მთავარი,სიახლეები

პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მივიღო ჩემი ქვეყნის განვითარებაში – IT ინჟინერი ამერიკიდან

03.09.2024 •
პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მივიღო ჩემი ქვეყნის განვითარებაში – IT ინჟინერი ამერიკიდან

ავტორი: ნათია კაპანაძე

____

გიორგი ღუღუნიშვილი ინჟინერია, ის გუგლის ნიუ იორკის ოფისში სამი წელია მუშაობს. იუთუბის მუსიკის დეპარტამენტში საქმიანობის პარალელურად, თვალს აქტიურად ადევნებს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს. გიორგი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ამერიკიდან გერმანიაში სპეციალურად გაემგზავრა. დავინტერესდით, როგორ ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს ინჟინერი და აპირებს თუ არა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ცხადია, ინტერვიუ არ წარმოადგენს გუგლის ხედვას განხილულ საკითხებზე და ასახავს კერძო პირის, საქართველოს მოქალაქის მოსაზრებებს.

  • გიორგი, გვიამბე შენზე: რამდენი ხანია ცხოვრობ ამერიკაში? Რატომ აირჩიე საცხოვრებლად ეს შორეული ქვეყანა?

უკვე ექვსი წელია ამერიკაში ვცხოვრობ. წამოსვლის მთავარი მიზეზი ამ ქვეყანაში დამკვიდრებული ხედვები და სწრაფვაა დემოკრატიისკენ. მხოლოდ თავისუფალი ატმოსფერო უხსნის გზას ნიჭიერ ადამიანს წარმატებისკენ, ასე იქმნება ტექნოლოგიური პროგრესი დღეს. ტექნიკურ და საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობამ განსაზღვრა ჩემი მიზანიც: ვყოფილიყავი საუკეთესო გარემოში და როგორც ინჟინერს, მქონოდა საუკეთესო შესაძლებლობა განვითარებისათვის.

  • Რა გზა გაიარე შენთვის სასურველი მიზნის მისაღწევად? 

„შეიძლება ის, რასაც მიაღწიე, დიდებულია, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის“, – ეს ფრაზა გუგლის სამუშაო პრინციპი და ჩემი სამუშაო ეთიკის ნაწილი, ყოველდღიურად მიბიძგებს ვიფიქრო სიახლეებზე. სასიამოვნო პასუხისმგებლობაა, რომ ჩემი მონაწილეობით შექმნილი ცვლილებები საქართველოში ინტერნეტმომხმარებლებმა სერვისების გამოყენებისას შეიძლება აღმოაჩინონ. ამჟამად ვმუშაობ ამერიკულ კორპორაციაში Google Inc, კონკრეტულად კი, ვარ იუთუბის მუსიკის დეპარტამენტის ინჟინერი.

რა გზა გამოვიარე ჩემი ოცნების კომპანიამდე?

ზოგ ადამიანს მოკლე გზის გავლა უწევს თავისი მიზნების მისაღწევად, ზოგს კი რთული ეტაპები ელოდება. ჩემთვის უფრო გრძელი გზის გავლა აღმოჩნდა საჭირო, თუმცა ამად ღირდა. ბევრი სწავლა, შრომა და არაერთი მარცხი – ეს იყო ჩემი ოცნების კომპანიამდე.

აქ 6 წლის წინ ნულიდან დავიწყე ცხოვრება. ჩამოსვლის პირველივე დღეებში ვეცადე გუგლის ოფისი დამეთვალიერებინა ნიუ იორკში. უარით გამომიშვეს უკან. ოფისი მნახველებისთვის არ იყო ღია. მხოლოდ თანამშრომლის საშვით შეიძლებოდა შესვლა. სხვა გზა აღარ დამრჩა. სამი წლის შემდეგ თანამშრომლის საშვით შევედი ოფისში.

ალბათ, ჩემი კარიერული წარმატება მშობლების გადაწყვეტილებით დაიწყო. მთელი ოჯახი რეგიონიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად კონკრეტული მიზნით – კომაროვის სკოლაში ჩაბარებისა და სწავლისთვის.

სამწუხაროდ, რეგიონებში იმ პერიოდში ძალიან რთული იყო კარგი განათლების მიღება და თუ არ ვცდები, დღესაც არის გარკვეული პრობლემები ხარისხიანი განათლების მიღების პროცესში.

კომაროვში საუკეთესო მასწავლებლები მყავდა. მათ შორის, შეუძლებელია არ გამოვყო ჩემი მათემატიკის მასწავლებელი გოჩა კუბლაშვილი. მან სახალისო, მეგობრული და მამა-შვილური მიდგომით კიდევ უფრო შემაყვარა მათემატიკა და გაამარტივა ამ საგნის საფუძვლიანად შესწავლა. ვისურვებდი, ბევრი ასეთი მასწავლებელი ჰყავდეთ სკოლებში მოსწავლეებს.

კომაროვის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100% გრანტით ჩავირიცხე და საუკეთესო 200 აბიტურიენტშიც მოვხვდი. უნივერსიტეტის პერიოდში მომიწია საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში „მაივიდეო“-ში მუშაობა. იქ საუკეთესო დეველოპერებისგან გავიზიარე გამოცდილება.

  • როგორ შეადარებდი ამერიკული და ქართული განათლების სისტემას? შეიძლება ასეთი დიდი ოცნება ჰქონდეთ ახლა საქართველოში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს? 

ამერიკულ განათლების სისტემა მოქნილია, მაქსიმალურად ითვალისწინებს სტუდენტის მისწრაფებას და აძლევს მეტ შანსს განვითარებისათვის. ეს არჩევანის თავისუფლების პატივისცემაცაა. საქართველოში მაინც გვაქვს რაღაც ძველი შემორჩენილი, უფრო ნაკლებად მოქნილი. ყველაზე დიდი პრობლემა ბიჭებისათვის ისევ რჩება უნივერსიტეტში სწავლა სავალდებულო სამხედრო გამოძახებებისგან ასარიდებლად. ეს მნიშვნელოვნად აკნინებს უნივერსიტეტში სწავლის მოტივაციას და დიდ პრობლემას წარმოადგენს მათ გარშემო მყოფთათვის.

ჩვენ ძალიან ჭკვიანი, გონებაგახსნილი და საღად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა გვყავს, საოცრად გათვითცნობიერებულები არიან დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებში. ვურჩევდი, ყოველთვის იბრძოლონ, ყოველთვის სჯეროდეთ თავიანთი ძალების. შეუძლებელია შრომა არ დაფასდეს. ადამიანი უნდა მიჰყვეს თავის მიზნებს და ოცნებას. რეალობად რომ აქციო მსგავსი მიზანსწრაფვა, ერთი მთავარი ფაქტორი გადამწყვეტია – ეს არის ყოფნა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოში. დემოკრატიის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

  • რამდენიმე თვის უკან გერმანიაში სპეციალურად გაფრინდი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მხარდასაჭერად, ვნახეთ შენი ემოციური ჩართვა თბილისის ქუჩებიდანაც – რას ნიშნავდა ეს პროცესი შენთვის? 

ეროვნული ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე, მართლაც ეროვნული საქმე იყო. ბევრი პირადი გამოწვევის მიუხედავად, თუნდაც ერთ თამაშზე დასასწრებად, ამერიკიდან გავფრინდი. ასე მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერაც და სიამაყეც. იმ მომენტში ვგრძნობდი, როგორ მეამაყება ქართველობა და პასუხისმგებლობად მიმაჩნია, ჩემი მონაწილეობა მივიღო ქვეყნის განვითარებაში.

მამა ქართული ფეხბურთის უდიდესი გულშემატკივარია. პირველ რიგში, მისთვის მინდოდა მეჩუქებინა საფეხბურთო ზეიმის სიამოვნება. მამასთან და ახლო ნათესავებთან ერთად დავესწარი ჩეხეთთან თამაშს.

საოცრება ვნახე გერმანიის ქუჩებში. ერთი მიზნით და გამარჯვების სურვილით სავსე ქართველები ქმნიდნენ გამორჩეულ საფეხბურთო განწყობას. გზადაგზა სტადიონისკენ მიმავალი შემთხვევით ვხვდებოდი კლასელებს, უნივერსიტეტის მეგობრებს, ნათესავებს. მეგონა საქართველოში ვიყავი, ენით აღუწერელი იყო ეს ყველაფერი და ჩვენი გატანილი გოლი თამაშზე.

პორტუგალიასთან თამაშს თბილისში ოჯახთან ერთად ვუყურებდი. როცა ჩვენი ბიჭების თავდადებამ და ლამაზმა თამაშმა შოკი მოჰგვარა მთელ მსოფლიოს. ეს მომენტი ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციურ შეგრძნებად დარჩება.

იმ ჯადოსნურ მომენტში ჩვენი ბიჭები, ჩვენი ხალხი, დიდი თუ პატარა, პოლიციელი, სასწრაფო, მაშველები – ერთიანად იზიარებდა ამ დიდ ბედნიერებას. ეს ერთიანობის ზეიმი გვახსენებდა – ჩვენი ერის დამარცხება შეუძლებელია, როდესაც ერთობა გვაქვს. რომ ჩვენ არსად ისე ბედნიერად არ ვიქნებით, როგორც ევროპულ გარემოში.

  • ევროპასთან ინტეგრაცია რა ტიპის განაცხადია ქვეყნისთვის?  

ევროპასთან ინტეგრაციას რაც შეეხება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია ქართველი ხალხის ცხოვრებაში. გარდამტეხი წერტილია, რასაც შეუძლია ჩვენი მსოფლმხედველობის შეცვლა, გაძლიერება და მეტი შესაძლებლობების მოტანა.

ახლა საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურ დონეზე რეალიზაციისთვის.

ყველამ ვიცით, ბევრი ევროპული ქვეყანა ჩვენზე მეტად განვითარებულია განათლების თუ სპორტის კუთხით. მათი პროგრესი გადამდები გახდება, სიახლეები ჩვენც შეგვეხება, როდესაც ევროკავშირის ნაწილი გავხდებით. სტუდენტებს მარტივად შეეძლებათ სხვადასხვა გრანტის მოპოვება და ხარისხიანი განათლების მიღება, უამრავი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ევროპასთან ინტეგრაცია მოიტანს მთავარ სიკეთეს – ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება და უფრო ნაკლები ადამიანი მოისურვებს სამშობლოს დატოვებას უკეთესი ეკონომიკური პირობების თუ უსაფრთხოების ძებნისათვის.

  • რა არის შენთვის ამერიკა, როგორც დამსაქმებელი ქვეყანა, რამდენად ღირსეულ გარემოში გიწევს მუშაობა? შეგიძლია გაავლო პარალელი საქართველოში ცხოვრებასა და მუშაობასთან?  

საკმაოდ სამართლიან გარემოში მიწევს მუშაობა და ეს ჩემს მოტივაციას ძალიან ზრდის. არანაირი ნეპოტიზმი ან დისკრიმინაცია თუ სექსუალური შევიწროება. ეს საკითხები ყველა მენეჯმენტისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. საქართველოში ცოტ-ცოტა ყველაფერში გვაქვს პრობლემა, განსაკუთრებით კი ნეპოტიზმის მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ მეგობარს ვესაუბრე, ის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე გადიოდა ინტერვიუს თავისსავე კომპანიაში. გულდაწყვეტით მითხრა, ყველაფერს ვუპასუხე რაც მკითხეს, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რადგან მათი ნათესავების სიაში არ გავდივარო.

ამის გარდა, მსმენია რა დიდია პოლიტიკური ზეწოლა სხვადასხვა კომპანიების მიმართ, პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში კომპანიის წარმატება დამოკიდებულია მთავრობასთან ურთიერთობაზე. მსგავსი რამ კი არ მსმენია არცერთ კომპანიაზე ამერიკაში. ვისურვებდი საქართველოში შეიცვალოს არსებული კულტურა. ამ შემთხვევაში, ჩემს ქართველ კოლეგებს აღარ მოუწევთ სხვა ქვეყნებში წასვლა მათი მიზნების მისაღწევად.

გიორგი ღუღუნიშვილი

ჩემი ქართული და ამერიკული სამუშაო გამოცდილებით, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ  საქართველო, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, აღვივებს ინტერესს უამრავი სტარტაპისთვის. ამაზე ჩემი კოლეგებისგანაც მსმენია. ვფიქრობ, საქართველოს გააჩნია სრული პოტენციალი გახდეს მეორე სილიკონ ველი კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილური განვითარების პერსპექტივა გვექნება.

  • რა საფრთხეებს ხედავ ე.წ. რუსული კანონის“ ამოქმედებაში? 

„რუსული კანონის“ ამოქმედებაში ძალიან ბევრი პრობლემა და საფრთხე იკვეთება, განსაკუთრებით კი საზიანოა სიტყვის თავისუფლების ჩახშობა. თავისუფალი სიტყვა დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ნიშანია და მის გარეშე წარმოუდგენელია შესაძლებლობებით სავსე ქვეყანა გქონდეს.

ახლა ბევრი საინტერესო მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება დაიხუროს  ამ კანონის ზეგავლენით. ეს ორგანიზაციები პირდაპირ კავშირში არიან ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. საერთაშორისო დახმარების გარეშე და საგრანტო მხარდაჭერის შეწყვეტით, საქართველო აღმოჩნდება სრულ იზოლაციაში. ასეთი რეგრესი დაუშვებელია.

  • საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გვინდა გკითხოთ, მონაწილეობ არჩევნებში? რას ნიშნავს ეს პროცესი შენთვის? 

აუცილებლად, ვმონაწილეობ არჩევნებში მეც და ჩემი ოჯახიც!

ახლა არჩევნებში მონაწილეობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც არასოდეს ყოფილა. ჩვენ, ქართველმა ერმა უნდა გადავწყვიტოთ, რა იქნება ჩვენი ქვეყნის ბედი, როგორ შეიქმნება უკეთესი მომავალი. ახლა არჩევნებში მონაწილეობა ერთმანეთის გვერდში დგომის ტოლფასია. მანამდე კი ყველას უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომ დღეს ჩვენი ბედი წყდება. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ან ვიქნებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ქვეყანა ან დავბრუნდებით უკან, საბჭოთა კავშირში. ამ სცენარით კი ყველა შრომა, სისხლის-ღვრა, თავგანწირვა, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში მოხდა, შეიძლება გაქრეს.

საფეხბურთო დღეების შემდეგ კიდევ უფრო მეტად მჯერა, რა დიდი პოტენციალი აქვთ ადამიანებს საქართველოში, წინ გვაქვს მსგავსი ზეიმები სპორტში, ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში. მთავარია, არჩევნებში დღეს დავაფიქსიროთ ჩვენი გადაწყვეტილება. რა გვინდა, სინათლე თუ სიბნელე?

თავისუფალ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.  დღეს მომავალი ჩვენს ხელშია. უფრო ზუსტად, ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

გიორგი ღუღუნიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: