონით NGO-ებს სთხოვს

მეტი: https://netgazeti.ge/news/742139/    
  • Პ ო ლ ი ტ ი კ ა 

ივანიშვილის თქმით, ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ            

მეტი: https://netgazeti.ge/life/741979/ 

„სახელმწიფოს ინტერესების ღალატია “- ოპოზიციის გამოხმაურებები ივანიშვილის განცხადებაზე

მეტი: https://netgazeti.ge/news/742003/ 

ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? – შინდისის გმირის ცოლი

მეტი: https://netgazeti.ge/news/742018/ 

ივანიშვილი ეხმაურება რეაქციას „ბოდიშის მოხდაზე“ მის განცხადებაზე

მეტი: https://netgazeti.ge/news/742844/ 

შუქრუთელები კომპენსაციებზე კობახიძის განცხადებას პასუხობენ

მეტი:  https://netgazeti.ge/life/741975/ 

საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა – კარასინი 

მეტი: https://netgazeti.ge/news/742478/ 

რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას განიხილავს

მეტი: https://netgazeti.ge/news/742495/ 

მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

მეტი: https://netgazeti.ge/news/742415/ 

„EU-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ძალოვნებმა დროებით დააკავეს“ – EUMM

მეტი:https://netgazeti.ge/news/742405/ 

პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ცენზურას აწესებს

მეტი: https://netgazeti.ge/news/742286/ 

  • ინტერვიუ:

რატომ რთავენ სპორტსმენებს პოლიტიკაში არადემოკრატიული რეჟიმები – ინტერვიუ

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/545096/ 

„ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ ნაციონალები“ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/544584/ 

  • ს პ ო რ ტ ი:

პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა

მეტი:https://netgazeti.ge/news/741956/

ლაშა ბექაურის თქმით, „სრულიად ემიჯნება პრეზიდენტის შეხედულებებს“

მეტი:https://netgazeti.ge/news/741951/ 

„პრეზიდენტისთვის მოღალატე არ მიწოდებია, არც ვუწოდებ“ – ლაშა ტალახაძე კობახიძეს არ ეთანხმება

მეტი:https://netgazeti.ge/news/741948/ 

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს

მეტი: https://netgazeti.ge/news/741959/ 
  • უ ც ხ ო ე თ ი  ს   ა მ ბ ე ბ ი:

„ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს სროლის შემდეგ“ – ტრამპის შტაბი

მეტი: https://netgazeti.ge/news/742047/ 

ფაშინიანი საქართველოს ეწვია

მეტი: https://netgazeti.ge/news/742103/ 

ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრებს პეიჯერები აუფეთქდათ

მეტი: https://netgazeti.ge/news/742412/ 
„არაა კაცური“ – კადიროვი ჩივის, რომ ილონ მასკმა მანქანა „Cybertruck“ დისტანციურად გამოურთო
მეტი: https://netgazeti.ge/news/742851/ 
  • უკრაინა:

უკრაინაში, კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მეტი: https://netgazeti.ge/news/742228/

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კურსკში რუსეთის კონტრიერიში შეაჩერა

მეტი: https://netgazeti.ge/news/742637/ 

უკრაინის ომში აფხაზეთიდან 47 ჯარისკაცი დაიღუპა – სოხუმის სტატისტიკა

მეტი: https://netgazeti.ge/news/742711/ 

წუხელ უკრაინამ რუსული რაკეტა და 42 დრონი გაანეიტრალა

მეტი: https://netgazeti.ge/news/742676/ 

  • ძ ა ლ ა   ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ შ ი ა:

საქართველოდან ტვინებისა და ტალანტების გადინების საფრთხეა – სტუდენტი აშშ-დან

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/544820/ 

  • კ ვ ი რ ი ს  ა მ ბ ა ვ ი:

თბილისში ტრანსგენდერი ქალი – კესარია აბრამიძე მოკლეს

მეტი:  https://netgazeti.ge/life/742648/ 

07 – 13 სექტემბერი 

გასულ კვირას „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები აქტიურად მუშაობდნენ საქართველოში და საქართველოს შესახებ განვითარებული  მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გასაშუქებლად.  

  • საპარლამენტო არჩევნები
  • რუსული კანონის საფრთხეები
  • საზოგადოების მზარდი მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ
  • რუსული გავლენა და პოლიტიკური სტაბილურობა
  • საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში

ეს 06-13 სექტემბრის პოლიტიკური მოვლენების მცირე ჩამონათვალია. 

კვირის ამბად სოფელი შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტს ვასახელებთ. ისინი აქციებით აპროტესტებენ მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად გამოწვეულ ეკოლოგიურ და საცხოვრებელ პირობების გაუარესებას.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უკვე 6 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ადგილობრივებს მაღაროს შესასვლელი აქვთ დაკავებული და აქვე დადგმულ კარავში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ათენებენ და აღამებენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.

პროტესტი ამჟამად თბილისში, პარლამენტის წინ  გრძელდება, თუმცა პრემიერ-მინისტრი კობახიძე აცხადებს, რომ არ აპირებს მათთან შეხვედრას. 

ერთი სოფლის მაცხოვრებლების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება კიდევ ერთი ტესტია დემოკრატიულ მმართველობაზე. 

კვირის დაიჯესტში თქვენთვის ხელმისაწვდომია გასული კვირის ამბები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ.

  • ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი:

ODIHR-ს საქართველოს არჩევნებზე 400-მდე დამკვირვებელი ეყოლება

მეტი: https://netgazeti.ge/news/741704/ 

ივანიშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში პირველად იქნება

მეტი: https://netgazeti.ge/news/741490/ 

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა – ვინ იქნება სიაში

მეტი:  https://netgazeti.ge/news/741478/ 

ცესკო: გადაამოწმეთ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგეთ სად უნდა მისცეთ ხმა

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/544626/ 

რამდენი ამომრჩეველია ბათუმისა და აჭარის სხვა ოლქებში – ცესკოს მონაცემები

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/544174/ 

ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხმაურება

მეტი:https://batumelebi.netgazeti.ge/news/544262/ 

როდის შეგიძლიათ საარჩევნო უბნის შეცვლა და რა დრო დაგრჩათ სიაში მონაცემების შესამოწმებლად

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/544051/ 

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ სახლთან დახვდნენ და დაემუქრნენ

მეტი: https://netgazeti.ge/news/741073/ 

რას ჰპირდება „ძლიერი საქართველო“ რეგიონებიდან თბილისში ჩასულ სტუდენტებს

მეტი: https://netgazeti.ge/news/741665/ 

ბესელია მიანიშნებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი გაერთიანებაა მოსალოდნელი

მეტი: https://netgazeti.ge/news/741673/ 

“ძლიერი საქართველოს” წევრების თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ქარელში, თავს დაესხნენ

მეტი: https://netgazeti.ge/news/741110/ 

კულტურის სამინისტრომ ბაქრაძე ლიტერატურის მუზეუმიდან გაათავისუფლა

მეტი: https://netgazeti.ge/news/741278/ 

“ოცნების” “სიძულვილის შემცველი რეკლამის” არგაშვების გამო “მთავარი არხი” 5000 ლარით დაჯარიმდა

მეტი:  https://netgazeti.ge/news/741742/ 

რა საფუძვლით იზღუდება 3 პარტიის საარჩევნო რეკლამა – განმარტებები

მეტი:  https://netgazeti.ge/news/741822/ 

რ უ ს უ ლ ი  კ ა ნ ო ნ ი ს  შ ე ს ა ხ ე ბ:

  პრემიერმა კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა გვთხოვა — შაჰინი

მეტი:  https://netgazeti.ge/news/740915/ 

რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, წმინდა წყლის ტყუილია – კობახიძე

მეტი:https://netgazeti.ge/news/740974/ 

“რეჟიმის ნაბიჭვრებმა მანქანა გადაგვიღებეს” – სტუდენტური მოძრაობის წევრის თქმით, მანქანა დაუზიანეს

მეტი: https://netgazeti.ge/news/741077/ 

“მეგობარი აქტის” მიზანია ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში – ჰელსინკის კომისია

მეტი: https://netgazeti.ge/news/741125/ 

„დაასანქცირეთ კონკრეტული პირები და არა ქართველი ხალხი“ – გიგაური სენატორებს

მეტი:https://netgazeti.ge/news/741788/ 

„ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშოროს არამზადები“ – რიში

მეტი:https://netgazeti.ge/life/741779/ 

რუსული კანონის აქციებზე პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულები არ გამოიძიეს – საია

მეტი: https://netgazeti.ge/news/741851/ 

Პ ო ლ ი ტ ი კ ა 

“ოცნების” კიდევ ერთი გადაწყვეტილება რუსული “შპარგალკიდან”                           

მეტი: https://netgazeti.ge/life/741549/ 

პრეზიდენტი კულტურის მინისტრის პორტფელის გაუქმებას ემხრობა

მეტი: https://netgazeti.ge/news/741061/ 

მთავრობა არ დაესწრება პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელების დაჯილდოებას ღია სივრცეში

მეტი: https://netgazeti.ge/news/741842/ 

„ისინი არიან თაღლითები“ – კალაძე სენატორ რიშზე

მეტი: https://netgazeti.ge/news/741809/ 

“ოთახში ერთადერთი ადამიანი არ ვყოფილვარ, ყველამ გავიგეთ, რა თქვა” – სენატორი კობახიძესთან შეხვედრაზე

მეტი:  https://netgazeti.ge/news/741823/ 

აფხაზეთში სრულ იზოლაციაში დარჩენის საფრთხეზე საუბრობენ

მეტი:  https://netgazeti.ge/news/741136/ 

„ეს არის ქართველების დასახმარებლად“ – აშშ-ის ელჩმა ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/544176/ 

კობახიძე შუქრუთელებთან შეხვედრას ჯერჯერობით არ აპირებს

მეტი: https://netgazeti.ge/news/741816/ 

  • ინტერვიუ:

დასავლეთის დახმარება თითოეულ ქართველამდე მივიდა და აი, როგორ – ინტერვიუ სოფო გეგეჭკორთან

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/544118/ 

ო’ბრაიენის თქმით, “ოცნება” “რუსეთს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას უადვილებს”

მეტი: https://netgazeti.ge/news/741083/ 

ბაიდენის თანაშემწე “შემაშფოთებელ” სიტუაციაზე საქართველოში და სანქციებზე

მეტი:  https://netgazeti.ge/life/741643/ 

  • ს პ ო რ ტ ი:

პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს საჯარო ღონისძიებაზე დააჯილდოებს

მეტი: https://netgazeti.ge/news/741294/ 

  • უ ც ხ ო ე თ ი  ს   ა მ ბ ე ბ ი:

ვინ მოიგო ჰარისი-ტრამპის დებატები – შეფასებები და ტეილორ სვიფტის არჩევანი

მეტი:https://netgazeti.ge/news/741560/ 

ერევანი მზადაა, რაც შეიძლება მალე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას ბაქოსთან – ფაშინიანი

მეტი: https://netgazeti.ge/news/741347/ 

უკრაინა:

რუსეთის კონტრშეტევა კურსკში უმნიშვნელოა – პენტაგონი

https://batumelebi.netgazeti.ge/news/544590/

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 სექტემბერი

https://batumelebi.netgazeti.ge/news/544543/ 

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ აღძრა საქმე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/544499/ 

რუსეთი დაუსწრებლად ასამართლებს ქართველ სნაიპერ ქალს, რომელიც უკრაინაში იბრძვის

https://batumelebi.netgazeti.ge/news/544238/ 

აგვისტოში უკრაინის 184 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ომის გამო, მათ შორის 8 ბავშვი – გაერო

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/544038/ 

ძ ა ლ ა   ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ შ ი ა:

მგონია, 90-იანების სული დაბრუნდა ქვეყანაში – ემიგრანტი, რომელიც საქართველოსთვის იბრძვის

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/544192/ 

ვფიქრობ სამშობლოში დაბრუნებაზე, მაგრამ მინდა უკეთეს რეალობაში დავბრუნდე – ემიგრანტი აშშ-დან

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/544059/ 

  ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, მომავალში პატარა ძმის ნახვას თუ შევძლებ – ლიეტუვაში მყოფი სტუდენტი

მეტი:https://batumelebi.netgazeti.ge/news/544429/ 

კ ვ ი რ ი ს  ა მ ბ ა ვ ი:

შუქრუთის მცხოვრებლები პარლამენტთან აქციას მართავენ

მეტი:  https://netgazeti.ge/news/741632/ 

02-06 სექტემბერი 

რ უ ს უ ლ ი  კ ა ნ ო ნ ი ს  შ ე ს ა ხ ე ბ:

  ომბუდსმენი მინისტრს მიმართავს, შეცვალოს რუსულ კანონზე გამოცემული ბრძანება

მეტი: https://netgazeti.ge/news/740233/ 

სამინისტროს თანახმად, რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებაზე განაცხადი 469 ორგანიზაციამ გააკეთა

მეტი:https://netgazeti.ge/news/740305/ 

რუსული კანონის გამო, 23-წლიანი ისტორიის NGO კახეთიდან, არსებული ფორმით წყვეტს საქმიანობას

მეტი: https://netgazeti.ge/news/740432/ 

EU-მა მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი გრანტი გააჩერა

მეტი:  https://netgazeti.ge/life/740212/ 

აშშ „არ გამორიცხავს დამატებით ნაბიჯებს“ რუსული კანონის გამო

მეტი: https://netgazeti.ge/news/740495/ 

გერმანელი ანალიტიკოსი ხსნის, რა მიზანი აქვს “ოცნებას”, როცა ქვეყანას ევროპას აშორებს

მეტი: https://netgazeti.ge/opinion/740301/ 

“დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი” – დეპუტატები საკონსტიტუციოს

მეტი:https://netgazeti.ge/news/740884/ 

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ოცნების“ კანონპროექტზე ევროსაბჭოს მიმართა

მეტი: https://netgazeti.ge/news/740715/ 

რუსული კანონით ბანკებს იმის გაკეთებას სთხოვენ, რაც სხვა კანონით ეკრძალებათ

მეტი: https://netgazeti.ge/business/740934/ 

ვრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში – „ეკო ცენტრი“

მეტი: https://netgazeti.ge/news/740130/ 

აგენტად რეგისტრირებაზე უარს ამბობს მოხევეთა ორგანიზაცია, რომელიც თრუსოს ხეობის დაცვაზე მუშაობს

მეტი: https://netgazeti.ge/news/740409/

აგენტად დარეგისტრირებაზე ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“ უარს ამბობს

მეტი:  https://netgazeti.ge/news/740490/ 

  • Პ ო ლ ი ტ ი კ ა 

კალაძემ შვილი ფრანგულ ძვირადღირებულ სკოლაში შეიყვანა, მაშინ როცა „ოცნება“ ხალხს ევროპით აშინებს

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/543623/ 

რატომ არ შეხვდნენ პაპუაშვილი და მთავრობის წევრები ბუნდესტაგის დელეგაციას

მეტი: https://netgazeti.ge/news/740908/ 

პრემიერმა კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა გვთხოვა — შაჰინი

მეტი:  https://netgazeti.ge/news/740915/ 

რა შეთანხმებების შესრულებას ითხოვს მოსკოვი აფხაზეთისგან

მეტი: https://netgazeti.ge/news/740760/ 

პარლამენტმა II მოსმენით მიიღო ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები

მეტი:  https://netgazeti.ge/news/740540/ 

სტრასბურგის სასამართლომ მუხთარლის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინა

მეტი:  https://netgazeti.ge/news/740719/ 

  • ინტერვიუ:

აღარ არის დავით გარეჯი „ოცნებისთვის“ საქართველო? – ინტერვიუ ივერი მელაშვილთან

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/543683/ 

ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს დაახოცვინებს მეორე ნაწილს – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/543364/ 

“გუშინაც, გუშინწინაც და სხდომამდეც უნდა მიეღო საკონსტიტუციოს შეჩერების გადაწყვეტილება” – გიორგი დავითური

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/543635/ 

ინტერვიუ რუსული კანონის ლინგვისტური ანალიზის კიდევ ერთ ავტორთან

მეტი:  https://netgazeti.ge/life/740213/ 

  • ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი:

ცესკოში აშშ-სა და ევროპის NGO-ის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/ads/543838/ 

„ოცნების“ შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს – „გამჭვირვალობა“

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/543774/

კობახიძე არ გამორიცხავს თავდასხმებს ოპოზიციის ლიდერებზე

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/543529/ 

„ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამა, „ილიას გზა“ წარადგინა

მეტი:  https://netgazeti.ge/news/740866/ 

მამუკა გორგოძე შესაძლოა, „ქართული ოცნების“ სიაში იყოს

მეტი:  https://netgazeti.ge/news/740767/ 

წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო

მეტი:  https://netgazeti.ge/news/740849/ 

„არასწორი სიტყვა გამოვიყენე“ – ბაქრაძე „ნახმარ სახეებზე“ კომენტარისთვის ბოდიშს იხდის

მეტი: https://netgazeti.ge/news/740685/ 

  • ს პ ო რ ტ ი:

ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან – ბათუმელი მოჭადრაკეების წარმატება

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/543215/ 

ცოლ-ქმარმა ქალდანებმა პარაოლიმპიადის ჯილდოები მოიპოვეს. გიორგიმ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ანამ კი ბრინჯაო. ანა ქალდანი მეორე ქართველი პარასპორტსმენია, ვინც პარალიმპიური მედალი ორჯერ მოიგო. პარიზის მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე შვიდი მედალი დააგროვა, რაც სარეკორდოა

  • უ ც ხ ო ე თ ი  ს   ა მ ბ ე ბ ი:

ლავროვი ზურაბიშვილზე: ვერ გამოიყენა რუსეთთან მეგობრობის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა

მეტი:https://batumelebi.netgazeti.ge/news/543812/ 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 სექტემბერი

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/543755/ 

აშშ-მა პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა

  https://netgazeti.ge/news/740687/ 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

  https://netgazeti.ge/news/740501/ 

მადურომ ვენესუელაში შობა პირველ ოქტომბერს გადმოიტანა

https://netgazeti.ge/news/740519/ 

  • ძ ა ლ ა   ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ შ ი ა:

მე არ ვოცნებობდი აშშ-ში ცხოვრებაზე, ახლაც მინდა ჩემი ცოდნა საქართველოს მოვახმარო – ანა აბაშიძე, ემიგრანტი

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/543177/ 

ივანიშვილი გამარჯვებულის როლს თამაშობს, ოღონდ ტყვიაგაუმტარი შუშის ყუთიდან – კობა სუბელიანი

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/543445/ 

  პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მივიღო ჩემი ქვეყნის განვითარებაში – IT ინჟინერი ამერიკიდან

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/543406/ 

წელს რეკორდული რაოდენობით ჯენზი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას – სტუდენტი 

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/543272/ 

ვერასდროს მივიღებდი ამ სტიპენდიას, რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა – სტუდენტი ხულოდან

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/543446/ 

ეს კითხვა მეც გამჩენია, რატომ გვეხმარება ევროკავშირი უანგაროდ? – ბათუმელი სტუდენტი

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/543584/ 

ბებია 6 წელია აშშ-ია მინიმალური პირობები რომ გვქონდეს, მთავრობა კი კონსპირაციებით გვკვებავს – სტუდენტი

მეტი:   https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/543564/ 

„ახალ თაობას რომ აფასებდნენ, ევროპაში განათლების მიღების შემდეგ ბევრი დაბრუნდებოდა“ – სტუდენტი

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/543440/ 

  • კ ვ ი რ ი ს  ა მ ბ ა ვ ი:

ქვეყანა ჩრ.კორეად გადაიქცევა, თუ ოპოზიცია არ იქნება – რას ფიქრობს ხალხი ბათუმში ოცნების დაპირებაზე | გამოკითხვა

მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/543382/ 

გასული კვირა – 01 სექტემბერი

  • რ უ ს უ ლ ი  კ ა ნ ო ნ ი ს  გ ა ნ ხ ი ლ ვ ა:

29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შესახებ განხილვა დაიწყო

მეტი: https://netgazeti.ge/news/739714/

ქეთევან ერემაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე 120-ზე მეტი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის ინტერესებს იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ

მეტი: https://netgazeti.ge/news/739864/

საჯარო რეესტრის უფროსი მედიას ურჩევს როგორ დაფაროს წყარო რუსული კანონის პირობებში

მეტი: https://netgazeti.ge/news/739907/

„სირცხვილიამ“ გაავრცელა ვიდეო, რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირების შესახებ

მეტი: https://netgazeti.ge/news/740060/

“სირცხვილია” აცხადებს, რომ აუქმებს რუსულ კანონზე მიღებულ გადაწყვეტილებას

მეტი: https://netgazeti.ge/news/740097/

რუსული კანონის აღმასრულებელმა რეესტრმა იმაზე ნაკლები ინფორმაცია გაასაჯაროვა, ვიდრე NGO-ებს ავალდებულებენ

მეტი: https://netgazeti.ge/life/740025/

„რუსული კანონი კლავს თავისუფალ მედიას“ – ჟურნალისტები საკონსტიტუციო სასამართლოში

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/543168/

რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/542281/

  • პ ო ლ ი ტ ი კ ა:

ივანიშვილმა დააკონკრეტა რის ჩაწერას აპირებენ კონსტიტუციაში ეკლესიისგან სახელმწიფო რელიგიაზე უარის შემდეგ

მეტი: https://netgazeti.ge/life/740102/

კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება – კობახიძე

მეტი: https://netgazeti.ge/news/739280/

„ოცნების” მანიპულაცია, რომ ოპოზიციის აკრძალვა მოლდოვისა და უკრაინის მაგალითებით მართლდება

მეტი: https://netgazeti.ge/life/739360/

  • ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი:

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა

მეტი: https://netgazeti.ge/life/739496/

აზღვევს თუ არა ელექტრონული ტექნოლოგიები “კარუსელების” რისკს არჩევნებზე

მეტი: https://netgazeti.ge/life/739474/

  • ს პ ო რ ტ ი:

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ცნობით, ესაა ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე.

ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრის მერვე ტური ცოტნე ივანიშვილმა გახსნა

მეტი: https://netgazeti.ge/news/739126/

პრემიები მკლავჭიდელებისთვის — რა ხდება სინამდვილეში?

მეტი: https://netgazeti.ge/news/739978/

  • უ ც ხ ო ე თ ი ს  ა მ ბ ე ბ ი:

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 47

მეტი: https://shorturl.at/jGyF5

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 აგვისტო

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/543164/

პარიზში Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი დააკავეს

https://netgazeti.ge/news/739238/

მაკრონი დუროვის დაკავებაზე: ეს არ არის პოლიტიკური დისკუსია

https://netgazeti.ge/news/739385/

  • ე მ ი გ რ ა ნ ტ ე ბ ი  ა მ ე რ ი კ ი დ ა ნ:

„როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა? – წავიდეთ არჩევნებზე“

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/542546/

რატომ წამოვედი ამერიკაში? – საჯარო სამსახურში ჩემნაირების მომავალი უფროსის ცვლილებასაც კი უკავშირდება

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/542936/

„ოცნების“ მცდელობა არჩევნები ფარსად გადააქციოს, დასრულდება კრახით – ქართველი ემიგრანტი აშშ-ში

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/542643/

3 პატარა შვილით 8 ქვეყანა გადავლახეთ და აშშ-ში აღმოვჩნდით, ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/542668/

  • კ ვ ი რ ი ს  ა მ ბ ა ვ ი:

ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“

მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/542637/  

თბილისში, ერთ მისამართზე 1381 რუსული კომპანიაა დარეგისტრირებული – IDFI-ის კვლევა

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო – აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] კვლევაში.

ამასთან, „რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას, კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან“.

„2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების [მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეა] მფლობელობაშია 37 400-მდე კომპანია, საიდანაც 30 000-ზე მეტი 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. ამ კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20 885-ს აქვს.

საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1 პროცენტი რუსეთთან არის დაკავშირებული. რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწველობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.“ – წერს IDFI.

კვლევის მიხედვით:

„რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების მონაცემთა ბაზა, ასევე ნაწილობრივ ფარავს საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.

კერძოდ, ამ კომპანიებიდან ჯამში 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული. მათ შორის, მაგალითად გვხვდება შპს „ქართული ოცნება“, რომლის საქმიანობაა ხმის ჩაწერის და მუსიკალური ჩანაწერების საგამომცემლო საქმიანობები. კომპანიის 100%-ს ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ფლობს და საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, რომელიც 2018 წლით თარიღდება, ბერა ივანიშვილი საქართველო-რუსეთის ორმაგ მოქალაქედ არის რეგისტრირებული.

მსხვილ კომპანიებს შორისაა უკრაინის მთავრობის მიერ სანქცირებული საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია შპს „კ და ქართული სპირტი“. თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, მის მფლობელობაში სხვა არაერთი კომპანიაა, რომელიც არ არის ასახული ბაზაში. მაგალითად, ის არის საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელი, ასევე, შპს GVMT Group-ის 100%-ის და შპს „ალიანსი და კომპანია“-ს 50%-ის მფლობელი.

ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებული კომპანიების მენეჯმენტში აქტიურად გვხდებიან „ქართული ოცნების“ დამფინანსებლები. მიკვლეული კომპანიების მენეჯმენტს მმართველი პარტიისთვის ჯამურად 556 ათასი ლარი აქვთ შეწირული. ამასთან, კომპანიის შვილობილი საწარმოები მილიონობით ლარს იღებენ სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვების სახით – ძირითადად რთვლის სუბსიდირების ფარგლებში. ჯამში კომპანიასთან დაკავშირებულ მიკვლეულ შპს-ებს 30 მილიონის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა უფიქსირდებათ.

კარიჭაშვილი უკრაინამ სანქცირებულ პირთა სიაში 2023 წელს შეიყვანა. სანქცირება მასსა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესკავშირების მოტივით მოხდა.“

წყარო: IDFI

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ზომის რუსული კავშირის მქონე კომპანიები სხვადასხვა სფეროში არიან წარმოდგენილი. მაგალითად:

  • „ფინანსურ სექტორს მიეკუთვნება VTB ბანკი, რომლის პორტფელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, მოსალოდნელი სანქციებისგან მომხმარებლების დაცვის მიზნით, სხვა ბანკებზე გასხვისდა.
  • შპს „ჯეთთიქლაუდი“ IT სფეროში საქმიანობს. კომპანიის წლიურმა მოგებამ 2022 წელს 14.6 მლნ ლარი შეადგინა.
  • ქართულ ენერგობაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“.  კომპანია ფლობს და აკონტროლებს ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის, იმ ხაზებს, რომლითაც საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს/ან ატარებს. სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოს“ 50% საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის, 50% კი რუსულ კომპანიას – Federal Grid Company of United Energy System.
  • საქართველოში სხვადასხვა საკვები პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას ეწევა შპს „კადევე საქართველო“, რომლის 100%-ის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „კადევეა“. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, ის პროდუქციას აწვდის 7500-ზე მეტ მაღაზიას, რომელთაგან ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელებია – „ნიკორა“, „კარფური“, „დეილი“. შპს „კადევე საქართველო“ მომხმარებლებს ამარაგებს 700-მდე დასახელების საკვები პროდუქტით, რომელთა 100%-ის მომწოდებელი არის რუსული სათავო კომპანია სს „კადევე“ .
  • მსხვილ კომპანიებს შორის გვხვდება შპს „ვივამედი“, რომლის 100%-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ალი თანრივერდიევია, კომპანია 2010 წელს დაფუძნდა და ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ცენტრებს და საავადმყოფოებს ფლობს – „ვივამედს“ სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვის გზით 25.5 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული. აქედან ყველაზე მსხვილი შესყიდვები სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ფიქსირდება, რადგან უწყებას პატიმრები სამკურნალოდ ძირითადად სწორედ „ვივამედში“ გადაჰყავს.
  • 3 მსხვილი კომპანია აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული: შპს „მარლო“ – მართავს კაზინო „ბლექ ოპალს“; შპს „ქართული კაპიტალ ჯუფი –  მართავს კაზინო „შანგრილას“; შპს „როიალ გემბლინგი“, რომელიც ასევე აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული. კომპანიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით მისმა წლიურმა მოგებამ 2.8 მლნ ლარი შეადგინა.“

IDFI-ის ინფორმაციით, ათასობით რუსულ კომპანიას იურიდიული მისამართი ფიქტიურად აქვს მითითებული. ამასთან, ერთი და იგივე მისამართზე ასობით კომპანიაა რეგისტრირებული. მაგალითად:

  • თბილისი, დასახლება ფონიჭალა 3, კორპუსი 5, დამხმარე სათავსო – 1467 კომპანია
  • თბილისი, სამგორის რაიონი, პოლიციის I ჩიხი, N5, N4ა – 1381
  • ქალაქი ბორჯომი, მესხეთის ქუჩა, N 31გ, საოფისე ფართი N3 – 850 
  • თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა , N91 – 776 
  • ახალციხის რაიონი, აბი, (ტბის ქვემოთ) – 744 
  • ამბროლაური, სოფელი ხვანჭკარა – 451
  • თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩიტაიას ქუჩა, N38, ბინა N1 – 402
  • ადიგენის რაიონი, სოფელი ვარხანი, ქუჩა 07, საცხოვრებელი სახლი N07 – 411
  • ქალაქი რუსთავი, მიკრორაიონი VIII, N 5ა, სარდაფი – 283
  • აბაშა, სოფელი ქოლობანი – 274 
  • დმანისი, სოფელი მაშავერა – 266 კომპანია და ა.შ.

IDFI-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების გამჭვირვალობა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანქცირებული ქვეყანაა. თუმცა:

„საქართველოში რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების მიკვლევადობას არაერთი ფაქტორი ართულებს – ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებული ასობით შპს და ინდმეწარმე, ფაქტიური მისამართის არარსებობა, ოფიციალურ სტატისტიკაში არაა ასახული რუსეთის მოქალაქეების კომპანიები და შუამავალი კომპანიები. ამასთან, იმის თქმა თუ რეალურად რამდენი კომპანია ოპერირებს საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით, ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეუძლებელია.

 აღნიშნული კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში – მონაწილეობენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესში, სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში – რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონ ლარს იღებენ. მხოლოდ აღნიშნული კვლევის ფარგლებში მიკვლეულ კომპანიებსა და მათთან დაკავშირებულ შვილობილ კომპანიებს, ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.

ბოლო წლებში რუსეთთან გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და რუსული კომპანიების შემოდინება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია. ტრადიციულად რუსეთი ეკონომიკურ დამოკიდებულებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ამას მოწმობს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ისტორიაც და დაწესებული ემბარგოებიც“, – აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.

რა შეცვალა რუსული კანონის აღსრულების წესში იუსტიციის მინისტრმა

რუსულ კანონთან დაკავშირებული რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ცვლილებები შეიტანა.

რუსული კანონი, რომელიც საზოგადოების პროტესტის მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლებამ მაინც მიიღო, საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა სასამართლო 21-ე დღეა გადაწყვეტილებას არ იღებს.

საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი, მინისტრის ბრძანებით, 2024 წლის პირველ აგვისტოს შევიდა ძალაში, ცვლილებები კი – 20 სექტემბერს. რა ცვლილებები შევიდა და რატომ გახდა ეს აუცილებელი, იუსტიციის სამინისტროს საჯარო განმარტება არ გაუკეთებია.

ჩვენს მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ცვლილებები შევიდა იმ მოთხოვნებში, რომლითაც ორგანიზაციებს ფინანსებთან დაკავშირებული მონაცემების წარდგენას სთხოვენ. ეს მონაცემები ორგანიზაციებმა, ვისაც რუსული კანონი ეხება, ფინანსურ დეკლარაციაში [შესაბამის ცხრილებში] უნდა შეიტანონ და საჯარო რეესტრს წარუდგინონ.

ერთი ცვლილება ეხება საფინანსო დეკლარაციის ცხრილს [დანართი №1.2], რომელიც „წლის განმავლობაში გაწეულ ხარჯებს“ ეხება. თავდაპირველად სამინისტრო ორგანიზაციებიდან ითხოვდა თანხის მიმღები ფიზიკური/იურიდიული პირის პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, საბანკო ანგარიშის ნომერს, ასევე ინფორმაციას თანხის მიმღები პირის საფინანსო ინსტიტუტის შესახებ.

ცვლილებით ორგანიზაციებს თანხის მიმღები პირების პირადი/საიდენტიფიკაციო ნომრების, ასევე საბანკო ანგარიშების წარდგენის ვალდებულება აღარ აქვთ:

მეორე ცვლილება ეხება საფინანსო დეკლარაციის ცხრილს [დანართი №1.9], რომელიც „იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების აღწერას“ ეხება. თავდაპირველად სამინისტრო ორგანიზაციებიდან ითხოვდა მეიჯარის – ფიზიკური პირის შემთხვევაში პირად ნომრებს, ხოლო თუ მეიჯარე ორგანიზაციაა, ამ შემთხვევაში – ამ ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერს.

ცვლილებით ორგანიზაციებს მეიჯარის პირადი თუ საიდენტიფიკაციო ნომრების წარდგენის ვალდებულება აღარ აქვთ:

შემდეგი ცვლილება ასევე საფინანსო დეკლარაციას ეხება, სადაც ორგანიზაციებს „ვალდებულებების აღწერა“ ევალებათ [დანართი №1.10].

ამ შემთხვევაში თავიდან მოთხოვნილი იყო კონტრაჰენტის [ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აღებული აქვს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ესა თუ ის ვალდებულება] საიდენტიფიკაციო ნომრის/პირადი ნომრის მითითებაც, რაც ცვლილებების შემდგომ ამოღებულია:

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ იმაზე ნაკლები ინფორმაცია მოგვაწოდა რუსული კანონის აღმასრულებელი ახალი დეპარტამენტის თანამშრომლების შესახებ, ვიდრე ამას რუსული კანონით ავალდებულებს სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს.

ვრცლად: რუსული კანონის აღმასრულებელმა რეესტრმა იმაზე ნაკლები ინფორმაცია გაასაჯაროვა, ვიდრე NGO-ებს ავალდებულებენ

საჯარო რეესტრიდან ანალოგიური ინფორმაცია „ნეტგაზეთმაც“ გამოითხოვა 30 აგვისტოს, თუმცა რეესტრს ინფორმაცია საერთოდ არ მიუწოდებია. რეესტრში აცხადებენ, რომ „ნეტგაზეთის“ წერილს ამ დრომდე განიხილავენ.

ვრცლად: რეესტრი საკუთარ თავზე არ გვაწვდის იმ ინფორმაციას, რომელსაც რუსული კანონით NGO-ებს სთხოვს

საჯარო ინფორმაციას არ გასცემს თავად იუსტიციის სამინისტროც. „ბათუმელებმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში [მის ორგანიზაციებში] დასაქმებულთა ვინაობა და ხელფასები 2024 წლის 7 ივლისს გამოითხოვა, თუმცა სამინისტროს პასუხი არ გაუცია.

რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განმწესრიგებელ სხდომაზე 2024 წლის 31 აგვისტოს დაასრულა. სასამართლოს პრესცენტრში ვერ გვეუბნებიან, როდის მიიღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებას რუსულ კანონზე.

საუბარია შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციოს სასამართლოს შეუძლია რუსული კანონი შეაჩეროს, ვიდრე ის ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და შეაფასებს: არის თუ არა რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ამ დრომდე არც ის გადაუწყვეტია, განიხილავს თუ არა სასამართლო სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ არსებითად.

ამ თემაზე:

რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები

„გერმანიაში 42 000 ქართველია. ტყუილია, რომ ხმის მიცემისას პოლიცია მოვა“ – რას აკეთებს „გზა“ ბერლინში

„გზა“ – ბერლინში დაფუძნებულმა ამ ორგანიზაციამ უკვე არაერთი აქცია გამართა, როგორც რუსული კანონის წინააღმდეგ, ისე უკრაინის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კაკაბაძე სტუდენტია – ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს ისტორიას და „მეხსიერების პოლიტიკას“ იკვლევს.

გიორგის მსგავსად გაგა გოგოლაძეც აქტიურადაა ჩართული ორგანიზაციის საქმეებში. გაგაც სტუდენტია და მისი კვლევის სფერო საერთაშორისო ურთიერთობებია – ამჟამად ბერლინის სენატის პროექტზე მუშაობს. ის არასამუშაო დროის დიდ ნაწილს ორგანიზაციას უთმობს.

ახალგაზრდების თქმით, ორგანიზაცია გერმანიაში ქართული საქმეების კეთებას ცდილობს.

  • რა ტიპის ორგანიზაციაა „გზა“ და რა არის ორგანიზაციის მიზანი?

გიორგი კაკაბაძე:

ჩვენი ორგანიზაცია ოფიციალურ სახელს ამ წუთას იღებს, ანუ ოფიციალურად დარეგისტრირდება, იქნება გაერთიანება (Verein). საინიციატივო ჯგუფმა ორგანიზაციას დაარქვა „გზა“ („GZA“ – Georgisches Zentrum im Ausland).

თავდაპირველად ვმართავდით აქციებს უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომ გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ და ასევე, შეგვეხსენებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ამ თემაზე სწორი პოზიცია დაეფიქსირებინა.

ამის შემდეგ საქართველოში შემოიღეს აგენტების კანონი, რის გამოც უფრო გავაქტიურდით. ვეცადეთ, საქართველოს შესახებ თემები წინ წამოგვეწია, რადგან შევამჩნიეთ, რომ ბევრმა არ იცოდა, მაგალითად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების შესახებ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ორგანიზაცია, რომ უფრო სტრუქტურულად შეგვძლებოდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა.

პოლიტიკური აქტივობის გარდა, ჩვენი მიზანია კულტურული მიმართულებითაც გავმართოთ სხვადასხვა ღონისძიება. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, როგორ ვითარდება საქართველო და რა ტიპის პრობლემების წინაშე დგას. ასევე ვცდილობთ, დავძლიოთ რუსული პროპაგანდა, ვწერთ გერმანულ და ინგლისურ ენებზე, რომ ადამიანებს ასევე შეეძლოთ სხვა ენებზე ინფორმაციის მიღება.

ჩვენ ძალიან გვინდა საქართველო დასავლური გარემოს ნაწილი იყოს. საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი იძახის, რომ ევროკავშირში უნდათ გაწევრიანება, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით მიჰყავთ – საკუთარ შვილებს გზავნიან დასავლეთში, საზოგადოების გასაჭირი კი არ ანაღვლებთ. გვინდა, ყველა ის სიკეთე, რაც აქ არის, იყოს საქართველოშიც, ეს ჩვენი მთავარი მოტივაციაა.

  • როგორი პროცესია უცხო ქვეყანაში ორგანიზაციის დარეგისტრირება?

საქართველოსთან შედარებით რთული პროცესია, მაგრამ არც ძალიან რთული. ვერ ვიტყვით, რომ მთლიანად NGO იქნება ჩვენი ორგანიზაცია, ეს იქნება Verein-ი, ანუ გაერთიანება. ამისთვის გვჭირდება წესდება აქაური კანონების შესაბამისად, ანუ რა არის ჩვენი ღირებულებები, რას აკეთებს ეს ორგანიზაცია, რას გეგმავს მომავალში და ასე შემდეგ.

ჩვენ ეს ყველაფერი გავწერეთ, ძირითადად გამოვიყენეთ შაბლონი და მოვარგეთ ჩვენს ინტერესებს. წესდებას რომ წერ, შემდეგ გჭირდება დამფუძნებელი კრება, ეს კრება ჩვენ გვქონდა 4 ივლისს. შემდეგ წესდება და ხელმოწერილი პროტოკოლი გავუგზავნეთ ფინანსურ დეპარტამენტს, რომელიც ამოწმებს რამდენადაა ეს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილებაა საჭირო, რომ შევძლოთ დარეგისტრირება. ახლა გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ვფიქრობთ, ეს პროცესი ოქტომბერში დასრულდება. არ არის რთული პროცესი, მაგრამ დროში გაწელილია.

გიორგი კაკაბაძე

მიუხედავად იმისა, რომ გვყავს გამგეობა და თავმჯდომარე, ერთპიროვნულად არავის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სენსიტიური თემების შესახებ. ამ შემთხვევაში ხმათა უმრავლესობით ვიღებთ გადაწყვეტილებას.

  • რაზე მუშაობს დღეს ორგანიზაცია?

ბოლო დროს ძალიან ბევრი პროექტი დაგვიგროვდა. შესაბამისად, გვაქვს რამდენიმე სტრუქტურა, ისინი სხვადასხვა პროექტზე იღებენ პასუხისმგებლობას – წერენ კონკრეტულ პროექტებს და შემდეგ სხვა ჯგუფის წევრებთან ათანხმებენ.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს გერმანიაში საარჩევნო ყუთთან და მისცეს ხმა. ვფიქრობთ, ჩართულობა ზრდის დემოკრატიის ხარისხს. გუნდში ვაკეთებთ ბარათებსა და პოსტებს. ამჟამად ვმუშაობთ რამდენიმე ორგანიზაციასთან, ერთ-ერთია promote Georgia, არის „თაობები ქვეყნისთვის“ და არიან ორგანიზაციები საქართველოში, რომლებიც გვეხმარებიან ინფორმაციის მოძიებაში.

ჩვენ მოვიპოვეთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში 2021 წლის მონაცემებით, ლეგალურად 42 000 ქართველია შემოსული. აქედან დაახლოებით 30 000 ადამიანი არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონეა, დანარჩენი არიან ბავშვები.

წინა არჩევნებში გერმანიაში დაახლოებით 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ძალიან ცოტაა.

ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს იმის გადამოწმებაში, დგანან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. ვდებთ პოსტებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ინსტაგრამსა და ფეისბუქზე. ინსტაგრამზე საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ პოსტებს. ვიდეოების გადაღებაც დავიწყეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღონ უცხო ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა.

ყველაზე ხშირი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები ვერ ხვდებიან, თუ სად დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, მოვიძიეთ ინფორმაციები, გავუკეთეთ შესაბამისი დიზაინი, ჩავწერეთ ვიდეოები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაქვეყნებთ.

ბევრ ადამიანს არჩევნების გაყალბების ეშინია, მაგრამ სინამდვილეში გაყალბების კოეფიციენტი ყოველთვის 5-10%-ია. თუ ბევრია ხალხი, ეს კოეფიციენტი იკლებს და პირიქით.

უცხოეთში ამჟამად დაახლოებით 600 000 ქართველია, ვისაც ხმის მიცემა შეუძლია. წინა არჩევნებში მონაწილეობა კი მხოლოდ 12 000-მა ადამიანმა მიიღო. არჩევნებზე ამ ამომრჩევლების 50% რომ მოვიდეს, გაყალბების ეს კოეფიციენტი დიდ როლს ვეღარ ითამაშებს.

  • რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ქვეყანაში არალეგალურადაა შემოსული?

მათ შეუძლიათ საკუთარი ხმის დაფიქსირება, ეს სულაც არ არის საშიში. აქაურ პოლიტიკოსებთან გვისაუბრია ამაზე და ეს არ არის საშიში, ოპოზიციაც ხშირად უსვამს ამას ხაზს. არალეგალურად ყოფნა არჩევნებთან არანაირ კავშირში არაა.

აქცია ბერლინში

ის, რომ ხმის მიცემისას პოლიცია მოვა და უკან, ქვეყანაში გაგიშვებს, არ არის სიმართლე. ამის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს. აქამდე არასდროს ყოფილა მსგავსი შემთხვევა არც ერთ ქვეყანაში.

  • როდემდეა შესაძლებელი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა?

ჩვენი პირველადი მონაცემებით, ონლაინ დარეგისტრირება 15 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი. 15 სექტემბრის შემდეგ  შეგიძლია ადგილზე მიხვიდე საკონსულოში და საარჩევნო სიაში ჩაეწერო. სხვადასხვა წყაროს თანახმად, საარჩევნო უბნის გახსნამდეც შეიძლება გაგრძელდეს ონლაინ რეგისტრაცია, რაც არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე ხდება, ანუ 26 სექტემბრამდე უნდა იყოს შესაძლებელი. თუმცა ცესკოს არ ჰქონდა ამაზე არანაირი ოფიციალური პასუხი, ამიტომ ჩვენც ცოტათი დაბნეულები ვართ.

შესაბამისად, თავის დასაზღვევად ჩვენ ვხელმძღვანელობთ ყველაზე ადრინდელი თარიღით.

  • როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს თქვენს კამპანიაში მონაწილეობის მიღება?

ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. კარგი იქნება, თუ დაგვეკონტაქტებიან ფეისბუქის ან სხვა სოციალური ქსელის გვერდზე. ნებისმიერ პლატფორმაზე ვპასუხობთ ძალიან ჩქარა.

მაგალითად, აქციებზე ყოფილა ბევრი სკოლის მოსწავლე, რომელთაც უნდოდათ ჩვენთან თანამშრომლობა. ზოგჯერ გვაქვს პრობლემები იმაზე, თუ როგორ ჩავრთოთ ეს ადამიანები, რაზეც ვმუშაობთ. გვინდა ასეთ ახალგაზრდებს ჩავაბაროთ ტიკ-ტოკის გვერდი, რომლის შექმნასაც ახლო მომავალში ვგეგმავთ. ძირითადად დახმარება გვჭირდება ხოლმე ღონისძიებამდე პროცესში. როდესაც ნელ-ნელა კიდევ უფრო გავიზრდებით, რა თქმა უნდა, საქმეც მოიმატებს.

თუ ვინმეს თავისი იდეებით უნდა მოსვლა, ჩვენ მათ აუცილებლად გავესაუბრებით და მათ განხორციელებაში შევუწყობთ ხელს.

  • როგორია აქციების დაგეგმვის პროცესი?

აქციების დაგეგმვა საკმაოდ რთული პროცესია, ძალიან ბევრი შრომა გვიწევს. დასაწყისში არ იყო რთული, მხოლოდ საკონსულოში რეგისტრაცია გვჭირდებოდა, მაგრამ თანდათან მოიმატა ადამიანების რაოდენობამ, რამაც სპეციალური ტექნიკის ქონის საჭიროების წინაშე დაგვაყენა.

დასაწყისში ჩვენ თვითონ ვაგროვებდით საჭირო თანხას. როდესაც ხალხის რაოდენობამ მოიმატა, დაგვჭირდა სცენა და მიკროფონი, რომ მიგვემართა ხალხისთვის. ბოლოს ჩვენით ავაწყვეთ სცენა და ვიყიდეთ დინამიკი ხალხის შემოწირულობით. სამწუხაროდ, არ გვაქვს ფინანსები და ბევრ რამეს დონაციებითა და შემოწირულობებით ვახერხებთ, რის გამოც ძალიან მადლიერები ვართ.

ჩვენი გამოცდილებით, კარგია, თუ მინიმუმ 2 კვირით ადრე ჩავნიშნავთ აქციას. ტექნიკურ მხარესაც კარგად უნდა დაგეგმვა, ვინ გამოვა სიტყვით, ვინ ვის შემდეგ იქნება, რამდენი ხანი ილაპარაკებენ, რომ ტექსტი არ იქნება შეურაცხმყოფელი, ვისგან შევძლებთ მანქანის თხოვას ნივთების გადასაზიდად და ბევრი სხვა დეტალი. ეს ყველაფერი ხარჯებთანაცაა კავშირში.

დასაწყისში სცენა 100-120 ევრო გვიჯდებოდა, ამიტომ ყოველთვის არ გვქონდა სცენა. საკუთარი სცენის გაკეთებაც არ იყო მარტივი, დღესაც საკმაოდ რთული პროცესია მისი თავიდან აწყობა და დაშლა. ზოგადად, ვინც აქციების დაორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული, გვიან ღამემდეც უწევთ მუშაობა.

უამრავი დეტალის გამო გავაკეთეთ ჩექლისტი, რომელიც 21 პუნქტისგან და კიდევ სხვა ქვეპუნქტებისგან შედგება, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, რომ აქცია წარმატებული იყოს.

ზოგჯერ გვქონდა პრობლემები ქართულ მედიებთან, რომლებიც ჩვენს აქციებს ემიგრანტების აქციებად მოიხსენიებდნენ, როდესაც ჩვენს ორგანიზაციას „გზა“ ჰქვია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციის საკუთარი სახელით მოხსენიება, ეს ამარტივებს და ეფექტურს ხდის ჩვენს საქმეს.

გაგა გოგოლაძე:

როდესაც მედიაში ეს სწორად ჩანს, შესაბამისად, ხალხიც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და უფრო სერიოზულად უყურებს ჩვენ საქმიანობას. არ მიგვიჩნევენ ვიღაც ემიგრანტებად, რაღაც ინსტაგრამ გვერდით. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ბევრ აქაურ პოლიტიკოსთან, თუ გუნდთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც გარკვეული გავლენები აქვთ.

მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც აქციებზე იმის იმედად ვიყავით, რომ აი, ვინმეს მოუნდება სიტყვით გამოსვლა. ახლა კი პირიქითაა – ძალიან გვიჭირს ადამიანების დამატება, ბევრი გამომსვლელი გვყავს. პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, თუ აქტივისტების ძალიან მყარ სია გვიგროვდება -კარგი სპიკერები გვყავს ხოლმე.

ჩვენ აქტივიზმის პირობებში აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან მრავალფეროვანი, ეფექტური და საინტერესო, დიდწილად წარმატებული დიასპორა გვყავს. ძალიან ბევრი ქართველია, რომელიც გერმანიაშია, რომლებიც 20-30 წელია აქ ცხოვრობენ და ბევრი რამისთვის მიუღწევიათ ცხოვრებაში. მათ ძალიან უხარიათ, როდესაც სხვა ქართველებს ხედავენ და აქვთ მათთან კონტაქტი.

აქცია ბერლინში

გერმანიაში ძალიან ბევრი ეროვნული უმცირესობაა, ვისაც ბევრად უფრო ორგანიზებული დიასპორა ჰყავს, ვიდრე ჩვენ. ამას თუ ექნება ორგანიზებული სახე, შეიძლება აქაც მოახდინო რაღაცებზე გავლენა – აქ მცხოვრები ქართველების ცხოვრებაზე, საქართველოში მყოფ ქართველებზე, სამშობლოს ბედსა და კეთილდღეობაზე მოახდინო გავლენა.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გვაქვს.

ჩვენმა ორგანიზაციამ ზუსტად ეს როლი შეასრულა ბოლო რამდენიმე თვეა. მაგალითად, როდესაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ქართველებს აღგვენიშნა დამოუკიდებლობის დღე ბერლინში, ჩვენ ეს დავაორგანიზეთ და იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ღონისძიება, რომელიც კი ქართველებს აქამდე ჰქონიათ ბერლინში. ეს ბევრმა აქ მცხოვრებმა ქართველმაც აღნიშნა.

საქართველოზე ვრცელდება ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რუსული ნარატივებით სავსე. არც საქართველოს საელჩოს, არც მთავრობას არასდროს უზრუნია იმაზე, რომ გერმანელ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, რა არის საქართველო, ვინ არიან ქართველები, რომ საქართველოში კარგი საჭმლისა და ცეკვა-თამაშის უკანაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება. ასევე ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია და მისია.

ჩვენ ვიქნებით ის ორგანიზაცია გერმანიაში, რომელიც საქართველოზე ყველაზე ზუსტ, გულახდილ, სწორ და რუსული პროპაგანდისგან დაცლილ ინფორმაციას გაავრცელებს.

ევროპა ძალიან მრავალფეროვანია, სადაც ყველა ქვეყანას ეთქმის თავისი სიტყვა. საქართველო როდესაც ევროკავშირის წევრი გახდება, ისიც შეძლებს თავისი სიტყვის თქმას და არ იქნება ჭანჭიკი.

რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვაქვს ოთხი მიზანი – ევროინტეგრაცია, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა, დეოკუპაცია და ქართული დიასპორის გაძლიერება. ბოლო პუნქტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად ვართ ბერლინში, მაგრამ გვინდა შევკრათ ძლიერი ბირთვი და ქართული დიასპორა. ჩვენ ვართ აპარტიული, მაგრამ პოლიტიკური ორგანიზაცია.

___

მთავარი ფოტო: გიორგი კაკაბაძე და გაგა გოგოლაძე

Exit mobile version