მთავარი,სიახლეები,სპორტი

ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან – ბათუმელი მოჭადრაკეების წარმატება

01.09.2024
ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან – ბათუმელი მოჭადრაკეების წარმატება

ჩეხეთში, პრაღაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ბათუმელი მოჭადრაკე, მარიამ კალანდაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ასევე ბათუმელმა, კესარია მგელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ორივე მოჭადრაკე  14 წლამდე კატეგორიაში ასპარეზობდა.

„14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ჩემპიონატზე ბოლო ტურამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. მარიამ კალანდაძემ არც თუ ისე სახარბიელო სტარტის შემდეგ, 6 პარტია მოიგო ზედიზედ და ბოლო ტურში ჩემპიონთან დაფიქსირებული ყაიმით დამაჯერებლად მოიპოვა ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული.

დასკვნით ტურში მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კესარია მგელაძემ“ – ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და მასში 47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 25 მოჭადრაკე ასპარეზობდა.

ფედერაცია გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ 16 წლამდე გოგონების პირველობაზე შესანიშნავად ითამაშა მარიამ ცეცხლაძემ, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით გავიდა IV ადგილზე.

________________

ფოტოზე: კესარია მგელაძე და მარიამ კალანდაძე. ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: