მარიამ ბიძინაშვილი 18 წლისაა და თბილისში მეორე კურსზე სწავლობს. გაზაფხულზე მარიამი აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. „თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი. ჩემი ოჯახი ძალიან ნერვიულობდა ჩემზე, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს სახლში ჯდომას, ჩემი აქციებზე ყოფნა ერჩივნათ“.
- როგორი განცდა იყო აქციებში მონაწილეობა?
საქართველო ორჯერ ვნახე გაერთიანებული. ერთხელ აქციებამდე, ფეხბურთის პერიოდში. მაშინ ნამდვილად იგრძნობოდა ჰაერში, როგორი გაერთიანებული იყო მთელი საქართველო. ბავშვებიდან დაწყებული, ასაკიანი ხალხით დასრულებული ყველა ქუჩაში იდგა და ზეიმობდა.
ამის შემდეგ უცებ, სრულიად მოულოდნელად, აქციებზე რომ აღმოჩნდები სულ სხვა ემოცია გაქვს. ხალხი ასეთი სიხარულის შემდეგ გარეთ იდგა, რომ ისევ საქართველოს დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის ებრძოლა. ეს რთული სანახავი იყო. მაგრამ, როდესაც უკანა რიგებში დგახარ და გესმის ხალხის შეძახილები, ეს მაინც ძალიან დიდი მოტივაციაა.
- როგორია თქვენი მოლოდინები მომავალ არჩევნებზე?
ეს ჩემი პირველი არჩევნებია და თან ეს ისეთი მნიშვნელოვანი არჩევნებია, როგორიც ჯერ აქამდე არ ყოფილა საქართველოში. ეს არის ყველაზე რთული პროცესი, რაც ახლა გვაქვს გადასატანი. ამიტომ 26 ოქტომბერს დიდი იმედით ველოდები და ამავდროულად შიშითაც. გული გიფანცქალებს ყოველდღე მაშინ, როდესაც ხედავ, როგორ მოქმედებს რუსული კანონი. აქამდე ყველა 26 მოგებული გვაქვს და მჯერა, რომ შემოდგომის 26-იც კარგად ჩაივლის.
ამ წელს დაახლოებით 300 000 ახალგაზრდა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს ძალიან დიდი პლუსია. წინა არჩევნებზე პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ამიტომ კარგად მახსოვს, რაც ხდებოდა. მაშინ, არჩევნებისას იყო ფულის მიცემის, ანუ მოსყიდვის მომენტები, გაყალბებაც, პრობლემები კოორდინატორებთან და ასე შემდეგ. ასეთი რამ ამ წელს აღარ უნდა განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც ძალიან ძლიერი ხალხი ვართ, მაინც მაქვს ამის შიში.
ხალხი არ უნდა მოექცეს ზეგავლენის და პროპაგანდის ქვეშ. ეს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება. არ უნდა მივცეთ პროპაგანდისტულ ნარატივებს საშუალება მოწამლოს საღი გონება. ყველა აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე.
მახსოვს, ჩვენი აქციების მეორე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამართა აქცია. იმ აქციაზე მისულ ხალხს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყვნენ მისულები და რა მიზნით.
მსგავსი შინაარსის პოსტი მაშინ ფეისბუქზეც დავწერე და როგორღაც მომეშვა, რადგან მეც მყავდა მეგობრები სოციალურ ქსელში, რომლებიც იმ აქციაზე იყვნენ მისულები. მაშინ იდებოდა პოსტები თითქოს ისინი იქ „საქართველოს ერთიანობისთვის“, „ქრისტიანისთვის“ იდგნენ. აბსურდია ქრისტიანობას ქადაგებდე და სულ სხვა მორალებით ხელმძღვანელობდე.
ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 26 ოქტომბრამდე დრო, რომ ასეთი რაღაცის წინააღმდეგ იმუნურები გავხდეთ. უნდა მივიღოთ ინფორმაცია და გარე ძალების მიერ შექმნილი კონსპირაციული თეორიების გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ. მთავარია ის, რომ წავიდეს ეს ხელისუფლება და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ქვეყნის შენება. იმის მიუხედავად, რომ ამჟამად არ მჯერა არცერთი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკოსის, ეს ხელისუფლება ნამდვილად თავიდანაა მოსაშორებელი.
- რაში გვჭირდება ევროპა/ევროკავშირი?
აქციების პერიოდში მომეცა შანსი ბრიუსელში ერთი კვრით წავსულიყავი. იქ, ბრიუსელის ცენტრში ვნახე ევროკავშირის შტაბ-ბინა, რომლის წინაც უამრავი დროშა იყო აღმართული, მათ შორის საქართველოს დროშაც. მაშინ ვფიქრობდი, რომ იქ არამხოლოდ ჩემი ადგილი, არამედ დანარჩენი 3 მილიონი ქართველის ადგილიც იყო. ერთ მომენტში ბრიუსელს ვათვალიერებდი და მეორე წუთში აქციებს ვადევნებდი თვალს.
ევროკავშირი იმისთვის გვჭირდება, რომ ის ღირებულებები და მისწრაფებები, რაც გვაქვს შევინარჩუნოთ. შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და ჩვენი თავის იმედი გვქონდეს.
მინდა თბილისში მიღებული ცოდნით გავიდე საქართველოს გარეთ, იქაც დავაგროვო ცოდნა და ახალი უნარები და უფრო ძლიერი დავუბრუნდე საქართველოს. ამიტომ ევროკავშირი მე, პირადად, მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი მიზნები და ოცნებები განვახორციელო. არ მინდა საქართველო დაუბრუნდეს იმ პერიოდი, რომელსაც ჩემი მშობლები ცუდად და ტკივილით იხსენებენ, როდესაც იყო გაჭირვება, არ ჰქონდათ გარეთ გასვლის, გართობის და ოცნებების ასრულების საშუალება.
- შენი აზრით, რატომ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ?
სახელმწიფო არ გვთავაზობს საჭირო პირობებს ნორმალური ცხოვრებისთვის. ისინი ითხოვენ, რომ ვიყოთ განათლებულები, გვქონდეს მაღალი IQ და ითხოვენ არ ვწუწუნებდეთ, როცა ფული და შესაძლებლობა არ გვაქვს. ზუსტად ასეთი სიტუაციის გამო ვერ ჩერდებიან ახალგაზრდები.
ჩვენ გამართული და ჯანსაღი სისტემა რომ გვქონდეს, არ იქნება იმის საჭიროება, რომ სტუდენტები რეგიონებიდან თბილისში წავიდნენ. რატომ უნდა უწევდეს ხალხს ამის გაკეთება? უნდა გაიზარდოს საგანმანათლებლო რესურსები. ასეთი ტიპის რესურსები არის თბილისში.
აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ თბილისიც არ ყვავის ამ მხრივ, რადგან თბილისიდანაც სტუდენტების უმრავლესობა დასავლეთში მიდის სასწავლებლად. მე არ მინახავს ჯერ სტუდენტი, ვინც რუსეთისკენ მიდის. უცხოეთში სტუდენტები და მათ შორის მეც იმიტომ კი არ მივდივართ, რომ შემდეგ ხმამაღლა ვიძახოთ, რომ დასავლური განათლება გვაქვს. იმიტომ მივდივართ, რომ აქ რაც დაგვაკლდა, ის ევროპაში მოვიპოვოთ.
მე თვითონ მყავს ოჯახში ემიგრანტი ბებია. 6 წელია უკვე ამერიკაში ცხოვრობს. მამაც იყო 3 წელი სამუშაოდ გერმანიაში, ამიტომ ვიცი, როგორი გრძნობაა, როცა გყავს ემიგრანტი ოჯახში და ვიცი რას გრძნობენ ემიგრანტები. მართლა ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობენ სხვა ქვეყანაში, საკუთარი სახლიდან შორს.
ბებია ამდენი წელია ამერიკაშია. იძულებული გახდა, ასე ვთქვათ, საკუთარი შვილის საფლავი მიეტოვებინა იმის გამო, რომ ოჯახს ელემენტარული საჭიროებების უზრუნველყოფის საშუალება გვქონოდა.
შეიძლება ახალგაზრდებს სთავაზობს საქართველო მინიმალურ შესაძლებლობებს, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც უკვე ასაკშია (საპენსიო ასაკში), ვერ სთავაზობს ვერაფერს დამატებითი შრომის გარეშე რომ შეძლონ ნორმალური ცხოვრება.
მაგალითად, ბებია ამერიკაში რომ არ იყოს, ბაბუა და ბებია საკუთარი პენსიით ვერ ირჩენდნენ თავს, გამორიცხულია. მათ ვერ ექნებოდათ წამალი საკმარისი რაოდენობით, ვერც საკვები და კომუნალურებზე ხომ ზედმეტია საუბარი.
დაპირებების მიუხედავ არ ან ვერ გვთავაზობს ეს ხელისუფლება ნორმალურ ცხოვრებას. უფრო სწორი იქნება – არ უნდა, რომ შემოგვთავაზოს.
- რა არის „ქართული ოცნების“ მიზანი?
სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რას აკეთებენ. ერთადერთი, რასაც ვხვდები არის ის, რომ საკუთარი ჯიბეების გასქელება მათი პირველი პრიორიტეტია.
ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე დაგვპირდა უფასო ფულს. აი, რას ნიშნავს უფასო ფული? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ფულს შენი ჯიბიდან მომცემ ან მაჩუქებ? არაფერს არ მჩუქნი, იმასაც მართმევ, რაც უკვე მაქვს.
საქართველოს ისტორიაში იყო ბევრი ადამიანი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძე, რომელიც მსხვერპლი გახდა. იყვნენ სხვებიც, მაგრამ არ ეშინოდათ. ილია ყოველთვის გაიძახოდა, რომ მოძრაობა და უფრო მეტი მოძრაობაა საჭირო განვითარებისთვის. ილიას ლოზუნგი იყო – არ გაჩერდე.
ეს მთავრობა კონსპირაციულ თეორიას იყენებს, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის და ამავდროულად გაიძახის, რომ უნდა ევროპა.
თუ ევროპა მართლა გინდა, რას აკეთებ ამისთვის? რატომ ცდილობ განვითარება შეაჩერო, რატომ მექაჩები უკან, როდესაც მაქვს უზარმაზარი შანსი წინ წავიწიო? მათი ნარატივები არის სრულიად აბსურდული და ტყუილი. ერთადერთი ბერკეტი, რაც მათ აქვთ არის ის, რომ ამ ტექსტებით მარტივად მანიპულირებენ საზოგადოებაზე.
ამ მანიპულაციების ქვეშ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებიც შეიძლება მოხვდნენ. მაგრამ უკვე 12 წელია ამას ვისმენთ და უკვე გვეყოფა. ბევრ რაღაცაში ნამდვილად მოვტყუვდით, მაგრამ აღარ არის თავის მოტყუების და გაჩერების დრო.
ჩემმა კურსელებმა და სხვა სტუდენტებმა აქციებისას ძალიან დიდი მოტივაცია მომცეს. ჩვენ ყველა ერთად დავდექით ქვეყნის სამსახურში. ძალიანა დასაფასებელი იმ ხალხის სიმამაცე, ვინც აქციების დროს წინა ხაზზე იდგა. ნამდვილად ფარივით ედგნენ უკან მდგომ ადამიანებს.
მომავალი ბრძოლა არ არის წასაგები, აუცილებლად გავიმარჯვებთ.