გიორგი რიჟვაძემ ალექსანდროს პეტერსონის სტიპენდია მიიღო და დიდ ბრიტანეთში, კერძოდ King’s College London-ში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. გიორგი რიჟვაძე ხულოში ცხოვრობს.
პრესტიჟულ კოლეჯში სასწავლო სტიპენდია 60 ათას გირვანქა სტერლინგია (200 000 ლარი) და ის ცხრა ქვეყნიდან მხოლოდ ერთ სტუდენტზე გაიცემა წელიწადში ერთხელ.
გიორგი რიჟვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სტიპენდიის მიღება საკმაოდ რთული იყო, თუმცა ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მიეღო ხარისხიანი განათლება. „მიხარია, რომ ეს გამომივიდა“, – გვეუბნება გიორგი.
რატომ აირჩია კონფლიქტების თემა? – ვკითხეთ გიორგის.
მისი თქმით, ამ თემით ადრეც იყო დაინტერესებული, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ კი, ომისა და მშვიდობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მისთვის.
„მანამდე თბილისში ვსწავლობდი ევროპისმცოდნეობაზე, ვარ ქართულ-აფხაზური დიალოგის მონაწილე და რამდენიმე კვლევაშიც ვარ ჩართული. ასევე, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის თემაზე მაქვს სამუშაო გამოცდილება, ვეხმარებოდი აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს ერთმანეთთან შეხვედრაში.
ეს მოვლენები კი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენს უსაფრთხოებაზეც ახდენს გავლენას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი უსაფრთხოება არის მხოლოდ დასავლურ ინტეგრაციაში და ამის გარეშე შეუძლებელია ვიქცეთ ცივილიზებულ ქვეყნად. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ბევრი და კარგი მეგობრები. ასეთი მეგობრები კი ჩვენ დასავლეთში გვეგულება“, – ამბობს გიორგი რიჟვაძე.
დღეს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ომისა და მშვიდობის თემა რუსული პროპაგანდის იარაღად აქცია, გიორგის აზრით, მნიშვნელოვანია სწორად გავიაზროთ, სად არის რეალური მშვიდობა.
„ავტორიტარული და დიქტატორული სახელმწიფოები ვერ იქნება ჩვენი დასაყრდენი, განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რადგან ისინი ვერ შექმნიან ჩვენთვის უსაფრთხო გარემოს.
ამის გარანტორი ჩვენთვის შეიძლება იყოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია და ამ გზით შეგვიძლია მხოლოდ წარმატებას მივაღწიოთ.
საზოგადოებისთვის არა მარტო უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია განვითარებაც, რადგან მე პირადად ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ხულოში მცხოვრებ ადამიანს, მექნებოდა შესაძლებლობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში მესწავლა და 200 ათას ლარამდე დაფინანსება მიმეღო.
დასავლეთი, გარდა იმისა, რომ უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოს გვთავაზობს, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფო შევქმნათ. გვიხსნის უდიდესი შესაძლებლობების ფანჯარას. ხელისუფლების მიერ შექმნილი რუსული კანონი კი, სწორედ ამ სიკეთეებს გვართმევს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს.
მე ხომ ვერასდროს მივიღებდი ამ სტიპენდიას დასავლეთის კარები რომ არ ყოფილიყო ღია ჩვენთვის? ამიტომ, თუ ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა, მაშინ არ უნდა მივიღოთ ისეთი კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებების. ეს აფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას“, – ამბობს გიორგი რიჟვაძე.
გიორგი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემის“ წევრია, რომელიც სოფლად მცხოვრები საზოგადოების გაძლიერებაზე მუშაობს.
„ჩვენმა ორგანიზაციამ 100 ათას ლარამდე დაფინანსება მიიღო ნიდერლანდებისგან და ამ გრანტის ფარგლებში ჩვენ შუახევში, ხულოსა და ქედაში მცხოვრები ქალებს რეპროდუქციული კვლევების ჩატარებაში დავეხმარეთ.
40-მდე სოფელში ვიყავით, ავიყვანეთ მედპერსონალი და ადგილზე გავუწიეთ დახმარება. რომ არა დასავლური მხარდაჭერა, ამ სიკეთეებს ვერ მიიღებდა ადგილობრივი მოსახლეობა. რუსული კანონი კი ამის შესაძლებლობას გვართმევს“, – გვეუბნება გიორგი.
გიორგიმ ბრიტანეთში სწავლისთვის ნაწილობრივი დაფინანსების მოთხოვნით აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა.
იქონია თუ არა ამ ყველაფერზე გავლენა იმან, რომ თქვენ ხართ „სოლიდარობის თემის“ წევრი, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციაა? – ვკითხეთ მას. როგორც გიორგი ამბობს, კონკრეტულ მიზეზებზე ამ ეტაპზე საუბარი არ სურს.
„როცა ფაქტები მექნება, აუცილებლად ვისაუბრებ ამაზეც.
მანამდე კი მინდა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მეც ისეთივე მოტივაცია ვიყო, როგორც ჩემთვის იყვნენ ბავშვობაში წარმატებული ადამიანები.
ამიტომ არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენთვის შესაძლებლობების ფანჯარა, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ვისაც არ მიუწვდება ხელი ხარისხიან განათლებაზე, არ შეუძლიათ გადაიხადონ ათასობით დოლარი საუკეთესო განათლების მისაღებად. ამის შესაძლებლობას გვაძლევს დასავლეთი.
დასავლეთთან ინტეგრაციის შეფერხება კი ყველაზე მეტად დააზარალებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს.
ჩემ მომავალს, რა თქმა უნდა, ჩემს სამშობლოში ვხედავ, სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნდები საქართველოში და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩვენს ქვეყანას.
მინდა სოფლად მცხოვრებმა სხვა ახალგაზრდებმაც დაიჯერონ, რომ იმის მიუხედავად, თუ სად დაიბადნენ, არსებობს შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ წარმატებას. ეს შესაძლებლობა კი დასავლეთის მხარდაჭერითაა“, – ამბობს გიორგი რიჟვაძე.