მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს დაახოცვინებს მეორე ნაწილს – ინტერვიუ

03.09.2024 •
ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს დაახოცვინებს მეორე ნაწილს – ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ჰპირდება, რომ საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს. რამდენად რეალურია განსხვავებული აზრის, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და რატომ აირჩია ივანიშვილმა ნეგატიური, ხალხისთვის დამაზიანებელი გზავნილები საარჩევნოდ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გია, მმართველი პარტია ამომრჩეველს ეუბნება, რომ თუ ამირჩევ მე ქვეყანაში მექნება არა დემოკრატია, არამედ დიქტატურა, რადგან გავანადგურებ განსხვავებულ აზრს, ოპონენტებს, მედიას – რამდენად სწორი გზავნილია ეს წინასაარჩევნოდ და რა აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს, თქვენი აზრით?

ამ მესიჯით ნეგატიურ სივრცეს აჩენს და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება იყოს გამაერთიანებელი, ის ამბობს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს დავახოცვინებ საზოგადოების მეორე ნაწილსო. ეს არის წარმოუდგენელი რაღაც.

თუმცა, ამით ის ხარკს უხდის იმ მცირერიცხოვან ჯგუფებს, რომლებიც ძირითადად მის ირგვლივ არიან კონსოლიდირებულნი და 12 წლის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლი სწყურიათ.

მათი სარჩევნო კამპანიის ხერხემალი სხვაა.

  • „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვა, „კოლექტიური ნაციონალების“ გასამართლება და ოპოზიციური მანდატების გაუქმება. ძირითადად, ეს გზავნილები გვესმის ბოლო პერიოდში.

ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, უნივერსალური გზავნილი ომისა და მშვიდობის თემატიკაა. სხვა დანარჩენი ამის შემადგენელი ნაწილია.

დაბადებიდან ადამიანი მიისწრაფვის ორი მთავარი ფასეულობისკენ, ეს არის კეთილდღეობა და თავისუფლება.

ივანიშვილი ნერგავს ევროსკეპტიციზმს, რაღაც ფსევდოკონსერვატორულ ხაზზე მუშაობს. ამით ცდილობს შევიდეს კონკურენციაში „კეთილდღეობის და თავისუფლების“ მოთხოვნილებასთან, ანუ უფრო დიდი საფრთხით ან რაღაც დიდი „სიკეთით“ უნდა გადაფაროს ეს და, შესაბამისად, ამიტომ მან აირჩია ომის და მშვიდობის საკითხი.

ომის პროპაგანდა ძირითადად მუშაობს იმაზე, რომ ადამიანებში ჩანერგოს, თუ ეს ხელისუფლება არ იქნება, მეორე დღესვე ომი დაიწყება, რომ პოლიტიკური ოპონენტები ოცნებობენ ომზე და ასე შემდეგ. ამის დანერგვას ცდილობს. მშვიდობა კი ნამდვილად არის ადამიანის ფუნდამენტური ფასეულობა გასაგები მიზეზების გამო.

გარდა ამისა, ის აქცენტებს აკეთებს ფსევდორელიგიურ, ურაპატრიოტულ, ვითომ ტრადიციების დაცვის თემაზე, რომ „ქალი ქალია და კაცი კაცი“. აი, ეს ის თემებია, რომლებიც გარკვეულწილად მუშაობს, უფრო რეგიონებში ალბათ, მეგაპოლისებში ნაკლებად, მაგრამ ქალაქების იმედი მაინც და მაინც არც აქვს ივანიშვილს, რადგან ესმის, რომ მშვიდობის თემით ქალაქებში ხმების რაღაც ნაწილი შეიძლება აკრიბოს, მაგრამ არჩევნებს ვერ მოიგებს.

ამიტომ, ეს დამხმარე თემები, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მე შეიძლება ამერიოს რომელია ბიჭი და რომელი გოგო, ამ პროპაგანდას ისეთი ინტენსივობით იყენებს, რომ შეიძლება ასჯერ ნათქვამი ტყუილი, სიმართლედ მოგეჩვენება საბოლოო ჯამში.

ეს მეთოდოლოგია კარგად არის დამუშავებული ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის კგბ-ში. საბჭოთა კავშირს არ შეეძლო რეალური კონკურენციის გაწევა დასავლური სამყაროსთვის, ამიტომ იყო რკინის ფარდა ჩამოშვებული, რომ კეთილდღეობით და თავისუფლების კონკურენციაში ვერ შედიოდნენ და იგონებდნენ სხვადასხვა თემას. ომისა და მშვიდობის თემას, რომ დასავლეთი იმპერიალისტია, რომ უნდათ გადაგვყლაპონ, გადაგვაშენონ და ასე შემდეგ.

90-იანი წლების შემდეგ ეფესბემ ამ ყველაფერს დაამატა ფსევდორელიგიური თემები. რა მორწმუნეები ესენი არიან, ყველა კარგად ვხვდებით, მაგრამ ისინი ცდილობენ პარაზიტირება მოახდინონ ნებისმიერ ინსტიტუციაზე, ნებისმიერ ავტორიტეტზე და მათ ხარჯზე მიიღონ შედეგი.

ეტმასნებიან ხან ეკლესიას, ახლა რაც მოიგონეს, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებთ მართლმადიდებლობასო, ესეც ამის გაგრძელებაა.

  • თუმცა საპატრიარქო ხვდება, რომ ეს არა მათ გაძლიერებას, არამედ დასუსტებას გამოიწვევს და ამიტომაც შეუთვალა უარი.

როცა მიხვდნენ, რომ ეკლესია არ წამოეგო ამ ხაფანგზე, ის, რაც ბოლოს ილაპარაკეს, ფაქტობრივად სახის შენარჩუნების მცდელობა იყო, მეტი არაფერი.

რაც შეეხება იმას, რომ ის გაანადგურებს მთლიანად ოპოზიციას, არა მგონია, რომ ის ამას რეალურად აპირებდეს. თუმცა გამომდინარე იმ მატრიციდან, რომელიც მან აიღო რუსეთისგან, საფრთხეები რეალურია. რუსეთში ამ ტექნოლოგიით გაანადგურეს სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის, განსხვავებული აზრის ადამიანები და, ფაქტობრივად, ერთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდა.

ივანიშვილიც ამ ინსტრუქციებით მოქმედებს. რუსეთმა სამ ეტაპად გაიარა ეს – თავიდან იყო ავტორიტარიზმი, შემდეგ ეს გადავიდა დიქტატურაში და ახლა რუსეთი ტოტალიტარიზმშია გადასული.

ტოტალიტარიზმი დიქტატურისგან იმით განსხვავდება, რომ პირად ცხოვრებაშიც აღწევს.

  • რუსული  კანონით ხომ ამის მცდელობა უკვე აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას?

დიახ, მაგრამ ჩვენთან ეს ტექნოლოგია ნაკლებად იმუშავებს და რატომ?

იმიტომ კი არა, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ხალხი ვართ, მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ რუსეთში ამ ტექნოლოგიას ჰქონდა საკმაოდ კარგი საფუძველი, პუტინის მისიონიზმის სახით. რომ პუტინი არის იმპერატორი, მას აქვს იმპერია და იმპერიას აქვს მოთხოვნილება, რომ გაფართოვდეს. თუ იმპერია არ ფართოვდება, ის კვდომას იწყებს.

აქედან გამომდინარე, მისი მისია საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის იყო გამართლებული. ჩვენი ხელისუფლება კი შიშველ ადგილზეა. მისია კი არა ბანდფორმირებების დაჯგუფებაა. რა მისია აქვთ, არაფერი, გარდა საკუთარი თავის გახარების. აქედან გამომდინარე, ეს რუსულ გზაზე დადგომის პაროდიული მცდელობაა.

ეს რომ პაროდიაა, არ ნიშნავს, რომ საფრთხეები არ გვაქვს. საფრთხეები სერიოზულია, თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც მალე და უმტკივნეულოდ დამთავრდება.

  • თქვენ თქვით, რომ რაღაც სეგმენტზე აქვს გათვლილი ივანიშვილს ეს დაპირებები. ამომრჩეველი, რომელსაც შია, სახლი არ აქვს, ემიგრაციაში გარბის, სიღარიბეშია, მოუსმენს კი ამ გზავნილებს და მხოლოდ იმიტომ მისცემს ხმას „ოცნებას“, რომ მშვიდობას ჰპირდება?

ჩვენი საზოგადოება რომ არ არის კაი დღეში, ესეც ცხადია. მაგრამ ბიძინა არ ამბობს, რომ მე ვარ კარგი ბიჭი. მისი ამოცანა არ არის ილაპარაკოს, რომ კარგია. ის ამბობს, რომ მე შეიძლება ცუდი ვარ, მაგრამ ალტერნატივა ჩემზე უარესია.

უკეთესი აღარ იქნება, – ამ გზავნილებს უშვებს. ბიძინამ აირჩია ნეგატიური გზავნილები და კი, ეს წამგებიანია, მაგრამ იმ შემთხვევაშია წამგებიანია, თუ მომგები არის ვინმე.

  • იმაზე უარესი რა უნდა იყოს საზოგადოებისთვის ახლა, რაც საქართველოს ევროკავშირს დააკარგვინებს და რუსულ ორბიტაზე დააბრუნებს?

ისიც ამბობს, რომ „მეც იქ მიმყავხართ“. ისევ ევროკავშირის დროშას ამოეფარებიან, შეეცდებიან მაინც. რა გამოუვა, ცალკე საკითხია. იმედი მაქვს, რომ ეს სტრატეგია არ იმუშავებს, მაგრამ ჩვენი პრობლემა დღეს ბიძინას სიძლიერე კი არ არის, პრობლემაა ოპოზიციის სისუსტე და არაადეკვატურობა.

ბიძინა რომ წამგებიან თამაშს ეწევა, ვიღაცამ ხომ უნდა მოუგოს?

  • შეიძლება ოპოზიციაც სუსტია, მაგრამ დღეს ხომ არჩევანი ასე დგას – ევროკავშირი ან რუსეთში დაბრუნება. პრინციპში დასავლეთიც იმავეს ამბობს ხომ, რომ ეს არჩევნები გადაწყვეტს, ჩვენ შორის ურთიერთობის გაგრძელებას, ასე არ ფიქრობს ამომრჩეველი?

ეს აზრი ტრიალებს მეგაპოლისებში, სადაც ბევრი ხალხია და, რა თქმა უნდა, სიცხადე შემოდის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ხდება სოფლებში. თბილისში მე არ ვიცი, ვინ არის ჩემი რაიონის გამგებელი, მაგრამ სოფელში გამგებელი ფიგურაა და ის ეუბნება ადამიანებს, რომ ომი იქნება.

როცა პროპაგანდას კონტრპროპაგანდა არ უპირისპირდება, ფაქტობრივად ადამიანი პროპაგანდის ტყვეობაშია. ამიტომ ვერ გავამტყუნებთ იმ ადამიანს, ვისაც შეიძლება ტვინი აურიონ.

სოფელში მთელი დღე შრომობენ ადამიანები, შემდეგ ჩართავენ ტელევიზორს და რესურსი „იმედის“ ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვა მედიების და ისინი დღედაღამ ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობენ. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს და უნდა მოიცვას რეგიონებიც. უფრო დინამიკური მუშაობა სჭირდებათ.

ახლა ბათუმში რა იყო იმაზე მნიშვნელოვანი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდებოდა? რა გახდა, ორი-სამი ათასი კაცი რომ მდგარიყო სასამართლოს წინ, მშვიდობიანი აქციით, დაენახა ხალხს, რომ მნიშვნელოვანი რაღაც ხდებოდა.

რადგან ხალხს დასავლეთი უნდა, ნუ ვიტყვით, რომ მათ ხონჩით მიართმევს ვიღაც ხელისუფლება.

როცა გამარჯვების ფაქტორებზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვახსენდება ახალგაზრდობა, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი, დასავლეთი თუ რუსეთის იმპერია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია. სად არის აქ ოპოზიცია?

საბოლოო ჯამში, ადამიანმა ვიღაც ხომ უნდა აირჩიოს, როცა უბანთან მივა. ასე რომ, ოპოზიციამ მისი წილი სამუშაო უნდა შეასრულოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: