პედაგოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, გიორგი ჯავახიშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი შეაჩერა და ავტორებისა და გამომცემლობებისგან მალულად დაიწყო უახლეს ისტორიაზე მუშაობა. წიგნის რედაქტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი იქნება.
„ეს ადამიანი 13 სექტემბერს გორში გამართულ აქციაზე იდგა და ტაშს უკრავდა ბიძინა ივანიშვილს, როცა მან განაცხადა, რომ „ოსების ცეცხლის ალში გახვევის გამო“ ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოვიხადოთ.
მეორე მხრივ, სოსიაშვილი არის მოქმედი პარლამენტარი, რომელმაც ხელი მოაწერა, როგორც რუსულ კანონს, ისე ჰომოფობიურ კანონს და ასევე მხარი დაუჭირა გენდერული კვოტების გაუქმებას. შესაბამისად, მისი ყოფნა ამ სახელმძღვანელოს რედაქტორის პოზიციაზე აჩენს პოლიტიკურ კითხვებსაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ჯავახიშვილი.
- ბატონო გიორგი, რა ხდება მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ და რა მიზეზით შეაჩერა გრიფირება სამინისტრომ, თუ გაქვთ ინფორმაცია?
2022 წლის შემოდგომიდან, როცა დაიწყო ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სკოლებში, უნდა გამოცემულიყო ამ სტანდარტის შესაბამისი სახელმძღვანელოებიც X, XI და XII კლასებისთვის.
2022 წლისთვის მომზადდა მე-10 კლასის სახელმძღვანელო და საქართველოს და მსოფლიო ისტორიები ცალ-ცალკე გამოიყო. კვირაში ორი საათი საქართველოს ისტორიას ეთმობა, ორი კი – მსოფლიო ისტორიას.
რამდენიმე წიგნი არსებობდა, ერთ-ერთი და მთავარი ხიბლი იყო ის, რომ წიგნები იწერებოდა ავტორთა ჯგუფის მიერ და განხილვის პროცესში ვიყავით ჩართული პედაგოგებიც.
ამ პროცესში მონაწილეობდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, რომ შერჩეული თემები თანხვედრაში ყოფილიყო ადამიანის უფლებებთან და სათანადოდ წარმოჩენილიყო ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ღვაწლიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ასე გრძელდებოდა 2024 წლამდე.
2023 წლისთვის მომზადდა მე-11 კლასის სახელმძღვანელო ასევე ორ ნაწილად და აქაც ცალკე გამოიყო საქართველოს ისტორია. გამოცხადდა კონკურსი, გამომცემლობებმა და ავტორთა ჯგუფებმა როცა შექმნეს შავი ვერსიები, იგივე პროცესი განმეორდა თავისი რეცენზირებებით, განხილვებით და ასე შემდეგ.
შარშანვე უნდა დაწყებულიყო მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოების შედგენაც, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სამუშაო ვერსიების შექმნის და მათი გადაგზავნის შემდეგ, განათლების სამინისტრომ გაზაფხულზე გრიფირების პროცესი შეაჩერა.
- რა მიზეზით, ახსნა სამინისტრომ?
არა. გაურკვეველი მიზეზების გამო. ერთ-ერთი არგუმენტი, რაც ზედაპირულად ახსენეს იყო ის, რომ თითქოს ახალი სახელმძღვანელოები არ ჯდებოდა ეროვნულ სტანდარტსა და მიზნებში.
- რომელ მიზნებზე იყო საუბარი, არ განუმარტავთ?
ქრონოლოგიაზე იყო თითქოს საუბარი.
ახლა კი, უცებ, წინა პარასკევს ნათელი გახდა, რომ მე-12 კლასში ისევ უნდა ვისარგებლოთ 2012 წელს გრიფმინიჭებული წიგნებით, რომლებიც სულაკაურმა და დიოგენემ გამოსცეს. უბრალოდ, ამ წიგნებში არის დიდი ხარვეზი, რადგან ძალიან დამამცირებელი ნარატივია გაჟღერებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ.
- რას გულისხმობთ დამამცირებელ ნარატივში?
2012 წლის სახელმძღვანელოში ეწერა, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა არ ომობდა, რომ თითქოს ორ კვირაში დამარცხდნენ და მიატოვეს ქალაქი. არადა, თვე-ნახევარი იომეს ლამის საბჭოთა არმიის წინააღმდეგ. უბრალოდ, უკან დაიხიეს და შემდგომ საბჭოთა ჯარმა დრო იხელთა.
საუბარია იმაზეც, რომ თითქოს ბრძოლები არ გაგრძელდა დასავლეთ საქართველოში, რაც ტყუილია. ვიცით, რომ ბათუმში იყო ბრძოლები და მაზნიაშვილი ჯერ საბჭოთა ჯარს ეომებოდა, შემდეგ – ოსმალებს. თითქოს მარცხისა და სირცხვილის ეპიზოდი იყო პირველი რესპუბლიკა ქართველთა ცხოვრებაში, ისეა წარმოჩენილი.
- ვინ არიან ამ წიგნის ავტორები, ვინ დაწერა ეს?
თავის დროზე ეს დაწერა გიორგი სანიკიძემ, რომელიც კარგი ისტორიკოსია, თუმცა შუა საუკუნეების და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მცოდნეა და რატომღაც ხელი მოჰკიდა უახლესი ისტორიის შეფასებას. ასევე იყო რევაზ გაჩეჩილაძე (თუ არ მეშლება), რომელიც ძალიან კარგი დიპლომატია, მაგრამ საქართველოს ისტორიას ნაკლებად იცნობს, უფრო ევროპული მე-20 საუკუნის ისტორიის სპეციალისტია.
- რატომ იმუშავეს უახლეს ისტორიაზე, როგორ ფიქრობთ?
ეს 2012 წლის ამბავია და მაშინ სხვა ისტორიკოსები ქვეყანაში ფიზიკურად არ იყვნენ.
ახალი და უახლესი ისტორიის კვლევები ბოლო პერიოდში არნახულად გაიზარდა. მარტო მედიაში რა კუთხითაც შუქდება საბჭოთა წარსულის ისტორიები, ესეც კი დიდ ცოდნას და გამოცდილებას იძლევა.
წამოვიდა ისტორიკოსების ახალი თაობა, რომლებმაც 2010-იან წლებში მიიღეს განათლება და უფრო მეტად აქვთ დღეს წვდომა არქივებზე. შესაბამისად, ახალი ნარატივებია საჭირო.
- რა გაარკვიეთ მე-12 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე, ვინ იმუშავებს და როდის აპირებენ გამოცემას?
როგორც ვთქვი, გაზაფხულზე შეჩერდა გრიფირების პროცესი და ერთი კვირის წინ აღმოჩნდა ასეთი ამბავი, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის იწერება საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი, რომლის რედაქტორიცაა „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი.
სახელმძღვანელო უნდა დაწეროს თსუ-ს პროფესორმა დიმიტრი შველიძემ, რომელიც ნამდვილად უბადლო ისტორიკოსია. უბრალოდ შველიძეს არ უთხრეს, რომ ეს პროცესი კონკურსის გვერდის ავლით, ავტორებისა და გამომცემლობების ჩართულობის გარეშე კეთდება. მეთოდურ მხარეს კი უხელმძღვანელებს ნიკოლოზ სილაგაძე, რომელიც განათლების სამინისტროს თანამშრომელია.
ამ პროცესში მთავარი აქტორი არის გიორგი სოსიაშვილი. მე, როგორც მასწავლებელი, ისტორიის მკვლევარი, სწორედ მის რედაქტორობაში ვხედავ პრობლემას შემდეგი გარემოებების გამო: პირველი მიზეზი არის ის, რომ სოსიაშვილი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის სპეციალისტია, ნაკლები ცოდნა აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაზე პოლიტიკური კონტექსტების ჩაშლის კვალდაკვალ, რადგან შუასაუკუნეების და მეორე მხრივ, საბჭოთა საქართველოს მკვლევარი ერთად ვერ იქნები. სტომატოლოგი და ქირურგი რომ ერთი და იგივე ადამიანი იყოს, დაახლოებით ასეთი ამბავია.
მეორე მხრივ, გიორგი სოსიაშვილს არ აქვს სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობის არანაირი გამოცდილება, არც მასწავლებელია და არც სასკოლო კვლევებთან აფილირებული.
ამას ემატება ისიც, რომ სახელმძღვანელო იწერება ფარულად, კონკურის გარეშე, გამომცემლობებისა და ავტორთა ჯგუფის გვერდის ავლით. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ სოსიაშვილი არის „ქართული ოცნების“ მოქმედი პარლამენტარი და ე.წ „გამჭვირვალობის“ კანონის ხელმომწერი დეპუტატი, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, როგორც რუსული კანონი.
ის ხელმომწერია ასევე ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული მეორე, ჰომოფობიური კანონის და ხელმომწერია გენდერული კვოტის გაუქმების. შესაბამისად, მისი ყოფნა ამ სახელმძღვანელოს რედაქტორის პოზიციაზე აჩენს პოლიტიკურ კითხვებსაც.
მით უმეტეს, რომ გიორგი სოსიაშვილი 13 სექტემბერს იმყოფებოდა გორში აქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ „ოსების ცეცხლის ალში გახვევის გამო“ ჩვენ ანუ ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოვიხადოთ და ამ განცხადების დროს ის ტაშს უკრავდა ივანიშვილს.
შესაბამისად, გიორგი სოსიაშვილის ყოფნა გარდა აკადემიური და საგანმანათლებლო კრიტიკისა, აჩენს პოლიტიკური კრიტიკის ადგილსაც.
- პოლიტიკური მიკერძოებულობის ეჭვს ბადებს?
საქართველოში უახლესი ისტორია მუდმივად არის დისკუსიის საგანი. ის იმ დანაკარგებთან და ტკივილთან არის გადაჯაჭვული, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ქართველმა ხალხმა განიცადა, იქნება ეს ცხინვალისა თუ აფხაზეთის კონფლიქტები, საბჭოთა ტერორი და ასე შემდეგ.
პოლიტიკური სივრციდან მუდმივად იდევნებოდა რუსეთ-საქართველოს ომი, აფხაზეთის კონფლიქტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხი და ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს. ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს იმაზე, თუ რა ტიპის ნარატივს ამუშავებს განათლების სამინისტრო უახლეს ისტორიაში, სოსიაშვილის რედაქტორობით.
- „ქართული ოცნება“ ხშირად წერს მისთვის სასურველ ისტორიას. ამ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებისგან ვისმენთ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ივანიშვილმა კი ფაქტობრივად პირდაპირ დაადანაშაულა საქართველოს მაშინდელი მთავრობა „ცეცხლის გაჩაღებაში“. რადგან მე-12 კლასის სახელმძღვანელო უახლეს ისტორიას ეხება, ფიქრობთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ ნარატივის გაჟღერებას სახელმძღვანელოშიც ეცდება?
ვფიქრობ, რომ კი.
ბევრი მოსწავლისთვის, ისტორიის სახელმძღვანელო არის ერთადერთი წიგნი ისტორიაზე, რომელსაც ცხოვრებაში კითხულობენ. მოსწავლეების უმეტესობა სკოლის შემდეგ, თუ, მაგალითად, არ ირჩევს კინემატოგრაფიას, ლიტერატურას, ჟურნალისტიკას ან ისტორიას, ისტორიულ წიგნებს ნაკლებად კითხულობს.
შესაბამისად, არადემოკრატიული რეჟიმებისთვის ფუნდამენტურია, რომ შექმნან ისეთი სასკოლო ნარატივი და ისეთი გარემო სკოლებში, რომ ერთ სახელმძღვანელოში ამოკითხული ინფორმაცია მთელი ცხოვრება გაჰყვეს ადამიანს.
ამიტომ თუკი „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ დაიწერება სახელმძღვანელოები, სადაც რუსეთი არ არის ღიად ბრალდებული აგრესიაში, თუკი ირიბად იქნება წარმოჩენილი მისი როლი საქართველოს ოკუპაციაში და ცალმხრივად იქნება ის საგარეო კურსი, რომელიც 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს გააჩნდა, ესეც კითხვებს და სკეპტიციზმს გააჩენს დასავლეთის მიმართ.
გარდა ამისა, როგორც წესი, მე-12 კლასის სახელმძღვანელოებშია ადამიანის უფლებები და გლობალური კონტექსტები, რომელიც ამ სახელმძღვანელოში შეიძლება გააქრონ. დიმიტრი შველიძემ რომც დაწეროს, დარწმუნებული ვარ, სოსიაშვილი დააცენზურებს.
- თქვენ ამბობთ, რომ დიმიტრი შველიძე კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მეცნიერია. როგორ ფიქრობთ, ის ხელს მოაწერს გაყალბებულ ისტორიას, თუკი ამის მცდელობა ექნება „ქართულ ოცნებას“?
ვფიქრობ, დიმიტრი შველიძის სახელს იყენებენ ლეგიტიმაციისთვის. შესაძლოა არც კი აჩვენონ საბოლოო ვერსია. მსგავსი რამ ხდება ხოლმე ავტორიტარულ რეჟიმებში, მაგალითად, უნგრეთში და ნაწილობრივ თურქეთშიც.
- როგორ ხდება ეს?
მეცნიერებს აწერინებენ ტექსტებს, აქედან ნახევარს ტოვებენ და მეორე ნახევარს არედაქტირებენ. დარედაქტირებული ტექსტით რედაქტორის ხმა ისმის და არა ისტორიკოსის. ალბათ ასეთ შემთხვევასთან გვექნება საქმე.
როგორც ჩანს, შველიძეს არ უთხრეს, რომ ის იქნება იმ წიგნის პოტენციური ავტორი, რომელიც კონკურსს გარეშეა გამოცხადებული და ყოველგვარი კანონდარღვევით იწერება.
- ეს ხომ ნაშრომის გაყალბებაა?
დიდი ალბათობით მსგავსი პროცესი წარიმართება.
თუ შველიძე ამას გააპროტესტებს, ესეც პოსტფაქტუმ იქნება. წიგნი შევა სკოლებში და მერე გასკდება ამბავი, როცა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები აღმოაჩენენ დიმიტრი შველიძის „დაწერილ“ ისტორიულ ამბებს.
- როგორ შეიძლება ამის პრევენცია, რომ არ მივიღოთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პოზიციიდან დანახული საქართველოს ისტორიის ანალიზი?
განათლების სამინისტრომ თავიდან უნდა გამოაცხადოს კონკურსი, რომელიც დაკომპლექტდება იმ ფიგურებით, რომლებიც არ არიან აფილირებული პოლიტიკურ პარტიებთან და წარმოადგენენ მიუკერძოებელ აკადემიურ სივრცეს. მეორე მხრივ, სასკოლო სივრცეს, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და ასე შემდეგ.
კონკურსი არ არის გამოცხადებული და ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ წიგნი მზადდება. ინფორმაცია გასაჯაროებული არ არის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მოხდება ობიექტური, კრიტიკული და კომპეტენტური საზოგადოების ჩართვის გარეშე.
- ხომ არ გისაუბრიათ დიმიტრი შველიძესთან, გქონდათ მცდელობა თქვენი არგუმენტები გაგეზიარებინათ მისთვის?
დიახ, ვესაუბრე დიმიტრი შველიძეს. არ დავარედაქტირებინებ სოსიაშვილს ჩემს ნაშრომსო – ასეთი იყო მისი პოზიცია. ის მყარად დგას პოზიციაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაწერს იმ სიმართლეს, რომელიც მის სტატუსს და კომპეტენციას შეესაბამება. რომ ის არ იკადრებს ისეთ რამეს, რაც პროფესორს არ ეკადრება.
მაგრამ ერთია შველიძის მყარი პოზიცია და მეორე განათლების სამინისტროს მიზნები. ასევე ის ავტორიტარული გარემო, რაც ქვეყანაში გვაქვს.
- რამდენიმე დღეა, რაც სკოლა დაიწყო. გამოდის, რომ მეთორმეტეკლასელებს ისტორიის სახელმძღვანელო არ აქვთ. რაზე დაყრდნობით უნდა ისწავლონ?
მსოფლიო ისტორიას ისწავლიან 2012 წელს გამოშვებული წიგნებით, საქართველოს ისტორიის ახალ ნაწილზე კი, როგორც ვთქვით, სოსიაშვილის დარედაქტირებული წიგნი-რესურსი უნდა შემოვიდეს.
- როდის უნდა გამოიცეს ეს წიგნი?
2025 წლის ზამთრიდან უნდა ჩაუშვან, როგორც გავიგეთ.
- ასე სწრაფად იწერება სახელმძღვანელოები?
სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკა არსებობს ბოლო წლებია საქართველოში, რომ 90 დღეში იწერება სახელმძღვანელოები, რომლებიც მომდევნო 4 ან 8 წელი უნდა იყოს ჩაშვებული სასკოლო სისტემაში. ადრე ამ პრობლემაზე ბლოგიც მეწერა, სადაც ჩაწერილი მყავდა ლუიზიანაში მცხოვრები ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, ალექსანდრე მიქაბერიძე.
ის ამბობდა, რომ ლუიზიანაში სამი წელი მარტო სახელმძღვანელოს ელემენტარული შინაარსის და სარჩევის შედგენას მოვუნდითო, ჩვენთან კი 90 დღეში დგინდება სარჩევიც, თემატიკაც, ქრონოლოგიაც და საკითხებიც. ის, რასაც ამერიკა ანდომებს 3 წელს, ჩვენთან წყდება ერთ კვირაში.
- გამოდის, მე-12 კლასამდე ბავშვებს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ცოდნა არ აქვთ?
დიახ, ნამდვილად ასეა. მე-9 კლასში ისწავლება მხოლოდ საქართველოს უახლესი ისტორია კომბინირებულად მსოფლიო ისტორიასთან. მე-10 კლასში კი ისტორიის სწავლება თავიდან იწყება ძვ.წ. აღრიცხვიდან და ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები შემოდის მე-12 კლასში.
ძალიან პრობლემურია ასეთი გადანაწილება. ცალკე პრობლემაა ეს ორი სახელმძღვანელოც, რადგან მასალა უსაშველოდ დიდია და ვერ ვასწრებთ პროგრამის სრულყოფილად გავლას. ხშირად საკითხები ამოვარდნილია მოსწავლის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან, ნაკლები ბმა აქვს მსოფლიო ისტორიის კონტექსტებთანაც.