ბათუმში ძნელად მოიძებნება ქუჩა, რომლის ტროტუარიც უკანონოდ გაჩერებული ავტომანქანებით, კაფეების მაგიდებით ან სულაც სამშენებლო კომპანიების მიერ მოწყობილი ოფისებითა და სხვა კონსტრუქციებით არ არის ოკუპირებული. მიტაცებულ ტროტუარებზე მცირე ადგილი რჩება ქვეითებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს ან საბავშვო ეტლით მოძრაობს.
ქალაქში პარკირების არასაკმარისი ადგილების გამო მძღოლები ავტომანქანებს ხშირად აჩერებენ ტროტუარებზე. ეს აიძულებს ქვეითებსა და ეტლით მოსარგებლეებს, გადავიდნენ სამანქანო გზაზე, რაც ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობის ფონზე განსაკუთრებით სახიფათოა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე ეტლით გადაადგილდება. მას გორგასლის ქუჩაზე შევხვდით და ჰაიდარ აბაშიძის კვეთამდე, ქუჩის პატარა მონაკვეთი გავიარეთ ერთად. ტროტუარზე გაჩერებული ავტომანქანების გამო რამდენიმე ადგილი სრულად ჩაკეტილი აღმოჩნდა, რის გამოც სამანქანო გზაზე გადასვლა მოგვიხდა. თომა ამბობს, რომ ბათუმში ეს ყოველდღიური პრაქტიკაა:
„ტროტუარი დავიწყებული გვაქვს. ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით, ფაქტობრივად სამანქანო გზით ვსარგებლობთ ეტლით მოსარგებლე ადამიანები. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია – მანქანებს შორის გვიწევს გაძრომა, ზოგჯერ ვერ გვხედავენ გადაადგილების დროს, რამდენიმე შემთხვევა იყო, მეც შემემთხვა, ჩემს მეგობრებსაც, როცა მანქანა დაეჯახა გადასვლის დროს, ხილვადობა არ იყო ზებრა გადასასვლელზე; ხშირ შემთხვევაში ტროტუარი მაღალია, ვერც ავდივართ, ვერც ჩამოვდივართ. ხშირად ამ პრობლემებს ეტლი მწყობრიდან გამოჰყავს.
აი, აქაც ვერ გავიარე საერთოდ, ჩაკეტილია მთლიანად ტროტუარი და ასობით მეტრის გავლა გიწევს, ხანდახან შეიძლება კილომეტრისაც, უკან სიცხეში ან წვიმაში, იმისთვის, რომ გადახვიდე მეორე მხარეს და იქაც იგივე სიტუაცია შეიძლება დაგხვდეს“, – ამბობს თომა.
წლებია შშმ აქტივისტები იბრძვიან რეგიონში საზოგადოებრივი სივრცეების ადაპტირებისა და ხელმისაწვდომობისთვის. აქტივისტების ნაწილი ტროტუარების მიმტაცებლებთან მუშაობს. მაგალითად, საინიციატივო ჯგუფი „გამითვალისწინე“ ბათუმის ქუჩებში დადის და ცდილობს, მძღოლებს აუხსნას, რამდენად დიდ სირთულეებს უქმნიან შშმ პირებსა და მოქალაქეებს არასწორად გაჩერებული ავტომანქანები; ზოგიერთი აქტივისტი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საუბრობს პრობლემაზე, თუმცა ქალაქის ტროტუარების კრიზისი უარესდება.
„ეს პრობლემები წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენ ვერ ვხედავთ გადაჭრის გზებს. ამაზე მუდმივად მიდის საუბარი, ყველა დონეზე, იქნება ეს უბრალოდ შეხვედრები, მაღალი შეხვედრების დონეზე, პირისპირ შეხვედრები, საკონსულტაციო საბჭოებში შეხვედრები, საკრებულო… ყველგან ერთი და იგივე, ყველა საქმის კურსშია.
10-12 წლის წინ უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები აფრთხილებდნენ მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს, რომ ეს ქაოსი დადგებოდა – პარალიზება ქუჩების, ტროტუარების სწორედ ამ განაშენიანების გამო. თუმცა ეს არ იქნა შესწავლილი და არ გაჰყვნენ ამას. გერმანიის სახელმწიფო გვეხმარებოდა სხვადასხვა ფონდის საშუალებით, პროექტების, კვლევების ჩატარებაში და ა.შ. თუმცა დღის სინათლე ვერ იპოვა ამ პროექტებმა და იმიტომაც ვართ ამ დღეში.
მაღალი კორპუსები შენდება, პარკირება, ფაქტობრივად, არ აქვთ და გამოდის, ის ხუთი-ათი ათასი მცხოვრები მანქანებით – აყენებენ ყველგან, სადაც კი ადგილს იპოვიან, ან 2-3 კმ.-ის რადიუსში, სადაც იპოვიან ადგილს. ეს უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ხალხის ჩართულობით. უნდა გვქონდეს გეგმაზომიერი პოლიტიკა და პოლიტიკის დოკუმენტები გრძელვადიანად – მომავალში, 10 წელში სად ვიქნებით, მოვხსნით ამ პრობლემას? და რით ვიწყებთ დღეს“, – ამბობს თომა კაკაბაძე.
ნინო ჩხაიძე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა. ამბობს, რომ ყოველ საღამოს გაჰყავს ბავშვები პარკის ან ბულვარის ტერიტორიაზე სასეირნოდ, თუმცა ავტომანქანებით ჩახერგილი გზის გამო იძულებულია საბავშვო ეტლით სამანქანო გზაზე გადავიდეს.
„ხშირია, როცა საბავშვო ეტლით მოგყავს ბავშვი და ფაქტობრივად გასავლელი არაა, ხშირად მიწევს ბავშვთან ერთად სამანქანო გზაზე გადასვლა, რაც ჩემთვის და ჩემი შვილების სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია. ამ ქალაქში გადაადგილება, როგორც ბავშვით, ისე ფეხით, სულ უფრო და უფრო არაკომფორტული ხდება – ტროტუარებზე დაპარკინგებული მანქანები, ასევე სარესტორნო სფერო, ნებართვით იქნება ეს თუ უნებართვოდ, რეალურად ქმნის მოქალაქეებისთვის დისკომფორტს.
ქალაქში ამდენი კორპუსია, რომლებსაც არ აქვთ საპარკინგე ტერიტორია, ამდენი მანქანაა, რომლებსაც არ აქვთ პარკირების ადგილი… პირველ რიგში ამ პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს და ასევე მოქალაქეებმა, რომლებიც თუნდაც იძულებულები არიან, რომ დააპარკინგონ ასე ტროტუარზე, აუცილებელია, რომ გაითვალისწინონ ეტლით მოსარგებლეები, ასევე საბავშვო ეტლით მოსიარულე მოქალაქეები – გასავლელი დარჩეს და სამანქანო გზაზე არ მოგვიწიოს გადასვლა“, – ამბობს ის.
ტროტუარების ოკუპირების პრობლემას რეჟისორი და აქტივისტი შოთა გუჯაბიძე ქალაქის ქაოსურ განაშენიანებას უკავშირებს. ის ამბობს, რომ ადგილობრივი მთავრობისთვის ბიზნესიდან მიღებული ფულადი სარგებელი ჩრდილავს ადეკვატური რეგულაციებისა და ზედამხედველობის საჭიროებას. ამ ფულს კი ქალაქის საჯარო სივრცეები ეწირება.
„ცხადია, პირველი მიზეზი არის ეს არასწორი განაშენიანება, დანაშაულებრივი განაშენიანება, რომელსაც გამორიცხულია სხვა შედეგი მოეტანა – როდესაც დგას ერთსართულიანი სახლი (დავანებოთ თავი, რომ მას ისტორიული და კულტურული ღირებულება აქვს), იმ ადგილას, სადაც ერთი ოჯახი ცხოვრობს, როცა ჩასვამ კორპუსს, სადაც 100 ოჯახი ცხოვრობს და უკვე 50 მანქანა მაინც არის, სად უნდა წავიდეს ის მანქანა…
აი, თუ დავაკვირდებით, 10 მანქანა კეტავს კვარტალს. სულ ეს ხდება; ახლა სადაც ვდგავართ, ზუსტად ასეთი ერთსართულიანი განაშენიანება იყო, ერთი მანელიშვილების სახლია სასწაულით გადარჩენილი და თავიანთი გმირობის ფასად უჭირავთ სული კბილით.
პროექტები, რომლებიც შემოდიოდა ამ ე.წ. ზონალურ საბჭოში [პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და კანონმდებლობიდან გასულია 2011 წლიდან. ამაზე ბევრი კვლევა, დამადასტურებელი საბუთი და საჩივარი გვაქვს]… ეს ზონალური საბჭო სწორედ ამიტომ არის, რომ დააქციოს ბათუმი და იქ ვიღაცებმა ჩვენი სამშობლოს ხარჯზე ფული აკეთონ.
როცა შემოდიოდა პროექტი, იმ პროექტის მიხედვით უკვე ცხადი იყო თუნდაც ის, რომ, მაგალითად, ასბინიან საცხოვრებელ სახლს ჰქონდა ხუთი საპარკინგე ადგილი. ცხადია, ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ ზუსტად ვიცოდით იმ ხუთ პარკინგსაც არ გააკეთებდა, რადგან იმ ფართობს გაყიდდა კომერციულ ფასად და უფრო დიდ ფულს გააკეთებდა, ვიდრე შეიძლება მანქანის დაყენებით ვინმეს რაიმე მიეღო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო“, – ჰყვება შოთა გუჯაბიძე.
ირმა დიდმანიძე 10 წელია მძღოლია. ამბობს, რომ საკუთარი ავტომანქანა ორი წლის წინ შეიძინა, ქალაქის სიმჭიდროვის გამო ყველაზე მცირე გაბარიტიანი ავტომანქანა შეარჩია. თუმცა ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილის ძებნაში მაინც ძალიან დიდი დრო ეხარჯება. – „კილომეტრის გავლაც მიწევს ხანდახან, იმიტომ, რომ ვეძებთ პარკირებას“, – ამბობს ის.
„მერია არ ითვალისწინებს არაფერს, თითოეულ მილიმეტრს რომ ითვლიან მშენებლობის დროს [მშენებლები], პარკირებას რატომ არავინ ითვალისწინებს? დამეთანხმება ყველა მძღოლი, რომ ეს პრობლემა გვიდგას ძალიან მწვავედ… ცალკე საცობები. უკვე ვეღარ ვთხოვთ მერიას, მოვითხოვთ, რომ გაითვალისწინოს მძღოლების ყოველდღიური ცხოვრება და იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე“, – ამბობს ირმა.
მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადახედოს თავის პრიორიტეტებს და გააცნობიეროს, რა არის კარგად რეგულირებული ურბანული გარემოს გრძელვადიანი სარგებელი. ეს მოიცავს არსებული რეგულაციების აღსრულებას და რიგ დამთხვევებში მათ გადახედვასაც კი, რათა ქალაქის ინფრასტრუქტურა მორგებული იყოს ადამიანებზე და არა მხოლოდ ბიზნესის ინტერესებზე.
„საჯარო მოხელეებს რომ ვეუბნებით ეს პრობლემებია, გვპასუხობენ, რომ უფრო მეტ ფოტოს გაჩვენებთ ამის დამადასტურებელსო… ჩვენ იმიტომ ვქირაობთ ამ ადამიანებს, რომ მათ ეს პრობლემები უნდა გადაჭრან. თუ თავს აყენებ იმ პოზიციაზე, რომ აგირჩიოთ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და ამ გამოწვევებს უპასუხო. ეს პერსონიფიცირებული კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, ეს უნდა იყოს რეგიონის პოლიტიკა, ქალაქის პოლიტიკა, რომ ნებისმიერი მერი იქნება ეს თუ სხვა ახალი ხელმძღვანელი, მიჰყვეს ამ პოლიტიკას ნაბიჯ-ნაბიჯ და სწორად გაატაროს ის.
რესტორანმა, რომელიც ცდილობს ეკონომიკური საქმიანობა აწარმოოს და მეტი მოგების მიზნით მაგიდები დადგას გარეთ, გაითვალისწინოს იმ ადამიანების საჭიროებები, რომლებიც ეტლით მოსარგებლეები არიან, სხვადასხვა საჭიროების არიან – ყურადღებით უნდა იყოს ვინც ამას აკეთებს. რა თქმა უნდა, მუნიციპალური სამსახურების გულგრილობასაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, – ამბობს თომა კაკაბაძე.
„საშინელება და ჯოჯოხეთი ხდება ძველ ბათუმში, ტურისტულ ადგილებში, როცა პირდაპირ ოკუპირებულია ტერიტორია, რომელიც არის ჩემი, რომელზეც ე.წ. მენაშენეები და ვითომ განვითარებული მშენებლები იძახიან, რომ „ჩემი კერძოა [ტერიტორიაა], მე აქ უფლებები მაქვს“ და მსგავსი სისულელეები… [რეალურად] რაღაც უფლებები აქვთ, მაგრამ არა ის, რასაც აკეთებენ. ცხადია, ხელისუფლებასთან გარიგებით.
ტროტუარი არავისი არ არის, ანუ ყველასია – იქ რომ რაღაცას დგამს, განსაკუთრებით მძიმე რკინა-ბეტონის ჩამოსმულ კონსტრუქციას და დამატებითი კომერციული ფართობი აქვს, ეს არის პირდაპირ დანაშაული. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უნდა მივიდეს მერიის ზედამხედველობის სამსახური, შესაბამისად უნდა დააჯარიმოს და მოიყვანოს პირველად მდგომარეობაში.
ეს რომ ასე არ ხდება, უკვე ვიცით, რომ იქ რაღაც გარიგებაა… მეორე თვეში უფრო დიდი ჯარიმა უნდა გადაახდევინოს და იმხელა უნდა იყოს ის ჯარიმა, რომ საბოლოო ჯამში მშენებელს არ უნდა უღირდეს [ტროტუარის მიტაცება]; დანგრეული რომ არ არის – პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ რაღაც საეჭვო არის. შეიძლება ამას ამართლებენ იმითი, რომ იქ ეკონომიკა და განვითარებაა, მაგრამ ეს ყველაფერი ზღაპარია“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
რას გეგმავს ბათუმის მერია ამ პრობლემის მოსაგვარებლად? – უკვე წლებია ბათუმის მერიაში ამ კითხვას აღარ პასუხობენ. „არ გვაქვს პასუხი ამ დროისთვის, თუ რამე შეიცვლება, მოგწერთ“, – შეგვატყობინეს ბათუმის მერიიდან.
___