მთავარი,სიახლეები

აბიტურიენტი შვილის მოსამზადებლად დედა მარჩენალდაკარგულის პენსიას ითხოვს – სასამართლო არ ჩქარობს

24.09.2024 •
აბიტურიენტი შვილის მოსამზადებლად დედა მარჩენალდაკარგულის პენსიას ითხოვს – სასამართლო არ ჩქარობს

17 წლის არასრულწლოვანი გოგოს დედამ შვილის დახმარების მისაღებად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წელს მიმართა, თუმცა მოსამართლეს ამ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაუწყია.

სვეტლანა ხაბელოვა ამბობს, რომ ის, როგორც დედა და მარჩენალდაკარგული შვილის მეურვე, სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებს. ახლა ეს თანხა თავისი შვილის, ირინას კონკრეტულ საგანებში მოსამზადებლად სჭირდება, რადგან მოზარდი მეთორმეტე კლასში გადავიდა და აბიტურიენტია.

საიას იურისტის განმარტებით, კანონი ბავშვის საქმის პრიორიტეტულ განხილვას ითხოვს, რაც ამ შემთხვევაში უგულებელყოფილია.

სვეტლანას მეუღლე 2008 წელს გარდაეცვალა, ის რვა თვის შვილთან ერთად მარტო დარჩა. უნდა ემუშავა, რომ ოჯახი გადაერჩინა, ამიტომაც შვილი დროებით საცხოვრებლად „წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონს“ მიაბარა. ამბობს, რომ შვილს ხშირად ნახულობდა და უყურადღებოდ არ ტოვებდა.

ამ პანსიონში იზრდებოდა ირინა 2022 წლამდე, ვიდრე ის არ დაიხურა. პანსიონის დახურვის შემდეგ, სვეტლანამ გადაწყვიტა შვილი თავისთან წაეყვანა საცხოვრებლად. ამ დროს მას უკვე მიღებული ჰქონდა ბინა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე არსებულ სოციალურ სახლში. თუმცა, როგორც თავად გვიყვება, ამ პერიოდში ის ბათუმის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა ექთნად და მოზარდის აუცილებელი უზრუნველყოფისთვის დახმარებას საჭიროებდა, ამიტომაც ირინა დღემდე გიმნაზიაში სწავლობს და იქვე ცხოვრობს.

2023 წელს სვეტლანა ხაბელოვამ სასამართლოს მიმართა და შვილის ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის უფლება მოითხოვა. საუბარია მარჩენალდაკარგულის პენსიაზე, რომლის მიღებაზეც მანამდე, როგორც თავად გვიყვება, სოციალური სააგენტოს მოთხოვნით თქვა უარი და ეს ხელმოწერითაც დაადასტურა.

სვეტლანა ხაბელოვა თავის განცხადებაში სასამართლოს წერს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაჩქარებულად განიხილონ მისი საჩივარი:

„როცა პანსიონი გაუქმდა, ჩემი შვილის მინდობით აღზრდაში გაგზავნას აპირებდნენ. გავაპროტესტე, ვუთხარი დედა ვადგავარ თავზე და რა უფლებით აგზავნით მინდობით აღზრდაში-მეთქი. შენ ვერ მიხედავო.

მინდობით აღზრდისთვის 600 ლარს უხდიან ოჯახს და მე სააგენტომ მომთხოვა, შვილის პენსიაზე უარი მეთქვა. მითხრეს შეიძლება შენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგესო და მომთხოვეს ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომ უარს ვამბობ ამ თანხაზე და მხოლოდ სრულწლოვნების ასაკში მიიღებს თავად. ახლა ჩემი შვილი 17 წლის არის და უნდა, რომ ეს თანხა გეოგრაფიაში, ინგლისურში და ქართულში მოსამზადებლად გამოიყენოს, რადგან უკვე აბიტურიენტია და მომზადება სჭირდება“.

სვეტლანა ხაბელოვას სარჩელი განსახილველად მოსამართლე სალიხ შაინიძეს დაეწერა, თუმცა საქმის არსებითი განხილვა დღემდე არ დაწყებულა.

2023 წლის 24 აპრილს სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის მიხედვითაც ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქმეში არასრულწლოვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ადვოკატის ჩაბმის საკითხი და მიზანშეწონილად მიიჩნია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩართვა.

იმავე განჩინების მიხედვით, სასამართლომ სააგენტოს დაავალა არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის მიზნით, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა, მათ შორის, ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით, განცხადების საგანთან მიმართებაში მხარის პოზიციის გამოკვლევა, განჩინების ჩაბარებიდან გონივრულ ვადაში. სააგენტო საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო და 2024 წლის იანვარში საქმის მასალებიც გამოითხოვა.

სვეტლანა ხაბელოვას საქმესთან დაკავშირებით „ბათუმელები“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოდან ტექსტური შეტყობინებით გვიპასუხეს, რომ ოფიციალურად, მეილზე მივმართოთ კითხვებით.

2024 წლის ივლისში სვეტლანა ხაბელოვამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და საქმის განხილვის დაჩქარება ითხოვა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ.

საიას იურისტის, ირმა აბაშიძის განმარტებით:

„საქმე ბავშვის ქონების განკარგვას ეხება. ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსით კი გათვალისწინებულია, რომ ბავშვის საქმეები პრიორიტეტულად განიხილება. კანონმდებლობით გვაქვს დადგენილი საქმის წარმოების ორთვიანი ვადა და გახანგრძლივების შემთხვევაში ხუთ თვემდე. თუმცა, ჯერ არ მინახავს პრაქტიკაში, რომ დაეცვა რომელიმე სასამართლოს [ვადა], ჩემს კონკრეტულ საქმეებს ვგულისხმობ.

ბავშვის საქმე პრიორიტეტულად უნდა განიხილებოდეს, ეს იქნება ადმინისტრაციული წარმოება, სარჩელი თუ საჩივარი. ფაქტობრივად, რაც ხდება ცალსახაა, წელიწადზე მეტია გასული და პროცესი არ არის ჩანიშნული. რეალურად ეს თანხა მისია.

კანონის მიხედვით, თუ ეს თანხა ათას ლარზე მეტია, მშობელს ან ბავშვის წარმომადგენელს შეუძლია განკარგოს სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, სასამართლომ კი უნდა იხელმძღვანელოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად შეესაბამება საუკეთესო ინტერესს ეს საკითხი. მაგრამ აქ პრობლემა არის ის, რომ არც კი ჩანიშნულა პროცესი.“

დედის თქმით, ბავშვის პრიორიტეტია განათლების მიღება, ანაბარზე დადებულ თანხას კი ისინი ვერ იყენებენ ისეთი მნიშვნელოვანი საქმისთვის, როგორიც არის მომზადება სტუდენტობისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: