ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის წარუდგინა შეთანხმება სამხრეთ ოსეთთან [დე ფაქტო] სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამის შესახებ 19 სექტემბერს იუწყებოდა რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი.
„მოხდეს რატიფიცირება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის 2023 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში ხელმოწერილი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების“, – წერია დოკუმენტში, რომელიც დუმაში ოფიციალურად 18 სექტემბერს წარადგინეს.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას“.
დოკუმენტების პაკეტში ასევე მოცემულია რუსეთის მთავრობის დასკვნა. „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით“, – ნათქვამია დასკვნაში.
აქამდე 4 დღით ადრე, 14 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.
ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს უშუალოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არაერთი ჯგუფი გამოეხმაურა, სადაც მისი სიტყვების გულწრფელობის დამტკიცება მოითხოვეს „ოსი ხალხის გენოციდისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის“ აღიარებით.
ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აფასებენ და იწონებენ რუსი პროპაგანდისტები, მათ შორისაა რუსული პროპაგანდისტული არხის – Соловьев live-ის თანაწამყვანი სერგეი კარნაუხოვი, რომელიც ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს საკუთარ გადაცემაში [Лабиринт Карнаухова], ვარშავის გეტოს წინააღმდეგობის მემორიალთან, 1970 წელს მუხლებზე დაჩოქილი გერმანელი პოლიტიკოსის, მაშინდელი კანცლერის – ვილი ბრანტის ფოტოთი გამოეხმაურა.
კარნაუხოვი ტელეწამყვანობამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო; ასევე იყო კიროვის და კალინინგრადის ოლქების ვიცე-გუბერნატორი; გავრცელებული ინფორმაციით, იგი რუსეთში ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დევნის ინიციატორი იყო (2011 წელს).
კარნაუხოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აქტიურ პროპაგანდას ეწევა. საქართველოში არსებული ვითარება, ბოლო „ანალიზის“ დროს, ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს მთლიანობაში, ქართული საზოგადოება, ქართული სახელისუფლო ელიტების მსგავსად, პროდასავლური ვექტორს მცდარად მიიჩნევდეს.
„საქართველომ, წლების განმავლობაში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში პროდასავლური ვექტორის მიუხედავად, სრულად ვერ იპოვა თავისი ადგილი როგორც რეგიონში, ისე დასავლური სამყაროს ფარვატერში [ნავიგაციისთვის უსაფრთხო გასასვლელი წყლის სივრცეში]. ამიტომ ქართული საზოგადოება და ელიტები ცდილობენ რაღაც მაინც გააკეთონ, რაიმე მიმართულებით მაინც დაიწყონ მოძრაობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადაწყვიტა რუსეთისკენ მობრუნება“, – ამბობს ის.
„არის მოსაზრება, რომ თბილისის „დაახლოება“ მოსკოვთან (მაგალითად, ღირებულების ნაწილში, კეთილი სიტყვები ოსეთსა და აფხაზეთზე და ა.შ.) გარკვეული სტრატეგიის ნაწილია. კერძოდ, ქართული ელიტის ზოგიერთ წარმომადგენელს ჩამოუყალიბდა წარმოდგენა, რომ თითქოს მოსკოვის ოფისებში ჩამოყალიბდა გარკვეული მიდგომა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „საქართველოში რეინტეგრაციის“ მიმართ. კერძოდ, ამბობენ, თუკი საქართველოში მმართველი ელიტა გარკვეულწილად „ნეიტრალური“ გახდება (მაგალითად, თუ საქართველო დისტანცირდება ნატო-სგან და აშშ-სგან ან რაღაც მსგავსი), მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ არ „დააბრკოლოს“ დაკარგული ტერიტორიების“ დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში. ამიტომ, ამას გარკვეული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ“, – დაწერა 20 სექტემბერს თავის ტელეგრამ არხზე რუსმა პროპაგანდისტმა, სერგეი კარნაუხოვმა.
პროპაგანდისტი იქვე დასძენს, რომ რუსეთმა არ უნდა დააყოვნოს, მხარი დაუჭიროს მათ, ვინც საქართველოს შიგნით მზადაა რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობისთვის – „ჩვენ ასევე გარკვეული მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ამჟამინდელ ხელისუფლებას, აშშ-სგან, ნატოსა და ევროკავშირისგან დისტანცირების საკითხებში“.






