რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კურსკის რეგიონში, უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლადო გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს საგამოძიებო კომიტეტის მთავარ სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
რუსეთს საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, ქართველი მებრძოლი ეჭვმიტანილია ორი ან მეტი პირის მკვლელობაში, რომელიც ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, პოლიტიკური და იდეოლოგიური სიძულვილის საფუძველზე; ასევე, მას ბრალად ედება სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; ტერორისტული აქტის ჩადენა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება, სამართალდამცავების სიცოცხლის ხელყოფა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ა.შ.
„გამსახურდიამ და დაქირავებული ფორმირებების სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც მოქმედებდნენ უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებთან ერთად, ავტომატური მცირე და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით, ასაფეთქებელი მოწყობილობების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი და შეიჭრნენ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე“, – წერს რუსული მედია.
ლადო გამსახურდია აფხაზეთიდანაა. იგი უკრაინაში მოხალისედ 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ წავიდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაუსწრებლად ასამართლებენ ქართველ სნაიპერ ქალს რუსუდან ივანეიშვილს, რომელსაც დაუსწრებლად უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.
____________
ფოტოზე: ლადო გამსახურდია