„ბევრი წუხს, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდეს ან მანიპულაცია იყოს. იქ, სადაც არის ობიექტური და მომზადებული დამკვირვებელი, ამის შანსი ნაკლებია,“ – ამბობს ნინო ლომჯარია, რომელიც მოხალისე დამკვირვებლებს ელის.
დამკვირვებლობის მსურველებმა განაცხადების შევსება უკვე დაიწყეს.
იმიტომ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა წელს გადაწყვიტა, კოალიციურად დააკვირდეს არჩევნებს. სადამკვირვებლო მისიის – „ჩემი ხმა“ – პარალელურად, არჩევნებს დააკვირდებიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებიც.
ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ კოალიციური მიდგომით ეცდებიან სრულიად საქართველო დაფარონ. გარდა ამისა, ჩაანაცვლონ რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაცია, თუ მის საქმიანობას პრობლემა შეექმნება რუსული კანონის გამო.
„ბათუმელები“ ნინო ლომჯარიას, ყოფილ ომბუდსმენს და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელ დირექტორს, დამკვირვებლების შერჩევის პროცესზე ესაუბრა.
- ქალბატონო ნინო, ვის შეუძლია გახდეს დამკვირვებელი და როგორია აქტიურობა ამ დროისთვის?
დამკვირვებლების მობილიზაცია აქტიურად მიმდინარებს სადამკვირვებლო მისიისთვის „ჩემი ხმა“. გვაქვს შეხვედრები ქალაქებში, რეგიონებში, ვხვდებით სტუდენტებს, ვატარებთ ონლაინკამპანიას, რომ დარეგისტრირდნენ მოქალაქეები დამკვირვებლებად მისამართზე https://www.wevote.ge/myvote
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები დარეგისტრირდნენ ამ საიტზე. არსებობს კონკრეტული დათქმები, რომ დამკვირვებელი არ შეიძლება გახდეს ის, ვინც წინა არჩევნებზე იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის დამკვირვებელი და ასე შემდეგ. დარეგისტრირების შემდეგ დავუკავშირდებით დამკვირვებლებს და ჩავუტარებთ ტრენინგებს.
- რატომაა მნიშვნელოვანი, გახდე დამკვირვებელი?
ამ მნიშვნელოვანი არჩევნების დროს მოქალაქეებს შეუძლიათ ერთი ის, რომ მივიდნენ არჩევნებზე და რაც შეიძლება მეტი მოქალაქე უნდა მივიდეს არჩევნებზე – ბევრი ამომრჩევლის არჩევნებზე მისვლა არის გარანტია ნაკლები საარჩევნო მანიპულაციისა, ასევე იმისა, რომ საზოგადოების განწყობა აისახოს არჩევნების შედეგზე.
მეორე, რაც შეიძლება გააკეთოს მოქალაქემ, არის ის, რომ მას შეუძლია გახდეს დამკვირვებელი, დააკვირდეს საარჩევნო უბანს და დაიცვას ამომრჩევლების ხმები.
ბევრი წუხს, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდეს, ან მანიპულაცია იყოს. იქ, სადაც არის ობიექტური და მომზადებული დამკვირვებელი, ამის შანსი ნაკლებია.
- რამდენ უბანზე გეყოლებათ დამკვირვებელი, მოიცავთ ყველა უბანს?
მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი უბანი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. მოქალაქეებს შეუძლიათ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და არ იყვნენ პასიურ როლში. დამკვირვებლობა არის მნიშვნელოვანი გარანტი არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის.
ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება. მიზანი არის ის, რომ ყველა უბანზე ვიყოთ. რის საშუალებაც იქნება, იმას გავაკეთებთ. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებსაც ასევე ეყოლებათ დამკვირვებლები, ვართ კოორდინაციაში, რომ საერთო ჯამში ყველა უბანი იყოს დაფარული.
- როგორ შეიქმნა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“? რამდენი სამოქალაქო ორგანიზაცია გაერთიანდა და რა შესაძლებლობა მოგცათ ამ გაერთიანებამ?
ეს კოალიციური სადამკვირვებლო მისია, რომელიც აერთიანებს 30 სამოქალაქო ორგანიზაციას, უპრეცედენტოა საქართველოს მასშტაბით – აქამდე ინდივიდუალური ორგანიზაციები აკვირდებოდნენ არჩევნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ კოალიციურად, ამით გავაერთიანეთ ადამიანური, მატერიალური რესურსები.
ამ მიდგომით დაზღვეულია ის რისკიც, რომ თუ რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაცია გააჩერებს მუშაობას რუსული კანონის გამო, სხვები განაგრძობენ დაკვირვებას.
სხვადასხვა დონორი ჰყავს სადამკვირვებლო მისიას, თუმცა მოხალისეობრივი საქმიანობაა დიდი დოზით, როცა საქმე ეხება ჩვენი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ადამიანურ რესურსებს. ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა დიდწილად ხდება მოხალისეობრივად. ამ მიზნითაც გავაერთიანეთ ეს რესურსი.
- დამკვირვებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი? ისინი მიიღებენ ანაზღაურებას?
ცხადია, ჩაუტარდებათ ტრენინგი. ჩვენ თითოეული დამკვირვებელს მივაწვდით ინფორმაციას საარჩევნო პროცედურის თაობაზე, კომუნიკაციების, უსაფრთხოების შესახებ, მათ მივაწვდით შესაბამის მასალებს, რაც დასჭირდებათ დაკვირვებისთვის. ეს მოხდება ოქტომბერში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.
ანაზღაურებას რაც შეეხება, ჰონორარი არ არის, მაგრამ ვუნაზღაურებთ ე.წ. „პერდიემს“, ანუ ყოველდღიურ ხარჯს გადაადგილებისთვის, კვებისთვის, კომუნიკაციისთვის და ასე შემდეგ.
- რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს დამკვირვებელი?
დამკვირვებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, 18 წელს მიღწეული, შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის ადამიანი და არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს. რეგიონებში კიდევ უფრო მეტად გვჭირდება დამკვირვებელი.
მსურველმა უნდა შეავსოს კითხვარი ჩვენს საიტზე და იქ მიუთითებს, სად მუშაობს ამჟამად. არის გარკვეული სამუშაო ადგილები, მაგალითად, სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა და ასე შემდეგ, სადაც დასაქმებულს არ აქვს დამკვირვებლად მუშაობის უფლება.
- როდისაა ბოლო ვადა, როცა მსურველმა შეიძლება მოგმართოთ?
ოფიციალურად არჩევნებამდე 5 დღით ადრე, თუმცა სასურველია ბევრად უფრო ადრე დარეგისტრირდნენ.
სასურველია, ოქტომბრის პირველ კვირაში მაქსიმუმ ჩვენთან მსურველების რეგისტრაცია დასრულდეს, რომ შემდეგ ლოჯისტიკურად ყველაფერი მოესწროს.