დღეს, 10 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა.
ელჩის განმარტებით, ის ბათუმში ოთხი პროექტის პრეზენტაციაზე იმყოფება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არის მიმართული.
„მოხარული, რომ დავბრუნდი ბათუმში. ეს ჩემი მესამე ვიზიტია და ამ ვიზიტის ფარგლებში მე ვესტუმრე ოთხ პროექტს, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი საზოგადოების, ადგილობრივი ხალხის დახმარებისთვის.
პირველი პროექტი სოფლის მეურნეობის დარგში ხორციელდება. ერთ-ერთ საწარმოს USAID-მა გადასცა აღჭურვილობა, რომელიც ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს ხილის გადამუშავებასა და გატანაში სხვადასხვა ბაზარზე.
მეორე პროექტი გახლავთ „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“. ეს ორგანიზაცია ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აჭარაში და აწვდის მათ ინფორმაციას სხვადასხვა სერვისების შესახებ. ეხმარება ადამიანებს ინფორმირებაში.
გუშინ საღამოს ჩვენ დავესწარით კონცერტს, რომელიც ჩატარდა ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ამერიკელმა, გოსფელის მუსიკის ექსპერტმა ქართველ მომღერლებთან ერთად ჩაატარა პოლიფონიური მუსიკის კონცერტი და ჩვენ ყველამ ერთად გავიზიარეთ ის სიხარული, რაც მოაქვს პოლიფონიურ მუსიკას.
დღეს კი ხელმეორედ ვხსნით ბათუმის ამერიკულ კუთხეს, რომელიც გარემონტდა და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში“, – ამბობს რობინ დანიგანი.
მისი თქმით, ცენტრში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ ინგლისური ენა, ამერიკული კულტურა, სამოქალაქო განათლება და სხვადასხვა საკითხები.
ბოლოს ელჩი შეეხო აშშ-ის წინააღმდეგ წარმოებულ რუსულ პროპაგანდასაც.
„მინდა დავასრულო იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონით, იმის შესახებ თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება და ეს ოთხი მაგალითი, რაც ახლა ჩამოვთვალე, ნათლად ასახავს იმას, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა – ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად.
ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის ქართველებისთვის, ქართველ ახალგაზრდებს ეხმარებიან ინგლისური ენის სწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება.
ასე, რომ ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი“, – განაცხადა ელჩმა ბათუმში.