- ნინი, რატომ და როგორ წამოხვედით ამერიკაში?
ამერიკის ვიზა სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით მივიღე. 24 წლის ასაკში ჩემი მთავარი მიზანი ამერიკული გამოცდილების მიღება და სხვა ქვეყანაში დროებით ცხოვრების ინტერესი იყო. საქართველოდან
წამოსვლამდე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, იქნებოდა თუ არა ამერიკული თავისუფლება ჩემი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი. თავისუფლების ნაკლებობა საქართველოში ყოველთვის აუტანლად რთული მეჩვენებოდა. ამერიკაში ცხოვრებამ, კიდევ უფრო მწვავედ დამანახა ქართული რეალობის სირთულეები.
- რა სირთულეებს გულისხმობთ და რა პრობლემები აქვთ ადამიანებს საქართველოში?
უამრავ გამოწვევას შორის, ყველაზე მწვავე ახალგაზრდების პრობლემები მგონია. აქ ამერიკაში, ოჯახების სტაბილური შემოსავლების მიუხედავად, სტუდენტს შეუძლია დღეში რამდენიმე საათი იმუშაოს და ამგვარად დააფინანსოს თავისი პირადი ცხოვრება. საქართველოში კი სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ დროებით სამსახურებზე.
მათთვის შრომის პირობები მონურია ან სიცოცხლისთვის საშიში. ამ რეალობაში, ახალგაზრდა ადამიანმა შეუძლებელია დაგეგმოს პირადი ცხოვრება მშობლების ფინანსური დახმარების გარეშე. ახალგაზრდების გამოწვევების მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი უსაფრთხოებაცაა. სკოლის დამამთავრებელ კლასებშიც კი არ აქვთ ბავშვებს სექსუალური ცხოვრების დაწყების თაობაზე შესაბამისი განათლება.
სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან.
ხშირია ოჯახში ძალადობა, პარტნიორების ან ქმრების მხრიდან ჩაგვრა. ქალთა და ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულთა საშინელი სტატისტიკა სკოლიდან იწყება, რომელიც ვერ გახდა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხი. პირიქით, დღეს საქართველოში დევნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ, აპირებენ დახურონ მედიასაშუალებები და ისინი ვეღარ ისაუბრებენ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე.
ეს კანონი [რუსული კანონი] კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოში ახალგაზრდა ადამიანების რთულ პირობებს.
- რა პრობლემას ხედავ “რუსულ კანონში”?
ამერიკიდან, ასე შორიდანაც კი, ჩემთვის სრულიად ნათელია მოსალოდნელი გართულებები. თვალს ვადევნებ ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებებს, ევროპელი ლიდერების კრიტიკას. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვფიქრობ, „რუსული კანონი“ ყველას ცხოვრებას შეზღუდავს და ყველა ადამიანის თავისუფლებას შეეხება.
ჩვენ კი, ვინც ახლა ემიგრაციაში ვართ, ჩვენი ბრძოლა გვაქვს ქვეყნის გადარჩენისთვის.
ეს საინფორმაციო ომია, ბოტებისა და ტროლების პროპაგანდას, ინფორმაციის სწორად გავრცელებით უნდა დავუპირისპირდეთ. ასე მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს, რა არის ჩვენი, ქართველი ხალხის არჩევანი. მე ვცდილობ ჩემ გარშემო ყველას მივაწოდო ინფორმაცია, მაგალითად ამ კანონის საფრთხეებზე და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას.
ჩემი მოსაზრება სამი პროფესიის ადამიანების: მხატვრების, მომღერლების და სპორტსმენების მაგალითზე შემიძლია გითხრათ. მხატვარი თავისუფალი შემოქმედების გარეშე ვერ დახატავს. შეუძლებელია, კარგმა მომღერალმა მოახერხოს შექმნას მუსიკა ხელისუფლების კონტროლით ან სპორტსმენი განვითარდეს, თუ ის არ დაეთანხმება სამინისტროს ან სამთავრობო კურსს.
შეუძლებელია, სამივე ამ პროფესიის ადამიანებმა გადაირჩინონ თავი საკუთარი უნარებით, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში, არ გახდებიან გაცვლითი პროგრამების მონაწილეები ან არ ექნებათ წვდომა საერთაშორისო გამოცდილებაზე.
„რუსული კანონი“ ჩაკეტავს ქართველ ადამიანებს და შეზღუდავს შანსს, ყველამ ისარგებლო საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი სიკეთეებით. მე კომპანიონად ვმუშაობდი მხატვართან ამერიკაში. მას კიდევ ორი ადამიანი ჰყავდა დაქირავებული. სურდა, მისი ასაკის გამო გადაადგილება და საზოგადოებაში ინტეგრაცია არ შეფერხებულიყო. ჩვენი ასეთი მხარდაჭერით, 90 წლის ადამიანი ახერხებდა თავისი თავის რეალიზაციას და უზრუნველყოფდა სიბერეს.
ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია ადამიანმა თავი ირჩინოს ხატვით. „რუსული კანონის“ ჩაკეტილობის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სიღარიბე ელოდებათ ოჯახებს.
- რას ნიშნავს ეს არჩევნები თქვენთვის, აპირებთ მასში მონაწილეობის მიღებას?
არჩევანის თავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება მგონია. დღეს, რუსეთსა და ევროპულ ღირებულებებს შორის უნდა გავავლოთ მკვეთრი ხაზი. ასეთი განაცხადის გაკეთება დემოკრატიულად სამართლიანი არჩევნებით შეიძლება. მე, ცხადია, ვაპირებ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ვისურვებდი, ყველა ემიგრანტმა, ვისაც უფიქრია და ფიქრობს სამშობლოში დაბრუნებაზე, თავისი ნება დააფიქსიროს.
- ნინი, თქვენ გიფიქრიათ სამშობლოში დაბრუნებაზე?
სამშობლო მართლაც ერთია ქვეყანაზე. შეუძლებელია მშობლიური ადგილების, ახლობლების და მეგობრების ჩანაცვლება შეძლო სხვა სივრცით. ჩემი მატერიალური თუ პიროვნული განვითარების შესაძლებლობების მიუხედავად, მიფიქრია საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ მეშინია.
აქ, ამერიკაში, სახელმწიფოა ჩემ გვერდით და თითქოს მოუგვარებელი პრობლემებიც არ არსებობს. საქართველოს შემთხვევაში კი მეფიქრება, როგორ შემხვდება ჩემი ქვეყანა. არჩევნებშიც სწორედ ამიტომ ვმონაწილეობ – მინდა ეს შეხვედრა უკეთეს რეალობაში დაბრუნება იყოს.