მთავარი,სიახლეები

„გერმანიაში 42 000 ქართველია. ტყუილია, რომ ხმის მიცემისას პოლიცია მოვა“ – რას აკეთებს „გზა“ ბერლინში

21.09.2024 •
„გერმანიაში 42 000 ქართველია. ტყუილია, რომ ხმის მიცემისას პოლიცია მოვა“ – რას აკეთებს „გზა“ ბერლინში

„გზა“ – ბერლინში დაფუძნებულმა ამ ორგანიზაციამ უკვე არაერთი აქცია გამართა, როგორც რუსული კანონის წინააღმდეგ, ისე უკრაინის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კაკაბაძე სტუდენტია – ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს ისტორიას და „მეხსიერების პოლიტიკას“ იკვლევს.

გიორგის მსგავსად გაგა გოგოლაძეც აქტიურადაა ჩართული ორგანიზაციის საქმეებში. გაგაც სტუდენტია და მისი კვლევის სფერო საერთაშორისო ურთიერთობებია – ამჟამად ბერლინის სენატის პროექტზე მუშაობს. ის არასამუშაო დროის დიდ ნაწილს ორგანიზაციას უთმობს.

ახალგაზრდების თქმით, ორგანიზაცია გერმანიაში ქართული საქმეების კეთებას ცდილობს.

  • რა ტიპის ორგანიზაციაა „გზა“ და რა არის ორგანიზაციის მიზანი?

გიორგი კაკაბაძე:

ჩვენი ორგანიზაცია ოფიციალურ სახელს ამ წუთას იღებს, ანუ ოფიციალურად დარეგისტრირდება, იქნება გაერთიანება (Verein). საინიციატივო ჯგუფმა ორგანიზაციას დაარქვა „გზა“ („GZA“ – Georgisches Zentrum im Ausland).

თავდაპირველად ვმართავდით აქციებს უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომ გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ და ასევე, შეგვეხსენებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ამ თემაზე სწორი პოზიცია დაეფიქსირებინა.

ამის შემდეგ საქართველოში შემოიღეს აგენტების კანონი, რის გამოც უფრო გავაქტიურდით. ვეცადეთ, საქართველოს შესახებ თემები წინ წამოგვეწია, რადგან შევამჩნიეთ, რომ ბევრმა არ იცოდა, მაგალითად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების შესახებ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ორგანიზაცია, რომ უფრო სტრუქტურულად შეგვძლებოდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა.

პოლიტიკური აქტივობის გარდა, ჩვენი მიზანია კულტურული მიმართულებითაც გავმართოთ სხვადასხვა ღონისძიება. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, როგორ ვითარდება საქართველო და რა ტიპის პრობლემების წინაშე დგას. ასევე ვცდილობთ, დავძლიოთ რუსული პროპაგანდა, ვწერთ გერმანულ და ინგლისურ ენებზე, რომ ადამიანებს ასევე შეეძლოთ სხვა ენებზე ინფორმაციის მიღება.

ჩვენ ძალიან გვინდა საქართველო დასავლური გარემოს ნაწილი იყოს. საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი იძახის, რომ ევროკავშირში უნდათ გაწევრიანება, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით მიჰყავთ – საკუთარ შვილებს გზავნიან დასავლეთში, საზოგადოების გასაჭირი კი არ ანაღვლებთ. გვინდა, ყველა ის სიკეთე, რაც აქ არის, იყოს საქართველოშიც, ეს ჩვენი მთავარი მოტივაციაა.

  • როგორი პროცესია უცხო ქვეყანაში ორგანიზაციის დარეგისტრირება?

საქართველოსთან შედარებით რთული პროცესია, მაგრამ არც ძალიან რთული. ვერ ვიტყვით, რომ მთლიანად NGO იქნება ჩვენი ორგანიზაცია, ეს იქნება Verein-ი, ანუ გაერთიანება. ამისთვის გვჭირდება წესდება აქაური კანონების შესაბამისად, ანუ რა არის ჩვენი ღირებულებები, რას აკეთებს ეს ორგანიზაცია, რას გეგმავს მომავალში და ასე შემდეგ.

ჩვენ ეს ყველაფერი გავწერეთ, ძირითადად გამოვიყენეთ შაბლონი და მოვარგეთ ჩვენს ინტერესებს. წესდებას რომ წერ, შემდეგ გჭირდება დამფუძნებელი კრება, ეს კრება ჩვენ გვქონდა 4 ივლისს. შემდეგ წესდება და ხელმოწერილი პროტოკოლი გავუგზავნეთ ფინანსურ დეპარტამენტს, რომელიც ამოწმებს რამდენადაა ეს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილებაა საჭირო, რომ შევძლოთ დარეგისტრირება. ახლა გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ვფიქრობთ, ეს პროცესი ოქტომბერში დასრულდება. არ არის რთული პროცესი, მაგრამ დროში გაწელილია.

გიორგი კაკაბაძე

მიუხედავად იმისა, რომ გვყავს გამგეობა და თავმჯდომარე, ერთპიროვნულად არავის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სენსიტიური თემების შესახებ. ამ შემთხვევაში ხმათა უმრავლესობით ვიღებთ გადაწყვეტილებას.

  • რაზე მუშაობს დღეს ორგანიზაცია?

ბოლო დროს ძალიან ბევრი პროექტი დაგვიგროვდა. შესაბამისად, გვაქვს რამდენიმე სტრუქტურა, ისინი სხვადასხვა პროექტზე იღებენ პასუხისმგებლობას – წერენ კონკრეტულ პროექტებს და შემდეგ სხვა ჯგუფის წევრებთან ათანხმებენ.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს გერმანიაში საარჩევნო ყუთთან და მისცეს ხმა. ვფიქრობთ, ჩართულობა ზრდის დემოკრატიის ხარისხს. გუნდში ვაკეთებთ ბარათებსა და პოსტებს. ამჟამად ვმუშაობთ რამდენიმე ორგანიზაციასთან, ერთ-ერთია promote Georgia, არის „თაობები ქვეყნისთვის“ და არიან ორგანიზაციები საქართველოში, რომლებიც გვეხმარებიან ინფორმაციის მოძიებაში.

ჩვენ მოვიპოვეთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში 2021 წლის მონაცემებით, ლეგალურად 42 000 ქართველია შემოსული. აქედან დაახლოებით 30 000 ადამიანი არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონეა, დანარჩენი არიან ბავშვები.

წინა არჩევნებში გერმანიაში დაახლოებით 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ძალიან ცოტაა.

ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს იმის გადამოწმებაში, დგანან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. ვდებთ პოსტებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ინსტაგრამსა და ფეისბუქზე. ინსტაგრამზე საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ პოსტებს. ვიდეოების გადაღებაც დავიწყეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღონ უცხო ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა.

ყველაზე ხშირი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები ვერ ხვდებიან, თუ სად დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, მოვიძიეთ ინფორმაციები, გავუკეთეთ შესაბამისი დიზაინი, ჩავწერეთ ვიდეოები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაქვეყნებთ.

ბევრ ადამიანს არჩევნების გაყალბების ეშინია, მაგრამ სინამდვილეში გაყალბების კოეფიციენტი ყოველთვის 5-10%-ია. თუ ბევრია ხალხი, ეს კოეფიციენტი იკლებს და პირიქით.

უცხოეთში ამჟამად დაახლოებით 600 000 ქართველია, ვისაც ხმის მიცემა შეუძლია. წინა არჩევნებში მონაწილეობა კი მხოლოდ 12 000-მა ადამიანმა მიიღო. არჩევნებზე ამ ამომრჩევლების 50% რომ მოვიდეს, გაყალბების ეს კოეფიციენტი დიდ როლს ვეღარ ითამაშებს.

  • რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ქვეყანაში არალეგალურადაა შემოსული?

მათ შეუძლიათ საკუთარი ხმის დაფიქსირება, ეს სულაც არ არის საშიში. აქაურ პოლიტიკოსებთან გვისაუბრია ამაზე და ეს არ არის საშიში, ოპოზიციაც ხშირად უსვამს ამას ხაზს. არალეგალურად ყოფნა არჩევნებთან არანაირ კავშირში არაა.

აქცია ბერლინში

ის, რომ ხმის მიცემისას პოლიცია მოვა და უკან, ქვეყანაში გაგიშვებს, არ არის სიმართლე. ამის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს. აქამდე არასდროს ყოფილა მსგავსი შემთხვევა არც ერთ ქვეყანაში.

  • როდემდეა შესაძლებელი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა?

ჩვენი პირველადი მონაცემებით, ონლაინ დარეგისტრირება 15 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი. 15 სექტემბრის შემდეგ  შეგიძლია ადგილზე მიხვიდე საკონსულოში და საარჩევნო სიაში ჩაეწერო. სხვადასხვა წყაროს თანახმად, საარჩევნო უბნის გახსნამდეც შეიძლება გაგრძელდეს ონლაინ რეგისტრაცია, რაც არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე ხდება, ანუ 26 სექტემბრამდე უნდა იყოს შესაძლებელი. თუმცა ცესკოს არ ჰქონდა ამაზე არანაირი ოფიციალური პასუხი, ამიტომ ჩვენც ცოტათი დაბნეულები ვართ.

შესაბამისად, თავის დასაზღვევად ჩვენ ვხელმძღვანელობთ ყველაზე ადრინდელი თარიღით.

  • როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს თქვენს კამპანიაში მონაწილეობის მიღება?

ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. კარგი იქნება, თუ დაგვეკონტაქტებიან ფეისბუქის ან სხვა სოციალური ქსელის გვერდზე. ნებისმიერ პლატფორმაზე ვპასუხობთ ძალიან ჩქარა.

მაგალითად, აქციებზე ყოფილა ბევრი სკოლის მოსწავლე, რომელთაც უნდოდათ ჩვენთან თანამშრომლობა. ზოგჯერ გვაქვს პრობლემები იმაზე, თუ როგორ ჩავრთოთ ეს ადამიანები, რაზეც ვმუშაობთ. გვინდა ასეთ ახალგაზრდებს ჩავაბაროთ ტიკ-ტოკის გვერდი, რომლის შექმნასაც ახლო მომავალში ვგეგმავთ. ძირითადად დახმარება გვჭირდება ხოლმე ღონისძიებამდე პროცესში. როდესაც ნელ-ნელა კიდევ უფრო გავიზრდებით, რა თქმა უნდა, საქმეც მოიმატებს.

თუ ვინმეს თავისი იდეებით უნდა მოსვლა, ჩვენ მათ აუცილებლად გავესაუბრებით და მათ განხორციელებაში შევუწყობთ ხელს.

  • როგორია აქციების დაგეგმვის პროცესი?

აქციების დაგეგმვა საკმაოდ რთული პროცესია, ძალიან ბევრი შრომა გვიწევს. დასაწყისში არ იყო რთული, მხოლოდ საკონსულოში რეგისტრაცია გვჭირდებოდა, მაგრამ თანდათან მოიმატა ადამიანების რაოდენობამ, რამაც სპეციალური ტექნიკის ქონის საჭიროების წინაშე დაგვაყენა.

დასაწყისში ჩვენ თვითონ ვაგროვებდით საჭირო თანხას. როდესაც ხალხის რაოდენობამ მოიმატა, დაგვჭირდა სცენა და მიკროფონი, რომ მიგვემართა ხალხისთვის. ბოლოს ჩვენით ავაწყვეთ სცენა და ვიყიდეთ დინამიკი ხალხის შემოწირულობით. სამწუხაროდ, არ გვაქვს ფინანსები და ბევრ რამეს დონაციებითა და შემოწირულობებით ვახერხებთ, რის გამოც ძალიან მადლიერები ვართ.

ჩვენი გამოცდილებით, კარგია, თუ მინიმუმ 2 კვირით ადრე ჩავნიშნავთ აქციას. ტექნიკურ მხარესაც კარგად უნდა დაგეგმვა, ვინ გამოვა სიტყვით, ვინ ვის შემდეგ იქნება, რამდენი ხანი ილაპარაკებენ, რომ ტექსტი არ იქნება შეურაცხმყოფელი, ვისგან შევძლებთ მანქანის თხოვას ნივთების გადასაზიდად და ბევრი სხვა დეტალი. ეს ყველაფერი ხარჯებთანაცაა კავშირში.

დასაწყისში სცენა 100-120 ევრო გვიჯდებოდა, ამიტომ ყოველთვის არ გვქონდა სცენა. საკუთარი სცენის გაკეთებაც არ იყო მარტივი, დღესაც საკმაოდ რთული პროცესია მისი თავიდან აწყობა და დაშლა. ზოგადად, ვინც აქციების დაორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული, გვიან ღამემდეც უწევთ მუშაობა.

უამრავი დეტალის გამო გავაკეთეთ ჩექლისტი, რომელიც 21 პუნქტისგან და კიდევ სხვა ქვეპუნქტებისგან შედგება, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, რომ აქცია წარმატებული იყოს.

ზოგჯერ გვქონდა პრობლემები ქართულ მედიებთან, რომლებიც ჩვენს აქციებს ემიგრანტების აქციებად მოიხსენიებდნენ, როდესაც ჩვენს ორგანიზაციას „გზა“ ჰქვია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციის საკუთარი სახელით მოხსენიება, ეს ამარტივებს და ეფექტურს ხდის ჩვენს საქმეს.

გაგა გოგოლაძე:

როდესაც მედიაში ეს სწორად ჩანს, შესაბამისად, ხალხიც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და უფრო სერიოზულად უყურებს ჩვენ საქმიანობას. არ მიგვიჩნევენ ვიღაც ემიგრანტებად, რაღაც ინსტაგრამ გვერდით. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ბევრ აქაურ პოლიტიკოსთან, თუ გუნდთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც გარკვეული გავლენები აქვთ.

მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც აქციებზე იმის იმედად ვიყავით, რომ აი, ვინმეს მოუნდება სიტყვით გამოსვლა. ახლა კი პირიქითაა – ძალიან გვიჭირს ადამიანების დამატება, ბევრი გამომსვლელი გვყავს. პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, თუ აქტივისტების ძალიან მყარ სია გვიგროვდება -კარგი სპიკერები გვყავს ხოლმე.

ჩვენ აქტივიზმის პირობებში აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან მრავალფეროვანი, ეფექტური და საინტერესო, დიდწილად წარმატებული დიასპორა გვყავს. ძალიან ბევრი ქართველია, რომელიც გერმანიაშია, რომლებიც 20-30 წელია აქ ცხოვრობენ და ბევრი რამისთვის მიუღწევიათ ცხოვრებაში. მათ ძალიან უხარიათ, როდესაც სხვა ქართველებს ხედავენ და აქვთ მათთან კონტაქტი.

აქცია ბერლინში

გერმანიაში ძალიან ბევრი ეროვნული უმცირესობაა, ვისაც ბევრად უფრო ორგანიზებული დიასპორა ჰყავს, ვიდრე ჩვენ. ამას თუ ექნება ორგანიზებული სახე, შეიძლება აქაც მოახდინო რაღაცებზე გავლენა – აქ მცხოვრები ქართველების ცხოვრებაზე, საქართველოში მყოფ ქართველებზე, სამშობლოს ბედსა და კეთილდღეობაზე მოახდინო გავლენა.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გვაქვს.

ჩვენმა ორგანიზაციამ ზუსტად ეს როლი შეასრულა ბოლო რამდენიმე თვეა. მაგალითად, როდესაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ქართველებს აღგვენიშნა დამოუკიდებლობის დღე ბერლინში, ჩვენ ეს დავაორგანიზეთ და იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ღონისძიება, რომელიც კი ქართველებს აქამდე ჰქონიათ ბერლინში. ეს ბევრმა აქ მცხოვრებმა ქართველმაც აღნიშნა.

საქართველოზე ვრცელდება ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რუსული ნარატივებით სავსე. არც საქართველოს საელჩოს, არც მთავრობას არასდროს უზრუნია იმაზე, რომ გერმანელ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, რა არის საქართველო, ვინ არიან ქართველები, რომ საქართველოში კარგი საჭმლისა და ცეკვა-თამაშის უკანაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება. ასევე ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია და მისია.

ჩვენ ვიქნებით ის ორგანიზაცია გერმანიაში, რომელიც საქართველოზე ყველაზე ზუსტ, გულახდილ, სწორ და რუსული პროპაგანდისგან დაცლილ ინფორმაციას გაავრცელებს.

ევროპა ძალიან მრავალფეროვანია, სადაც ყველა ქვეყანას ეთქმის თავისი სიტყვა. საქართველო როდესაც ევროკავშირის წევრი გახდება, ისიც შეძლებს თავისი სიტყვის თქმას და არ იქნება ჭანჭიკი.

რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვაქვს ოთხი მიზანი – ევროინტეგრაცია, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა, დეოკუპაცია და ქართული დიასპორის გაძლიერება. ბოლო პუნქტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად ვართ ბერლინში, მაგრამ გვინდა შევკრათ ძლიერი ბირთვი და ქართული დიასპორა. ჩვენ ვართ აპარტიული, მაგრამ პოლიტიკური ორგანიზაცია.

___

მთავარი ფოტო: გიორგი კაკაბაძე და გაგა გოგოლაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: