45 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა რუსულ კანონს.
კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს უნდა ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 აგვისტოდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უფლება ექნება რეპრესიები დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
რუსული კანონი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ჩაახშოს კრიტიკული აზრი და გაუსწორდეს ყველა იმ ორგანიზაციას, ვისი მუშაობაც არ მოსწონს.
სანამ რუსული კანონით დაკანონებული რეპრესიები დაიწყება, კანონმა ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგები უკვე მოიტანა და ის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხო.
კერძოდ, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერდა, გაუარესდა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველოს შეუწყდა მრავალმილიონიანი დახმარებები, რომელიც აშშ-დან და ევროკავშირიდან ჰქონდა.
„ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“, – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს გააკეთა. ელჩმა ასევე თქვა, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელი მთავრობაც შემდეგ წყვეტს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. თუ მომავალი მთავრობა დაინტერესებული იქნება ევროკავშირში გაწევრიანებით, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. ხოლო თუ არ იქნება დაინტერესებული, მაშინ ევროკავშირი იმუშავებს საქართველოსთან, როგორც მუშაობს ბევრ სხვა ქვეყანასთან, მაგალითად, ტუნისთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან…
საქართველოს მოსახლეობა ახლა უყურებს როგორ ნადგურდება ყველა მიღწევა, რომელიც ქვეყანას გასული 30 წლის განმავლობაში ჰქონდა დასავლეთისკენ სვლის მიმართულებით.
რუსული კანონის მიღების შედეგები:
- შალვა პაპუაშვილმა კანონს ხელი მოაწერა 3 ივნისს.
- 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ გაურკვეველი ვადით გააჩერა სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“.
- 9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის იყო განკუთვნილი.
- ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“.
- აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის თქმით, აშშ-ში საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.
- როგორი იყო რუსული კანონის 45 დღე საქართველოსთვის და რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა
რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რუსულმა კანონმა რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს ეროვნული ინტერესები, შელახა ქვეყნის ნდობა და რეპუტაცია მთავარი პარტნიორების თვალში. რაც მთავარია, ქვეყნის დასავლელი პარტნიორები აპირებენ საქართველოს მიმართ პოლიტიკას ძირფესვიანად გადახედონ.
„ამ კანონმა შეაჩერა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს არ იყო რაღაც თეორიული საკითხი. ეს იყო კონკრეტული მექანიზმის მქონე და კონკრეტული ვადის მქონე პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის. შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს 2030 წელს.
შეერთებულმა შტატებმა ფიზიკურად გადაარჩინა საქართველო 90-იან წლებში და ხელი შეუწყო მის დამოუკიდებლობას. დასავლეთიდან გამოგზავნილი გრანტების 95% მიდიოდა ქვეყნის ბიუჯეტში. ხელისუფლება იყო ამის მიმღები.
ევროკავშირმა მრავალმილიონიანი დახმარება შეგვიჩერა ახლა რუსული კანონის გამო, თუ ასე გაგრძელდა, ეს ძალიან მალე პირდაპირ აისახება ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხზე.
ვისაც ჰგონია, რომ ეს კანონი არის პრობლემა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, აი, ძალიან ღრმად ცდებიან. ეს არის მექანიზმი, რომლის შედეგადაც მთელი ქვეყანა გადაიხდის ძალიან დიდ ფასს. გადაიხდის თითოეული მოქალაქე.
ეს არის პირველ რიგში სიმბოლური გაფორმება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირადად ბატონი ივანიშვილი, დაპირებული დემოკრატიული და ევროპული სისტემის ნაცვლად აშენებს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმს. ავტორიტარული რეჟიმის გაფორმება გაუიოლდებათ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავიდან მოშორების შემდეგ.
- „ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია“ – თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და რას ნიშნავს „ქართული ოცნებისთვის“?
„ოცნებიდან“ დავიწყოთ. „ოცნება“ აქამდე არასდროს ყოფილა გულწრფელი ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. ის არ აცხადებდა შეწყვეტას, დღესაც ზოგჯერ იძახის უცნაურად, გაუგებრად, ევროკავშირში შევალთო, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა თავისი პოზიცია ნათლად გამოხატა.
არასდროს არ ყოფილა „ოცნების“ სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ გულწრფელი, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია ძირეული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასთან და მათ ცხოვრებაში დანერგვასთან, დამოუკიდებელ სასამართლოსთან, თავისუფალ არჩევნებთან და ა.შ.
ამის ნაცვლად ოლიგარქიულ რეჟიმს ყოველთვის ერჩივნა ჰქონოდა პირდაპირი კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, საკანონმდებლოზე, სასამართლოზე და ახლა გადაწვდა სამოქალაქო საზოგადოებას, ერთადერთ სფეროს, რომელსაც ის პირდაპირ, ძალისმიერად ვერ აკონტროლებდა. ასე რომ, მათთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა.
ერთადერთი რამის გამო არ აცხადებდა ღიად „ოცნება“ კურსიდან გადახვევის შესახებ: ერთი მხრივ იღებდნენ მრავალ მილიონიან დახმარებას ევროკავშირის მხრიდან, მეორე მხრივ მშვენივრად იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად არ მიიღებდა ევროპული პერსპექტივის მოსპობას.
ახლა რაც შეეხება მოქალაქეებს.
ოქტომბერში ექნებათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ თქვან, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი უნდათ თუ არა, რომ იყონ ევროპული, განვთარებული, მაღალი კეთილდღეობის მქონე მშვიდობიანი ქვეყნის მოქალაქეები თუ უნდათ იყვნენ რუსეთის მიყრუებული, ღარიბი კოლონია.
ეს იქნება განსხვავება.
ბოლო შემთხვევაში, თუკი ივანიშვილი, ახლიდან გაიფორმებს ძალაუფლებას, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების განმავლობაში მუდმივად მოდიოდა ევროკავშირიდან გაქრება. ძალიან ბევრმა მოქალაქემ არც იცის, რომ სწორედ ევროკავშირის და აშშ-ს დაფინანსებით განხორციელდა უამრავი პროექტი – წყალსადენი იქნება ეს, ჯანდაცვის მიმართულების პროექტები, განათლების თუ სხვა.
არჩევანი ნათელია – მოქალაქეები ან ირჩევენ მშვიდობას, დაცულობა ევროკავშირსა და ნატოში ან რუსეთის ღარიბი და უუფლებო ვასალის პროვინციის სტატუსს.
- როდესაც „ოცნების“ მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ ოცნების პოლიტიკის გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ეს ადამიანები ამბობენ რომ „გაგრძელდება“. რას ემყარება მათი ეს ოპტიმიზმი, როცა ევროსტრუქტურიდან ყველა ამბობს, რომ ასე არ იქნება?
არ არის ეს არანაირი ოპტიმიზმი, ესაა უტიფარი ტყუილი.
თავხედური ტყუილია, მაშინ როცა მშვენივრად იციან, რომ სინამდვილეში რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ხაზავს ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპულ მომავალს.
ეს შეტყობინება დამარცვლით და მათ შორის, წერილობით არის მოსული, ევროკავშირისგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებისგან.
ეს უტიფარი ტყუილი „ევროინტეგრაცია გაგრძელდება“, ჩემი აზრით გამოხატავს „ოცნების“ დამოკიდებულებას საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, „ოცნება“ მიიჩნევს გონებასუსტად.
შეუძლიათ შავზე თეთრი იძახონ და თეთრზე შავი და ამტკიცონ, რომ ევროკავშირში გააწევრიანებენ საქართველოს. არ ვიცი ჯარით აპირებენ შესვლას და ევროკავშირის ისე დაპყრობას, თუ როგორ. ფაქტია, ევროკავშირი ამ რუსული ყაიდის, ანტიდემოკრატიული რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროკავშირში არ მიიღებს. ეს გარკვევით გვითხრეს.
- „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი შეეცადა მიეტაცებინა ოპოზიციის მრავალთვიანი გზავნილი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი საქართველოსთვის, აირჩევს ევროპას თუ აირჩევს რუსეთს. ივანიშვილმა თქვა, რომ „ეს არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის“. სინამდვილეში ევროკავშირი არის მშვიდობა და ნატოა მშვიდობა. როგორ ხსნით ამ გზავნილის მიტაცების მცდელობას?
ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება ყველაფრის თავდაყირა დაყენების, უტიფარი ტყუილების. როგორც ჩანს [ივანიშვილს] ამ განცხადებების ადრესატი [ამომრჩეველი] მართლა მიაჩნია გამოქვაბულში მცხოვრებად, რომელსაც არაფერი სმენია ევროკავშირზე, ნატოზე…
დაარსების დღიდან ნატოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი. ნატოსა და ევროკავშირში არიან სწრაფი დემოკრატიული განვითარების და ყველაზე მაღალი კეთილდღეობის მქონე ქვეყნები. ამ ქვეყნებს ვერავინ გაუბედა თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ზუსტად ნატოსა და ევროკავშირის გამო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, უწყვეტი მშვიდობის პერიოდია ევროპაში. ეს იცის წერა-კითხვის უცოდინარმა ადამიანმაც კი.
მთელი მსოფლიოდან ადამიანები ცდილობენ ევროპის ქვეყნებში მოხვედრას. მათ შორის „ქართული ოცნების“ ბობოლა წევრებიც, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ ესარგებლათ ევროკავშირის სიკეთეებით, მიეცათ ევროპული განათლება თავიანთი შვილებისთვის ან დრო გაეტარებინათ ევროპაში.
ასე რომ, მართლა არ ვიცი რა ტიპის ადამიანებზეა გათვლილი ეს შიშის დანერგვის კამპანია. მაშინ, როცა საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება შეიძლება იყოს უზუნველყოფილი მხოლოდ ევროკავშირის და ნატოს წევრობის შედეგად და არა რუსეთისგან გაურკვეველი დაპირებების მიღებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ისტორიულად ყოველთვის ცდილობდა საქართველოს განადგურებას.
მარტო დარჩენილი საქართველო აღმოჩნდება ისევ რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლი და არანაირ მშვიდობას ეს არ მოიტანს.