პროფესორი დიმიტრი შველიძე მე-12 კლასის სახელმძღვანელოზე მუშაობას აჩერებს.
მან ამის შესახებ ფეისბუქში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ განათლების სამინისტროს მიერ კონკურსების გაუქმება და ერთი მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება, საზოგადოების მხრიდან სამართლიან ეჭვებს ბადებს.
„ამგვარი შესაძლებლობის შესახებ იყო საუბარი გიორგი ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც მოჰყვა ფართო გამოხმაურება“, – წერს დიმიტრი შველიძე ფეისბუქზე.
პედაგოგმა და მკვლევარმა გიორგი ჯავახიშვილმა „ბათუმელებთან“ თქვა, რომ განათლების სამინისტრო აპირებს გამომცემლობებისა და ავტორებისგან მალულად, კონკურსის გარეშე გამოსცეს მე-12 კლასის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო, რომლის რედაქტორიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილია.
მკვლევარი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმძღვანელოს მალულად გამოცემას და ამ გუნდში ისეთი პირის მონაწილეობას, რომელიც პოლიტიკურად მიკერძოებულია.
„ეს ადამიანი 13 სექტემბერს გორში გამართულ აქციაზე იდგა და ტაშს უკრავდა ბიძინა ივანიშვილს, როცა მან განაცხადა, რომ „ოსების ცეცხლის ალში გახვევის გამო“ ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოვიხადოთ.
მეორე მხრივ, სოსიაშვილი არის მოქმედი პარლამენტარი, რომელმაც ხელი მოაწერა როგორც რუსულ კანონს, ისე ჰომოფობიურ კანონს და ასევე მხარი დაუჭირა გენდერული კვოტების გაუქმებას. შესაბამისად, მისი ყოფნა ამ სახელმძღვანელოს რედაქტორის პოზიციაზე აჩენს პოლიტიკურ კითხვებსაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ჯავახიშვილი.
სწორედ ამ შიშებსა და არგუმენტებზე საუბრობს დიმიტრი შველიძეც თავის პოსტში.
„საზოგადოებაში არსებობს სამართლიანი ეჭვი და პროტესტი სახელმძღვანელოს აქამდე მიმდინარე კონკურსების გაუქმების და ერთი, მონოსახელმძღვანელოს შემოღების შესახებ…
იმის გამო, რომ შესაძლოა მართლაც არსებობდეს ამგვარი შესაძლებლობა, ვაჩერებ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას (დროებით ან საერთოდ), იმ დრომდე, სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი – გაგრძელდება თუ არა სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები“, – წერს შველიძე.
მისი განმარტებით, მე-12 კლასის ეგრეთ წოდებულ „სასწავლო რესურსზე“ მუშაობა მან მიმდინარე წლის ივნის-ივლისში დაიწყო.
„როგორც განათლების სამინისტროში აგვიხსნეს, უნდა მომზადებულიყო დროებითი სახელმძღვანელო ანუ როგორც უწოდებდნენ „სასწავლო რესურსი“ მე-12 კლასისთვის საქართველოს ისტორიაში.
პირველი თემა ეს არის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მეორე – საქართველო საბჭოთა კავშირში და საქართველო და თანამედროვე მსოფლიო.
დღემდე მე მოვამზადე „რესურსის“ პირველი ნაწილის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც სამინისტროს წარმომადგენელთა აზრით, უნდა ისწავლებოდეს წელს, პირველ სემესტრში.
ამ ეტაპზე დასაშვებად მიმაჩნია, რომ ეს ნაწილი გამოყენებულ იქნას სკოლაში, რათა არ დაზარალდნენ მეთორმეტეკლასელები“, – წერს ის.
დიმიტრი შველიძე ამავე პოსტში წერს, რომ „სასწავლო რესურსი“ ასევე ითვალისწინებდა მესამე, დიდ თემას – „საქართველო და თანამედროვე მსოფლიო“, თუმცა „მასში მითითებულია მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი, ეს არის 1990 წლის არჩევნები საქართველოში და დამოუკიდებლობის აღდგენა, 1991 წლის 9 აპრილი.
მე წინადადება მივეცი სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ სასწავლო პერიოდი განივრცოს და სრულად მოიცვას 1990-2010-იანი წლები.
ამ წინადადებაზე მივიღე სიტყვიერი თანხმობა.
თუ ვინმე დაინტერესდება, თუ რა არის ჩემი საყრდენი კონცეპტუალური ხედვა, საქართველოს თანამედროვე ისტორიის საკვანძო საკითხების შესახებ, შეუძლია გადაათვალიეროს ჩემ მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელო, სტუდენტებისთვის.
დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ჩემ მიერ ან ჩემი მონაწილეობით მომავალში შექმნილი სახელმძღვანელო ყველა შემთხვევაში იქნება ერთ-ერთი და არა ერთადერთი“, – წერს დიმიტრი შველიძე.
___
ფოტო: დიმიტრი შველიძის ფეისბუქის გვერდიდან
___________
ამ თემაზე:
„ოცნების“ დეპუტატი უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს დაარედაქტირებს – გრიფირება გააუქმეს