„შეხვედრას დავესწარი, მაგრამ მე შეკითხვა არ დამისვამს? რა შეკითხვა უნდა დამესვა, დაპირებებს მაინც არავინ ასრულებს,“ – იმ კორპუსიდან გადმოგვძახა ქალმა, რომლის ეზოშიც რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ შეხვედრა გამართეს.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – რამაზ ჯინჭარაძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი – არჩილ ბერიძე მოსახლეობას იმ კორპუსის ეზოში შეხვდნენ, სადაც გასულ წელს ეზოში სკვერი და საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს ბიუჯეტის ფულით.
ეზოს მიღმა კი, ადამიანები ძველ კორპუსებში ცხოვრობენ იგივე პრობლემებით, რაც წინა არჩევნების დროსაც ჰქონდათ. ამ კორპუსებში მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ მათი პრობლემებით ადგილზე მისული ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაინტერესებულან, კორპუსებში არ შეუხედავთ და არც ის ლიფტი უნახავთ, რომლის ჩავარდნის შიშითაც ბევრი ისევ ფეხით გადაადგილებას არჩევს.
ლიფტის აღდგენას, როგორც აღმაშენებლის ქუჩაზე გვითხრეს, „ქართული ოცნება“ მოსახლეობას წინა არჩევნებზე დაჰპირდა.
„ბათუმელები“ დაინტერესდა: რა პრობლემებზე ესაუბრებიან წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რას ჰპირდებიან ისინი ამჯერად მოსახლეობას? – ჩვენ კონკრეტულ მისამართზე მივედით, სადაც „ქართული ოცნება“ მოსახლეობას უკვე შეხვდა.
კორპუსის ეზოში ორი კაცი გვხდება, ტაშიც გავაცილეთ „ოცნების“ ხალხიო, მპასუხობენ ისინი. მათ საცხოვრებელი კორპუსის, ეზოს და დასახლების პრობლემებზე ვეკითხები.
„პრობლემები არ გვაქვს,“ მოკლედ მიჭრიან ისინი და მიხსნიან, კომენტარს ვერ მოგცემთო.
ამ კორპუსის აივნებიდან კი, რამდენიმე ქალი უკმაყოფილებას არ მალავს:
„როგორც ხედავთ, ხოფის ბაზრობის პირდაპირ ვართ, აქ სულ ვიღაც შემოდის, საღამოს განსაკუთრებით. რამდენი ხანია, ვითხოვთ კორპუსის შემოსასვლელის ჩაკეტვას, კარს ვითხოვთ და არ გვაღირსეს,“ – გვიყვება ქალი, მას ვინაობის გამხელა არ სურს.
„მე მესმოდა, რასაც ამბობდნენ, მაგრამ არ ჩავსულვარ, ფანჯრიდან ვუყურებდი მხოლოდ,“ – გვიყვება კიდევ ერთი ქალი.
„აქ პრობლემების მეტი რა არის, ნახეთ, რა დღეშია სადარბაზო,“ – სადარბაზოს შესასვლელთან ჩერდება ლილი ქარცივაძე.
„მთელი ღამე ნარკომანები და ვინ არ შემოდის აქ, ხმაურია…
მე არ ვიცოდი ამ შეხვედრის შესახებ, თორემ გავიდოდი, არაფერი უთქვამთ, არც განცხადება გამოუკრავთ სადარბაზოში. ხომ შეიძლებოდა, განცხადება გამოეკრათ, თუ მით უმეტეს, ქალაქის მერი მოდიოდა ჩვენს დასახლებაში?“ – კითხულობს ლილი ქარცივაძე.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ მეზობელ კორპუსშიც არ გაუგიათ. დალი დიასამიძე გვიყვება, ამ შეხვედრის შესახებ რომ მცოდნოდა, აუცილებლად დავუსვამდი შეკითხვას ბათუმის მერს: რა იქნა წლების წინ გაცემული დაპირება ლიფტის გამოცვლაზე?
„ლიფტი ძალიან ძველია, კარები ზოგჯერ არ იკეტება, კვირაში ერთხელ მაინც გვიწევს აქ სამაშველოს და ლიფტიორის გამოძახება…
კარს ძალით ვაღებთ, თუ სართულებს შორის გაჩერდა, მაშინ ვიძახებთ სამაშველოს. რამდენჯერ ბავშვები გაეჭედნენ, შეშინდნენ. ბევრი ისევ ფეხით ამჯობინებს ასვლას და ჩამოსვლას.
გვითხრეს, რომ არ ექვემდებარება გარემონტებას, ძირიც გამომპალია, გვეშინია, არ ჩავარდეს. რამდენჯერმე მივმართე მერიას, მაგრამ არაფერი. მოვალთო, სულ ასე გვპირდებიან. წინა არჩევნებზეც დაგვპირდნენ ლიფტის გამოცვლას და მეორე არჩევნები მოვიდა უკვე. წელს ჩვენს ეზოში არ მოსულან [„ქართული ოცნება“].
მერე ის გვითხრეს, რომ ჯერ ქალაქს ვაწესრიგებთ და მოვყვებითო. ვერ გავიგეთ, ხოფის ბაზრობა და ეს მიმდებარე ტერიტორია ქალაქი აღარ არის?
ღირსებით ევროპისკენო და ასე ევროპაში ვერ შევალთ,“ – მიიჩნევს დალი დიასამიძე.
„ჩვენს ეზოში განახლდა ბაღი, მოეწყო საბავშვო კუთხე, მაგრამ ყველა კუთხეში გვჭირდება დახმარება, დაცვა გვჭირდება, შემოსასვლელში კარია საჭირო, გზასთან ახლოს ვართ, ათასი ადამიანი შემოდის, საღამოობით განსაკუთრებით.
მე არ ვიყავი აქეთ, როცა ეს შეხვედრა გაიმართა „ოცნებასთან“. ხელისუფლებასთან სწორად უნდა მივიდეს ნათქვამი, რომ მოგვარდეს პრობლემები. მე მაქვს კითხვები და მოვითხოვდი პასუხს ნამდვილად,“- გვითხრა ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა ნაზი დუმბაძემ.
აღმაშენებლის ქუჩაზე, კიდევ ერთ ეზოში ვესაუბრები ფანჩატურში ჩამომსხდარ მერი ბოლქვაძეს და მაყვალა დავითაძეს, სტადიონი კი გაკეთდა, მაგრამ უკვე დაზიანებულია, ბურთი გარეთ ვარდება და გასარემონტებელიაო.
ისინი სადარბაზოში შესასვლელი კარის მოწყობასაც ითხოვენ.
„დავწერეთ განცხადება წინა კვირაში და ვნახოთ, იმედია, გაგვიკეთებენ, მანამდე არ მიგვიმართავს… არჩევნებზე ვამბობთ უფრო, რის გაკეთებაც გვინდა, რომ უფრო გულისხმიერებას იჩენენო,“ – მერი ბოლქვაძე გვიხსნის, რატომ არ მიმართა წინა წლებში ბათუმის მერიას.
ფანჩატურთან ამავე ეზოში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭები მოდიან, გვაფრთხილებენ, რომ კომენტარს არ გვაძლევენ და არც ფოტოები არ უნდა გადავუღოთ.
ქალებიც გაჩუმებას არჩევენ.