განათლების სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მასწავლებლების დაჯილდოებაზე აქედან მხოლოდ 100 ათასი ლარი დაიხარჯა, დანარჩენი თანხა კი კონცერტსა და საღამოს ორგანიზებას მოხმარდა.
2024 წელს, წინასაარჩევნოდ, განათლების სამინისტრო თანხების გაორმაგებას აპირებს და როგორც გასულ წელს დააანონსა, „მასწავლებლის ეროვნული დღისთვის“ ერთ მილიონ ლარს დახარჯავს.
„ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროსგან 2023 წელს გამოითხოვა ოფიციალურად ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა, თუმცა ხელისუფლება, რომელსაც თითქოს „გამჭვირვალობაზე“ აქვს პრეტენზია, საზოგადოებას უმალავს, თუ რაში დახარჯა 600 ათასი ლარი. სამინისტრომ კანონით გათვალისწინებული ვადებიც დაარღვია და საბოლოოდ, ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
„ბათუმელებმა“ შეძლო აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება.
ხელშეკრულების მიხედვით, მასწავლებლის დღის ღონისძიების ორგანიზება შპს „პიუმა ივენთმა“ უზრუნველყო.
საღამოს ორგანიზებისთვის რეჟისორ ბასა ფოცხიშვილს 13 500 ლარი გადაუხადეს, მხატვარ დიზაინერ თამარ ფოცხიშვილს კი 9 ათასი ლარი.
აღმასრულებელ პროდიუსერს 5 ათასი ლარი, ასევე 5-5 ათასი ლარი გადაუხადეს რეჟისორის ასისტენტებს.
მთლიანი საორგანიზაციო ჯგუფის ხარჯი 55 ათასი ლარია.
121 500 ლარი დაიხარჯა მომღერლებსა და მუსიკოსებზე.
მაგალითად, მომღერალ ნატო მეტონიძეს 6 ათასი ლარი გადაუხადეს, ლიზა ბაგრატიონს 5 ათასი ლარი, ანსამბლი „შვიდკაცა“ – 10 ათასი ლარი, სუხიშვილებმა ორი ნომერი შეასრულებს, რაშიც 24 ათასი ლარი გადაუხადეს.
სიმფონიური ორკესტრის დაქირავება ბიუჯეტს 26 ათასი ლარი დაუჯდა.
დირიჟორის ჰონორარი, მთლიანი კონცერტის მუსიკალურად გაფორმებისთვის 14 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

მასწავლებლის ეროვნული დღე.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო ცნობილი მომღერალი ნანი ბრეგვაძე, რომლის ჰონორარიც 20 ათასი ლარი იყო. ამავე ჰონორარშია მითითებული ნანი ბრეგვაძის შვილი (ეკა მამალაძე) და შვილიშვილიც (ნატალიკო ქუთათელაძე).
მუსიკოს ლიზა რამიშვილს 4 ათასი ლარი გადაუხადეს, ერთი ნომრის შესრულებაში, დავით ევგენიძეს კი 5 500 ლარი, (არანაკლებ ერთი ნომრის) შესრულებაში.
ღონისძიების ტექნიკური ნაწილი, მაგალითად ლაივსტრიმი, 30 ათასი ლარი დაჯდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
15 ათასი ლარი დაიხარჯა ვიდეო კონტენტის დამზადებაზე, ოპერის თეატრის დაქირავებაზე, სადაც ღონისძიება გაიმართა, 35 ათასი ლარი დაიხარჯა.
მთლიანობაში – არანჟირება, აფიშის ბეჭდვა, თარჯიმანი, გახმოვანება და სხვა, ბიუჯეტს 97 596 ლარი დაუჯდა.
93 625 ლარი კი დაიხარჯა მხატვრულ განათებაზე, დეკორაციაზე. ათი გამარჯვებული მასწავლებლისთვის გადასაცემ თაიგულსა და გულსაბნევზე.
70 600 ლარი დაიხარჯა ფურშეტზე, მუსიკალურ გაფორმებასა და მაგიდების გაფორმებაზე.
5 ათასი ლარი ვიდეომონტაჟსა და ტრანსპორტირებაზე.
აღნიშნულ ხარჯებში არ არის მითითებული დაუქირავეს თუ არა რეგიონებიდან ჩასულ მასწავლებლებს სასტუმრო. არც ის ასი ათასი ლარია მითითებული, რომლითაც ათი საჯარო სკოლის მასწავლებელი დააჯილდოვეს.
თითოეულს 10-10 ათასი ლარი გადაეცა.
დაჯილდოებული ათი მასწავლებლიდან, არცერთს სცენაზე სიტყვა არ უთქვამს.
სოციალურ ქსელებში ღონისძიებას კრიტიკულადა გამოეხმაურა მასწავლებელთა ნაწილი და „მასკარადი“ უწოდეს.
„ესაა დადუმებული სასკოლო საზოგადოების სახე“, – წერდა ერთ-ერთი პედაგოგი.
მასწავლებლების შესარჩევი ჟიური პროსახელისუფლებო მედიის ტელეწამყვანებით და ძირითადად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირებით იყო დაკომპლექტებული.
სამინისტრომ ძირითადად ის პედაგოგები დააჯილდოვა, რომლებიც სისტემის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი.
განათლების სამინისტრომ „მასწავლებლის ეროვნული დღე“, წინასაარჩევნოდ, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საპირწონედ შექმნა. ეროვნული ჯილდოსგან განსხვავებით, სამინისტროს ღონისძიება მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ეროვნულ ჯილდოს კი, კერძო დამფინანსებლები ჰყავს.
განათლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დახურული საჯარო უწყებაა ქვეყანაში, რადგან პატივს არ სცემს კანონმდებლობას და არ გასცემს ოფიციალურად მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას.
აღნიშნული უწყება, რამდენიმე წელია ფაქტობრივად, არანაირ კომენტარს არ აკეთებს, განათლების სისტემაში გაჩენილ პრობლემებსა და თუ სხვადასხვა საკითხზე. სამინისტრო, არა მარტო მედიის კითხვებზე დუმს, დახურულია კრიტიკულად განწყობილი მასწავლებლებისთვისაც.
ორ წელზე მეტია, პედაგოგები, მშობლები, სამოქალაქო აქტივისტები სკოლებში კვების დაფინანსებას ითხოვენ. მასწავლებლები საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად ცუდად აისახება შიმშილი ბავშვების ზრდა-განვითარებაზე, თუმცა დაპირებების მიუხედავად, განათლების სამინისტრო თანხების და სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობას იმიზეზებს.
იხილეთ ღონისძიების დეტალური ხარჯთაღრიცხვა.

„მასწავლებლის ეროვნული დღე“-ღონისძიების ხარჯვითი ნაწილი.







