მთავარი,სიახლეები

რატომ რთავენ ცნობილ სპორტსმენებს პოლიტიკაში არადემოკრატიული რეჟიმები – ინტერვიუ

19.09.2024 •
რატომ რთავენ ცნობილ სპორტსმენებს პოლიტიკაში არადემოკრატიული რეჟიმები – ინტერვიუ

„ისინი [არადემოკრატიული რეჟიმები] სულ უფრო მეტად უყურებენ სპორტს, როგორც შესაძლებლობას თავიანთი იმიჯის გასათეთრებლად. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ქვეყანა, რომელსაც აქვს განსაკუთრებით ცუდი გამოცდილება ადამიანის უფლებების შეზღუდვის კუთხით, იყენებს სპორტს, როგორც პოზიტიური სათაურების შექმნის გზას,“ – ეს მოსაზრება ფელიქს ჯაკენსის ეკუთვნის, Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის კამპანიების ხელმძღვანელს.

ამერიკელი მწერლის ჯონ ტუნისის თანახმად, კი ქვეყნის მართვაში სპორტის გამოყენებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს.

„პირველ რიგში, სპორტი ხელს უწყობს ახალგაზრდების დროისა და გონების მაქსიმალურად დაკავებას იმისთვის, რომ მათ შეიგრძნონ კმაყოფილება ეროვნული სპორტული გამარჯვებებით. ამასთან, რეჟიმის მიზანია სპორტში ფიზიკურად ჩართული ახალგაზრდების დღის წესრიგის იმგვარად გამოყენება, რომ მათ არ ჰქონდეთ პოლიტიკაზე ფიქრის, აგიტაციის ან ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ გამოსვლებში ჩართვის დრო“, –  განმარტავს ტუნისი.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძეა. შესაძლოა საარჩევნო სიაში ვიხილოთ ყოფილი მორაგბე, მამუკა გორგოძეც.

სანამ ამ სიას გამოაქვეყნებდა, მმართველმა პარტიამ არაერთგზის სცადა წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან მიტმასნება. ამის პარალელურად, როდესაც ცნობილი ქართველი ფეხბურთელები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ და სოციალურ ქსელში საკუთარი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირეს, „ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ რომ „სპორტი და პოლიტიკა უნდა გამიჯნულიყო“.

რას ნიშნავს როცა ერთის მხრივ მმართველი პარტია თავად იყენებს სპორტსმენებს, მეორეს მხრივ, კი როცა სპორტსმენები ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, „სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნას ითხოვს“.

ვინ, რატომ და როგორ იყენებს ქვეყნის მართვაში სპორტს და სპორტსმენებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კვლევითი ინსტიტუტის „Gnomon Wise“-ის მკვლევარს, დავით ქუტიძეს ესაუბრა.

დავით ქუტიძე, „Gnomon Wise“-ის მკვლევარი

  • როდის და როგორ ხდება ხელისუფლების მიერ სპორტის და სპორტსმენების გამოყენება პოლიტიკაში?

სპორტი პიარის თვალსაზრისით ძალიან კარგი სფეროა, რადგან ასოცირდება წარმატებულ ადამიანებთან და წარმატებასთან. ეს შეიძლება ნებისმიერმა ქვეყანამ გამოიყენოს თუნდაც თავისი ეროვნული იდენტობის უფრო ასამაღლებლად. „აი, ჩვენ რაღაც კონკრეტულ სპორტში ძლიერები ვართ“ და ამაში ცუდი არაფერი არ არის.

თუმცა როცა საუბარი გვაქვს არადემოკრატიულ, ავტორიტარიზმისკენ გადახრილ ან უკვე დიქტატურულ რეჟიმებთან, სწორედ აქ ჩნდება მათი და სპორტის პირადი მიზნებისთვის და პროპაგანდისთვის გამოყენების კარგი შესაძლებლობა.

სპორტის პოლიტიკაში გამოყენება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე აღმოაჩინეს არადემოკრატიული რეჟიმების მმართველებმა. შეგვიძლია ავიღოთ იტალიის და მუსოლინის მაგალითი. მუსოლინის ნაციონალ-ფაშისტურმა პარტიამ ერთის მხრივ მოახდინა ფეხბურთის ინსტიტუციონალიზაცია და მეორეს მხრივ ცდილობდა სპორტის ამ სახეობის გამოყენებას საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად. იგივე მიდგომა ჰქონდა ნაცისტურ გერმანიასაც, როდესაც ბერლინში ჩატარებული 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გამოიყენა პროპაგანდისტული მიზნებისთვის.

იგივე ხდებოდა საბჭოთა კავშირშიც. ამის მაგალითია 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადა, როგორც საბჭოთა კავშირის ძლევამოსილების სიმბოლოდ წარმოჩენა. მკვლევართა აზრით, სპორტი და მასში მიღწეული წარმატებები აძლევს რეჟიმებს საშუალებას, თუნდაც დროებით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ სპორტულ მიღწევებზე, ამ გზით გააუმჯობესოს ქვეყნის რეპუტაცია და თან მოახდინოს არსებული რეჟიმის ლეგიტიმაციაც.

მაგალითად, სპორტის რომელიმე სახეობაში, საბჭოთა კავშირი როცა უგებდა აშშ-ს ან ჩაუშესკუს რუმინეთი თუ უგებდა სხვა დასავლურ ქვეყნებს, ეს იყო ერთგვარი მტკიცება იმისა, რომ სოციალისტური ქვეყნები არიან ძლიერები, არიან წარმატებულები და აი, როგორ ამარცხებენ კაპიტალისტურ ქვეყნებს.

ჩვენს თანამედროვეობაში სპორტს პოლიტიკაში აქტიურად იყენებს რუსეთი და პუტინი. მართალია დოპინგ სკანდალებმა და 2022 წელს უკრაინაში დაწყებულმა ომმა, რუსეთი საერთაშორისო დონეზე ჩამოაშორა სპორტს, თუმცა სპორტული მიღწევები ეროვნულ დონეზე საკმაოდ კარგად გამოიყენა პუტინმა.

რა არის მიზანი? რატომ იყენებენ სპორტს პოლიტიკაში? პროპაგანდისტული და სპორტთან აფილირებული ღონისძიებებით ხდება არაერთი ცუდი საქმის გადაფარვა. ასევე ხდება ძალის დემონსტრირება.

არადემოკრატიული რეჟიმები, განსაკუთრებით ძალისმიერ სპორტში აჩვენებენ, რომ აი, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები და ეს ძლიერი სპორტსმენები არიან ჩვენ მხარეს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია კონკრეტული სპორტული წარმატებებით და გამარჯვებებით შენი, როგორც ხელისუფლების პრობლემების გადაფარვა და ლეგიტიმაცია შერყეული მმართველობისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა. ეროვნულ დონეზე იმიჯის გამოსწორება.

ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, გაღარიბებული და პრობლემებით დახუნძლული მმართველებისთვის, წარმატებულ სპორტსმენებთან მიტმასნება ერთგვარი გამოსავალია.

  • Sportswashingეს არის სპორტის საშუალებით საკუთარი რეპუტაციის გათეთრების პრაქტიკა. როცა უყურებთ მმართველი პარტიის საარჩევნო სიას, რომელშიც ორი ოლიმპიური ჩემპიონია, ეს ხომ არ გიჩენთ განცდას, რომ „ოცნება“ ამ გზით საკუთარი რეპუტაციის გათეთრებას ცდილობს?

როცა ერთი პარტია წლების განმავლობაში მართავს ქვეყანას ბუნებრივად გროვდება პრობლემები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის, რომ წარმატებული, ძლიერი ადამიანების გვერდით, კვლავ ჩანდნენ.

ცოტა შორიდან დავიწყებ. ქართულ რეალობაში უპირველესად ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი გვაქვს.

როგორც კი გადავიდა ნაპოლიში და მიაღწია დიდ წარმატებას ამისი გამოყენება მაშინვე მოხდა ხელისუფლების მიერ. საკმაოდ უცნაური სანახავი იყო, როდესაც ერთ-ერთი საპარლამენტო სესია გაიხსნა ამ თემაზე ლაპარაკით.

მაგრამ თუკი გავიხსენებთ რა მიზნით იყენებენ წარმატებულ სპორტსმენებს, საერთოდ აღარ მოგვეჩვენება ეს ფაქტი უცნაურობად. საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულ პრობლემურ საკითხებზე საუბრობდეს, ხშირ შემთხვევაში ემოციებით მანიპულირებს. მათ შორის ერთ-ერთი ესეც იყო, კლასიკური პროპაგანდის ხერხი, როცა მიეტმასნენ წარმატებულ ადამიანს.

კიდევ ერთი დაკვირვება. ადრე, როცა სპორტსმენები წარმატებებს აღწევდნენ, ოფიციალური პირები წერდნენ მისალოც ტექსტებს და აქვეყნებდნენ. ბოლო დროს კი ჩვენ ვხედავთ ვიდეო ზარებს სხვადასხვა წარმატებულ სპორტსმენთან, იქნება ეს ოლიმპიური ჩემპიონები თუ ფეხბურთელები. მაგალითად, ბოლოს ვნახეთ პრემიერ-მინისტრი როგორ ურეკავს ფეხბურთელებს მატჩის შემდეგ ვიდეო ზარით. ეს ხერხი, ვიდეოზარით საუბარი, უფრო დამაჯერებელი გზავნილია საზოგადოებისთვის – აი, ჩვენ მათთან ვართ.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, ეს ცალკე საკითხია და პრინციპში მარტო ჩვენი პრობლემა არაა.

როცა შენ, როგორც ხელისუფლება, ვეღარ სთავაზობ საზოგადოებას ისეთ დღის წესრიგს, რომელზეც გამოგყვება, წარმატების მაგალითებს ვეღარ აჩვენებ, მერე უკვე ძალიან გჭირდება სხვა ადამიანები, რომ მიეტმასნო და გამოიყენო ისინი შენი პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ქართული ოცნების“ წლევანდელ საარჩევნო სიაში აშკარად იკვეთება ეს ტენდენცია.

სპორტული წარმატებები საზოგადოებას ავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს და გამოწვევებს. ამით კი სარგებლობს ხელისუფლება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ხშირად ადასტურებს, რომ სპორტული წარმატებების პერიოდში იკლებს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ნეგატიურად არის განწყობილი ხელისუფლებისადმი, დისტანცირება ხდება პოლიტიკისგან და ყოველდღიური პრობლემებისგან.

ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, ყურადღების გადატანა საზოგადოების ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს არ შეუშლის მოქმედ რეჟიმს.

რაც შეეხება ძალოსანი სპორტსმენების წინ წამოწევას. სამწუხაროდ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, იმ კონდიციაშია, როდესაც დიდწილად ეყრდნობა ფიზიკურ ძალას. ეს აჩვენა სხვათა შორის აპრილ-მაისის აქციებმაც. ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება.

სამწუხაროდ პარლამენტში ხშირად გვინახავს ჩხუბები, სადაც ძალიან კარგად ჩანს ძალის დემონსტრირება და არ ჩანს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მიმართული მცდელობები.

ვინმემ, დავუშვათ ოპოზიციონერმა, თუ ფიზიკურად იძალადა მეორე ადამიანზე, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია, “ან ისეთი განცხადება გააკეთა რაც შეურაცხყოფად ჩათვალეს,” დეესკალაციის ნაცვლად ხშირად მმართველი გუნდი ცდილობს ფიზიკური ძალით დაჩაგრონ ოპონენტები. ვფიქრობ, ძალოსანი სპორტსმენების საარჩევნო სიაში შეყვანას ეს მიზანიც აქვს.

ამასთან, თუ დააკვირდებით, თითქმის არასდროს არ შეჰყავთ სიაში ქალი სპორტსმენები.

ჩემი აზრით, სპორტსმენები არ უნდა იყვნენ გამოყენებული კონკრეტული ძალის დანაშაულების თუ წარუმატებლობის გადასაფარად.

  • ჩვენ ვნახეთ, რომ ის სპორტსმენები, ვინც მმართველ პარტიასთან ერთად გამოჩნდა, საყოველთაო სახალხო სიყვარულიდან უცებ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია…

შეფასების საგანია. ამაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ ჩატარებულა კონკრეტული სპორტსმენის მიმართ სიყვარული რამდენად შეიცვალა თუ არ შეიცვალა.

სამწუხაროდ ამით [„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებით] თავიანთ რეპუტაციას უფრო იზიანებენ ვიდრე მეტი ადამიანის კეთილგანწყობას მოიპოვებენ. თუმცა მაინც შეფასებითია ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში მოქალაქეების გადასაწყვეტია როგორი დამოკიდებულება ექნებათ ამ სპორტსმენებისადმი.

მეორეს მხრივ, არ ვიცი როგორ წაადგებათ სპორტსმენებს ისეთ უხერხულ სიტუაციებში მოხვედრა, როგორიც არის ახლა. სრულიად გაუგონარი და სამწუხაროდ დამაზიანებელი პროპაგანდა ქვეყნის წინააღმდეგ, როცა პარტიის ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოსებს და მათ შორის რაღაცნაირად რევერანსები კეთდება რუსეთის მიმართ, ამ ძალიან სამწუხარო მესიჯის დაცვა, როგორ მოხერხდება ამ სპორტსმენების მიერ და რამდენად ეყვარებათ ეს ადამიანები კიდევ საზოგადოებას, ეს არის საკითხი, რომელზეც ალბათ თვითონ ამ ადამიანებმა უნდა იფიქრონ პირველ რიგში.

ეს არ არის ჩემი საწუხარი. როცა თანამშრომლობ ისეთ პარტიასთან, რომელიც მსგავს რუსული ტიპის პროპაგანდას აწარმოებს და ჩვენს ქვეყანას აზიანებს საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის კონკრეტულად ამ სპორტსმენების პრობლემა. რამდენად უღირთ ეს ყველაფერი?

მე მესმის, რომ შეიძლება იყო წარმატებული სპორტსმენი და ისე იყო შენს ყოველდღიურობაში ჩართული, რომ შეიძლება არ იცოდე, როგორ ცვლის გეოპოლიტიკურ ვექტორს ხელისუფლება დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ, რაც ჩემი აზრით ქვეყანას დაღუპვას უქადის.

შეიძლება არ იყო ასე ღრმად ამ საკითხში ჩახედული, მაგრამ არ ვიცი, როცა თვალხილულ ძალადობას ხედავ იგივე მაისის აქციებზე, როცა მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ, რატომ უჩნდებათ ისევ ამ პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობის სურვილი ცოტა ჩემთვის გაუგებარიც არის და სამწუხაროც.

საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს ალბათ ყველაფერს, რამდენად სწორი იყო თუ არ იყო მათი ნაბიჯი. ალბათ ეს არის ყველაზე კარგი საზომი, რადგან სხვა საზომი ჩვენ არ გვაქვს.

სპორტსმენები პირველ რიგში ამაზე უნდა დაფიქრდნენ ხომ არ არიან გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ თავისი შერყეული რეპუტაციისთვის ახალი სიცოცხლის მისაცემად ე.წ. სპორტვოშინგისთვის.

მე არ ვამბობ რომ სპორტსმენები პოლიტიკას არ უნდა გაეკარნონ. მაგრამ, ალბათ უნდა გაითვალისწინონ დრო და კონტექსტი რათა არ იქნან გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დაზიანებული რეპუტაციის გამოსასწორებლად.

  • თუ გახსენდებათ რომელიმე გაპოლიტიკოსებული სპორტსმენი, რომელმაც პოლიტიკაში წარმატებას მიაღწია?

ესეც შეფასების საკითხია. მე მახსენდება პირიქით, სპორტსმენი, რომელიც წავიდა პოლიტიკიდან და წარმატებას სპორტში მიაღწია.

მაგალითად, გიორგი ასანიძემ, როგორც სპორტსმენმა უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, ვიდრე პოლიტიკოსმა. სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა მანამდეც და როცა პოლიტიკიდან წავიდა, როგორც მწვრთნელმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი გამოზარდა და გაიყვანა საერთაშორისო ასპარეზზე.

  • იმიჯნება თუ არა სპორტი და პოლიტიკა?

ქართულ რეალობაში გვინახავს, როცა კონკრეტულმა სპორტსმენებმა სამოქალაქო პოზიცია გამოხატეს – დაგმეს საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების ძალადობა.

მაშინ მმართველი პარტია ამბობდა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ და ეს არ უნდა იყოს ერთმანეთში აღრეული.

მეორეს მხრივ ჩვენ ვნახეთ სპორტსმენები „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.

ჩემი აზრით, ის, რაც კონკრეტულ ძალადობას ეხება, პროტესტს, არ არის პოლიტიკა, არის სპორტსმენის, როგორც მოქალაქის პოზიციის გამოხატვა.

ხელისუფლების პოზიცია ერთგვარი მანიპულაციაა – როცა საჭიროა სამოქალაქო პოზიცია სპორტის და პოლიტიკის აღრევად არის წარმოჩენილი, მაგრამ მეორე შემთხვევაში, როცა მმართველ ძალას სჭირდება, მაშინ არ ხდება სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნა.

საბოლოოდ, ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ თუ რისთვის სჭირდებათ არადემოკრატიულ რეჟიმებს სპორტთან და წარმატებულ სპორტსმენებთან აფილირება. ეს მიზეზებია: ნაციონალიზმის გაღვივება, სპორტული შედეგებიდან გამომდინარე საკუთარი ერის უპირატესობის წარმოჩენა, ძალის დემონსტრირება, ლეგიტიმაცია შერყეული მმართველობისთვის „ახალი სიცოცხლის“ მიცემა სპორტული წარმატებების საშუალებით, ხელისუფლების გადაცდომებისა და დანაშაულების გადაფარვა, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე შერყეული იმიჯის გამოსწორება და წარმატებულ სპორტსმენებთან მიტმასნებით საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: