მთავარი,სიახლეები

ვიღაც ოცნებობს ჩვენს რელიგიურ თუ სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციას ფლობდეს – სტუდენტი

13.09.2024
ვიღაც ოცნებობს ჩვენს რელიგიურ თუ სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციას ფლობდეს – სტუდენტი

„მე ვარ სტუდენტი, მეოთხე კურსზე ვსწავლობ ლიეტუვაში. 21 წლის ვარ და აქამდე არასდროს მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა – მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, მომავალში შევძლებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას საქართველოში, თუ შევძლებ ჩემი პატარა ძმის ნახვას. ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის, ემიგრანტის და სტუდენტის მომავალია დამოკიდებული ამ არჩევნებზე“, – ასე აფასებს 26 ოქტომბრის არჩევნებს სტუდენტი სულიკო არჯევანიძე.

  • სულიკო, თქვენ, როგორც სტუდენტი, რომელიც უცხოეთში იღებს განათლებას, როგორ უყურებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

ჩემ ცხოვრებაში არ მახსოვს ისეთი პოლიტიკური მოვლენა თუ სიტუაცია ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან მეხება და ასეთ დიდ გავლენას ახდენს ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაზე. ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი თუ სხვა სტუდენტების რეალობა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ ან თუნდაც ემიგრანტების, რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნად უცხოეთში არიან. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის რეალობა.

პროტესტი აქამდეც ყოფილა, მაგრამ წელს, რაც თბილისსა და ბათუმში რაც ვნახე, იყო ძალიან განსხვავებული. ეს არ იყო უბრალოდ აქცია პარლამენტის წინ, ხალხი იყო მეტროშიც და ავტობუსებშიც, ყველა დადიოდა სასტვენებით და დროშებით. ხალხი იდგა ფეხზე მთელ ქვეყანაში. ეს იყო ერთგვარი ეროვნული მოძრაობა. ეს ამტკიცებს, რომ რუსული კანონი არ იყო უბრალოდ რაღაც კანონი – ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

ამ აქციების დროს მეც ჩავედი თბილისში და მთელი კვირა იქ ვიდექი ქართველ ხალხთან ერთად. ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. მე და ჩემს მეგობარს პოლიცია გვიყვიროდა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია, ლამის ფეხებით შეგვდგნენ. ჩემმა მეგობარმა მოიხსნა სათვალე, ნიღაბი და ტიროდა, პოლიციელს უთხრა არ გრცხვენიათო. ჯენზი არაა ის თაობა, ვინმეს სცემოს ან იძალადოს.

აქვე დავინახე, რომ ჟურნალისტების შრომა ნამდვილად ენით აღუწერელია. შეუძლებელია იმის გადმოცემა, თუ როგორ ათრევდნენ იმ მძიმე აპარატურას. ზოგი მარტო დაატარებდა ყველა მოწყობილობას და კამერას. ჟურნალისტების დამსახურება იყო ისიც, რომ პოლიცია ვერ ახერხებდა ბევრი ადამიანის გატაცებას – მათ ამაში ხელს უშლიდნენ.

ქვეყნისთვის წარმოუდგენლად ნეგატიურია, თუ ის სამყაროსგან იზოლირდება. ამიტომ არ შეიძლება ახლა ვთქვათ, რომ პოლიტიკა არ გვაინტერესებს. გული მწყდება, რომ ახლა საქართველოში ყოფნას ვერ ვახერხებ.

  • თუ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, გაიარეთ შესაბამისი პროცედურა?  

მე 21 წლის ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნებში მონაწილეობა აქამდე ჯერ არ მიმიღია. ვერ მოვახერხე, რადგან საარჩევნო უბანი მაშინ სხვა ქალაქში იყო და თან შუა სემესტრში სტუდენტებისთვის არც ისე ხელსაყრელი დრო იყო. სარეგისტრაციო პროცედურაზეც არ ვიყავი გაცნობიერებული – რა, როგორ უნდა გამეკეთებინა. წელს საინფორმაციო კამპანიის გავლენით, ადამიანები უფრო ინფორმირებულები ვართ რეგისტრაციის პროცესზე, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

მე და ჩემი მეგობრები მოუთმენლად, დიდი განცდებით ველოდებით მომავალ არჩევნებს, ამ ისტორიულ მომენტში ჩვენი ხმის დაფიქსირებას. ისიც ვიცით, რომ უბნის გახსნაც შეგვიძლია, იმ შემთხვევაში თუ საკმარისი ოდენობის ქართველი იქნება ქალაქში დარეგისტრირებული – არ არის აუცილებელი დედაქალაქის საარჩევნო უბანზე გამოვცხადდეთ.

დიდი იმედია მაქვს, რომ ის მუხტი, რაც დღეს საქართველოშია, აუცილებლად აისახება არჩევნებზე. რა თქმა უნდა, იმედიანად ვარ.

„ქართული ოცნება“ 2012 წელს სათავეში როცა მოვიდა, მათი კამპანია იყო „ევროპისთვის“ და „ერთად ევროპისკენ“. ნარატივი დროთა განმავლობაში შეცვალეს. ბოლო პერიოდში კი „ქართულმა ოცნებამ“, მისმა დეპუტატებმა, ევროკავშირის წარმომადგენლებისა და რეკომენდაციების კრიტიკა დაიწყეს. ეს პროცესი ნელ-ნელა დაიწყეს, ახლა კი აღარც ერიდებიან და ცხადად ამბობდნენ, რომ არ მოსწონდათ ევროკავშირი.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღი, რაც მათ დღეს აქვთ, არის პროპაგანდა, რომელშიც ძალიან გაწაფულები არიან. „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დროშას იყენებს ყველა მის ბანერზე. ისინი ცდილობენ ამ დროშის ქვეშ შემალვას, ტყუილების ძახილს, თითქოს ევროკავშირი მათი მიზანია, თითქოს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროინტეგრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გათვლილი კამპანია და პროპაგანდა ჰქონდათ და აქვთ დღესაც, ხალხი არ მოტყუვდება. „ქართული ოცნება“ ვერ მოატყუებს ხალხს.

  • პირადად თქვენ თუ მიგიღიათ ევროკავშირისგან რამე სიკეთე, რაში გამოადგებათ მოქალაქეებს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირი?

ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი სიკეთე, რაც ევროკავშირისგან მიმიღია, არის განათლება. ქვეყნიდან წამოსვლა არ იყო ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი იყო იმ გარემოში და იმ პროგრამის ფარგლებში განათლების მიღება, რომელიც ჩემმა უნივერსიტეტმა შემომთავაზა. საქართველოში რომ ყოფილიყო მსგავსი უნივერსიტეტი, აუცილებლად საქართველოში ჩავაბარებდი. უბრალოდ, მომხიბვლელია მსგავსი ტიპის საერთაშორისო გარემო, კავშირები და პარტნიორული ბმები, რაც უნივერსიტეტს აქვს. საქართველოში კი ასეთი ტიპის პროგრამა არ იყო.

მეგობრები, რომლებიც აქ შევიძინე, საქართველოში ჩამოვიდნენ და ნახეს, რომ მხოლოდ რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორია კი არ ვართ, დაინახეს, როგორი ევროპული ქვეყანა ვართ, რომ ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს ევროპასთან.

ევროკავშირს აქვს ძლიერი ეკონომიკური თუ ფულადი კავშირები საქართველოსთან. ვხედავთ, რამდენი სკოლის, ბაღის, უნივერსიტეტის აშენება დააფინანსა ევროკავშირმა.

  • რით ჩამოვრჩებით ყველაზე მეტად ევროპას?

ცხოვრების ხარისხით. ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ანაზღაურება ჰქონდეს, რომ შეძლოს ნორმალურად, ღირსეულად ცხოვრება. როდესაც ადამიანი კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, უნდა ჰქონდეს იმის გარანტია და იმის უფლება, რომ თავისი ხელფასით ღირსეულად იცხოვროს. როცა ადამიანი მუშაობს, არ უნდა უწევდეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ იკმაროს ხელფასი, რაც საქართველოში აქვთ ადამიანებს.

ვფიქრობ, ყველაზე დიდი სხვაობა ზუსტად ეს არის ჩვენსა და ევროკავშირს შორის.

  • აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

მე ვარ ქართველი, ქართველი ევროპელი. რა თქმა უნდა, მინდა ვიცხოვრო საქართველოში, ისეთ საქართველოში, რომელსაც ქართველ ერი ნამდვილად იმსახურებს. ძალიან ბევრი ადამიანის, ემიგრანტის და სტუდენტის მომავალია დამოკიდებული არჩევნებზე. საკუთარ ქვეყანაში უცხოური ინტერესის გამტარ აგენტად გამოცხადება ძალიან შეურაცხმყოფელია.

ის, რომ ვიღაცა ოცნებობს ფლობდეს ინფორმაციას ჩვენი რელიგიური მრწამსის, სქესობრივი ცხოვრებისა და მსგავსი დეტალების შესახებ, ეს ჩვენი უფლებების ხელყოფაა. „ქართული ოცნება“ ძალიან ცდილობს დაგვარქვას უცხოური ინტერესების გამტარი. არ და ყველამ ვიცით, ვინ ვისი ინტერესის გამტარია.

ლიეტუველები ძალიან განიცდიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რაც გასაგებია, რადგან ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ. ლიეტუველებს მუდმივად აქვთ ერთი ლოგიკური კითხვა ჩემთან – როგორ შეიძლება ერმა ვერ გადაწყვიტოს, ვინ აირჩიოს და ვისთან იმეგობროს მაშინ, როდესაც 2008 წელს რუსეთი ბომბავდა ჩვენს ქვეყანას, დაიხოცნენ ქართველები და დღემდე ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ხალხის ბრაზი და ტკივილი რუსეთიდან წინა ხელისუფლებაზე გადაიტანა, რაც ძალიან სამარცხვინოა. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რაც გადადგეს. ნამდვილი პრობლემები კი, რაც ქართველ ერს აქვს – ოკუპირებული ტერიტორიები, მედიის გარეშე დარჩენის საშიშროება – ძალიან მიჩქმალეს. „ქართული ოცნების“ გეგმაა, შეკრას ისეთი წრე, როგორც რუსეთშია, სადაც არ ჰყავთ ოპოზიცია და გარანტირებული აქვთ უვადო მმართველობა.

ისინი ამბობენ, რომ კიდევ დიდი ხანი აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას. მინიმუმ 12 წელი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში? ეს არის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული. როგორ გინდა ევროკავშირის წევრი გახდე, თუ მხოლოდ პირად ინტერესებზე და იმაზე ფიქრობ, როგორ დარჩე ხელისუფლებაში ოპოზიციის გარეშე.

იმის ნაცვლად, რომ ხალხს შესთავაზონ პრობლემების გადაჭრის გზები, ცდილობენ გააჩუმონ  კრიტიკული მედია. უნდათ ყველას ვარდისფერი სათვალე წამოაცვან და საქმის კეთების გარეშე დარჩნენ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ დღემდე ასეა ხელისუფლებაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. კრიტიკულ მომენტებში დუმილი და ნეიტრალურ პოზიციაში დგომა, ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ხალხმა კარგად იცის ეს.

დემოკრატია ვერ იმუშავებს, თუ სათავეში ოლიგარქიული, დისკრიმინაციული და მონოპოლიური პარტია ჰყავს. ჩვენ თუ გვინდა დემოკრატია, ვერ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხს სცემს. ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება თავისუფალ ქართველ ადამიანს იცხოვროს ისეთ გარემოში, სადაც მთავრობა და პოლიცია იჭრება მოქალაქის ბინაში სასამართლო ნებართვის გარეშე.

წინა არჩევნებზე ჩემმა ბევრმა ნაცნობმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“. ახლა ვეუბნები მათ, რომ ეს პარტიებს შორის დაპირისპირება არ არის. დღეს მე შემრაცხეს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარ ადამიანად. შესაბამისად, ვეუბნები, რომ ეს გვეხება ჩვენს ოჯახებს, იმას ეხება მომავალში შევძლებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას საქართველოში, თუ შევძლებ ჩემი პატარა ძმის ნახვას. დღეს გვყავს მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებსაც გვიცხადებენ აგენტებად, ავიწროებენ და დევნიან. ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრს ცვლის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: