განათლება,მთავარი,სიახლეები

რა კითხვებს გაურბიან ხელისუფლების მიერ დაჯილდოებული პედაგოგები

19.09.2024 •
რა კითხვებს გაურბიან ხელისუფლების მიერ დაჯილდოებული პედაგოგები

საჯარო სკოლის ათი პედაგოგი განათლების სამინისტრომ 13 სექტემბერს დააჯილდოვა. აქედან ორი, აჭარიდანაა. მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოებული ერთ-ერთი პედაგოგი, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ანა ანუშიძეა, მეორე კი სოფელ ახალსოფლის სპორტის მასწავლებელი, ძიუდოისტი ნანი კირკიტაძე.

ხელისუფლების მიერ დაჯილდოებულ პედაგოგებს „ბათუმელები“ ესაუბრა და შეეცადა მათთან ის კითხვები დაესვა, რომლებიც წარმოაჩენს  პედაგოგების პროფესიულ ხედვას და მათ ღირებულებებს. თუმცა კითხვების ნაწილს რესპონდენტებმა არ უპასუხეს. „პოლიტიკურ კითხვებს არ ვპასუხობ“ – გვითხრეს მათ.

ანა ანუშიძე ორ სკოლაში რამდენიმე საგანს ასწავლის, ასევე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატებსა და მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაში ჩართულ პირებს.

ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია.

ანა ამბობს, რომ სკოლაში სრული დატვირთვა აქვს. კმაყოფილი და გახარებულია ეროვნული პრემიითაც, რადგან მიიჩნევს, რომ ეს დიდი მოტივაციაა მასწავლებლებლობის მსურველი სტუდენტებისთვისაც.

ფინანსური მოტივაცია მთავარია ამ პროფესიაში? – ვკითხეთ მას.

„ორი მოტივაცია გვაქვს – შინაგანი და გარეგანი. მე ვფიქრობ, რომ ვარ საკმარისად სავსე შინაგანი მოტივაციით. როცა დავინახე, რომ ეს შრომა დაინახეს, შენიშნეს და დააფასეს, სახელმწიფო დონის პრემიით, ეს იყო ჩემთვის ენით აღუწერელი სიხარული. ყოველთვის გვიხარია, როცა გარეგანი მოტივაცია ჩვენს შინაგან მოტივაციას ასე ამკობს“, – ამბობს ანა ანუშიძე.

როცა მას ვკითხეთ, ხომ არ ჰქონდა მცდელობა მონაწილეობა მიეღო „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსშიც, ანუშიძემ ამ კითხვაზე პირდაპირ  არ გვიპასუხა.

„რაც უფრო მეტი კონკურსი იქნება, ეროვნულ პრემიასთან ერთად, ნამდვილად არის გასახარი. ვფიქრობ მშობლებისთვისაც კარგი წახალისება იქნება, თუ დაინერგება მშობლების კონფერენცია სასკოლო თემაზე, ან აქტიური მშობლების წახალისებებიც იქნება.

მოსწავლეებს ოლიმპიადები აქვთ და შეუძლიათ დაინახონ, როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ის, რასაც სკოლაში ვაძლევთ“,- ამბობს ანა.

წელს განათლების სამინისტრომ ახალი სახელფასო ფორმულა აამოქმედა, რის შემდეგაც მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებს დანამატები გაუუქმდათ, რამაც მათი ხელფასების კლება გამოიწვია. უკმაყოფილების ტალღა ამ დრომდე არ ჩამცხრალა. ბევრი პედაგოგი მიიჩნევს, რომ ისინი ხელისუფლებამ მოატყუა და დაჩაგრა.

უკმაყოფილო პედაგოგები თავიანთი უფლებების დაცვას  სასამართლოშიც აპირებენ.

რას ფიქრობთ კოლეგების პოზიციაზე, სამართლიანად მოექცა მათ სისტემა? – ვკითხეთ ანა ანუშიძეს.

„მე თავად ვარ მენტორი მასწავლებელი, ფაქტი არის ის, რომ საათობრივი დატვირთვა და საათობრივი ანაზღაურება თითოეული მასწავლებლისა, მიუხედავად მათი სტატუსებისა, გაიზარდა.

რაც შეეხება წამყვანისა და მენტორის საბოლოო შრომის ანაზღაურებას, ჩემი სახელფასო დატვირთვიდან და ჩემი ანაზღაურებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, სრული დატვირთვა მაქვს და საგრძნობლად გამეზარდა ხელფასი.

რამდენადაც ვიცი, რა ხელფასიც ჰქონდა მასწავლებელს, კონკრეტული დატვირთვით, იმაზე სულ მცირე, 200 ლარით მეტი ანაზღაურების მიღებას შეძლებს“,- გვითხრა მან.

ჩვენ შევეცადეთ მაინც დაგვეკონკრეტებინა მისი პოზიცია და ჩავეკითხეთ, – „თქვენ ფიქრობთ, რომ მასწავლებლებს უსამართლოდ აქვს პრეტენზია სისტემის მიმართ?“, რაზეც ანუშიძემ ასეთი პასუხი გაგვცა:

„ვხედავ ფაქტს, რომ ის უფროსი მასწავლებლები, რომლებიც შესაბამისად ღებულობდნენ თავიანთ ანაზღაურებას, მათ საგრძნობლად გაეზარდათ ხელფასი და მე როგორც მენტორს, მიხარია, რომ მასწავლებლებს გვაქვს საათობრივი გაკვეთილის ანაზღაურება ერთი და იგივე“.

სრული დატვირთვა რომ არ გქონოდათ სკოლაში, მაშინაც კმაყოფილი იქნებოდით? ალბათ მეტი საათი რომ გქონოდათ, ამიტომ ჩააბარეთ სხვადასხვა საგნის გამოცდა – ისევ ვკითხეთ ანას.

მისი თქმით, განსხვავებულ საგნებში გამოცდების ჩაბარება არა საათებს, არამედ მის სხვადასხვა ინტერესს უკავშირდება.

„მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა და კარგი მაგალითია მოსწავლისთვის, რომელსაც ჩვენ მოვუწოდებთ, ისწავლოს სხვადასხვა საგანი.

ზოგადად, ყოველთვის კარგია, როდესაც ხელფასის ზრდა ფიქსირდება. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ფაქტია, ხელფასის ზრდა მოხდა და უამრავი ჩემი კოლეგა აღნიშნავს, რომ ნამდვილად სამართლიანია, როდესაც ერთი გაკვეთილის ჩატარებაში ყველა ღებულობს ღირსეულ ანაზღაურებას.

მასწავლებელი ძალიან ბევრს შრომობს და ვფიქრობ, რომ თანადროულად, იმის შესაბლებლობებიდან გამომდინარე, რაც იქნება ქვეყანაში, ისედაც არის დაგეგმილი პერიოდული მატება ხელფასის და ამას მივესალმები“, – ამბობს ანა ანუშიძე.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ცერემონიაზე, წინა რიგები მთავრობის წევრებს ეკავათ.

მაგალითად, პარლამენტარებმა პირველივე სხდომაზე გაიზარდეს 100 პროცენტით ხელფასი. თქვეს, რომ ინფლაციის გამო 5000-მა ლარმა მსყიდველუნარიანობა დაკარგა და დეპუტატის ხელფასი ხუთიდან 10 ათას ლარამდე გაიზარდა.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიუდგა ასეთივე სტანდარტით სახელმწიფო პედაგოგების ხელფასებს ან პენსიას. ხომ არ ფიქრობთ, რომ არის სოციალური უთანასწორობა? – ვკითხეთ ანა ანუშიძეს.

„რამდენადაც ვიცი, მასწავლებლის ხელფასი არა მხოლოდ 100-200 ლარით, ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ გაიზარდა. ყველა მასწავლებლის ერთი საგაკვეთილო ანაზღაურება არის თანაბარი. ამაშია საქმე. ყველაზე სამართლიანი სწორედ ის არის, რომ გაკვეთილს წამყვანი ატარებს, მენტორი თუ უფროსის სტატუსის მქონე, ყველა მასწავლებელი სტატუსის მიუხედავად ანაზღაურებას ღებულობს თანაბრად. შესაბამისად, ვთვლი, რომ ის სახელფასო პოლიტიკა, რომელიც არის ამ წუთას, არის ბევრად უფრო განვითარებული და ორიენტირებული თითოეული მასწავლებლის თანაბარ მდგომარეობაში ყოფნაზე, ეს არის ნამდვილად სამართლიანობისკენ მიმართული“ – ამბობს ის.

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო სკოლებში ბავშვები განიცდიან შიმშილს. არაერთი მოწოდება იყო საზოგადოების, პედაგოგების მხრიდან, რომ სახელმწიფოს დაენერგა სასკოლო კვება. წინა არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაჰპირდა ხალხს, რომ შეიტანდა სკოლებში კვებას, თუმცა არ შეასრულა დანაპირები.

ამ საკითხზე „ეროვნული პრემიის“ მფლობელი პედაგოგის აზრიც გვინდოდა მოგვესმინა, ამიტომ ანუშიძეს ვკითხეთ, ხედავს თუ არა ამის საჭიროებას სკოლაში და რატომ?

„ორ რამეს აღვნიშნავ ამ შემთხვევაში. პირველი იმას, რომ ჯანსაღი კვება, ბუნებრივია პირდაპირ არის კორელაციაში მოსწავლის გონებრივ განვითარებასთან და განვითარების შესაძლებლობების ზრდასთან. მეორე მხრივ, ამ ეტაპისთვის როგორც ვიცი, ყველა სასწავლო დაწესებულებაში გვაქვს შესაბამისი კვების ობიექტები, სადაც რამდენადაც ვიცი, იქ არსებული მენიუ არის შესაბამისობაში ჯანსაღ კვებასთან და სტანდარტებთან. შესაბამისად, ის ასორტიმენტი, რასაც სთავაზობს [ბუფეტი], ბუნებრივია ვერ იქნება არაჯანსაღი“, – ამბობს ის.

ანასთვის ასვე გვინდოდა კითხვები დაგვესვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე, რომელიც შეჩერდა „რუსული კანონის“ მიღების გამო. გვინდოდა გვეკითხა, რას ფიქრობდა ოკუპაციის თემაზე და ივანიშვილის განცხადებაზე, რომ „გამოვნახავთ ძალებს, ოსებს ბოდიში მოვუხადოთ“, თუმცა ამ კითხვებზე მისი პასუხის მოსმენის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

„თქვენ გინდათ კითხვებს პოლიტიკური შინაარსი მისცეთ და მე მასწავლებელი ვარ“, – გვითხრა მან და ინტერვიუ შეწყვიტა.

მსგავს თემებზე გასაუბრება ვცადეთ „ეროვნული პრემიით“ დაჯილდოვებულ ნანი კირკიტაძესთანაც. თუმცა „პოლიტიკურ კითხვებზე“ საუბარი არც მან ისურვა.

„არ მომისმენია [ოსებთან მობოდიშებაზე] და ვერაფერს გეტყვით. აპოლიტიკური ვარ. თავში მხოლოდ ერთი დარდი მაქვს, ჩემპიონატისთვის ვემზადები, ამაზე ვფიქრობ.

ასეთ თემებზე არასდროს ვსაუბრობ. ჩემი მოვალეობა არის სკოლა, მეტს ვერაფერზე გაგცემთ პასუხს“, – გვითხრა ნანი კირკიტაძემ. თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყნის კურსი ევროპისკენ უნდა წავიდეს, რადგან „ძალიან კარგი პროექტებია და გვინდა, რომ ასეთი რაღაცები იყოს“.

ნანი ამბობს, რომ ეროვნული პრემიის მიღება მოულოდნელი იყო, რადგან მისი აზრით, „ერთი სოფლის მასწავლებელს“ არავინ შეამჩნევდა.

„როცა მითხრეს, რომ საბუთები უნდა წარვადგინოთ რესურსცენტრშიო, იმ დროს თურქეთში მივდიოდი შეჯიბრებაზე და ვუთხარი, სპორტის მასწავლებლებს გონებაჩლუნგებს ეძახიან და რაის პრემიას მომცემენ-მეთქი.

თუმცა ბევრი წარმატება მაქვს, ბევრი ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონი მყავს გაზრდილი და ვცდილობ, ჩემი სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩავრთო სპორტის ყველა სახეობაში.

მაქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებაც“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, ზოგადად სპორტული ინფრასტრუქტურა სკოლებში გასამართია და ცდილობს, რომ ამ მხრივაც რაღაც შეცვალოს.

სასკოლო კვებასა და პედაგოგების სახელფასო პოლიტიკაზე კითხვები ნანი კირკიტაძესაც დავუსვით. ანა ანუშიძისგან განსხვავებით, ნანი კირკიტაძე სასკოლო კვების დანერგვის აუცილებლობას ხედავს.

„გაკვეთილების შემდეგ რომ ბავშვები ვამეცადინო, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დანაყრდეს. სკოლაში კი არ გვაქვს ისეთი კვების ობიექტი, რომ ბავშვი შევიდეს და გამოიკვებოს.

ეს პრობლემა ყველა სკოლაში სავარაუდოდ იქნება და თანაც ბავშვს ჯანსაღი კვება სჭირდება. თუ ეს არ აქვთ ბავშვებს, აბა, რომელი სპორტსმენი გაიზრდება. სად ექნებათ ძალა, რომ შემოვიდნენ და ივარჯიშონ.

როცა ბავშვს შევხედავ, ისედაც ვხვდები გამოკვებილია თუ არა. ვინც ჩემთან დადის სავარჯიშოდ, ვცდილობ გავუნაწილო რაც მაქვს, რომ ბავშვი მშიერი არ იყოს.

სასკოლო კვების შეტანა აუცილებელია.

რატომ ვერ მოაბა ამას ხელისუფლებამ თავი, ვერ გეტყვით. მე ის ვიცი, რომ უნდა მქონდეს ჩალაგებული ჩანთაში რაღაც, რადგან როცა ბავშვი მეუბნება „მშია მასწ“, რაღაც უნდა მივაწოდო“, – გვეუბნება ნანი.

გასულ წელს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელმა პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ ხელისუფლებას ისიც კი შესთავაზა, რომ პედაგოგების მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლოს 20%-ი ბავშვების კვებაზე დახარჯულიყო, თუმცა სამინისტრო არც ამ იდეას გამოეხმაურა.

რაც შეეხება პედაგოგების ანაზღაურებას, ამ მხრივ უკმაყოფილო არც ნანია, თუმცა დასძენს, რომ კარგი იქნებოდა, მენტორებსა და წამყვანებსაც თანაბრად მომატებოდათ ხელფასი.

„ჩემი გაიზარდა იმიტომ, რომ უფროსი მასწავლებელი ვარ და პრეტენზია არ მაქვს. გაჭირვებაში გავიზარდე, გაჭირვებით მოვედი აქამდე, არასოდეს უმადური არ ვყოფილვარ, მთავარია ჯანმრთელობა და სიმშვიდე იყოს. მინიმალურია, მაგრამ გვყოფნის, უნდა ვეყოთ, სხვა გამოსავალი არ არის“, – მიაჩნია მას.

„ეროვნული პრემიას“ ცერემონიაზე მიწვეული ყველა სტუმარი შავ-თეთრ ფერებში იყო წარმოდგენილი.

2024 წლის ეროვნული პრემიით დაჯილდოებულ პედაგოგებს არც წელს მისცეს სიტყვა, ისევე როგორც გასულ წელს. მათი დუმილი და დრესკოდიც სავარაუდოდ სამინისტრომ განსაზღვრა. მიწვეული პედაგოგები და სტუმრები შავ-თეთრ ფერებში გამოაწყვეს, სცენაზე კი სამადლობელი სიტყვა არ ათქმევინეს.

„ეროვნული პრემიის“ ცერემონიაზე სავარაუდოდ სამინისტროს არ მიუწვევია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი პედაგოგები, დარბაზში არც საუკეთესო ათეულის კლუბის წევრი პედაგოგები ჩანდნენ. შესაძლოა სისტემის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა პედაგოგებმა თავად არ მოისურვეს ფარსში [როგორც თვითონ უწოდეს] მონაწილეობა.

საპატიო სტუმრების რიგი მინისტრებს, პარლამენტის დეპუტატებსა და სხვა მაღალჩინოსნებს ეკავათ.

ამ ცერემონისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევე როგორც გასულ წელს. თუმცა ხარჯების დიდი ნაწილი ორგანიზებას მოხმარდა. ასი ათასი ლარით კი, ხელისუფლებამ ათი მასწავლებელი დააჯილდოვა – თითოეულს 10-10 ათასი ლარი გადასცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: