რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო აგენტების შესახებ კანონის შეჩერებაზე [რომლის ანალოგიც არის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონი] 2014 წელს მიმართეს რუსეთის მოქალაქეებმა. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეების მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა – ადმინისტრაციული ჯარიმების ნაწილში:
სასამართლოს დასაბუთებით, ადმინისტრაციული ჯარიმები არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რამდენადაც – მოქმედი საკანონმდებლო რეგულირება არ იძლევა შესაძლებლობას, კანონით განსაზღვრულ სანქციით დადგენილ ქვედა ზღვარზე მცირე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საშუალებას – ის არ აძლევს უფლებამოსილ პირს უფლებას ყველა შემთხვევას მიუდგეს ინდივიდუალურად.
ხვალ, 29 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით შესული ოთხი სარჩელის განხილვას. არ არის გამორიცხული, ქართველი კანონმდებლების მსგავსად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც არ გაიზიაროს სარჩელის მოთხოვნები და იხელმძღვანელოს რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით – მაგალითად, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსად დააკმაყოფილოს ერთი რომელიმე ისეთი მოთხოვნა, რაც ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ხელისუფლების სურვილს მედია და არასამთავრობო სექტორი გაანადგუროს.
ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკომერციული ორგანიზაციებისა და არაკომერციული გაერთიანებების უცხოური ინტერესების აგენტების რეესტრში სავალდებულო რეგისტრაცია მიიჩნია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციასთან შესაბამისად.
გთავაზობთ ამონარიდებს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 8 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებიდან. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს ეს კანონი ეხება ყველას, მათ შორის ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ ჯგუფებსაც.
მოკლე მიმოხილვა:
რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“ ფედერალური კანონი ითვალისწინებს, რომ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ უცხოური აგენტის ფუნქციებს, მიეკუთვნებიან ისეთი რუსული არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ ფინანსურ სახსრებს და სხვა სახის ქონებას უცხოური წყაროებიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აორგანიზებენ და ატარებენ პოლიტიკურ აქციებს, რომლებიც მიმართულია ზეგავლენის მოხდენაზე (მიუხედავად/განურჩევლად დასახული მიზნებისა) სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე, ასევე გარკვეული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული პოლიტიკისა და მიმდინარე პროცესების მიმართ.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე გასათვალისწინებელია, რომ საქმიანობა მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ჯანდაცვის, მოქალაქეთა ჯანმრთელობის პრევენციისა და დაცვის, მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისა და დაცვის, დედობისა და ბავშვობის დაცვის, შშმ პირთა სოციალური დახმარების, ხელშეწყობის სფეროებში, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის, მცენარეთა და ველური ბუნების დაცვის, საქველმოქმედო საქმიანობის, აგრეთვე ქველმოქმედებისა და მოხალისეობის ხელშეწყობის სფეროები არ უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას (ფედერალური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის მე-3 პუნქტით), რაც არის ერთ-ერთი პირობა არაკომერციული ორგანიზაციის უცხო ქვეყნის აგენტად ცნობის.
შესაბამისად, როგორიც არ უნდა იყოს არაკომერციული ორგანიზაციების სახსრებისა და სხვა მატერიალური რესურსების წყაროები, თუ მათი საქმიანობის მიზნები არ სცილდება მითითებულ სფეროებს, ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს უცხოური აგენტის ფუნქციების შესრულებად.
ის არაკომერციული ორგანიზაციები და გაერთიანებები (არაკომერციული ორგანიზაციებისა და არაკომერციული გაერთიანებების შესახებ ფედერალური კანონები), რომლებსაც განზრახული აქვთ მიიღონ უცხოური დაფინანსება და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური საქმიანობაში, ვალდებული არიან წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებაში.
სასამართლოს განმარტებით: „ამ ვალდებულების დადგენისას ფედერალური კანონმდებელი ხელმძღვანელობდა არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის ფინანსური (ქონებრივი) კომპონენტის გამჭვირვალობის (გახსნილობის) აუცილებლობით, რომლებიც აპირებენ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ საქმიანობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და სურთ გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მათ მიერ გატარებულ საჯარო პოლიტიკაზე.
ასეთი საქმიანობა, როგორც შინაარსით, ასევე იმ შედეგებით, რომელთა მიღწევასაც ის ითვალისწინებს, არ შემოიფარგლება არაკომერციული ორგანიზაციის საკუთარი (შიდა) საჭიროებებით, არამედ აშკარა შემხებლობაშია როგორც საჯარო კანონიერ ინტერესებზე ზოგადად, ასევე ყველა მოქალაქის უფლებებთან და თავისუფლებებთან…
აქედან გამომდინარე, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მონაწილეობენ პოლიტიკურ საქმიანობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ვალდებულების დაკისრება, შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს ამის შესახებ და აღიარონ საკუთარი თავი არაკომერციულ ორგანიზაციებად, რომლებიც ასრულებენ უცხოური აგენტის ფუნქციებს (რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის, მე-2, მე-18 , 24 (2), 29 ( 4) და 30 (1) შეტყობინებების პროცედურის საშუალებით) არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციურ მიზნებთან და ღირებულებებთან შეუთავსებლად, რადგან ის მიზნად ისახავს უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირება უცხოური სუბიექტების (სახელმწიფოების, ორგანიზაციების ან ფიზიკური პირების) მონაწილეობის შესახებ, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ფულადი და (ან) სხვა მატერიალური მხარდაჭერის თაობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ არაკომერციული ორგანიზაციების მიერ ფინანსური ან სხვა საქმის ქონების მიღება უცხოური აგენტებისგან არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (ამ სახსრების/რესურსების) გამოყენების შესაძლებლობას, ასეთი წყაროების (უცხოური) ინტერესების სასარგებლოდ, მათი საკანონმდებლო გამიჯვნა, უცხოური ინტერესების გამტარებელი აგენტების სახით, შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, რადგან კონსტიტუციის პრეამბულა და მესამე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს რუსეთის ფედერაციას სუვერენულ სახელმწიფოდ და ხელისუფლების ერთადერთ წყაროდ კი რუსეთის ფედერაციის მრავალეროვან ხალხს.
რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკომერციული ორგანიზაციებისათვის, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, სავალდებულო რეგისტრაციის დაწესება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან „მიმართულია გამჭვირვალობის უზრუნველყოფისაკენ (ასეთი ორგანიზაციების) იმ ორგანიზაციების, რომლებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი (საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენა) გზით ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებასა და მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაზე.
გამჭვირვალობის ვალდებულების დაწესება არ ითვალისწინებს სახელმწიფო ჩარევას სასურველი შინაარსის ან მსგავსი საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრაში. შესაბამისად, რეგისტრაციის ვალდებულების დაწესება არ ნიშნავს არაკომერციული ორგანიზაციების, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებენ, ნეგატიურ საკანონმდებლო შეფასებას.
საკანონმდებლო ნორმები ადგენენ მხოლოდ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და არ აფერხებენ არაკომერციული ორგანიზაციებს თავისუფლად მოიძიონ და მიიღონ ფულადი სახსრები და სხვა სახის ქონება, როგორც უცხოური, ასევე რუსეთში არსებული წყაროებიდან და გამოიყენონ თავიანთი ორგანიზაციული პოლიტიკური საქმიანობისთვის, მათ შორის უცხოური წყაროების ინტერესების (თვის) სასარგებლოდ.
რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლო უცხოური აგენტების რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას არც დისკრიმინაციულად მიიჩნევს, რადგან „რეგისტრაცია… არ აფერხებს არაკომერციულ ორგანიზაციას არც ფინანსური სახსრების ან ამა თუ იმ სახის ქონების მიღებაში, როგორც უცხოური, ან საერთაშორისო ორგანიზაციების, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისგან.
არაკომერციული ორგანიზაცია, ასევე არ კარგავს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ის არ არის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომლებიც არ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და არ არიან რეგისტრირებული უცხოური აგენტების რეესტრში.
შესაბამისად, უცხოური დაფინანსების მიმღები არაკომერციული ორგანიზაციებისათვის საკანონმდებლო ვალდებულების დაკისრება, რომ გაიარონ რეგისტრაცია პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, მიმართულია მხოლოდ ასეთი ორგანიზაციების დამატებითი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
სასამართლოსავე განმარტებით, რეგისტრაციის ვალდებულება არ ნიშნავს სახელმწიფო ჩარევას ან კონტროლის განხორციელებას არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობის მიზანშეწონილობაზე. არ ზღუდავს ასეთ ორგანიზაციებს და ამ საქმიანობაში მონაწილე პირებს სასამართლო დაცვის უფლების განხორციელებაში, სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების თვალსაზრისით“.