მე ვარ მეა მალაყმაძე და ვარ სტუდენტი ბათუმიდან. თბილისში ვსწავლობ, კერძოდ ჯიპაში. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ჟურნალისტიკა. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი თამაშობს ძალიან დიდ როლს ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩემი ფაკულტეტი ახლოსაა ჟურნალისტიკასთან. როდესაც მშვიდად უნდა მესწავლა და დრო გამომეყენებინა საკუთარი თავის განვითარებაზე, ის პერიოდი რუსთაველზე ვიდექი. სამწუხაროა, რომ ჩვენს მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის.
- იყო აქციებზე მომენტები, რამაც შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა?
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ხალხის ერთად დგომა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ერთმუშტად შეკრულ ხალხს უზარმაზარი ძალა აქვს. ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, სახლში სხვადასხვა საჭმელს ამზადებდა ან რაღაც ტიპის ინვენტარს ყიდულობდა. შემდეგ ამას უანგაროდ ურიგებდა სხვებს, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. მაშინ, როცა იქ მართლა მშიერი ვიდექი, ვიღაცამ ჩამოიარა და კრუასანი მომცა. ეს იყო ჩემთვის იმედისმომცემი – სითბო და სიყვარული იგრძნობოდა.
მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი გავიქეცით და დავდექით პირველ ხაზზე. ცრემლსადენი გაზი შეგვასხეს და ვტიროდით. ძალიან ბერი ადამიანი მოგვვარდა მაშინვე დასახმარებლად. ამან უფრო მეტი ძალა და სტიმული მომცა იმისთვის, რომ სახლში არ წავსულიყავი. ერთხელ წყლის ჭავლიც მომხვდა და სახლში გალუმპული მივედი. მე, პირადად, არ შევსწრებივარ ცემის მომენტებს, მაგრამ ნამდვილად იყო ამის ბევრი შემთხვევა.
იქ რომ ხარ, იცი, რომ ნამდვილად არის საფრთხე, მაგრამ არ გეშინია, ერთიანობა და საერთო მიზნისთვის ბრძოლა გაძლიერებს. იქ დგახარ, პარლამენტის კარს უბრახუნებ, ყვირი, ზოგჯერ ღრიალებ, თუნდაც პროპაგანდისტულ მედიას არ აძლევს პროპაგანდის კეთების საშუალებას. იცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახარ და მართლა კარგ რაღაცას აკეთებ.
ჩემი რუტინა იყო ასეთი – დილით ვიღვიძებდი, ვჭამდი, თუ რამე საქმე მქონდა მაშინვე მოვაგვარებდი და აქციებზე გავრბოდი. ღამე მოვდიოდი, 2-3 საათი წავუძინებდი და შემდეგ დილით ისევ რუსთაველზე გავდიოდი.
ჩვენმა მთავრობამ ვერ შეიგნო, რომ ასეთი აქციები თუ საჭირო იქნება, კიდევ განმეორდება. ეს უნდა გაითავისონ.
- რაში გვჭირდება ევროკავშირი?
ევროკავშირმა უკვე ბევრჯერ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენი მეგობარია. ეს წარსულის მაგალითებზეც არაერთხელ გვინახავს. თუნდაც, 2015 წელს დაგვეხმარა, როდესაც წყალდიდობა იყო. 2008 წლის ომის შემდეგაც უამრავი თანხაა ევროკავშირიდან შემოსული. ზოგჯერ მომისმენია კითხვა – რატომ უნდა დაგვეხმაროს უანგაროდ? ეს კითხვა მეც გამჩენია.
ევროკავშირი შეიქმნა ზუსტად იმისთვის, რომ ადამიანებს მათ წევრ ქვეყნებში ჰქონდეთ კარგი საცხოვრებელი პირობები და არ მოუწიოთ ტანჯვა ელემენტარული საარსებო პირობებისთვის. ეს, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეა. ევროკავშირი არის დემოკრატია და სამართალი.
ჩვენ ერეკლე მეფის პერიოდიდან მოყოლებული მუდმივად კონფლიქტი გვქონდა რუსეთთან, მაგრამ ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია ევროპასთან. ისინი, პირიქით, ყოველთვის გვეხმარებიან. ზოგს ჰგონია, რომ ევროკავშირის არჩევის შემთხვევაში შესაძლოა იგივე განმეორდეს მათთან, რაც რუსეთთან მოხდა. ეს რეალობას ძალიანაა მოკლებული – ევროპიდან მუდამ შემოედინება ფინანსები ქვეყნის განსავითარებლად, რუსეთიდან კი ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა.
სამწუხაროდ, დღეს, ამ რეალობაში, საქართველოს არ შეუძლია დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე არსებობა, თუნდაც ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
- „ქართული ოცნების“ პროპაგანდას მეტ-ნაკლებად აქვს გავლენა ადამიანებზე, როგორ შეიძლება ამ გავლენების შემცირება?
სამწუხაროდ, მუშაობს. ეს ყველაზე მეტად მოქმედებს უფროსი ასაკის ადამიანებზე. ჯენზი არ არის ის თაობა, რომელსაც მარტივად მოატყუებ. კი, ჩვენი თაობა გაიზარდა ქართულ, კონსერვატიულ რეალობაში, მაგრამ კარგად შეგვიძლია დავინახოთ განსხვავება სწორსა და არასწორს, პროპაგანდასა და რეალობას შორის.
ძალიან სამწუხაროა, რომ ნარატივი – „აბა ომი გინდათ?“ ბევრისთვის არგუმენტი გახდა. ილია ამბობდა ყოველთვის, რომ ოქროს ჯაჭვს თავისუფლება უნდა გვერჩივნოს, სწორედ ამას ამტკიცებდა ეს კაცი და სწორედ ამისთვის იბრძოდა. მიხარია ის ფაქტი, რომ ჩემ ირგვლივ არიან ის ადამიანები, ვინც იზიარებენ ამის მნიშვნელობას.
ქვეყანა მხოლოდ იმიტომ არ უნდა გიყვარდეს, რომ აქ დაიბადე. აქ დაიბადნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის მართლა დაუღალავად შრომობდნენ და მათი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო რუკაზე არსებობს. ყველამ უნდა გაიზიაროს საკუთარი საზოგადოებრივი ვალი და მიხვდეს, თუ რაა გასაკეთებელი.
სოციალურ მედიას ძალიან ბევრი დადებითი თუ უარყოფითი მხარე აქვს და მისი გამოყენება ბევრნაირად შეიძლება, თუნდაც დეზინფორმაციისა თუ პროპაგანდის გავრცელებისთვის. ვფიქრობ, ამის გამოსწორების ძირითადი საშუალება განათლებაა.
განათლებას თან ახლავს კრიტიკული აზროვნების განვითარება, რითაც შემდეგ უკეთ შეგიძლია გაფილტრო სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ჩამოიყალიბო საკუთარი აზრი და რადგან ვიღაცამ რაღაც თქვა ან დაწერა, ამის გამო დამოკიდებულება არ შეიცვალო.
მე, პირადად, მაქვს ევროკავშირზე ჩემი დამოკიდებულებები, რომელსაც შეიძლება სხვა არ იზიარებდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო აზრი უნდა შევიცვალო. განათლებას ისიც მოაქვს, რომ იცი საკუთარი აზრი როგორ გამოხატო და არ შეგეშინდეს ლანძღვის. შესაბამისად, კარგი განათლება დემოკრატიის საძირკველია. თუნდაც ამიტომ გვჭირდება ევროპა.
- შენი აზრით, რატომ მიდიან მოქალაქეები ემიგრაციაში საქართველოდან, რა აიძულებთ მათ ამის გაკეთებას?
ეკონომიკური მდგომარეობა. მე, პირადად, მაწუხებს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სასამართლო, სამართალი. მე რომ ვიღაცამ რაღაც დამიშავოს, არასამართლებრივი ქმედება ჩაიდინოს ჩემ მიმართ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სამართალს ვიპოვი.
12 წელი სკოლაში, 4 წელი უნივერსიტეტში, შემდეგ ალბათ 2 წელი მაგისტრატურაზე რომ ისწავლი და ამდენი შრომის შემდეგ მაინც ცხრასაათიან სამუშაოზე მხოლოდ 1000 ლარზე მოგიწევს მუშაობა და ამით ოჯახის რჩენა, იძულებული გახდები დატოვო ქვეყანა. არავის არ ეხალისები საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს, საყვარელი ადამიანების დატოვება და სხვაგან წასვლა.
ამის გამოსწორება შეიძლება ეკონომიკის გაძლიერებით. ეს კი შესაძლებელია, თუ ხელისუფლებისთვის ჯიბის გასქელება არ იქნება პრიორიტეტი. ამისთვის ბრძოლა და ქვეყნის სამსახურში დგომაა საჭირო, რაც ნამდვილად არ ახასიათებს ჩვენს მთავრობას. ძალიან დასანანია, რომ თითოეული მათგანი ასეთი განათლებით, საკუთარ ენერგიას და ძალას ოლიგარქის ჯიბის გასქელებას ახმარს. იმედი მაქვს, გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იბრძოლებს.
იმედი მაქვს ასევე, რომ მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დატოვებს ხელისუფლებას, მომავალ მთავრობას კი კარგად ეცოდინება, რა ძალა აქვს ხალხს. ამის გააზრების შემდეგ ისინი სწორად დაალაგებენ პრიორიტეტებს. ასეთ დროს უამრავი ემიგრანტი შეძლებს უკან დაბრუნებას და აღარ მოუწევთ თუნდაც მოხუცების მოვლა სხვაგან, ოჯახისგან შორს. ისინი შეძლებენ საკუთარ ქვეყანაში უკეთეს გარემოში დასაქმებას.
- როგორ უნდა მოვიქცეთ არჩევნებზე?
წელს ძალიან ბევრს გვაქვს პირველი არჩევნები და თან ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ საკუთარი ხმა. ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, არ გვაქვს დებატების კულტურა, რაც უმნიშვნელოვანესია არჩევნებისთვის. კარგ შემთხვევაში, როგორც მოქალაქეს, უნდა მქონდეს შესაძლებლობა დავინახო თითოეული პოლიტიკოსის საუბრის მანერა და ამ საუბრის შინაარსი, რომ გადავწყვიტო ვის აქვს ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნის პოტენციალი.
დღეს კი, ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ის, ვინც გვინდა. ჩემი თხოვნაა, რომ არ გვინდა 41.