შპს „ორბი ჯგუფი“ ბათუმში ზღვასთან ახლოს კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, კომპლექსის პროექტი ხუთ შენობას აერთიანებს – ერთი პედესტალით გაერთიანებული ა, ბ, გ და ცალკე მდგომი გ და ე კორპუსები. ეს გეგმა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 25 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

რენდერი
გდგ-ში მოცემული ინფორმაციით, შენობები, აეროპორტთან შეთანხმებით, 81 მეტრზე მაღალი არ შეიძლება იყოს. ამის გათვალისწინებითაც კი კომპანიას ზონაში დადგენილი განაშენიანების რეგულირების პარამეტრების გადამეტებაზე თანხმობა სჭირდება. კერძოდ, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] გაზრდას 3,5-დან 12,0-მდე ითხოვს.
სწორედ ასეთ შემთხვევაში ითხოვს კანონი კვარტლის გეგმის დამუშავებას [გდგ], რასაც მერიის წარდგენით ბათუმის საკრებულო განიხილავს და ამტკიცებს. ეს სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული ერთგვარი მექანიზმია „ზედმეტად მონდომებული მშენებლისგან“ ქალაქის დასაცავად. თუმცა, ბათუმის შემთხვევაში ფაქტობრივად არ მუშაობს, რადგან ბათუმის საკრებულო სულ თანახმაა: „მივესალმებით“, „ეკონომიკა იზრდება“, „ხალხი დასაქმებულია“ – ეს არის „ოცნების“ უმრავლესობის ლოგიკა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ უმრავლესობას პროტესტი არ დაუფიქსირებია, როცა იგივე კომპანია შუა ქალაქში ქარხანას აგუგუნებდა.
მართალია, საბოლოო ნებართვა მაინც ქალაქის მერმა უნდა გასცეს, მაგრამ მერი ნებართვას ვერ გასცემს, თუ საკრებულო უარს იტყვის გდგ-ს დამტკიცებაზე, ანუ კოეფიციენტის გაზრდაზე, გდგ-ს შემუშავების საჭიროებაც ხომ ამ სურვილმა გამოიწვია. ამიტომაც, როცა ქალაქი შენდება ისე, როგორც შენდება, ამაზე საკრებულოც არის პასუხისმგებელი.
ბოლოს და ბოლოს ამ ქალაქში ერთი ყოფილი მერი, რომელიც წინა მთავრობის დროსაც მერი იყო და „ოცნების“ მთავრობაშიც გარკვეული პერიოდით დატოვეს ამ თანამდებობაზე, ამბობს, რომ მერი იმას გააკეთებს, რასაც მმართველი პარტია უბრძანებს. ამ ქალაქში არავინ ფიქრობს, რომ არჩეული მერი „ერთი საწყალი თანამდებობის პირია“, მაგრამ აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, როგორ „გააგდეს“ წინა არჩეული. ამომრჩეველმა არ გააპროტესტა, როცა მის რჩეულ მერს განცხადება დააწერინეს და სახლში გაუშვეს. რატომ? – იმიტომ ხომ არა, რომ მერი იმას გააკეთებს, რასაც მმართველი პარტია უბრძანებს… ყველაფერი ლოგიკურია.
არადა ქვეყანას აქვს თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც მოქმედმა მერმა კარგად იცის. მედიასთან ის ყველაზე ხშირად ამ ფრაზას იყენებს – „ყველაფერი კანონის შესაბამისად…“რადგან მთავარი თემიდან გადავუხვიე [იქნებ არც] აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბოლოს და ბოლოს ბათუმი ის ქალაქია, სადაც ყოფილმა პრემიერმა გენგემის შესყიდვის მომზადებისა და დამტკიცების აუცილებლობა ასე ახსნა: „მორჩა ფულის კეთების დრო“.
გენგეგმის მომზადება მერიამ კონკრეტულ კომპანიას ტენდერით დაუკვეთა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ გვაქვს, ამიტომ რა მორჩა და რა არ მორჩა, თქვენ თავად გადაწყვიტეთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ „ორბის“ დამფუძნებელი ზაზა ზოიძე, დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და კომპანიასთან დაკავშირებული სხვა პირები „ოცნების“ შემწირველები არიან. ამასთან ირაკლი კვერღელიძე რუსული კანონის მხარდამჭერია.
„ორბის“ პროექტს რომ დავუბრუნდეთ, კომპანია მშენებლობას გეგმავს ზღვის პირის ქუჩის #1-ში, სადაც სამ ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს უკვე წლებია ფლობს. ეს ნაკვეთი კომპანიამ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე 2016 წელს შეისყიდა ვალდებულების შესრულების პირობით.
კომპანია გდგ დოკუმენტში წერს, რომ მიწის ნაკვეთი 2016 წელს 9 მილიონ ლარად იყიდა და არანაკლებ 350 სასტუმრო ნომრის მოწყობის ვალდებულება აიღო. ასევე აქვს ვალდებულება მოაწყოს პარკი ან სკვერი. კომპანია წერს, რომ 40 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო მთავრობასთან, თუმცა 300 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. გარდა ამისა, მერიას ამ პროექტში 1500 ადამიანის დასაქმებას ჰპირდება. რეესტრის ამონაწერით მფლობელი „ორბი მილენიუმ ჯგუფია“ , ეს კომპანია „ორბი ჯგუფს“ ეკუთვნის.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ხვალ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ, საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს აპარტამენტებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტს, აუზს, სარეკრეაციო ზონას, საზოგადოებრივი დანიშნულების, მათ შორის კვების ობიექტებს, შიდა გზებისა და ავტოსადგომების მოწყობას.

გეგმარებითი ერთეული მდებარეობს ქალაქის ცენტრალური, ისტორიული ნაწილის სამხრეთით, ახალი ბულვარის მიმდებარედ და მოქცეულია ზღვისპირას, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩებსა და კვარტალთშორისი გასასვლელებს შორის – ფართობი 36 800 კვ.მეტრია და მოიცავს ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი 32 249 კვ.მეტრია. ტერიტორიის ინტენსიური ათვისება დაიწყო რამდენიმე წლის წინ და დღეისათვის საპროექტო ტერიტორიის ნაწილზე სასტუმროს აშენებენ.
პროექტი ბათუმის აეროპორტთან შეუთანხმებიათ.






