მთავარი,სიახლეები

ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს ქცევის კოდექსს ხელი არ მოაწერეს – „ეს არის აგდება“

17.09.2024 •
ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს ქცევის კოდექსს ხელი არ მოაწერეს – „ეს არის აგდება“

ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეთავაზებულ ქცევის კოდექსს ხელს არ აწერენ. მათი განმარტებით, იმ ფონზე, როცა საარჩევნო საოლქო კომისიებმა უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად ნეიტრალური პირებიც კი არ დანიშნეს და მათი უმეტესობა „ოცნებასთან“ აფილირებულია, ოპოზიციური პარტიებისგან ქცევის კოდექსზე შეთანხმების მოთხოვნა სიყალბეა.

გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიებისთვის გაუგებარია, ვის და როგორ აღასრულებს ქცევის კოდექსის კონტროლს.

ცესკო პარტიებისთვის შეთავაზებული ქცევის კოდექსის ხელმოწერის საბოლოო ვადად 11 სექტემბერს ასახელებდა და წერდა, რომ ხელმოწერის ვადის გასვლის შემდეგ შეთავაზებულ კოდექსს გამოაქვეყნებდა, შემდეგ კი ვადა გადაწიეს.

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ცესკოს ეს ნაბიჯი სიყალბეა:

„თავად ქართული ოცნება არ ირჩევს მიუკერძოებელ წევრებს კომისიებში. კონკრეტული სახელები და გვარები წარვადგინეთ კომისიის სხდომაზე, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დანიშნეს უპარტიოების კვოტით საუბნო საარჩევნო კომისიებში. ამ ფონზე სიყალბეა ყველაფერი. თვითონ არ იცავენ წესებს და ჩვენ რატომ გვავალდებულებენ, ეს არის უცნაური.

ამასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა კომისიის წევრმა 64 უბანზე დაწერა განსხვავებული აზრი, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, „ოცნების“ აქციებში მონაწილეები, ნათესავები და აქტივისტები შეიყვანეს კომისიების ნეიტრალურ წევრებად საარჩევნო უბნებზე.

ამ პირობებში ეთიკის სტანდარტების დაცვის მოწოდება ცესკოს მხრიდან არის უბრალოდ აგდება.

ამას აქვს ერთადერთი მიზანი, მერე ადგება „ქართული ოცნება“ და დაიწყებს სხვების გაშავებას. ჯერ ერთი, როგორ უნდა მოხდეს ქცევის კოდექსის მონიტორინგი? მაშინ სუბიექტი უნდა განსაზღვრო, ვინ ახორციელებს მონიტორინგს. ასეთი რამ არ არის.

გარდა ამისა, რას ნიშნავს, მაგალითად, „სატელიტი დამკვირვებელი ორგანიზაციები“?! რისი სატელიტი და ვისი სატელიტი? ნებისმიერ სუბიექტს კანონით დადგენილი წესით თუ შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს და დააკვირდეს არჩევნებს, ვინ გასაზღვრავს სატელიტია თუ არა? მაშინ ვიძახოთ, რომ ვიღაც „ქართული ოცნების“ სატელიტია.

ეს სინამდვილეში ეთიკური სტანდარტების შეთანხმების დოკუმენტი კი არ არის, პირიქით, საბოლოო ჯამში გამოიწვევს დაპირისპირებას და ერთმანეთის გასაშავებლად იქნება გამოყენებული.

ყველაზე მთავარი არგუმენტი, ჩვენ რატომაც არ შევუერთდებით ამას, არის ის, რომ თავად „ქართული ოცნება“ არ იცავს არანაირ წესს, დევნის ყველგან ოპოზიციურ პარტიებს. ყველა მიმართულებით ავიწროებენ ოპოზიციას და ამ დროს ასეთ ქცევის კოდექსს გვთავაზობენ ხელმოსაწერად, მაშინ როცა ყველაფერს თვითონ არღვევენ“ – ამბობს დეპუტატი თამარ კორძაია.

ცესკოს მიმართ უნდობლობაზე და გასულ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების რეაგირების გარეშე დატოვებაზე საუბრობს გიორგი კირთაძე, პარტია „ახალის“ გენერალური მდივანი.

„ამ ცესკოს როგორ შეიძლება რამეზე ჰქონდეს პრეტენზია, რა ქცევის კოდექსზე გველაპარაკება?!

პოლიტიკურ ოპოზიციას დაშინების, გინების, ცემა-ტყეპის გარდა არაფერს უკეთებს. მაქსიმალური აქტივობის გარდა სხვა გზა არა გვაქვს დარჩენილი, თუ გვინდა, რომ ივანიშვილს გამოვტაცოთ მიტაცებული ხელისუფლება და ახლა ყველა უნდა ვიყოთ ამაზე გადართული, დავარწმუნოთ ხალხი, რომ ბევრი მივიდეს არჩევნებზე, ეს არის ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი.

ცესკოს დოკუმენტურად ვაჩვენეთ, რომ კარუსელი ტრიალებდა ბათუმის ოლქებზე, ერთი უბნის ბიულეტენი მეორე უბანზე ვნახეთ, კომისიის თავმჯდომარემ რომ დაამოწმა, რომ კი ნამდვილად ეს ბიულეტენი აღმოჩნდა ჩემთანო, ვიდეო თუ ფოტო მტკიცებულებები ჩავუტანეთ მოსყიდვის და დაშინების, ბოლოს ჩავუტანეთ 100 პროცენტიანი ბიულეტენები როგორ იყო გაბათილებული…“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

ცესკოს ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. ხელმომწერებს შორის არის „ქართული ოცნებაც“.

 

ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 9 სექტემბრიდან შეეძლოთ. ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროა და განთავსებულია ვებგვერდზე.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: