მთავარი,სიახლეები

საქართველოდან ტვინებისა და ტალანტების გადინების საფრთხეა – სტუდენტი აშშ-დან

17.09.2024 •
საქართველოდან ტვინებისა და ტალანტების გადინების საფრთხეა – სტუდენტი აშშ-დან

ავტორი: ნათია კაპანაძე

___

მარიამ ჟორჟოლიანი ფულბრაიტი სტიპენტიანტი და ბიზნესკონსულტანტია. ის წლებია ეხმარება ქართულ ბიზნეს კომპანიებს განვითარებაში და კარგად იცნობს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს. ამერიკაში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად, მარიამი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად ადევნებს თვალს. მისი ქართული და ამერიკული გამოცდილებების გამო დავინტერესდით, აპირებს თუ არა მარიამი არჩევნებში მონაწილეობას და როგორ ხედავს ევროპასთან ინტეგრაციის მნიშვნელობას ქართული ბიზნეს სექტორისთვის.

  • მარიამ, გვიამბეთ თქვენზე, რა მიზნით ხართ ამერიკაში?

ამერიკაში ერთი წლის წინ ჩამოვედი. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ ტექნოლოგიების მიმართულებით. ამ შესაძლებლობის სრული დაფინანსებისთვის ალბათ ვერასდროს გადავუხდი საკმარის მადლობას ფულბრაითის პროგრამას და საქართველოს ბანკს, რომელიც ამ პროგრამაში ჩემი სპონსორია.

  •   გზა გაიარე პროგრამაში მონაწილეობისთვის?

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთი წელი, ვარშავაში ვსწავლობდი ერასმუსის გაცვლითი პროგრამით. პოლონეთიდან დაბრუნებისთანავე კონსალტინგში აღმოვჩნდი. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა. საუკეთესო გუნდში მოვხვდი, ძალიან სწორი ფასეულობების მქონე კომპანიაში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. სინერჯიში თითქმის ყველა ზომისა და დარგის კომპანიას ვეხმარებოდით მართვის სისტემების გაუმჯობესებაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. განსაკუთრებით მიყვარს პრო-ბონო პროექტები, რომელსაც უსასყიდლოდ ვაკეთებდით იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც მნიშვნელოვან სარგებელს ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნისთვის.

ამ წლების მანძილზე ალბათ 100-ზე მეტ საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერს გავესაუბრე ინდივიდუალურად, რამაც საშუალება მომცა უფრო დიდ სურათში დამენახა სისტემის როლი, მისი მნიშვნელობა, მისი მუშაობის პრინციპი და ის გამოწვევები, რასთან ბრძოლაც ყოველდღიურად უწევთ ქართულ ორგანიზაციებს.

პარალელურად, ეს ყველაფერი საკუთარ თავში, ჩემს ცოდნასა და გამოცდილებაში არსებული „გეპების“ გააზრებაშიც ძალიან დამეხმარა. მივხვდი, რომ გაცილებით მეტი ღირებულების შექმნა შეიძლებოდა. უბრალოდ, მეტი უნდა მესწავლა, მესწავლა საუკეთესოსგან და აუცილებლად ტექნოლოგიები. ამერიკა იდეალური ქვეყანა იყო ამისთვის, ფულბრაითი კი იდეალური პროგრამა, რომელიც ამის შესაძლებლობას მაძლევდა.

  • სხვაობას ხედავ ამერიკული და ქართული განათლების სისტემას შორის?

სწავლაში პირველი და ცხადი განსხვავება – აზროვნებაში თავისუფლებაა. ლექტორები აქაც ითხოვენ მასალის წაკითხვას, მაგრამ არა იმიტომ, რომ დაიზეპირო. აქცენტი გააზრებაზე, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაზე, დაფიქსირებასა და დასაბუთებაზეა. შეგიძლია გააბათილო ან უარყო წიგნში მოცემული იდეები, მთავარია, ამის არგუმენტირება შეძლო. ეს განსაკუთრებით მომწონს. ჩემი ლექტორებიც მომწონს. აკადემიურ ხარისხთან ერთად, საკუთარი ბიზნესის კეთების ერთი წარუმატებელი გამოცდილება მაინც ყველას აქვს. ეს, ვფიქრობ, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ბიზნესი სხვებს ასწავლო.

სტუდენტებთან მიდგომაც განსხვავებულია. აქ გვისმენენ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენ აზრს, ჩვენ უკუკავშირს და კმაყოფილებას. გრძნობ რომ უნივერსიტეტი შენთვის – სტუდენტისთვის შეიქმნა და არსებობს. და არა პირიქით.

  • სხვაობას ხედავთ ამერიკული და ქართული ბიზნესის მართვის სისტემას შორის?

პრაქტიკაში ჯერ საკმარისი შეხება არ მქონია, თუმცა თეორიულად, რასაც აკადემიაში გვასწავლიან, ალბათ მთავარი განსხვავება ის არის, რომ აქ ძირითადი აქცენტი დღეს, ბიზნესის, როგორც იდეის, ტრანსფორმაციაზეა – ინდივიდუალური სარგებლის მიღებიდან საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაზე. კომპანიები მიხვდნენ, რომ ბიზნესის უშუალო მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორები ვერ შეძლებენ მსოფლიოს წინაშე არსებული მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევას, იქნება ეს სიღარიბის დაძლევა თუ გენდერული თანასწორობა. მიხვდნენ, რომ სხვანაირად, ინდივიდუალური სარგებლის მიღებაც მოკლევადიანი პერსპექტივაა.

საბედნიეროდ, ჩვენთანაც არიან კომპანიები, რომლებიც უკვე წლებია მსგავსად აზროვნებენ. იმედი მაქვს, მათი რიცხვი, კიდევ უფრო გაიზრდება.

  • რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება?

დემოკრატია არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ ნებისმიერი სისტემის მართვის საუკეთესო ფორმაა, რაც ჯერჯერობით ადამიანმა მოიფიქრა. როგორც ერთი ადამიანის, ისე სისტემის დონეზეც კი.

სიტყვის თავისუფლება ამ ყველაფრის ამოსავალია. ნებისმიერი ბიზნესი მისი მომხმარებლისთვის არსებობს. თუ ბიზნესი საკუთარ მომხმარებელს არ უსმენს, მისი პროდუქტი თუ სერვისი ადრე თუ გვიან აუცილებლად ასცდება მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებს. შედეგად ბიზნესი მომხმარებელს კარგავს, ზრდას წყვეტს და საბოლოოდ კოტრდება. მარტივი პრინციპია.

იგივეა სახელმწიფოს შემთხვევაშიც. სახელმწიფო საკუთარი ხალხისთვის არსებობს. ‘government of the people, by the people, for the people’ – ვაშინგტონში, ლინკოლნის მონუმენტზე წავიკითხე ერთი თვის წინ და, ალბათ, ეს სიტყვები საუკეთესოდ ხსნის დემოკრატიის არსს. ბიზნესი უბრალოდ ხალხის გაერთიანებაა ერთი დანიშნულების ირგვლივ. დანარჩენი იგივეა.

  • ევროპასთან ინტეგრაცია რა ტიპის განაცხადია ქვეყნისთვის?

ევროპასთან ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის ოჯახში დაბრუნების გზაა, გრძელი და ძალიან არასასურველი ემიგრაციიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ემიგრაციამ თავისი კვალი დაგვატყო, დაგვღალა, შეიძლება ცოტა შეგვცვალა კიდეც, მაინც მჯერა, რომ გენეტიკა უფრო ძლიერია, ხერხემალი ჯერ შენარჩუნებული და აუცილებლად შევძლებთ.

მჯერა, რომ არ არსებობს საქართველოსთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ დღეს, ვიდრე ევროინტეგრაციაა. ნებისმიერი გადახვევა ამ გზიდან დანაშაულია, არამხოლოდ მომავალი თაობის, არამედ წინაპრების წინაშეც.

  • როგორ ფიქრობ, რაში სჭირდებათ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესმენებს და სტარტაპერებს ევროკავშირი?

ევროკავშირი, პირველ რიგში, საკუთარი თავის, ჩვენი ღირებულებების, ადამიანობის, ერის მენტალიტეტის აღსადგენად გვჭირდება. იმ ყველაფრის, რაც ამ არასასურველ ემიგრაციაში დავივიწყეთ ან დავკარგეთ. დღეს მსოფლიოში, ევროკავშირი ალბათ ყველაზე უფრო სწორ და ჰუმანურ ღირებულებებზე აგებული სისტემაა, რომელში მოხვედრაც ნებისმიერ ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრების მეტ შანსს აძლევს.

პრაგმატულად თუ შევხედავთ, ბიზნესის ჭრილში, ევროკავშირში გაწევრიანება გაგვიმარტივებს მის წვერ ქვეყნებთან ვაჭრობას. ეს საგრძნობლად გაზრდის ექსპორტის მატების შანსს. ამისთვის, პირველ რიგში, ევროპის წარმოების სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს ბუნებრივად გამოიწვევს ჩვენი პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის ზრდას. უკეთესი პროდუქტი და მომსახურება მეტ კმაყოფილ მომხმარებელს და, შესაბამისად, მეტ შემოსავალს ნიშნავს ბიზნეს სექტორისთვის.

ამასთან, ევროკავშირში არსებული ფინანსური, ტექნიკური თუ ადამიანური რესურსები უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდება ჩვენთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საშუალო და დიდი კომპანიების განვითარებისთვის, ასევე სტარტაპების წახალისებისთვის.

  • რა საფრთხეებს ხედავთ რუსული კანონის ამოქმედებით?

დღეს სისტემების უმეტესობას ადამიანები ვმართავთ. ადამიანებს კი ყოველთვის გვაქვს სუბიექტური ინტერესები. ამ სუბიექტური ინტერესების დასაბალანსებლად, ნებისმიერი სისტემა, მათ შორის სამთავრობო, საჭიროებს მისი ზეგავლენისგან თავისუფალ, დამოუკიდებელ ძალას, რომელიც მისი საქმიანობის მონიტორინგს შეძლებს ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად. ეს არის საფუძველი სწორად აგებული სისტემის. როდესაც ამ დამოუკიდებელ ძალას არ ქმნი, ზღუდავ ან ცდილობ ის შენივე გავლენის ქვეშ მოაქციო, ამით სისტემას ამახინჯებ.

ეს კანონი სწორედ ამას აკეთებს. ის სამთავრობო გავლენას და ბერკეტებს იმაზე მეტად აძლიერებს მესამე სექტორზე – იდეაში დამოუკიდებელ ძალაზე, ვიდრე ეს საჭიროა სისტემის სწორად ფუნქციონირებისთვის. არასწორად მოწყობილი სისტემა კი ყოველთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, რადგან ის ყველა სხვა საფრთხის წარმოქმნის საფუძველია.

ეს დასავლეთში ჩვენზე კარგად იციან. მათ ისიც იციან, რომ მახინჯ სისტემაში გარანტიები არ არსებობს და ნებისმიერი რესურსის ჩადება სარისკო, ხშირად კი უშედეგოა. შესაბამისად, ამ კანონით, ვქმნით საფრთხეს ქართული ორგანიზაციები დარჩნენ რესურსების გარეშე, რომლებმაც წლების მანძილზე ძალიან ბევრი, ძალიან კარგი რამ გააკეთეს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, ჩვენი ბიზნეს სექტორის – სტარტაპების წახალისების, სოფლის მეურნეობის განვითარების, ქალების გაძლიერების, მწვანე ეკონომიკისა თუ ექსპორტის ხელშეწყობისთვის.

ამ ორგანიზაციების უკან ადამიანები დგანან. ჭკვიანი, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან მაგრად იცხოვრონ ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ირჩევენ დარჩნენ სამშობლოში და ძალიან ბევრი იშრომონ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. ამ კანონით ჩვენ მათ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლებს ვარქმევთ. ამით ქვეყნიდან ტვინების და ტალანტების გადინების საფრთხეს ვქმნით.

თუმცა, ყველაზე დიდი საფრთხე მაინც გზიდან გადახვევაა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ევროინტეგრაციის გზიდან. ეს კანონი გვაშორებს ჩვენი, როგორც ერის უმთავრესი მიზნისგან, ასევე ერთმანეთისგან.

  • საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გვინდა გკითხოთ, მონაწილეობთ არჩევნებში?

აუცილებლად. არჩევნებში მონაწილეობა ჩემთვის, ქვეყნის სიყვარულის გამოხატვის საშუალებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის თუ მსოფლმხედველობის მხარდამჭერი ხარ. გულგრილობა, აქ, ალბათ, ყველაზე დიდი დანაშაულია. ასე რომ, შევხვდებით 26-ში, საარჩევნო უბანზე, ნიუ-იორკში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: