მთავარი,სიახლეები

ტარიელ ნაკაიძის „რეგიონები საქართველოსთვის“ საარჩევნოდ შეუერთდა პარტიას – „ჩვენ“

17.09.2024
ტარიელ ნაკაიძის „რეგიონები საქართველოსთვის“ საარჩევნოდ შეუერთდა პარტიას – „ჩვენ“

მუსლიმთა თემის ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში ტარიელ ნაკაიძე 26 ოქტომბრის არჩევნებზე დავით ქაცარავას შექმნილ პარტიას „ჩვენ“ უერთდება.

„მე, ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს მოქმედი პარლამენტის წევრი და პოლიტიკური მოძრაობა „რეგიონები საქართველოსთვის“ არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება პარტია, „ჩვენის“ საარჩევნო ნომრით 23. მინდა დავარწმუნო საზოგადოება, პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ იქნება ხმა ყველა იმ მოქალაქისა, რომელთა საჭიროებები და გულისტკივილი დღემდე არ გაჟღერებულა. 26 ოქტომბერს ყველა ერთად გადავარჩენთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს,“ – აღნიშნა დღეს, 17 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე ტარიელ ნაკაიძემ.

ტარიელ ნაკაიძე რამდენჯერმე გახდა „ქართული ოცნების“ აგრესიის სამიზნე. მაგალითად, 2023 წლის 28 მარტს ტარიელ ნაკაიძეს მოღალატე უწოდეს და მიკროფონი ჩაარტყეს. ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაშინ ისიც თქვა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს „მძიმე რეპუტაცია“ აქვს.

ბოლო პლენარულ სხდომაზეც ტარიელ ნაკაიძემ უმცირესობების პრობლემებზე ისაუბრა:

„რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტში შევიტანე კანონპროექტი რელიგიური უმცირესობების დღესასწაულების დასვენების დღეებად სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტის მიერ დღემდე განუხილავად დარჩა. ამის პარალელურად „ქართული ოცნების“ მიერ არაერთი დაჩქარებული საკანონმდებლო ინიციატივა იქცა კანონად, რომელიც იზოლაციაში აქცევს საქართველოს, საფრთხეს უქმნის მის ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს.

ჩემს მიერ ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებული უყურადღებობა, დასტურია საქართველოს უმცირესობებთან „ქართული ოცნების“ მანკიერი დამოკიდებულებისა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო რიტორიკა და პროპაგანდა უგულებელყოფს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის უმცირესობების და რეგიონებში მცხოვრებთა რეალურ საჭიროებებსა და წუხილებს. „ქართული ოცნება“ ცდილობს კონსტიტუციურად გარანტირებული და საქართველოს მოქალაქეების მიერ ერთმანეთთან შეჯერებული სეკულარიზმის პრინციპი ფსევდოპატრიოტული სულისკვეთებით მთლიანად მოშალოს. დასაწყისშივე ძირი გამოუთხაროს ინკლუზიური სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას გულისხმობს.

ამ ვითარებაში გამონაკლის არც საქართველოს უმცირესობები წარმოადგენენ, მათი არჩევნებში აქტიური მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისათვის,“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: