მე ვარ ვასილ ონიანი. სტუდენტი. ბერლინში ვსწავლობ ფილოსოფიას. ვარ მოყვარული მოკრივე, აქტივისტი და ორგანიზაცია „გზის“ ერთ-ერთი წევრი.
ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ირეკლავს და შემდეგ ამ ინფორმაციებს გერმანელ საზოგადოებას აწვდის.
როდესაც რუსული კანონი მიიღეს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს მოვლენები გერმანიაშიც უნდა გაშუქებულიყო. უნდა აგვეხსნა გერმანული საზოგადოებისთვის, თუ რატომ იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარება მნიშვნელოვანი. შესაბამისად, დავიწყეთ პროტესტების ორგანიზება, მე ვარ ძირითადად სპიკერი, ვარ „მიკროფონი“ ასე რომ ვთქვათ. ჩემი პირველი რიგის მოვალეობა, დემონსტრაციების დაგეგმვაა.
ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როდესაც ვხედავ, რომ არამხოლოდ ქართველები ესწრებიან აქციებს, არამედ გერმანელები და უკრაინელებიც. გვინდა, რომ საქართველოს პრობლემები ცნობილი იყოს დასავლეთში. საქართველოში, როდესაც ადამიანს ჭავლის ქვეშ ევროკავშირის დროშა უჭირავს, ეს ისეთი მოვლენაა, რომელზეც თვალის დახუჭვა შეუძლებელია.
- რა მიზანს ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ მიერ სპორტსმენების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა, ვგულისხმობ ოლიმპიური ჩემპიონების „ქართული ოცნების“ სიაში შეყვანას?
ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი მოვლენა იყო, რადგან მე სპორტის დიდი მოყვარული ვარ და ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ სპორტსმენებს. ზუსტად ამიტომ იყო ეს ჩემთვის დიდი იმედგაცრუება. მათ საქართველო წარმოაჩინეს და რაღაც მხრივ გააცნეს მსოფლიოს, ეს ძალიან სასიხარულო ამბავი იყო ჩემთვის. ამ ადამიანებზე ვერ გავაკეთებ უარყოფით კომენტარს, რადგან ისინი ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანები არიან.
მთლიანობაში, ეს არის ძალიან ბინძური პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. საზოგადოებაში თუ ვინმეს აქვს ავტორიტეტი, ცდილობს, რომ ყველა მოისყიდოს და ჯიბეში ჩაისვას. ძალიან მტკივა გული იმაზე, რომ არ დარჩა საზოგადოებაში არცერთი ფენა, რომელიც ოლიგარქმა საკუთარი გავლენის ქვეშ არ მოაქცია.
პირადად ჩემთვის ლაშა ტალახაძე, ბექაური და სხვები სპორტის ღმერთკაცები არიან და ძალიან დამწყდა გული, როდესაც ისინი პოლიტიკურ ველზე დავინახე, სადაც მათი ადგილი არ არის. ისინი ძალიან მაგრები არიან თავიანთ სფეროში, მაგრამ ვისურვებდი, რომ თავი შორს დაეჭირათ პოლიტიკისგან. შეუძლებელია ქართველი ხალხის სიყვარულზე მეტი იყოს პარლამენტი. მათ ყველაფერი აქვთ, უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს, ოლიმპიელები არიან.
- რა მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბერს საქართველოსთვის?
26 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია დროში გაიწელება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში და არ გვაქვს იმდენი დრო, რომ განვიცადოთ რეგრესი, წინსვლის ნაცვლად წავიდეთ უკან და არ დავუახლოვდეთ ევროკავშირს.
ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის მონაწილეობა. მე ოპტიმიზმით ვუყურებ ყველაფერს. ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი წარმატებით უნდა გადავლახოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ამით ბრძოლა არ მთავრდება და არც იწყება, ეს არის მუდმივი პროცესი. გოეთეს სიტყვებია – თავისუფლების ღირსი უფრო ის არის, ვინც ყოველ დილით საომრად მიდის. თავისუფლება ყოველდღიურად უნდა მოიპოვო.
26 ოქტომბერი იქნება დასაწყისი იმ ბრძოლის, რომელიც ჩვენმა თაობამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა თავისუფლებისთვის.
იმ ადამიანებს, ვინც სკეპტიკურად უყურებ არჩევნებს, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ. უარყოფითი ფაქტორები ითამაშებს როლს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ.
ადამიანის ხმა ძალიან დიდი დანიშნულების მატარებელია. ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, ყველა უნდა ეცადოს, რომ გადადგას ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი.
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. საქართველო და ევროკავშირი განუყრელი ცნებებია. ევროკავშირი არის ყველაზე დიდი მშვიდობის პროექტი, სადაც პატარა ერებს შეუძლიათ დიდ ერებთან თანაცხოვრება ისე, რომ საკუთარი იდენტობა არ დაკარგონ.
ეს ჩვენ ყოველთვის გვაკლდა. ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობდით დიდ იმპერიებთან. მაგალითად, ბოლო იმპერიაა რუსეთი, რომელიც ცდილობდა ჩვენი იდენტობის და კულტურის განადგურებას. ევროკავშირი არის ის ადგილი, სადაც ყველა პატარა ხალხს თავისი ხმა აქვს. აქ ყოფნამ ის განცდა გამიჩინა, რომ საქართველოს ადგილი არის აქ, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოს სახით.
- თქვენი აზრით, რატომ ტოვებენ ადამიანები საქართველოს და თქვენ თუ აპირებთ უკან დაბრუნებას?
პირველი ფაქტორი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ არის ფინანსურად გამართული. მიდიან, რომ უკეთესი ცხოვრება ეძებონ სხვაგან. ეს მტკივნეული პროცესია. ამის დადებითი მხარე ევროპაში მიღებული განათლებით დაბრუნებული ადამიანები არიან. ამას მივესალმები. თუ ეს ადამიანები აქ დაგროვილ ცოდნას საქართველოს მოახმარენ, ეს ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანი იქნება.
მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ დავბრუნდე. ჩემი ოცნებაა ვიმუშაო ევროპარლამენტში, სადაც ვიმუშავებ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე. სადაც არ უნდა ვიყო, საქართველოსთვის სასარგებლო საქმეს გავაკეთებ.
- როგორია თქვენი ოჯახის შეხედულებები და თუ საუბრობთ მათთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?
როდესაც გერმანიაში გამოცდა უნდა ჩამებარებინა, მამაჩემმა მითხრა წადიო შვილოო, ჩააბარე, თუ მიგიღებენ ახალ ცხოვრებას დაიწყებ, თუ არადა პატარა მოგზაურობა გამოგივაო. ჩავაბარე, ჩემი მშობლები ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები იყვნენ.
ჩემი მშობლები ძალიან განათლებულები არიან. ისინი არიან სხვა ეპოქის შვილები, მაგრამ, რაც მათ ძალიან კარგად იცოდნენ იყო ის, რომ ჩემთვის თავისუფალი აზროვნების საშუალება მოეცათ. მათ სხვა შეხედულებები აქვთ, მაგრამ მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს და ჩვენი თაობის დიდი იმედი აქვთ, სჯერათ, რომ ჩვენ ბევრი ცვლილების მოხდენას შევძლებთ, რაც ქვეყნის წარმატებისთვის აუცილებელია.