28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების, ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გამართავს.
ბათუმსა და მთელ აჭარაში უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს, შაბათს, 11:00-16:00 საათებში, შემდეგ მისამართებზე:
- ბათუმი – 6 მაისის პარკი – ტბის მიმდებარე ტერიტორია; კოლონადები სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან;
- ხულო – შინდისის გმირების ქ. №2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
- შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
- ქედა – 26 მაისის ქ.№ 2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
- ხელვაჩაური – დიდ აჭარის ქ. 23 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი);
- ქობულეთი – აღმაშენებლის №44 (აჭარის რეგიონული სამმართველოს ოფისი).
უფასო ვაქცინაცია ცოფზე ჩატარდება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. მისამართების სია რეგიონების მიხედვით შეგიძლიათ აქ ნახოთ.
ცოფთან ბრძოლის დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო ამ დღის აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით.
ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.
კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება, ამიტომ შინაური ცხოველების ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია.