მთავარი,სიახლეები

„ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ ნაციონალები“ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

13.09.2024 •
„ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ ნაციონალები“ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, წინა არჩევნებზე – 2020 და 2021 წლებში – ჯამურად ოპოზიციას უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ამ მონაცემების და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წელს აღარც მაჟორიტარებს ვირჩევთ, რამდენად რჩება „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მოგების შანსი?

ამ თემაზე „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კახა, ოფიციალური ციფრების მიხედვით, 2020 და 2021 წლების არჩევნებში  მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციას უჭერს მხარს. ავტორიტეტული კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კლებადია და წელს არ მაჟორიტარებს ვირჩევთ. რა ლოგიკით შეიძლება ეს არჩევნები მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“? 

ლოგიკურად არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა მოიგოს. არჩევნები რომ მოიგოს, მან არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარზე მეტის ხმა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ამ მოცემულობაში არ არის რომელიმე სხვა პარტია, რომელიც ალიანსს შეუქმნიდა „ოცნებას“ პარლამენტში.

შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს ეს არჩევნები.

თუმცა, რამდენიმე გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი: ამ დონეზე აგრესიული კამპანია მათ ჯერ არ უწარმოებიათ, დისკრედიტაციის პოლიტიკას აწარმოებენ არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციის, ევროპული არჩევანის მიმართულებით. ასევე, ამუშავებენ ომის და მშვიდობის გზავნილებს, შიშის ფაქტორს.

  • მიგაჩნიათ, რომ ამგვარი კამპანიით, სადაც არაფერს ჰპირდებიან ადამიანებს ოპოზიციის გაუქმების და ლგბტ კანონის მიღების გარდა, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მხარდაჭერას? 

ეს უფრო გათვლილია მოსახლეობის პრორუსულ ნაწილზე, რომელიც მანამდე მაინცადამაინც „ქართულ ოცნებას“ არ აძლევდა ხმას – „პატრიოტთა ალიანსს“ უჭერდა მხარს, „ალტ-ინფოს“. ახლა „ქართული ოცნება“ ამ სეგმენტის სრულად მოცვას ცდილობს. ეს ამომრჩევლის დაახლოებით 10 % იქნება.

მეორე მხრივ, ამ ანტიდასავლური რიტორიკით და პოლიტიკით, ამომრჩევლის რაღაც ნაწილს ისინი კარგავენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ვინც ღიად პროევროპულია და „ოცნების“ ამგვარ პოლიტიკას არ დაუჭერდა მხარს, მათი დიდი ნაწილი ემიგრაციაშია უკვე. ემიგრაციაში კი, არ არის შესაბამისი პირობები, რომ ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე.

ვფიქრობ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ იმაზე მეტი ვერცერთი ლოგიკით ვერ უნდა აიღოს, რაც 2020 წელს აიღო.

„ქართულ ოცნებას“ აქვს იმედი, რომ ხმებს მოიპოვებს პრორუსული ჯგუფებიდან, ვიღაც შესაძლოა გააქტიურდეს ომის შიშით.

როგორც ხედავთ, აქტიურად იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებსაც. მაგალითად, დღეს თქვეს, უფრო მეტს გადავიხდით ყურძნის შესყიდვაზეო. თუ აქამდე ვიღაც პასიური იყო, შესაძლოა, გააქტიურდეს.

მათ გახსნეს რუსებისთვის მთელი ქვეყანა. ისინი არ ლაპარაკობენ, მაგალითად, რა რესურსით აპირებენ ეკონომიკის გაზრდას. ახლა ომია და ვაჭრობა გაიზარდა რუსეთთან, მოთხოვნა საქონელზე, რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს შემოაქვთ ფული, ყიდულობენ ბინებს, აწყობენ ბიზნესს… როგორც კი ეს სიტუაცია დამთავრდება, მერე რა იქნება? არანაირი ხედვა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ერთადერთი, რამაც შესაძლოა გაზარდოს საქართველოს ეკონომიკა, ეს არის ევროპული ინტეგრაცია და წინსვლა.

ამიტომაც, არჩიეს აქცენტი უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორზე, ომის შიშზე, რომ ოპოზიცია მატყუარაა, დაქსაქსულია, არაპროფესიონალია, სააკაშვილი მოვა ხელისუფლებაში და დაიწყებს რეპრესიებს, რადიკალები არიან, რუსეთთან ომს გააჩაღებენ, იმპულსურად მოქმედებენ და ასე შემდეგ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის დემონიზებითაა დაკავებული.

  • ამ არჩევნებზე ხმების იგივე რაოდენობა რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ანუ 48 %, ნიშნავს, რომ მარცხდება? მაჟორიტარებს ვეღარ დაიმატებს წინა შემთხვევისგან განსხვავებით? 

რისკი არის იმის, რომ გაურიგდეს რომელიმე პარტიას, ვისაც ექნება 5%-ზე მეტი მხარდაჭერა და შევა პარლამენტში. მათი მუშაობის სტილია კულუარული გარიგებები.

  • უშვებთ, რომ შეიძლება შედგეს ასეთი გარიგება „ოცნებასთან“ იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციური პარტიები ამას გამორიცხავენ? 

გახარიასგან, მაგალითად, იმის ხაზგასმა, რომ სააკაშვილთანაც არ შევქმნი კოალიციასო, რას ნიშნავს?  საბოლოო ჯამში, სააკაშვილის გარეშე ოპოზიცია ვერ დააგროვებს 50 %-ზე მეტს. ძალიან ნაკლებია ამის შანსი. ასე თუ ისე, ოპოზიციურ ძალებს მოუწევთ გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ შეძლონ მთავრობის დაკომპლექტება.

თუ გახარია იტყვის, რომ მაგათთან არ შევქმნი კოალიციას, შეიძლება, ჩაიშალოს ეს შესაძლებლობა. გამოვა, რომ კოალიციურ ხელისუფლებას ოპოზიცია ვერ შექმნის და გამოსავალი იქნება არჩევნების თავიდან ჩატარება.

  • გახარიას განაცხადი, რომ სააკაშვილს კოალიციას არ შეუქმნის და არც ივანიშვილს, რეალურად ივანიშვილს აწყობს? 

ოპოზიცია თუ ვერ შექმნის კოალიციას, ეს „ოცნებას“ გაუხანგრძლივებს ძალაუფლებაში ყოფნას, ვიდრე ახალი არჩევნები ჩატარდება. შემდეგ როგორ იმოქმედებს, არავინ იცის. ხალხიც იტყვის, ამათ მაინც არ აქვთ მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობაო – შეიძლება, გული გაუტყდეს ამომრჩეველს.

თუმცა შესაძლოა, სხვაგვარადაც გავიგოთ გახარიას განაცხადი, რომ სააკაშვილი არ უნდა იყოს დომინანტი ოპოზიციის კოალიციაში. სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება უფრო მეტი ადგილი პარლამენტში, ვიდრე რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას. შესაძლოა, ამიტომ გახარია გამორიცხავს სააკაშვილის დომინაციას, მაგალითად, ნაციონალებმა რომ თქვან, პრემიერი ჩვენ უნდა დავნიშნოთო.

ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ „ნაციონალები“ და თქვან, რომ არ ექნებათ პრეტენზია მთავრობის ჩამოყალიბებაზე. შესაძლოა, რამდენიმე მინისტრი დანიშნონ და პრემიერი დაუთმონ სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

ამიტომაც, ოპოზიციამაც უნდა გამოიჩინოს კომპრომისის უნარი, მსხვერპლის გაღებისაც. თუ ეს უნარი არ აღმოაჩნდა ოპოზიციას, უფრო დაბალი პროცენტითაც შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს.

ასევე, აუცილებელია, ოპოზიციამ მოახერხოს ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. დღეს, როცა ნებისმიერ სოციალურ ჯგუფს ხელი მიუწვდება ინფორმაციაზე, მხოლოდ ციფრების დასახელება არაა საკმარისი. საჭიროა ოპოზიციის ნათქვამს შესაბამისი დასაბუთება ახლდეს. ასევე, ნებისმიერი დაპირება იყოს განხილული ევროინტეგრაციის ჭრილში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: