ავტორი: ნათია როყვა
___
თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მინისტრი და პარლამენტის ორგზის დეპუტატი კობა სუბელიანი ამბობს, რომ 2012 წელს გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მიერ გადაბირების უშედეგო მცდელობის გამო, მასზე განხორციელებული შანტაჟის, მუქარის, დევნისა და შევიწროების გამო, 2018 წელს საქართველოდან აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა. კობა სუბელიანმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და როგორც ამბობს, ოთხი წლის შემდეგ „ჯოჯოხეთური ტანჯვაც“ დასრულდა – ოჯახის წევრების ჩაყვანა მოახერხა.
„ბათუმელებთან“ კობა სუბელიანი იმ ბარიერზე საუბრობს, რაც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ექმნებათ.
- ბატონო კობა, რა საფრთხეებს ხედავთ „რუსული კანონის“ ამოქმედებაში. თქვენი შეფასებით, რატომ სჭირდებოდა ეს კანონი საქართველოს ხელისუფლებას?
„რუსული კანონი“ ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების იარაღია თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად. ამ გზით აპირებს გაანადგუროს ხელისუფლების მაკონტროლებელი დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი. ჩემი აზრით, მთავრობის კორუფციული გარიგებების მხილების შანსს ეს კანონი მოკლავს, ფინანსურად დაახრჩობს თავისუფალ და დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომლებსაც ვერ აკონტროლებს ხელისუფლება.
ყველაზე მძიმე ადამიანების უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადებაა.
საერთაშორისო დონორებისა და ქვეყნის მოკავშირეებისგან დაფინანსებული ჯგუფების დევნა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და საერთაშორისო პარტნიორებზე უარის თქმაა. ასეთი პოლიტიკა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. რუსული რეჟიმის სიმახინჯე ქართველებმა კარგად დავინახეთ.
ამ კანონს, როგორც რუსულ არჩევანს, ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება. დღეს ვადევნებთ თვალს საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენი საქმეების პარალელურად, ახლა ძალიან დიდია ინტერესი, რა დეტალებისგან შედგება განხილვა, შეაჩერებენ თუ არა ამ კანონის მიღებას. ყველაფერი ეს ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.
- თქვენ გარშემო როგორო განწყობებია, როგორ ცდილობთ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს აუხსნათ ამ კანონის საფრთხეები, არჩევნების მნიშვნელობა?
სამშობლოდან შორს, ემიგრანტებმა ყველაზე კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, ეს იციან ხელისუფლებაშიც. ამიტომაც არ ხსნიან საკმარისი რაოდენობით საარჩევნო უბნებს, არც ევროპაში და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს. მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში მექსიკის გავლით რამდენი ადამიანი ჩამოვიდა.
მათ ყველას შეუძლია ხმის მიცემა, მიუხედავად იმისა, ლეგალურად ცხოვრობენ თუ არალეგალურად.
„ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ გამოხატული საპროტესტო მოძრაობა, საარჩევნოდ აქტიურობა, საკონსულოებთან გამართული საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, მის ფონზე გადაღებული ფოტოები, არჩევნებში მონაწილეობა, სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობები პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებასა და საბუთების აღებაში ეხმარებათ. ამიტომაც ძალიან აქტიურობენ ადამიანები.
ამერიკაში სულ ოთხი საარჩევნო უბანია. ორი ნიუ იორკში, ერთი ვაშინგტონში, ერთი სან-ფრანცისკოში. თითო უბანზე მაქსიმუმ 1500 ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში სულ 6000 ემიგრანტი აძლევს ხმას. ამასთან, ადამიანებს შტატიდან შტატში უწევთ წასვლა ხმის მისაცემად. რა თქმა უნდა, ყველა ვერ ახერხებს ამას.
მაგალითად, ნიუ ჯერსის შტატში ერთ-ერთი დიდი წარმომადგენლობაა ემიგრანტებისა საქართველოდან, მაგრამ ხელისუფლება ამას არ იმჩნევს. ხალხი ითხოვს ამერიკაში საარჩევნო უბნების დამატებს, მაგრამ ეს ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რადგან „ქართულ ოცნებას“ ემიგრაციაში მხარდამჭერები არ ჰყავს.
უფრო მეტიც, აქა იქ შემორჩენილი მათი მხარდამჭერები, ჩემი ნაცნობები, იმედგაცრუებულები და ძალიან გაბრაზებულები არიან ბიძინაზე. ეს ბიძინამაც იცის. ფაქტია, როგორ ეშინია ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნების. ის საჯაროდ, ტყვია გაუმტარი შუშის გალიიდან სიტყვით გამოსვლისას გამარჯვებულის როლს თამაშობს, როცა ამბობს, რომ მას ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება უნდა, თითქოს უბრალო უმრავლესობით მოგება უკვე გარანტირებული აქვს, ანუ გამარჯვებულის იმიტაციას ქმნის; ცდილობს ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს არჩევნებს ყველა შემთხვევაში იგებს.
ეს „ბლეფია“, 50 %-ის გადალახვის კი არა, მასთან მიახლოების შანსი არა აქვთ. ძალიან უჭირთ, ეს სახეზე აწერია მასაც და მის გუნდსაც. ამ არჩევნებით ბიძინა ივანიშვილი თავისი პოლიტიკური გავლენების და ფინანსების შენარჩუნებას ცდილობს. ჩვენ კი, როგორც ერს არსებობა არ არსებობის საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი. უნდა ავირჩიოთ ან რუსეთი და სიღატაკე, ან ევროპა და თავისუფლება.
- თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ რუსეთისგან, რატომ არის საქართველოსთვის ევროპული გზა მნიშვნელოვანი?
ქართველებმა ავირჩიეთ ევროპა, რადგან ეს ნიშნავს თავისუფლებას, განათლებას, განვითარებას, უსაფრთხო გარემოს, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. ჩვენი ქვეყანა საქართველო, ევროპის ნაწილია. ლენინმა მოგვგლიჯა ევროპას და დროებით მოვწყდით ჩვენს ოჯახს, ტანჯვასა და ვაებაში გავატარეთ ცხოვრება.
რატომ უნდა ავირჩიოთ ოკუპანტი რუსეთი, ქვეყანა, რომელიც კლავს ადამიანებს, იტაცებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. რუსეთი ნიშნავს სიღატაკეს, შიმშილს. ადამიანები ჩვენი ქვეყნიდან გამოურბიან სიღატაკეს, კრიმინალს, შიმშილს.
- ბოლო კითხვა, რომ იყოს ცოტა უკეთესი პირობები საქართველოში – ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატიის თვალსაზრისით, თუ დაბრუნდებოდით? თუ გიფიქრიათ დაბრუნებაზე?
როგორი პირობებიც არ უნდა იყოს საქართველოში, ეკონომიკისა და დემოკრატიის თვალსაზრისით უკეთესი თუ უარესი, მნიშვნელობა არა აქვს, მაინც დავბრუნდები.
მე არ მაშინებს სიძნელეები. სრულწლოვანები როგორც კი გახდებიან შვილები, დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებენ თუ არა მაშინვე დავბრუნდები, აბა აქ რა მინდა?! იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები და ქართველი ემიგრანტების შვილები, ანუ ჩვენი საამაყო მომავალი თაობა აქაურ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოს მსახურებას, ზოგადად დემოკრატიის გავრცელებას და რუსეთისგან დაჩაგრული ქვეყნების დაცვას და გაძლიერებას მოახმარენ.