მთავარი,სიახლეები

სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად მოეპყრო

30.09.2019 • 6860
სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად მოეპყრო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ დღეს, 30 სექტემბერს, დასრულდა.

სასამართლომ სარჩელის მესამე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას.

“ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა მოსამართლემ.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა მხოლოდ ამ კონკრეტული აქტის გამოცემის დროს დაინახა სასამართლომ და ეს არ არის ზოგადად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს სისტემური დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ მიუთითა, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად სამი სტადიის გავლაა საჭირო, ნებართვას კი ბათუმის მერია გასცემს.

“სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელიც გასცემს ამ აქტებს… არ იქნება სწორი ინტერპრეტირება, რომ სასამართლომ გასცა ნებართვა ან არ გასცა. სასამართლო ამოწმებს, ეს აქტები კანონიერია, თუ კანონშეუსაბამო,” – დასძინა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ამ საკითხის “იდეალური გადაწყვეტა” მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა სარჩელში მითითებულ ფაქტსაც – ზონაში, სადაც მუსლიმი თემი მეჩეთის აგებას ითხოვს, 7 ეკლესიაა და მერიას ამ მშენებლობებისთვის ხელი არ შეუშლია.

“უსაფუძვლო იქნება იმის მტკიცება, რომ მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობა ორივე რელიგიის წარმომადგენლებს,” – დასძინა მოსამართლემ.

მოსამართლის გადაწყვეტილების მოსასმენად მერიის წარმომადგენელი სასამართლოში არ მოსულა.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ

ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს უთხრა უარი მუსლიმ თემს ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. საუბარია პირველი ეტაპის ნებართვის მიღებაზე. მერიამ მაშინ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობას ვერ დაუშვებდა. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა.ამ საქმის განხილვა თვეობით ჭიანურდებოდა. მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ: „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“.

მუსლიმი თემი სასამართლოში ითხოვდა ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, დისკრიმინაციის დადგენას და მერიისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: