მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოს იმამი ამბობს, რომ მთავრობამ მეჩეთის რესტავრაცია დაიწყო – ტენდერი არ იძებნება

23.09.2024 •
ხულოს იმამი ამბობს, რომ მთავრობამ მეჩეთის რესტავრაცია დაიწყო – ტენდერი არ იძებნება

საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხულოს ცენტრალური მეჩეთის იმამი ნუგზარ ჯორბენაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაცნობ-მეგობრებს ახალ ამბავს უზიარებს. იმამი წერს, რომ ხულოს ცენტრალური მეჩეთის რესტავრაცია იწყება და მეტი დამაჯერებლობისთვის ამ ინფორმაციას თან ურთავს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მეჩეთში ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს ექსპრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად იმყოფება.

მან თავის პოსტს დასაწყისშივე ხაზგასმით დაურთო შეხვედრის თარიღიც – 2024 წლის 20 სექტემბერი. ხულოს მერი „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაშია, ანზორ ბოლქვაძე კი – „ოცნების“ საპარლამენტო სიაში.

იმამის პოსტს ბევრი მოწონება და პოზიტიური კომენტარი მოჰყვა, ბევრმა კი იკითხა, არჩევნების წინ გავახსენდით მთავრობასო? იმამს კომენტარებში ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარიც შეახსენეს. 

თავისსავე პოსტში ნუგზარ ჯორბენაძე ვარაუდობს იმასაც, რომ ამ ამბავს შესაძლოა „ბევრი უარყოფითი აზრი მოჰყვეს“, მაგრამ „არა უშავს, რეკლამას არ ვაკეთებო“ – წერს.

იმამის პოსტი ფეისბუქზე

გამოხმაურებამ არ დააყოვნა:

„რა კარგია არჩევნები. იციან, როგორ ჩააბან სასულიერო პირები საარჩევნო აგიტაციაში“ – წერს თემურ ბერიძე.

გიორგი რიჟვაძემ კი იმამს ბათუმის მეჩეთის შეუმდგარი მშენებლობის ამბავი შეახსენა: „10 წელია ბათუმში წვიმაში, თოვლში და ქარში რომ ლოცულობენ, ის მუსლიმებიც, ეგება გაიხსენოთ. საარჩევნო გარიგება და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა უფროა, სამწუხაროდ, ბატონო ნუგზარ, თქვენი პოსტი. აქვე გიდასტურებთ დიდ პატივისცემას“ – წერს ის.

„ …არჩევნებამდე 1 თვით ადრე გაახსენდათ ზუკის მეჩეთი რო იყო სარესტავრაციო? ცუდი კი არაა, უბრალოდ საწყენია, წვიმაში რო ხალხი ლოცულობს და თქვენისთანა ხალხი ხმას არ იღებს…“

ხულოს ცენტრალური მეჩეთის იმამის გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამავე ფოტოებით ვიგებთ, რომ სამუშაოები სახურავის მოხსნით დაიწყო.

ფოტო ნუგზარ ჯორბენაძის ფეისბუქის გვერდიდან

მოგვიანებით ნუგზარ ჯორბენაძემ გამოაქვეყნა კიდევ ერთი ფოტო, სადაც ვხედავთ, რომ შენობისთვის სახურავი უკვე მოუხსნიათ. ამ ფოტოს ნუგზარ ჯორბენაძემ თან დაურთო პროექტის რენდერი აღწერით, როგორია და როგორი იქნება შენობა. მეჩეთის ექსტერიერისა და ინტერიერის ფოტოები მას წინა პოსტზეც ჰქონდა დართული.

პოსტი ფეისბუქზე

ამ ყველაფრის თანახმად უნდა ვივარაუდოთ, რომ ხულოს მერიას შესაბამის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და შერჩეულია კომპანია, რომელმაც ადგილზე სამუშაოები უკვე დაიწყო. თუმცა არავის აქვს პასუხი კითხვაზე – რომელი კომპანია მუშაობს ხულოს ცენტრალური მეჩეთის რესტავრაციაზე და როგორ შეარჩიეს ის, როცა შესაბამისი შესყიდვა არც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იძებნება და არც პირდაპირ შესყიდვებში?

ინფორმაციის გარკვევას დაგვპირდა, თუმცა ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ნური გორგაძემ.

რა ხდება, სამუშაოები ტენდერის გარეშე დაიწყო?

როგორ?

რატომ? 

იმიტომ ხომ არა, რომ არჩევნები მოახლოვდა?

ხულოს ცენტრალური მეჩეთის იმამის პოსტის მიხედვით უნდა გვევარაუდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ხულოში ავიდა, რომ ადგილობრივებს მეჩეთის რესტავრაციას დაჰპირებოდა, თუმცა ფოტო, რომელიც იმამმა გამოაქვეყნა, ძველია.

იმამის თქმით, ეს ფოტოები ახლა იმიტომ გამოაქვეყნა, რომ რესტავრაცია რეალურად ახლა დაიწყო.

იმამი გვიხსნის, რომ ფოტო, რომელიც მან გამოაქვეყნა, 2019 წელს არის გადაღებული და სინამდვილეში ირაკლი ღარიბაშვილი 2024 წლის სექტემბერში ხულოში არ ყოფილა:

„მე დიდი ხანია ვარ ამ საქმეში ჩართული. 2019 წელს, როცა იყო ყოფილი პრემიერი ჩამოსული, ვთხოვე, ენახა მეჩეთი. დაგვპირდა, რომ რესტავრაციას ჩაატარებდნენ, ეს პროცესი მაშინ დაიწყო, ამიტომაც ავტვირთე ფოტო“- გვითხრა მან.

იმამს ვკითხეთ, რატომ დააწერა პოსტს თარიღი საგანგებოდ და რატომ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს შეხვედრა მეჩეთში ახლახან შედგა.

„ხომ დავწერე იქ, ბევრი დადებითი და ბევრი უარყოფითი მოჰყვებოდა ამას… და რამე პოლიტიკური მიზანი რომ მქონოდა, მაშინ ირაკლი კობახიძეს გამოვაქვეყნებდი“ – გვითხრა იმამმა.

მას ვკითხეთ, როდის ჩატარდა ტენდერი და რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა. ნუგზარ ჯორბენაძემ გვითხრა, რომ არ იცის. მას ვკითხეთ ისიც, თუ რას ფიქრობს ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის კატეგორიულ უარზე. იმამმა გვითხრა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ღმერთით, ესეც იქნებაო.

რატომ არ ვიცით ვინ არის მშენებელი კომპანია, როდის დაიწყო და დასრულდა ტენდერი? – ეს ყველაფერი ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქ მთავარი ის იყო, ამომრჩეველს ამბავი უფრო ადრე უნდა გაეგო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტენდერს თავისი ვადები აქვს, დიდი ალბათობაა იმისაც, რომ ტენდერი შეიძლება ჩაიშალოს და ხელახლა გახდეს გამოსაცხადებელი, ეს უკვე ტენდენციაა, რაც ინფორმაციის გავრცელებას დროში გააჭიანურებდა.

ახლა კი ხულოში იციან, რომ მთავრობამ ინება და მეჩეთის რესტავრაცია დაიწყო. მადლობებს იმამის პოსტის კომენტარებში ნახავთ. 

„ბათუმელები“ მეჩეთთან ახლოს მცხოვრებლებს ტელეფონით გაესაუბრა. მათ გვითხრეს, რომ 3 დღეა, რაც მეჩეთზე სამუშაოები დაიწყო, მოშალეს სახურავი და მოქმედი მინარეთი, დღეს, 23 სექტემბერს კი, მშენებლები არ გამოჩენილან.

მიმდინარე სამუშაოები – ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა

მიმდინარე სამუშაოები – ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა

რაც შეეხება მუსლიმების წუხილს ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით:

ბათუმში მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აგებას მათ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე 2017 წლიდან ცდილობს, თუმცა მათ ამის ნებართვას არ აძლევენ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიას დაუდგინა დისკრიმინაციული მოპყრობა მუსლიმი თემის მიმართ, თუმცა არ დაავალდებულა ნებართვის გაცემა. სასამართლომ ბათილად მიიჩნია ბათუმის მერიის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმის მერიამ „ახალი მეჩეთის საქმეზე“ ხელახლა უნდა გასცეს ნებართვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უზენაეს სასამართლოს კი მესამე წელია ეს საქმე არ განუხილავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: