საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი წელს მეცხრამეტედ ჩატარდება. ეს იქნება მესამე წელი ფესტივალისთვის, ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე.
ბათუმის მერიამ და აჭარის კულტურის სამინისტრომ „ბიაფს“ კინოფესტივალის დაფინანსებაზე 2024 წელსაც უარი უთხრა.
„ბიაფის“ დაფინანსებაზე უარი სახელმწიფო სტრუქტურებმა პირველად 2022 წელს თქვეს. მანამდე აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია კინოფესტივალის მუდმივი პარტნიორები იყვნენ.
„ბიაფის არდაფინანსებას არ აქვს არანაირი ლოგიკური და არგუმენტირებული მიზეზი. აჭარის რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული, საერთაშორისო დონის ფესტივალია. ყოველწლიურად ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს კინომოყვარულებისთვის და ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც აქვს სამინისტროს და მერიას, ბიაფი სრულად პასუხობს,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი, კინოფესტივალის მენეჯერი.
ზვიად ელიზიანის თქმით, მიმდინარე წელს ბათუმის მერიისგან და აჭარის კულტურის სამინისტროსგან 15-მდე ფესტივალი დაფინანსდა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კომისიაში, რომელსაც „ბიაფის“ და სხვა ფესტივალების დაფინანსების საკითხი უნდა გადაეწყვიტა, 9 წევრი შედიოდა.
„კომისიის 9 წევრიდან 2 გარედან მიწვეული სპეციალისტი იყო, სამი – სამინისტროს წარმომადგენელი, ერთი იყო ბათუმის მერიიდან, ერთი საკრებულოდან და ერთი – უმაღლესი საბჭოდან. შესაბამისად, გასაგებია მათი გადაწყვეტილება.
ოფიციალურ მიზეზად, თუ რატომ ვერ დაფინანსდა ფესტივალი, გვითხრეს, რომ „ბიაფმა“ ვერ დააგროვა საჭირო ქულები. წარმოუდგენელია, რომ ამ 15 ფესტივალში რომ ვერ ხვდება „ბიაფი“.
ეს ან იმის მანიშნებელია, რომ კომისიის წევრები აბსოლუტურად არაკომპეტენტურები იყვნენ, (რადგან „ბიაფი“ რომ ვერ ფინანსდება, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ იცი რა ხდება კულტურის სფეროში და ფესტივალებში), ან მეორეა, რომ ეს იყო წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება.
როგორც მე ვიცი კომისიის წევრები იყვნენ, სამინისტროდან – კაკო ძნელაძე, უმაღლესი საბჭოდან – დათო ბაციკაძე, მერიიდან – სოფო ხალვაში და საკრებულოდან – ლევან ცხოიძე. თავად მინისტრთანაც მოვითხოვე შეხვედრა, მაგრამ რეალურად არგუმენტირებული პასუხი, რატომ არ დაფინანსდა კინოფესტივალი, ვერ მივიღე,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი „ბათუმელებთან“.
- როგორ ჩატარდება ბიაფი
სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის მიუხედავად ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო მე-19 ფესტივალი ბათუმში მაინც ჩატარდება.
„ბიაფი“ ბათუმში 27 სექტემბერს გაიხსნება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.
„ბიაფი“ წლების განმავლობაში გახდა ბათუმის და მთლიანად რეგიონის სავიზიტო ბარათია და კინომოყვარულებისთვის შემოდგომაზე ბათუმში ჩამოსვლის მიზეზიც. სირთულეების მიუხედავად, კინოფესტივალის მენეჯერი ამბობს, რომ ფესტივალზე საინტერესო ფილმები იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალზე ცალკე სექცია დაეთმობა უკრაინას და უკრაინულ კინოს. ცნობილია, რომ ამ სექციაში სამი უკრაინული ფილმი იქნება ნაჩვენები.
სრული პროგრამა, თუ რა ფილმებს იხილავს ფესტივალზე მისული მაყურებელი მომავალ კვირას გამოქვეყნდება.
წელს, გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის„აპოლოში“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი „კავეაში“ გაიმართება. ასევე იქნება ტრადიციული ღია კინოჩვენებები ევროპის მოედანზე.
რაც შეეხება დაფინანსებას, მისი მოპოვება სხვადასხვა ფონდებიდან სცადა კინოფესტივალის მენეჯმენტმა.
„ფესტივალზე იქნება ისეთი ფილმები წარმოდგენილი, რომელიც დაფინანსებულია სხვადასხვა საელჩოების მიერ. რაღაც ნაწილის ჩვენებაზე ნებართვას ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით უფასოდ ვიღებთ. ლიცენზიებს ვგულისხმობ, რადგან 10-15 ათასი ევროს ფარგლებშია ლიცენზიის თანხა, რომ გადაიხადო. რაც შეეხება დანარჩენ დაფინანსებას, გაგვიმართლა, რომ იყო მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადებული, სადაც, რა თქმა უნდა, მცირე, მაგრამ მაინც მოვიპოვეთ დაფინანსება. სულ 12 ათასი ევროა, რომელიც ლოჯისტიკაში უნდა გვეყოს.
ასევე ვცდილობთ მცირე მხარდაჭერის მოპოვებას სასტუმროებიდან ფასდაკლებების სახით. მცირე სპონსორებით ვცდილობთ მინიმალურ დონეზე საჭირო ხარჯები დავფაროთ,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი.
მისი თქმით, „ბიაფს“ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი რეგიონში კინოს, ტურიზმის და ქალაქის პოპულარიზაციაშიც.
„რეგიონის და ქალაქის ჭრილში რომ ავიღოთ, საერთაშორისო ფესტივალებს და მათ შორის „ბიაფსაც“, თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს იგივე ქალაქის პოპულარიზაციაში. ყველა ის რეჟისორი, ვინც აქ ყოფილა, როცა ბრუნდებიან, მათგანაც პოზიტიური ინფორმაცია მიდის რეგიონზე, ქალაქზე. ასევე დადებითი გაშუქება ხდება უცხოურ პრესაში. ასეთი ფესტივალით ქალაქი კულტურულ რუკაზე თავის ადგილს მოიპოვებს.
ვფიქრობ, საკმაოდ დადებით როლს ასრულებს „ბიაფი“ და კიდევ შეასრულებს,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი.