„2 დღეში მეცოდინება“, – მხოლოდ ეს მოგვწერა სოციალურ ქსელში ეკა ბესელიამ, პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა. მას და კიდევ რამდენიმე პარტიას, რომელსაც ამომრჩევლის გარკვეული ნდობა აქვს, თუმცა კვლევების მიხედვით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა შეიძლება შეექმნათ, ვკითხეთ: ვისთან გაერთიანდებით, ან რატომ არ ერთიანდებით?
2 დღეში ანუ 26 სექტემბერს იწურება კანონით დადგენილი ვადა, როცა ცესკოში პოლიტიკურმა სუბიექტებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სიები უნდა წარადგინონ.
ეკა ბესელია დღეს სხვა დეტალებზე არ საუბრობს. სხვა პარტიებში კი, სადაც ხუთპროცენტიანი ბარიერის მოტივით გაერთიანების შანსზე კითხვა დავსვით, იგრძნობა ის, რომ მოლაპარაკების რესურსს პოლიტიკური ძალები ვეღარ ხედავენ.
მაგალითად, პარტია „ჩვენის“ ლიდერი – დავით ქაცარავა სოციოლოგიურ კვლევებს ენდობა, თუმცა 5%-იანი ბარიერის გადალახვის იმედს იტოვებს. დავით ქაცარავას ვკითხეთ, რატომ უღირს მარტო ყოფნა, თუ ჩანს, რომ 5%-იანი ბარიერი პარტიამ შესაძლოა ვერ გადალახოს?
„რომ შემდგარიყო ნაწილობრივი გაერთიანება მაინც, ეს იქნებოდა განხილული ჩვენი მხრიდან, მაგრამ რადგან 4 ოპოზიციური გაერთიანება რჩება განცალკევებით, ვერცერთ ოპოზიციურ ერთობას ცალ-ცალკე ვერ შევუერთდებით,“ – ამბობს დავით ქაცარავა, პარტია „ჩვენის“ ლიდერი.
კოალიციის „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანების შემთხვევაში დავით ქაცარავა ამ ერთობაში გაწევრიანებას განიხილავდა.
„ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს სთავაზობს ალტერნატივას, ვისთვისაც მიუღებელია „ქართული ოცნება“ და გულდაწყვეტილია, იმედგაცრუებულია ოპოზიციური სპექტრით. ვფიქრობთ, რომ 5%-იანი ბარიერი არ უნდა იყოს რთული დასაძლევად.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმები არ დაიკარგოს. პასუხისმგებლიანი ადამიანები ვართ შეკრებილი… დავაკვირდებით ამომრჩევლის განწყობას კვლევებში და ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,“ – გვითხრა დავით ქაცარავამ.
პარტიას „ჩვენ“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა მუსლიმთა ინტერესების დამცველი პარლამენტში – ტარიელ ნაკაიძე, ასევე მის მიერ დაფუძნებული პარტია „რეგიონები საქართველოსთვის“.
„მე პირადად მქონდა კომუნიკაცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ სურთ ამ სეგმენტზე, უმცირესობის საკითხებზე მომუშავე ადამიანები… ჩვენ გვქონდა მაქსიმუმ ერთი ადამიანის სიაში ჩასმაზე საუბარი, არანაირი სხვა პირობა არ დაგვიყენებია. მე ვიქნებოდი ეს თუ სხვა იქნებოდა, იმუშავებდა ისევ ამ სეგმენტზე. ღიად არავის უთქვამს უარის მიზეზი, მაგრამ ეშინიათ უმცირესობების თემის, ეკლესიის და ასე შემდეგ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ტარიელ ნაკაიძემ. ის დავით ქაცარავას მას შემდეგ დაუკავშირდა, როცა სხვა ოპოზიციური ძალებისგან გაერთიანებაზე უარი მიიღო.
ტარიელ ნაკაიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობების ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს პარლამენტში:
„ქართული ოცნების“ სიის ოცეულში ვერ მოხდა ვერც ერთი უმცირესობის წარმომადგენელი, არც აჭარის რეგიონიდან არის იქ ვინმე. აჭარა განსაკუთრებულია იმითაც, რომ ავტონომიური რესპუბლიკაა, ცენტრალურ ხელისუფლებაში მინისტრებს და მათ მოადგილეებს რომ თავი გავანებოთ, რომელიმე დეპარტამენტის უფროსი არის აჭარის რეგიონიდან? ინკლუზიური უნდა იყოს სახელმწიფო სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური ჯგუფის თუ ფილოსოფიური მრწამსის მიუხედავად.
სიები როცა შედგება, დავინახავთ სხვები როგორ მოიქცევიან,“ – გვითხრა ტარიელ ნაკაიძემ.
„ვინ არის ოპოზიცია? როგორ წარმოგიდგენიათ „ლეიბორისტული პარტია“ – ერთადერთი მემარცხენე პოლიტიკური პარტია, რომელსაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში დაამყაროს ევროპული სოციალიზმი, გაერთიანდეს ოლიგარქებთან? რა ვუთხრათ ამომრჩევლებს, დავკარგეთ ნამუსი, სინდისი და ბანკირების, ოლიგარქების ფულზე გავყიდეთ-თქო, ეს ვუთხრათ?“ – გვითხრა გიორგი გუგავამ, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
გიორგი გუგავა ამბობს, რომ „ლეიბორისტებს“ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ და ივანიშვილის ხელისუფლებაც დასრულებულია, საზრუნავი კი ახლა ისაა, „ხვალინდელი საქართველო ისევ ოლიგაქრებით და ბანკირებით არ ჩავანაცვლოთ, ისინი ისევ გააგრძელებენ ამ ქვეყნის ძარცვას და თუ დასჭირდათ, რუსეთისკენ კი არა, ჩრდილოეთ კორეისკენაც აიღებენ კურსს,“ – აღნიშნა გიორგი გუგავამ „ბათუმელებთან“.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ვუთხარით, რადგან არსებობს საარჩევნო ბარიერის გადალახვის რისკი, რატომ არ შეიძლება პრეზიდენტის ინიციატივა გაიზიაროს, მიიჩნიოს, რომ ეს არჩევნები უფრო რეფერენდუმია, ვიდრე არჩევნები და სტრატეგიულად მომგებიანად სხვა ძალებთან გაერთიანდეს?
„გაიხსენეთ 2020 წელი, ვინ დარჩა ხალხის ერთგული და ვინ „გაუთეთრა“ ივანიშვილს არჩევნები? „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა ყველამ „გაუთეთრა“ არჩევნები ივანიშვილს…
პრეზიდენტი რამდენსაც იპრუტუნებს, ხომ გააჩნია სამართლებრივად და პოლიტიკურად ეს რამდენად განხორციელებადია? როგორ გგონიათ თქვენ, პარლამენტში რომ შევლენ ეს პარტიები, მერე დაიშლებიან ერთი წლის თავზე? ბოიკოტი ვერ შეინარჩუნეს აგერ, წინა არჩევნებზე, რომელიც ასრულებდა ივანიშვილს.
ჯერ ერთი, საიდან დაასკვენით, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ვერ ლახავს ბარიერს? თქვენ ბერძენიშვილის და ზურაბიშვილის ნარატივით არ უნდა გველაპარაკებოდეთ…
„ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს გადალახული ბარიერი იმის მიუხედავად, რომ ბოიკოტირებული ვართ ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდანაც, ამ ტელევიზიების უკან კი, პარტიები დგას… კვლევებში რასაც აქვეყნებენ, 4-ჯერ და 5-ჯერ მეტს აიღებს „ლეიბორისტული პარტია“, – გვითხრა გიორგი გუგავამ.