მთავარი,სიახლეები

რამდენი ამომრჩეველია ბათუმისა და აჭარის სხვა ოლქებში – ცესკოს მონაცემები

10.09.2024
რამდენი ამომრჩეველია ბათუმისა და აჭარის სხვა ოლქებში – ცესკოს მონაცემები

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში. ეს 2 316 ამომრჩევლით ნაკლებია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მონაცემებით, 2024 წლისთვის [10 სექტემბრის მდგომარეობით], 2021 წელთან შედარებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ ბათუმში – 3 585 ამომრჩევლით, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში შემცირებულია.

მაგალითად, ქედაში 485 ამომრჩევლით ნაკლებია, ქობულეთში კი – 1 814 ამომრჩევლით. სრულად ნახეთ ცხრილში:

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2021 წლის თვითმმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის [10.09.2024 მდგომარეობით] აჭარის ოლქებში / წყარო: ცესკო

ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის ერთიან სიაში 3 426 250 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ეს 71 095 ამომრჩევლით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს, როცა ერთიან სიაში სულ 3 497 345 ამომრჩეველი იყო.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სიების დაზუსტების შემდეგ დიდი ალბათობით შეიცვლება. ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება და, შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანა კი, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. თუ სიაში არ ხართ, ან მონაცემები არაზუსტია, უნდა მიმართოთ შესაბამის საარჩევნო კომისიას.

ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადასამოწმებლად გადადით ამ ბმულზე

რაც შეეხება მთლიანად მოსახლეობის რაოდენობას აჭარაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით აჭარაში მოსახლეობის რიცხოვნობა იყო 361 411 ადამიანი, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით კი, ეს მონაცემი გაზრდილია 1 801-ით და ჯამში არის 363 212 ადამიანი.

მოსახლეობის რიცხოვნობა აჭარაში წლების და მუნიციპალიტეტების მიხედვით / წყარო: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, „მოსახლეობის რიცხოვნობა და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ყოველი წლის დასაწყისისთვის. ზუსტი მონაცემები მოსახლეობის რიცხოვნობისა და მისი შემადგენლობის შესახებ მიიღება მოსახლეობის საყოველთაო აღწერებით, ხოლო აღწერათა შორის პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა გაიანგარიშება 1-ლი იანვრის მდგომარეობით და მიიღება ბუნებრივი მატებისა და გარე მიგრაციის გათვალისწინებით“.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ქვეყანაში დროებით შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც შეჰყავს.

„სტატისტიკური მიზნით, საქართველოს მუდმივ მოსახლეობად აღირიცხება ქვეყანაში 12 თვითა და მეტი ხნით მცხოვრები ადამიანები, მიუხედავად მოქალაქეობის ქვეყნისა. აგრეთვე ის მოსახლეობა, რომელთა ქვეყანაში ყოფნა არ აღემატება 12 თვეს, მაგრამ აპირებს დარჩენას 12 თვეზე მეტ ხანს“, – მოგვწერეს საქსტატიდან, თუმცა, ამ დროისთვის რამდენი უცხოელია საერთო რიცხოვნობაში საქსტატმა ვერ მოგვაწოდა.

„საქართველოში საყოველთაო აღწერის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროსაც საქსტატი იხელმძღვანელებს მუდმივი მოსახლის ზემოთ მოცემული განმარტებით. მათ შორის შეგროვდება მონაცემები მუდმივი მოსახლეობის მოქალაქეობის ქვეყნების შესახებაც“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიმართება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი.

ამ თემაზე:

როდის შეგიძლიათ საარჩევნო უბნის შეცვლა და რა დრო დაგრჩათ სიაში მონაცემების შესამოწმებლად

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: