მთავარი,სიახლეები

ლავროვი ზურაბიშვილზე: ვერ გამოიყენა რუსეთთან მეგობრობის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა

06.09.2024 •
ლავროვი ზურაბიშვილზე: ვერ გამოიყენა რუსეთთან მეგობრობის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, კრემლის პროპაგანდისტულ მედია rbc-სთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობის რეპრესიული კანონების პოლიტიკას იწონებს და ამბობს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების დაწესება ქართველ ხალხს არ აწყობს.

„ქართველი ხალხი, რომელსაც კარგად ვიცნობ და ვაფასებ მათ [და საქართველო, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ცენტრი იყო საბჭოთა კავშირის – ჩვენი საერთო სამშობლოს დროს], გულდასმით იცავს თავის ისტორიას. ვფიქრობ, სწორედ ამისთვის დაიმსახურა მან საყვედურები დასავლეთის ქვეყნებისგან“, – ამბობს ის.

ლავროვმა საქართველოში რეპრესიული კანონების მიღებისა და პოლიტიკური კურსის ცვლის შეფასებისას, ჟურნალისტის კითხვა ჩაასწორა და დააზუსტა, რომ საქართველოს კანონს ჰქვია არა კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, არამედ „კანონი გარე დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“. შემდეგ კი მოიტყუა, რომ ეს კანონი არ გულისხმობს პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის რაიმე სტატუსის მინიჭებას და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული ფინანსების ჩვენებას ითხოვს. რეალურად კი, ეს კანონი ორგანიზაციებს აიძულებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირდნენ.

„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, არის მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგება, რომ ქართველ ხალხს აქვს იგივე მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც გაიდღაბნება, წაიშლება და გაითელება დასავლეთის მიერ ყველასთვის თავსმოხვეული „წესებით“. უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის, ან თუ გირჩევნიათ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ…“

ლავროვმა ტრადიციულად გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ სწორედ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, რუსული ბაზების გაყვანის შემდეგ, საქართველომ არ შექმნა ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრი, რითაც ქვეყანამ დაკარგა „საკმაოდ კარგი შესაძლებლობა კეთილად დაგვეხურა ეს თემა, ოღონდ მეგობრული თანამშრომლობის შენარჩუნებით ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში“.

„მათ იქ კიდევ დიდი კონფლიქტი აქვთ პრეზიდენტთან. სალომე ზურაბიშვილს მრავალი წელია ვიცნობ. 2004 წლის შემდეგ, როცა ის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, იგი მიწვეულ იქნა [პრეზიდენტ მიხეილ] სააკაშვილის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. სწორედ მასთან 2005 წელს გავაფორმეთ შეთანხმებები დარჩენილი ორი რუსული ბაზის გაყვანაზე. უფრო მეტიც, ამ ხელშეკრულებებში შეთანხმებული იყო, რომ ბათუმის ბაზაზე შეიქმნებოდა ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ასეული ადამიანისგან, მათგან 90% ქართველი სამხედრო და ძალოვნები იქნებოდა, დანარჩენი რუსეთის წარმომადგენლები;

ჩემი აზრით, იყო საკმაოდ კარგი შესაძლებლობა კეთილად დაგვეხურა ეს თემა, ოღონდ მეგობრული თანამშრომლობის შენარჩუნებით ძალიან მნიშვნელოვან სფეროში – ტერორიზმთან ბრძოლაში, რაც მაშინ აქტიურად იჩენდა თავს.

ჩვენ ყველაფერი კეთილსინდისიერად შევასრულეთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, ხოლო სააკაშვილის მთავრობამ არ შეასრულა ჩვენთან შეთანხმებები, არანაირი ანტიტერორისტული ცენტრი არ შექმნილა…“ – თქვა ლავროვმა.


ამავე თემაზე:

როგორ შეასრულა რუსეთმა 237 წლის განმავლობაში დადებული 8 ხელშეკრულება | ტესტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: