სიახლეები

„ჩინჩალაძე და მურუსიძე სისტემიდან წავლენ“ – კიდევ რას უპირებს სასამართლო კლანს ოპოზიცია

22.09.2024 •
„ჩინჩალაძე და მურუსიძე სისტემიდან წავლენ“ – კიდევ რას უპირებს სასამართლო კლანს ოპოზიცია

„ვეტინგის გარეშე წარმოუდგენელი იქნება სამართლიანი პროცესის ჩატარება“, – მიიჩნევს თამარ კორძაია, პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი. ოპოზიციური ძალების სხვა ლიდერებს ვკითხეთ: რას უპირებს სასამართლოს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის აღდგენა „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება იყო 12 წლის წინ. თუმცა ბიძინა ივანიშვილი სასამართლო კლანის ლიდერს, ლევან მურუსიძეს გაურიგდა, ხოლო პრემიერმა ღარიბაშვილმა გვითხრა: „მურუსიძე და ჩინჩალაძე იყვნენ სისტემის მსხვერპლნი“.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ე.წ. ვეტინგს ემხრობა, ანუ იმას, რომ საერთაშორისო კომისიამ – ავტორიტეტულმა და ნდობით აღჭურვილმა პირებმა – შეისწავლონ მოსამართლეების კეთილსინდისიერება, ასევე მათი კავშირი კორუფციასთან. ამას ითვალისწინებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ინიციირებული „ქართული ქარტიაც“, რაზეც ხელი, მაგალითად, გიორგი გახარიამ არ მოაწერა, თუმცა გახარიამ წინასაარჩევნო პროგრამაში ეს ჩაწერა:

„ჩინჩალაძე და მურუსიძე სისტემიდან წავლენ. პრივილეგიებს ჩამოვართმევთ სასამართლოს ელიტურ დაჯგუფებას. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უზრუნველვყოფთ ყველა აქტორს შორის კონსენსუსის მიღწევას, რომ მანკიერი სისტემა გამოსაცვლელია [failed system],“ – ვკითხულობთ „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო პროგრამაში.

„ბათუმელები“ წინასაარჩევნო პროგრამებს გაეცნო და ოპოზიციონერ ლიდერებს ესაუბრა: რა ელის სასამართლო კლანს?

„დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის გზაზე ჩვენთვის ბარიერები და პოლიტიკური კომპრომისები არ არსებობს. სასამართლოს გავათავისუფლებთ გავლენის ჯგუფისგან საკონსტიტუციო რეფორმითა და სასამართლოში კორუფციის აღმოფხვრის გზით, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და სასამართლოს თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მიერ კორუფციის ფაქტების გამოძიების გზით,“ – ვკითხულობთ „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო პროგრამაში.

ეს პარტია პრიორიტეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას ანიჭებს:

„შევცვლით წევრების ნომინირების წესს და საბჭოს შემადგენლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული საბჭოს დაკომპლექტება ამა თუ იმ პარტიისადმი ლოიალური წევრებით.

  • დავნერგავთ საბჭოში [იუსტიციის უმაღლეს საბჭოში] გადაწყვეტილებების მიღებას ე.წ. ორმაგი 2/3-ის წესით;
  • დამოუკიდებელ ინსპექტორს გავათავისუფლებთ საბჭოს გავლენისგან და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას.

პროცესი იქნება მტკივნეული, მაგრამ ქვეყანამ ეს ფურცელი უნდა გადაშალოს და დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. დავიცავთ ყველა დამოუკიდებელ და კეთილსინდისიერ მოსამართლეს, რომლებიც სისტემაში მრავლად არიან. წინ წამოვწევთ და მათ ვანდობთ მართლმსაჯულებას. ჩვენს სამართლებრივ სისტემას აქვს კვალიფიციური ადამიანური რესურსი და არ საჭიროებს უცხოელ მოსამართლეებს,“ – აღნიშნულია გიორგი გახარიას წინასაარჩევნო პროგრამაში.

კლანის სასამართლოდან მოშორებას ჰპირდება ამომრჩეველს პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობაც“. თამარ კორძაია ამ თემაზე საუბრის დროს ყველაზე ხშირად „ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას“ ახსენებს და თანამონაწილეობით გადაწყვეტილებების მიღებას.

„ჩვენ უნდა ამოვიდეთ ქართული ქარტიიდან, რასაც ხელი მოვაწერეთ. ეს არის მინიმალური სტანდარტი. ვვარაუდობთ, რომ ვინც ხელი მოვაწერეთ, ყველა გაითვალისწინებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია მოსამართლეების კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების შემოწმება. მნიშვნელოვანია, სისტემაში დავინახოთ კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც… ვეტინგი არის საშუალება, რომ სულ მცირე გავიგოთ, რამდენად კეთილსინდისიერია მოსამართლე, მოქმედებს თუ არა კანონის ფარგლებში, რამდენად არის ნეპოტიზმში ჩართული, ასევე კორუფციასთან გვაქვს თუ არა საქმე.

მნიშვნელოვანი შეკითხვაა ამ პროცესში: ვინ გააკეთებს ამ ყველაფერს? ჩვენი მოსაზრებაა, რომ ჩავრთოთ ავტორიტეტული ექსპერტები და ეს პროცესი დავინახოთ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს სიმაღლიდან.

თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ყველაზე ლოგიკურია, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ რეკომენდებული პირები ჩავრთოთ, ან თავად მოსამართლეები, თუმცა ამ ნაწილში ოპტიმისტი ვერ ვიქნებოდი, მათ ბევრი საქმე აქვთ,“ – გვითხრა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია

ე.წ. ვეტინგი ჩატარდა მოლდოვაში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა შეთანხმებულად დატოვეს თანამდებობები, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ დარჩენილიყო და საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ უკმაყოფილება გაზრდილიყო?

როგორ დაიცავთ თავს მსგავსი რისკებისგან, რაც სასამართლო კლანმა საქართველოში შეიძლება გააკეთოს? – ვკითხეთ თამარ კორძაიას.

„მსგავს რისკებს ჩვენც ველოდებით, მაგრამ  ვიმოქმედებთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად,“ – ამბობს თამარ კორძაია.

დავუშვათ, სასამართლო სისტემა კლანისგან გათავისუფლდა, რა მექანიზმი დაინერგება, რაც მმართველ პოლიტიკურ ძალას სასამართლოზე გავლენის საშუალებას არ მისცემს? – ესეც ვკითხეთ პარლამენტის წევრს და ვუთხარით ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიზებული სასამართლო იყო. ამჯერად რატომ მოინდომებს იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო დამოუკიდებელი გახდეს?

„ეს შეკითხვა ლოგიკურია, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სადაც აღიარა შეცდომების დაშვება, პირველ რიგში, აღიარა სასამართლოსთან მიმართებით. უფლებამოსილებების მაქსიმალურად გადანაწილება უნდა მოხდეს. ერთი უწყების ქვეშ არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება, როგორც ეს დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება. აუცილებლად იქნებიან ჩართული ამ პროცესში საერთაშორისო არბიტრები. მათ უნდა შექმნან ასევე დამოუკიდებლობის გარანტიები.

პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს. ამ ორგანოს უნდა ჰქონდეს ძირითადად სტრატეგიის განსაზღვრის უფლება სასამართლო სისტემაში, მაგრამ დისციპლინური წარმოების უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს, რაც ზემოქმედების ბერკეტია მოსამართლეებზე. მოსამართლეების დანიშვნის საკითხებიც არ უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ვნახეთ, რომ არ იმუშავა ე.წ. უპარტიო დანიშვნის წესმა. ერთმა-ორმა შესაძლოა გაამართლა, მაგრამ ზოგი გადაიბირეს, ზოგი მდუმარეა და ასე შემდეგ,“ – აღნიშნა თამარ კორძაიამ „ბათუმელებთან“.

ვინ გაამწესებს მაშინ მოსამართლეს?

„რამდენიმე ვერსია შეიძლება არსებობდეს. შეიძლება არსებობდეს საყოველთაო, კონსენსუსის გზით შექმნილი დროებითი ორგანო, როგორც, მაგალითად, იქმნება საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, როცა იქმნება კომისია, არჩევენ კანდიდატებს და შემდეგ ირჩევს პარლამენტი,“ – გვითხრა თამარ კორძაიამ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ინიციირებული „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს „სასამართლოს გათავისუფლებას“. ქარტიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. ქარტიაში სასამართლოს შესახებ კონკრეტულად ეს ჩანაწერია:

  • გავათავისუფლებთ სასამართლოს კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის  შემოწმების გზით;
  • ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;
  • შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
  • შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;
  • სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;
  • მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
  • გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაც „ილიას გზა“ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას, ე.წ. ვეტინგს ემხრობა. პროგრამაში ვკითხულობთ:

„ჩვენ განვახორციელებთ სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმას ევროპული სტანდარტების მიხედვით და პრეზიდენტის ქარტიის შესაბამისად, რომელსაც
ოპოზიციურმა პარტიებმა მოვაწერეთ ხელი.

  • მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცესის, ე.წ. ვეტინგის უზრუნველყოფა;
  •  საქმეთა სწრაფად განხილვის მიზნით სასამართლოში ყველა ვაკანსიის შევსება და განხილვის ვადების შემჭიდროება;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების შემცირება და მოსამართლეების ე.წ. გადასახლების გაუქმება.

განხორციელდება მოსამართლეთა და იუსტიციის საბჭოს წევრების კეთილსინდისიერების შემოწმება, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი 9 რეფორმის ფარგლებში. ისინი, ვინც ვერ მიიღებენ დადებით შეფასებას, დატოვებენ სისტემას.

განხორციელდება იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილების, დაკომპლექტების და საქმიანობის წესის ცვლილება იმისათვის, რომ საბჭომ რეალურად შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქცია – უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა.

გატარდება საჭირო ცვლილებები სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციის და კორპორატივიზმის/კლანურობის აღმოსაფხვრელად და სამომავლო პრევენციისთვის. გაუქმდება მოსამართლეზე ზეწოლის და მის გადაწყვეტილებაში ჩარევის მექანიზმები [მაგ. გამოსაცდელი ვადა, ე.წ. გადასახლების მექანიზმი და სხვ.].

შეიქმნება სასამართლოს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კანონით გარანტირებული სისტემა.

მართლმსაჯულება გახდება დროული და ეფექტური, გაიზრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაიწერება შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები გადაწყვეტილებების დროულად გამოტანის უზრუნველსაყოფად.

განხორციელდება საკონსტიტუციო მართლმსაჯულების რეფორმა,“ – ვკითხულობთ კოალიციის „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაში „ილიას გზა“

„სიტყვას ვიძლევით, არ შევეკვრებით კლანს“, – ამბობს თენგიზ თევზაძე, პარტია „ახლის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია, გირჩი, დროა“ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას აპირებს და ამავდროულად 200 ახალი მოსამართლის შერჩევას, სასამართლო საქმეების გაჭიანურების პრობლემა რომ არ გამწვავდეს.

ამ კოალიციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ პროცესში მოსამართლეებს საერთაშორისო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება უნდა შეეძლოთ, ხოლო ვინც შემოწმებაზე უარს ამბობს, შეუძლია სისტემა შემოწმების გარეშე დატოვოს.

რა გამორიცხავს კლანთან შეკვრას, ან იმას, რომ ხელისუფლებაში მოსული ოპოზიცია არ მოისურვებს ისევ სასამართლო სისტემის გავლენის ქვეშ მოქცევას? – თენგიზ თევზაძე აქცენტს კოალიციის ურთიერთკონტროლზე აკეთებს.

ოპოზიციონერს შევახსენეთ, რომ თავის დროზე კოალიციის სახელით მოვიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაც“.

„ვერ დაგეთანხმებით, კოალიცია იყო მაშინ მხოლოდ ერთ პირზე დამოკიდებული. მაშინ რომ რომელიმე ლიდერი წინააღმდეგი წასულიყო, რა მოხდებოდა? უბრალოდ გაუშვებდნენ იქიდან, როგორც მოხდა ეს შემდეგ წლებში…

ამ შემთხვევაში კი, სამი ოპოზიციური ცენტრი არსებობს და არცერთს არ აქვს მინიმუმ ბარიერის გადალახვის პრობლემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: რეალურად უნდა შევეწინააღმდეგოთ ერთმანეთს, თუ რამე ისეთს გავაკეთებთ.

ჩვენ ვართ კოალიცია და გვაქვს ურთიერთკონტროლის მექანიზმი. სამთავრობო კოალიციაში შემავალ პარტიებსაც ურთიერთკონტროლის მექანიზმი გვექნება. შესაბამისად, ეს არ იქნება ერთი პირის, ან პირთა ვიწრო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.,“ – გვიპასუხა თენგიზ თევზაძემ.

თენგიზ თევზაძე

თენგიზ თევზაძე გვესაუბრება, რომ კონსენსუსი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის, არამედ „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც თევზაძის აზრით, მომავალ პარლამენტში უკვე ოპოზიციაში იქნება.

რა მექანიზმით იქნება დაცული სასამართლოს დამოუკიდებლობა ვეტინგის დასრულების შემდეგ?

„ვფიქრობთ, ვეტინგის პროცესი შეეხება დაახლოებით 150 მოსამართლეს – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს, ასევე იმ მოსამართლეებს, რომლებზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ მიერ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა…

დღეს 200 ახალი მოსამართლე გვჭირდება მინიმუმ, რომ მართლმსაჯულების სისტემამ იმუშაოს ეფექტურად. თუ ამ შემოწმების დროს, გაიპარება ვინმე არაკეთილსინდისიერი მოსამართლე, იმდენად ბევრი ახალი მოსამართლე შევა, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, საბოლოო ჯამში შეიქმნება მართლმსაჯულების კლანისგან გათავისუფლების მექანიზმი.

ნაფიც მსაჯულებს შეეძლებათ განიხილონ ყველა დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს.

უნდა ვიფიქროთ ამ საკითხზეც, როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესი,“ – გვითხრა თენგიზ თევზაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: