განათლება,მთავარი,სიახლეები

XII კლასელებს 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ – ცვლილება საათობრივ ბადეში

11.09.2024 •
XII კლასელებს 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ – ცვლილება საათობრივ ბადეში

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც წელს, ახალი სასწავლო წლიდან, მე-12 კლასელებს ხუთი საგანი – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მოქალაქეობა და სამოქალაქო განათლება დაემატებათ და 4 გაკვეთილის ნაცვალს, დღეში 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ.

რამ გამოიწვია საათობრივი ბადის ზრდა დამამთავრებელ კლასში და გამოიწვევს თუ არა ეს მე-12 კლასელების უკმაყოფილებას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის №15 საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო მოდებაძეს ესაუბრა.

„წინა წლისგან განსხვავებით წელს საათობრივი ბადე უფრო დაიტვირთა. მაგალითად, აქამდე მე-11 კლასში წყდებოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, ახლა კი ეს საგნები დაემატება.

ეს გამოიწვია იმან, რომ მოსწავლეები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე აბარებდნენ საბუნებისმეტყველო საგნებს, მე-12 კლასში ჰქონდათ წყვეტა და რჩებოდნენ ამ საგნების სწავლის გარეშე.

სკოლამ რომ მეტი მისცეს აბიტურიენტს და შეძლონ მათ არჩეულ სპეციალობაზე ჩაბარება, ამიტომ დაემატა ეს საგნები დამამთავრებელ კლასში“, – ამბობს ნინო მოდებაძე.

გაზრდილი საათების შედეგად, მე-12 კლასელებს დღეში 6-7 გაკვეთილზე დასწრება მოუწევთ.

თუმცა, როგორც დირექტორი გვეუბნება, 6 გაკვეთილი ჩაუტარდებათ თუ 7, ესეც სკოლაზეა დამოკიდებული.

„როცა სასწავლო გეგმას დაამტკიცებენ სკოლები, თვითონ გადაწყვეტენ, როგორი საათობრივი დატვირთვა ექნებათ, ამაში თავისუფალია სკოლა და შეუძლია ისე გადაანაწილოს საათები, რომ 6 გაკვეთილი ჩასვას, თუ არა, სრული დატვირთვის მოუწევთ ჩატარება“, – გვეუბნება ნინო მოდებაძე.

როგორც ვიცით, დამამთავრებელ კლასებში აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან და მოსწავლეების დიდი ნაწილი, რეპეტიტორთან ამზადებს სასურველ საგანს.

რამდენად იმუშავებს საათების დამატება და ხომ არ გამოიწვევს ეს მოსწავლეების უკმაყოფილებას? – ვკითხეთ დირექტორს.

მისი თქმით, მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ურჩევნიათ, თუმცა გაკვეთილებს უნდა დაესწრონ.

„მე-12 კლასელების განწყობა ყველასთვის ცნობილია. ისინი თვლიან, რომ არ უნდა დაიტვირთონ სკოლაში და სკოლის გარეთ დაკავდნენ იმ საგნებით, რაც მათ სჭირდებათ ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ ჩვენ გვქონია ისეთი პრეცედენტებიც, როცა სკოლაში მიღებული განათლებით ჩაუბარებიათ მოსწავლეებს ეროვნული გამოცდები და ითხოვდნენ კიდეც მოსწავლეები, რომ სკოლას მიეცა მათთვის შესაბამისი ცოდნა.

საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მივალთ დიფერენცირებულ სწავლებამდე. და შეიძლება უკვე იქითკენ მივდივართ კიდეც, როცა მე-12 კლასში იქნება დიფერენცირებული სწავლება.

ან თვითონ ეროვნულმა გამოცდებმა შეიძლება იცვალოს სახე“, – ამბობს დირექტორი.

გასულ წელს, განათლების სამინისტრომ გააჟღერა, რომ განიხილება უმაღლესში მიღების ახალი წესი, როცა უნივერსიტეტში ჩარიცხვა სკოლის ნიშნებით იქნება შესაძლებელი. თუმცა განათლების სამინისტროსგან არ მოგვისმენია კონკრეტული ხედვა, სტრატეგია, თუ რომელ ეტაპზე შეიძლება დაინერგოს ახალი მოდელი და რა ეტაპებს გაივლის ეს.

ამ გეგმის გაგრძელება შეიძლება იყოს საათობრივი ბადეს გაზრდა? – ისევ ვეკითხებით ნინო მოდებაძეს.

„შესაძლოა მაგ ეტაპისკენ მიმავალი გზაა, ზუსტად ვერ გეტყვით“, – გვეუბნება ის.

ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, რომელიც ასევე 2024 წლის ივლისში შევიდა ძალაში, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება საათების მიხედვით განისაზღვრა.

მასწავლებელი იმ შემთხვევაში აიღებს მაღალ ხელფასს, თუ მას სრული დატვირთვა აქვს.  გადაწყვეტილებამ პედაგოგების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სრულ განაკვეთზე ცოტა მასწავლებელი მუშაობს სკოლაში.

ყველაზე ცოტა დატვირთვა კი სწორედ საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგებს ჰქონდათ.

ამანაც ხომ არ გამოიწვია საათების დამატება სკოლაში, რომ ხელფასი გაეზარდოთ მასწავლებლებს? – ვკითხეთ დირექტორს.

„არა მგონია“, – გვპასუხობს ის.

დირექტორთან საუბარში შევეხეთ სკოლების გადატვირთვის პრობლემასაც, რადგან ბათუმში თითქმის ყველა საჯარო სკოლა ორცვლიანია. ამიტომ, თუკი მე-12 კლასშიც გაიზრდება გაკვეთილების რაოდენობა, შეუქმნის თუ არა ეს პრობლემას იმ ბავშვებს, რომლებიც მეორე ცვლაში სწავლობენ? – ნინო მოდებაძე მიიჩნევს, რომ არა.

„6-7 გაკვეთილი ისედაც ტარდებოდა თითქმის ყველა კლასში, მარტო მე-12 კლასელებს ჰქონდათ ნაკლები. ამიტომ ეს არ შეუშლის ხელს მეორე ცვლის ბავშვებს ხელს. როგორც აქამდე იწყებოდა გაკვეთილები, ასევე იქნება წელსაც – ორიდან 3-ის ნახევრამდე დაიწყება მეორე ცვლა“, – ამბობს ნინო მოდებაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: