მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტრომ დღეს, 23 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ 2024 წელს საერთოდ არ გამოცხადებულა გრიფირება.
„სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სამინისტრომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირება შეაჩერა და შექმნა საქართველოს ისტორიის წიგნი.
მოგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი საერთოდ არ გამოცხადებულა.
წელს მე-12 კლასში შემუშავდა მხოლოდ დამხმარე რესურსები ყველა იმ საგანში, რომლებიც მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაემატა აღნიშნულ კლასს – ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ქიმია, საქართველოს ისტორია.
დღეისათვის სკოლებში არსებობს ძველი გრიფირებული მსოფლიო ისტორიის წიგნი, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიას. ამასთან, მასწავლებლების გზამკვლევად დამატებითი შეიქმნა რესურსი, რომელიც მუდმივად იქნება განახლებადი“ – წერს განათლების სამინისტრო.
20 სექტემბერს პედაგოგმა და ილიაუნის მკვლევარმა გიორგი ჯავახიშვილმა „ბათუმელებთან“ სწორედ იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომ განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი შეაჩერა და ავტორებისა და გამომცემლობებისგან მალულად დაიწყო უახლესი ისტორიის რესურსზე მუშაობა, რომლის რედაქტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი უნდა ყოფილიყო.
დამხმარე რესურსის შექმნაზე კი პროფესორ დიმიტრი შველიძეს უნდა ემუშავა, რაც დაადასტურა კიდეც შველიძემ, გუშინ 22 სექტემბერს, ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტით.
დიმიტრი შველიძე წერს, რომ მე-12 კლასის ე.წ. სასწავლო რესურსზე მუშაობა მან მიმდინარე წლის ივნის-ივლისში დაიწყო სამინისტროს დაკვეთით.
„როგორც განათლების სამინისტროში აგვიხსნეს, უნდა მომზადებულიყო დროებითი სახელმძღვანელო ანუ როგორც უწოდებდნენ, „სასწავლო რესურსი“ მე-12 კლასისთვის საქართველოს ისტორიაში.
დღემდე მე მოვამზადე „რესურსის“ პირველი ნაწილის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც სამინისტროს წარმომადგენელთა აზრით, უნდა ისწავლებოდეს წელს, პირველ სემესტრში“ – წერს დიმიტრი შველიძე.
სახელმძღვანელო რესურსის ობიექტურად შედგენაზე გიორგი ჯავახიშვილი ეჭვობს, რომ რესურსი იქმნებოდა კონკურსის გარეშე და პროცესის შესახებ ინფორმირებულნი არ ყოფილან არც ავტორები და არც გამომცემლები.
მისი თქმით, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა ის ფაქტიც, რომ სახელმძღვანელო რესურსის რედაქტორი პოლიტიკურად მიკერძოებული პირი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი უნდა ყოფილიყო.
განათლების სამინისტრო ამ მოსაზრებას „უსაფუძვლოს“ უწოდებს.
„გამოთქმული ეჭვი, შიში თუ ბრალდებები იმის თაობაზე, რომ უკანასკნელი 30 წლის პერიოდი არასწორად დაიწერება, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით უწყების დისკრედიტაციის მცდელობა“ – წერს სამინისტრო.
განათლების სამინისტრომ ახალი, ეროვნული მიზნები 2024 წლის 22 აპრილს დაამტკიცა. უწყების განცხადებით, ახალი საგნობრივი სტანდარტის გადამუშავება ამის საფუძველზე დაიწყო და „ყველა საგნის სახელმძღვანელოს განახლება, ახალი ეროვნული გეგმის დამტკიცებისთანავე დაიწყება“ – წერს პრესრელიზში სამინისტრო.
აპრილის შემდეგ თითქმის ექვსი თვე გავიდა. დაიწყო ახალი სასწავლო წელიც, სამინისტრო კი სექტემბრის ბოლოს ამბობს, რომ ჯერ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა არ დაუმტკიცებია.
შესაბამისად, არც ახალი სახელმძღვანელოები შესულა სკოლაში, მაშინ, როცა სამინისტრომ აგვისტოში შეატყობინა სკოლებს, რომ მე-12 კლასში სასწავლო ბადე გაიზრდებოდა და მოსწავლეებს 5 საგანი დაემატებოდათ.
________________
ამ თემაზე:
„ოცნების“ დეპუტატი უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს დაარედაქტირებს – გრიფირება გააუქმეს