მთავარი,სიახლეები

დასავლეთის დახმარება თითოეულ ქართველამდე მივიდა და აი, როგორ – ინტერვიუ

10.09.2024
დასავლეთის დახმარება თითოეულ ქართველამდე მივიდა და აი, როგორ – ინტერვიუ

„მაშინ როდესაც რუსეთი ოჯახის წევრებს გვიხოცავდა, ჩვენს ფიზიკურ გადარჩენაზე ამერიკელი ხალხი ზრუნავდა. ვგულისხმობ დახმარებას, რომელიც მოდიოდა USAID-იდან, ამერიკის განვითარების საერთაშორისო ფონდიდან.

საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში ჩვენი ღირსება და ჩვენი მშვიდობა დაარღვია მხოლოდ რუსეთმა. მე პირადად ოჯახის წევრები მყავს დაღუპული სოხუმში. რუსეთის წყალობით სახლიდან ვარ გამოგდებული 33 წელია. არ ვიცი საფლავები ჩემი ოჯახის წევრების. ეს ყველაფერი გააკეთა რუსეთმა საქართველოსთვის,“ – ასე იწყებს საუბარს „ბათუმელებთან“ სოფო გეგეჭკორი.

მას ამერიკულ და ქართულ დიპლომატიურ მისიებში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, არის სპეციალისტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების განხრით. სოფო საქართველოს მოქალაქეა, ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და ამერიკულ კერძო კომპანიაში მუშაობს.

„ბათუმელებმა“ სოფო გეგეჭკორთან ინტერვიუ ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ ჩაწერა.

  • ქალბატონო სოფო, როგორ აისახა დასავლური, ამ შემთხვევაში აშშ-ის დახმარება თქვენზე, როგორც ერთ ადამიანზე?

ჩემი პირადი ისტორიით მინდა ავხსნა, რა არის დასავლეთის დახმარება რიგითი ქართველი მოქალაქისთვის.

1993 წლიდან მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან, სოხუმელი. ჩემთვის, როგორც დევნილისთვის, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის პრიზმაში ორი მთავარი პარამეტრი არსებობს, ერთია სიცოცხლის გადარჩენა, მეორეა განვითარებისა და თვითრეალიზაციის საშუალების მოცემა.

სიცოცხლის გადარჩენის ამბით დავიწყოთ.

საქართველოს მოქალაქეების მეათედს, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომიდან დევნილებს, გადარჩენაში ხელშეწყობა მხოლოდ დასავლელი პარტნიორებისგან გვახსოვს. მაშინ როდესაც რუსეთი ოჯახის წევრებს გვიხოცავდა, ჩვენს ფიზიკურ გადარჩენაზე ამერიკელი ხალხი ზრუნავდა. ვგულისხმობ დახმარებას, რომელიც მოდიოდა USAID-იდან, ამერიკის განვითარების საერთაშორისო ფონდიდან.

From the American People – ამ წარწერით ჰუმანიტარულმა ტვირთმა გადაგვარჩინა ჩვენ წლები ფიზიკური განადგურებისგან. არა, საქართველოს მთავრობისგან დაწესებული 12 ლარიანი დახმარებით არ გადარჩენილა აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან დევნილი ხალხი, გადარჩა სწორედ რომ USAID-ის ჰუმანიტარული დახმარებით.

ეს რაც შეეხება ფიზიკური გადარჩენის თემას 90-იანებში. მეორედ დევნილები ფიზიკურად აშშ-მ 2008 წლის ომის შემდეგ გადაარჩინა.

2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციის შედეგებზე საპასუხოდ ამერიკის მთავრობამ გამოყო 38 მილიონი დოლარის პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება.

იმ დღეებში, 2008 წლის აგვისტოს თვეში ამერიკამ 100 ათას ტონაზე მეტი დახმარების ტვირთი შემოიტანა ბათუმისა და ფოთის პორტებში. იმავე წლის სექტემბერში, 1 მილიარდი დახმარება გამოუყო საქართველოს აშშ-მა.

ასე რომ ჩემთვის, როგორც დევნილისათვის, ფიზიკური გადარჩენის ძალიან დიდი წვლილი მოდის იგივე ამ ამერიკულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

მეორე ნაწილი – განვითარებისა და თვითრეალიზაციის მიმართულება ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ფიზიკური გადარჩენის მიღმა არსებობს ის, თუ როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას და რა გარემოში.

ჩემი პირადი ისტორია ასეთია – 2005 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდია მოვიპოვე ამერიკაში „მასკის“ პროგრამით სასწავლებლად. რომ არა ეს სტიპენდია, მე და ჩემი ოჯახი ფინანსურად ვერ შევძლებდით უცხოეთში მიმეღო განათლება, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა.

ეს არ იყო მხოლოდ ჩემს თვითგანვითარებაში ჩადებული ინვესტიცია. ეს იყო უფრო დიდი, საქართველოს განათლების სისტემაში ჩადებული ინვესტიცია ჩემი და სხვა ასობით ახალგაზრდის სახით. რომ არა ამერიკის მთავრობის დახმარება, ვერც ფიზიკურად გადავრჩებოდით და ვერც თვითგანვითარების საშუალება მომეცემოდა მე პირადად. მე ვარ ერთ-ერთი მრავალთაგანი.

ამერიკაში გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულები ყველაზე მეტი რაოდენობით საქართველოში ბრუნდებოდნენ, განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების „მასკელებისგან“.

ეს ნიშნავდა, რომ აქ გაჩნდა ახალი, პროფესიული, საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიც თავიანთ ცოდნას თუ გამოცდილებას ახმარდნენ ქვეყნის მშენებლობას, ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების საქმეს.

ეს იყო დასავლური პროფესიული სტანდარტი, რომელიც ისევ ქვეყანას უბრუნდებოდა და ქვეყნის განვითარებას ხმარდებოდა.

ამერიკა, ასევე, ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი იყო საქართველოში განათლების სფეროში, უფრო ფართოდაც რომ განვავრცოთ. აშშ-ის მიერ გამოყოფილი 1 მილიარდი დახმარებიდან, ძალიან დიდი ნაწილი, მილენიუმის განვითარების კორპორაციის გავლით, საქართველოში მოხმარდა განათლების სისტემის განვითარებას და საბჭოთა პერიოდიდან გაპარტახებული სასკოლო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას.

უზარმაზარი თანხა დაიხარჯა ამ მიმართულებით.

  • რატომ გვეხმარება დასავლეთი? პროპაგანდა ამბობს, ტყუილად არავინ გვეხმარებაო, ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. რა მიზანი აქვს იგივე აშშ-ს, როდესაც 6 მილიარდს ხარჯავს საქართველოსთვის?

ჩემი აზრით, დასავლეთისათვის, წარმატებული და განვითარებული პარტნიორი ბევრად უფრო მომგებიანი მოთამაშეა საერთაშორისო სისტემის და საერთაშორისო მშვიდობის და წესრიგისთვის, ვიდრე განუვითარებელი, ჩამორჩენილი ქვეყანა.

რატომ დაეხმარა ამერიკა გერმანიას ფეხზე დასადგომად, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი ქვეყანა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს? დანგრეული გერმანია ხიფათს წარმოადგენდა ევროპული სტაბილურობისთვის და მშვიდობისათვის.

ასევე, საბჭოთა კავშირის დანგრევის პირველივე დღეებიდანვე საქართველო აღიარა ამერიკამ 1991 წლის დეკემბერშივე, როგორც კი საბჭოთა კავშირის ნგრევა აღიარა და დამოუკიდებლობა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების.

1992 წლის აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი საელჩო გახსნა თბილისში, საქართველოში. 1992 წლიდან მოყოლებული ამერიკა ეხმარება საქართველოს ისე, რომ როგორც თავის დროზე ეხმარებოდა რუსეთსაც, რომ გამხდარიყო ცივილიზებული, განვითარებული ქვეყანა. არა სრულად დანგრეული, გაპარტახებული, ჩამორჩენილი ქვეყანა, არამედ წარმატებული, განათლებული, განვითარებული ქვეყანა, რომლის მიზანი იქნებოდა ყოფილიყო ცივილიზებული წევრი მშვიდობიანი ევროპის.

ამერიკამ დახმარება გაიღო იმისათვის, რომ ამ იმპერიის ნანგრევები არ გადაქცეულიყო ნაცრისფერ ზონად, ტერორის ზონად სამყაროსთვის, არამედ გამხდარიყო მშვიდობის სივრცე. ამის ერთადერთი და ერთ-ერთი გარანტი იყო ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა და საზოგადოებრივი განათლება, განვითარება, თავისუფლება, რაც არის დემოკრატიის ნიშანი. დემოკრატიული სახელმწიფო არ იწყებს ომებს.

ის, რომ ჩვენ გვეხმარებიან, არ არის მარტო ალტრუიზმი, არამედ ჩვენი ჩართვა ცივილიზებულ, მშვიდობიან სივრცეში, მშვიდობიან ევროპაში ყოფნა არის სწორედ იმის გარანტია, რომ ჩვენც გადავრჩებით.

მაგალითად, რუსეთს ამერიკა ყველანაირად ეხმარებოდა, როგორც ფინანსურად, ისე ეკონომიკურად, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. სამწუხაროდ, რუსეთში ტოტალიტარიზმის უფრო დიდი ისტორიაა და გადაწონა.

შესაბამისად, საქართველოს დასავლეთი ეხმარება იმისათვის, რომ გახდეს დემოკრატიული, გახდეს ძლიერი, რომ თვითონ შეეძლოს საკუთარი თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამისათვის მილიარდები გაიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა.

1991 წლიდან მოყოლებული, რუსული ოკუპაციის პირობებში, დასავლეთიდან და კონკრეტულად აშშ-დან მიღებული გვაქვს: ჰუმანიტარული, ფინანსური, კონგრესის დონეზე მხარდამჭერი რეზოლუციები და საკანონმდებლო აქტები, თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედრო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები, თავისი „ჯაველინებით“ თუნდაც. სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წყალობითაა დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე. სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წყალობით განვავითარეთ ჩვენი ქვეყანა იმ დონემდე, სადაც ვართ დღეს 90-იანი წლების სიბნელიდან.

მხოლოდ ამერიკამ 1992 წლიდან დღემდე 6 მილიარდამდე დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს.

დამოუკიდებელი, განვითარებული საქართველო, პირველ რიგში, მომგებიანი პარტნიორია დასავლეთისათვის, მომგებიანი წევრია ევროპისათვის, რაც, სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის რუსულ ინტერესებთან.

  • კონგრესში დააინიციირეს კანონპროექტი, „მეგობარი აქტი“, რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აშშ-თან ვიზა ლიბერალიზაციას. რას ნიშნავს ეს საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის და რას ნიშნავს ამ ისტორიულ შანსზე უარის თქმა?

30 წლის განმავლობაში ამერიკა მუდმივად მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს. ზემოთჩამოთვლილი ფინანსური დახმარებები, რაც სახელმწიფომ მიიღო, რეალურად ყველაფერი, თითოეულ ქართველამდე დავიდა. ჩვენ ყველა დღესაც ვსარგებლობთ იმ სიკეთეებით, რაც ამ 6 მილიარდი დახმარების შედეგია. მოდი, ავიღოთ თუნდაც მარტივად გასაგები, ჯანდაცვის სფეროში.

90-იანი წლებიდან მოყოლებული ათობით ათასი ქართველი ან ტუბერკულოზით იყო ავად ან C ჰეპატიტით. რომ არა ამერიკული დახმარება და ამერიკული პროგრამები, საქართველოში არ იქნებოდა ამ დაავადებების მკურნალობა შესაძლებელი დღემდე.

გადარჩენილ სიცოცხლეებზე ვსაუბრობ.

30 წლის განმავლობაში ამერიკის ათობით რეზოლუცია და საკანონმდებლო აქტია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უმყარებს ზურგს. დღემდე ამერიკის ძალისხმევით საქართველო ინარჩუნებს ლეგალურად თავის ტერიტორიულ ერთიანობას, თუნდაც დღეს რუსული ოკუპაციის პირობებში.

საქართველო ჯერჯერობით მაინც არაა ბოლომდე ეკონომიკურად განვითარებული, ამიტომ ადამიანებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა. აშშ-ს შემთხვევაში – ძალიან ექსტრემალური გზით. ამერიკული მხარდაჭერა თუნდაც ამ „მეგობარი აქტის“ კონგრესში განხილვით, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეპირებაა.

არ დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა აშშ-ს ათწლიანი ტურისტული ვიზა აიღონ. ეს შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას არც კი ჰქონია. ეს აშშ-ს მხრიდან იყო ძალიან დიდი ნაბიჯი, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ გადმოდგმული და დიდი ნდობა გამოცხადებული ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

უვიზო რეჟიმზე ჯერჯერობით ასე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებთ, კონგრესის მიერაა შემოტანილი, მთავრობა განიხილავს და შემდგომ გაითვალისწინებს. მაგრამ ისიც კი, რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოსთვის, აი, ამ ყველაფრით, ჩვენ დღემდე ვარსებობთ.

ჩვენ რომ გვაქვს თუნდაც ის პირობები, რა პირობებშიც ვარსებობთ საქართველო, სწორედ დასავლელი პარტნიორების დახმარებაა. სხვა არავინ დახმარებია საქართველოს. რუსეთი არ დახმარებია საქართველოს.

ევროპული და ამერიკული დახმარებით შევძელით ეკონომიკურად ამ დონემდე მოსვლა. დემოკრატიული ინსტიტუციების ამ დონემდე მოყვანა, ფინანსური სისტემების ამ დონეზე გამართვა, ჯანდაცვისა თუ განათლების სფეროების ამ დონემდე მოყვანა…

სამუშაო ძალიან ბევრია ჯერ კიდევ და ამისათვის არის საჭირო იგივე ამ დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო დაახლოება და არა მათი უკუგდება და იგნორირება.

ჩვენ ქვეყანას სხვა რესურსი არ გააჩნია. ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსი – ნავთობი, ოქრო ან რამე ისეთი, რაც განვითარებაში ხელს შეგვიწყობდა. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური რესურსი გააჩნია. როდესაც ქვეყანა კარგავს ადამიანურ რესურსს, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია.

ამიტომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, ამჟამინდელმაც და მომავალმაც, პირველ რიგში უნდა იზრუნოს, რომ ეს ადამიანური რესურსი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ქვეყანაში და ამ ადამიანური რესურსის განვითარებას შევუწყოთ ხელი. განვითარებას კი კარგად ვხედავთ დღევანდელ მსოფლიოში. ეს არის დასავლეთში.

  • ყველა განცხადება, რაც „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოზიციის გამოვლენის შემდეგ გაკეთდა დასავლეთიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ გვემუქრება დასავლური სამყაროდან იზოლაცია. რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო დასავლეთის ფინანსური და პოლიტიკური დახმარების გარეშე?

დასავლეთის პოლიტიკური დახმარების შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არის დამოუკიდებელი ქვეყანა თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. დე იურე ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნება რუსეთის წყალობით კი არ ხდება, არამედ ხდება დასავლეთის წყალობით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წყალობით. ამერიკა და ევროპა, ფაქტობრივად, 30 წელია ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას და ამ შენარჩუნებაში ჩვენს დახმარებას.

ჩვენ, პატარა ერი, არანაირი რესურსის არ მქონე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ვერანაირად ამ დონემდე ვერ ვიქნებოდით მოსული. შესაბამისად, ვერც განვაგრძობთ გზას ცივილიზებული დასავლეთისკენ, ცივილიზებული მშვიდობიანი სამყაროსკენ, ვერ განვაგრძობთ გზას მარტოდ. არ არსებობს ამის რესურსი ჩვენს გეოგრაფიაში და ჩვენი ზომით.

ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ პარტნიორების შენარჩუნება. შესაბამისად, ქართული ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ამ პარტნიორობის გამყარებაზე. 30 წელია ქართული დიპლომატია აშენებს ამ პარტნიორობას ჩვენს დასავლელ მთელს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკასთან და ევროპის ქვეყნებთან. 30 წელია ქართული დიპლომატია მუშაობს ამ თემაზე, ამ 30 წლის ნაღვაწს ასე ჰაერში ვერ გავუშვებთ.

  • „ღირსებით ევროპისკენ“ წერია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბანერებზე, ქმედებებით კი „ოცნება“ უკან დგამს ნაბიჯებს დასავლეთისგან. როგორ უნდა მიხვდეს რიგითი ამომრჩეველი, რომ ამ სლოგანით რეალურად მმართველი პარტია მას ატყუებს?

ეს სლოგანი – „ღირსებით ევროპისაკენ“ – წინააღმდეგობაში მოდის თავის თავთან.

ევროპას არ დაურღვევია ჩვენი მშვიდობა და არ დაურღვევია ჩვენი ღირსება. საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში ჩვენი ღირსება და ჩვენი მშვიდობა დაარღვია მხოლოდ რუსეთმა.

მე პირადად ოჯახის წევრები მყავს დაღუპული სოხუმში. რუსეთის წყალობით სახლიდან ვარ გამოგდებული 33 წელია. არ ვიცი საფლავები ჩემი ოჯახის წევრების. ეს ყველაფერი გააკეთა რუსეთმა საქართველოსთვის. ევროპა და დასავლეთი თვითონ არის გარანტორი მშვიდობის და ღირსების ჩვენთვის.

„რუსეთიდან გამოვიდეთ მშვიდობიან და ღირსეულ დასავლეთში“- აი, ეს არის უფრო სწორი ფორმულირება იმ გზისა, რასაც საქართველო გადის ბოლო 30 წელია.

მავნებელი, აგრესორი რუსეთიდან ვცდილობთ გამოღწევას, რომ შევაღწიოთ მშვიდობიან და ღირსეულ ევროპაში.

ვერცერთი ხელისუფლება მე ვერ შემიყვანს ღირსებით ევროპაში, მე, ღირსეული საქართველო უნდა მიმიღოს ევროპამ, თავის მშვიდობიან და ღირსეულ სავანეში და თანამეგობრობაში.

ამის გარანტორი ხელისუფლება მაშინ იქნება, თუ ქვეყნის შიგნით ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას, კორუფციის აღმოფხვრას, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას. ეს ის კრიტერიუმებია, რასაც ჩვენი მშვიდობიანი დასავლეთელი პარტნიორები სთხოვენ საქართველოს.

ჩვენი შიდა თვითგანვითარება ჩვენსავე ხელშია. ამაში ჩვენ პარტნიორები 30 წელია გვიწყობენ ხელს. ამიტომ აქ მთავარია, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ქვეყნის განვითარება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა, დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ჩვენი სტრატეგიული მიმართულება არის დასავლეთთან ინტეგრაცია, ევროპასთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაცია და დაახლოება. ამიტომ ყველა მთავრობის, ახლანდელი თუ მომავალის, დავალება ქართველი მოსახლეობისაგან, არის სწორედ ამ სტრატეგიული მიმართულების გაგრძელება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: