მთავარი,სიახლეები

მგონია, 90-იანების სული დაბრუნდა ქვეყანაში – ემიგრანტი, რომელიც საქართველოსთვის იბრძვის

10.09.2024 •
მგონია, 90-იანების სული დაბრუნდა ქვეყანაში – ემიგრანტი, რომელიც საქართველოსთვის იბრძვის

ავტორი: ნათია კაპანაძე

_____

„რადგან ქვეყნიდან წამოვედი, არ ნიშნავს რომ ჩემი სამშობლოს განვითარების სურვილი არ მაქვს. თუ შევძლებ, აქედან ჩემ სამშობლოს ჩემი ხმა მივაწვდინო, თუ შევძლებ დემოკრატიის სასარგებლოდ ჩემი სიტყვა ვთქვა, დიდი სიამოვნებით“, – ამბობს მარიკა, რომელმაც ემიგრაციისას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ჩვენი ინტერვიუს დროს შეიტყო.

ის წუხს, რომ ქართველ ემიგრანტებს აქტიურად არ მიეწოდებათ ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესახებ. უფრო მეტიც, ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებმა უმჯობესია საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა თავშესაფრის მიღებამდე.

მარიკა პეტრიაშვილი თბილისში, ოქროყანაში გაიზარდა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ექვსი წელი ჟურნალისტად მუშაობდა, თუმცა სამოქალაქო ომის ეკონომიკურ გამოწვევებში თავის ბავშვობის გატაცებას – ტანსაცმელების დიზაინს დაუბრუნდა. ამასთან 1998 წლიდან 2016 წლამდე ყველა არჩევნებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიც იყო. 1989 წლის აპრილის მოვლენების მონაწილე 13 წლიდან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის.

  • მარიკა, რას ნიშნავს საარჩევნო პროცესი თქვენთვის?

ზოგადად, არჩევნები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ცვლილებებს ნიშნავს, ქვეყანაში განვითარებას ნიშნავს. ეს პროცესი უკეთესობის  შანსს უტოლდება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო დიდი დატვირთვის მატარებელი გახდა. ეს არის არჩევანი თავისუფლებას და ჩაკეტილობას შორის.

ფაქტობრივად, უკანასკნელი 30 წელია ქვეყნის რუსეთისგან დაცვის პროცესში ვარ. 13 წლის ვიყავი აქციებზე, ვიპარებოდი სახლიდან, სკოლიდან. 9 აპრილის ღამეს კი, რაღაც სასწაულით გადავურჩი, რადგან საღამოს დედა გახდა შეუძლოდ და გავიგე რომ სასწრაფო გამოიძახა. მეც მხოლოდ ამ მიზეზით ავედი სახლში.

აი, ამ ბავშვური ერთგულებიდან დღემდე, ჩემი სამშობლოსთვის მე სხვა ოცნებები მქონდა და ეს ჯერ კიდევ ვერ მივაღწიე. პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების გამო იძულებული გავხდი, თბილისში ჩემი ატელიე დამეხურა და ქვეყანა დამეტოვებინა. რადგან ქვეყნიდან წამოვედი, არ ნიშნავს, რომ ჩემი სამშობლოს განვითარების სურვილი არ მაქვს. თუ შევძლებ აქედან ჩემ სამშობლოს ჩემი ხმა მივაწვდინო, თუ შევძლებ დემოკრატიის სასარგებლოდ ჩემი სიტყვა ვთქვა, დიდი სიამოვნებით.

ამასთან, ზუსტად ვიცი, ვერცერთი არჩევნები ვერ იქნება წარმატებული, თუ თავად ადამიანები თავისუფლების ფასს ვერ გაიგებენ, თავად არ დააფასებენ ევროპულ ღირებულებებს.

  • თქვენი აზრით, რა არის ამ სადავო კანონში რუსული?

მე იურისტი არ ვარ და არ შევეცდები კანონის ნორმების შესახებ ვისაუბრო. კანონის მიღების პროცესმა, აქციების მასშტაბმა, ხელისუფლების მხრიდან აქციების ძალმომრეობით დაშლის მცდელობებმა და საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებმა ნათლად აჩვენა, რამდენად შეუსაბამოა ეს კანონი ქართულ ხასიათთან, ერის მისწრაფებებთან.

ეს ჩაკეტილი სივრცის კანონია, ჩაკეტვა კი საბჭოთა კავშირის მსგავსია და ჩემთვის მიუღებელია.

ჩვენ ახლახან მოვისმინეთ კიდეც, ირაკლი კობახიძის განმარტება, როგორ აპირებს მთავრობა აგენტებად დარეგისტრირებული არასამთავრობოები დააფინანსოს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რამდენად სურს ხელისუფლებას ადამიანების მართვა.

ეს კანონი იმიტომ არის რუსული, რომ მთავრობას უნდა ყველა მასზე დამოკიდებული გახდეს, ადამიანებს აღარ დარჩეთ ხელმისაწვდომობა სხვა რესურსებზე. ეს მონურ მდგომარეობაში ჩაგდებას ჰგავს ჩემთვის.

Ჩვენ, ხალხმა, სახელმწიფოებრიობის იდეა გამოვტაცეთ რუსეთს, თავისუფლება მოვიპოვეთ რუსულ წიხლთან, რუსულ ნიჩაბთან, რუსულ ჩექმასთან, რუსულ კალოშთან გამკლავების ფასად. ვერაფრით ვერ წარმომიდგენია ისევ იმ ბოროტებასთან დავბრუნდეთ ჩვენი ნებით, ჩვენი არჩევანით.

  • ქვეყნის მომავალს როგორ ხედავ?

არჩევნების დასრულებამდე მიჭირს ნათლად წარმოვიდგინო მომავალი. ახლა მეც მგონია, რომ 90-იანების სული დაბრუნდა ქვეყანაში. ის დრო დაბრუნდა, ჩვენ რომ აქციებზე დავდიოდით და ზოგიერთი დაშლილ საბჭოთა კავშირს მისტიროდა. სახელმწიფოს მომავალი ხელისუფლების ცვლილების ბუნებრივ რიტმთან შეგუებით უნდა გახდეს ნათელი.

წლებია ვუყურებ, როგორ ხდება იძულებული ქართველი ხალხი შეცვალოს მმართველი პარტია. ხელისუფლებაში მოსულები მუდმივად ცდილობენ ჩაებღაუჭონ ძალაუფლებას. მმართველობის ოთხი წელი დემოკრატიული სტანდარტია და ამ ვადების შემდეგ მართვის ძალადობრივად დაუფლებაში გადაიზრდება ხოლმე. ახლაც ამგვარი რეალობის წინაშე ვართ.

  • რა არის ევროპა თქვენთვის და რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევანი?  

ამერიკაში რომ ვცხოვრობ დღეს, ესეც ჩემი არჩევანია დემოკრატიის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წავიდოდი რუსეთში, სადაც ტანსაცმლის დიზაინერს შემეძლო ბევრად მარტივად ამეწყო ჩემი ბიზნესი. მაგრამ ჩემთვის შეუძლებელია უთანასწორო გარემოში განვითარება.

ევროპა კი თანასწორობაა, დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის გათვალისწინებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერას, განათლებას და სხვა სიკეთეებს. ჩემთვის ევროპა მომავალია, რუსეთი კი წარსული, წარსულში დაბრუნება რომ არ უნდა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, ეს უნდა გამოხატოს ახლა და არჩევნებში მონაწილეობით.

  • დღეს რას აკეთებთ ამერიკაში?

დღეს ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ვმუშაობ ამერიკულ კომპანიაში საქორწინო და სადღესასწაულო კაბების დიზაინზე. ასე ახლა ყოველ დღე ვუახლოვდები ჩემ გეგმასაც. ვფიქრობ, ეს სამუშაო მნიშვნელოვანი ეტაპია საკუთარი ბიზნესის ასაწყობად.

მინდა, ჩემი საკუთარი ატელიე გავხსნა ნიუ იორკში, ასევე მქონდეს ყვავილების მაღაზია. ახლა ამერიკული გარემო მაძლევს შესაძლებლობას ასეთი ოცნებების ახდენაზე ვიზრუნო. მანამდე კი, რადგან ეს შესაძლებელი ყოფილა, აუცილებლად გავაკეთებ ჩემ არჩევანს საქართველოს განვითარებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: