განათლება,მთავარი,სიახლეები

102 ათასი ლარი ფურშეტზე, 97 ათასი წამყვანებს და მუსიკოსებს – მასწავლებლის ეროვნული დღის ხარჯები

19.08.2024
102 ათასი ლარი ფურშეტზე, 97 ათასი წამყვანებს და მუსიკოსებს – მასწავლებლის ეროვნული დღის ხარჯები

განათლების სამინისტრომ არჩევნების გამო „მასწავლებლის ეროვნული დღე“ სექტემბერში გადმოიტანა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, 14 აგვისტოს ბრძანებაშია ნათქვამი.

გასულ წელს, ეს ღონისძიება 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღნიშნეს, წელს კი 13 სექტემბერს გაიმართება.

„ვინაიდან, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, გამონაკლისის სახით, წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება 13 სექტემბერს“, – წერია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

ამავე ბრძანების მიხედვით, სამინისტრომ არც ტენდერი გამოაცხადა და ნახევარი მილიონი ლარი, გამარტივებული შესყიდვის წესით, პირდაპირ უნდა გადასცეს კომპანია „ვანილა ივენთს“.

აღნიშნული თანხიდან პედაგოგების დაჯილდოებაზე სავარაუდოდ 100 ათასი ლარი დაიხარჯება – გასულ წელს ათ მასწავლებელს გადაეცა ჯილდო, თითოეულს 10-10 ათასი ლარი.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში დაკონკრეტებული არ არის, რამდენი პედაგოგის დაჯილდოებას აპირებს წელს სამინისტრო, თუმცა თუ ღონისძიების ხარჯვითი ნაწილით ვიმსჯელებთ, შესაძლოა ეს რიცხვი წელს გაიზარდოს.

ღონისძიების გეგმის მიხედვით, შესყიდვებში მითითებულია „პრემიის ლაურეატებისთვის განკუთვნილი თაიგულები, ჩარჩოში ჩასმული სიგელები გამარჯვებულებისთვის, 10-15 ცალი“. ასევე, სამკერდე ნიშნებისა და სასაჩუქრე ყუთების დამზადებაზეც 10-15 ცალია მითითებული.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარიდან, თანხის ყველაზე დიდი ნაწილი  ღონისძიების დაგეგმვასა და მონაწილე პირებზე დაიხარჯება.

მაგალითად, 102 140 – ლარი უნდა დაიხარჯოს ფურშეტზე, 97 ათასი ლარი წამყვანების, მუსიკოსების და მომღერლების ჰონორარისთვისაა განკუთვნილი, 28 ათასი ლოჯისტიკურ ნაწილზე, 40 ათასი ლარი დაგეგმვაზე და ასე შემდეგ.

„მასწავლებლის ეროვნული დღე“ შარშან ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, სადაც განაცხადა, რომ 2024 წელს, ღონისძიების ბიუჯეტი უნდა გაორმაგებულიყო და ნახევრის ნაცვლად 1 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ამ დანაპირების შესრულება, ირაკლი კობახიძემ აღარ ისურვა.

გასულ წელს, სამინისტრომ დახარჯული 600 ათასი ლარის ხარჯთაღრიცხვაც არ გაასაჯაროვა. მიუხედავად იმისა, რომ „ბათუმელებმა“ სამინისტროს ოფიციალურად მიმართა, სამინისტრომ საზოგადოებას დაუმალა ნახევარი მილიონი ლარის ხარჯვა.

ამის მიუხედავად, „ბათუმელებმა“ მაინც მოიპოვა ინფორმაცია და საზოგადოებას დეტალური მიაწოდა.

„მასწავლებლის ეროვნული დღე“ განათლების სამინისტრომ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საპირწონედ შექმნა. მასწავლებლების შესარჩევი ჟიური კი პროსახელისუფლებო მედიის ტელეწამყვანებითა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირებით დააკომპლექტა.

დაჯილდოებული პედაგოგების ნაწილიც ლოიალობით გამოირჩევა მმართველი პარტიის მიმართ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: