„დავით გარეჯი საქართველოა“ – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი ეს იყო. მაშინ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია, მათ შორის, დავით გარეჯის ისტორიული მონასტერი აზერბაიჯანს გადასცა. არჩევნებამდე რამდენიმე დღის ადრე ამ საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს…
თუმცა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას ამ განცხადებებიდან 4 წლის თავზეც არ აქვს დადასტურებული: გადასცა თუ არა მართლაც ვინმემ საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანს.
სამაგიეროდ „ქართული ოცნება“ და პროსახელისუფლებო მედია დავით გარეჯს საპარლამენტო არჩევნების ჩავლის შემდეგ საერთოდ აღარ ახსენებს.
რატომ ვერ გაირკვა დავით გარეჯის საკითხი აზერბაიჯანთან, ან სცადა საერთოდ ამ საკითხის გარკვევა, მაგალითად, პრემიერმა კობახიძემ, როცა იგი აზერბაიჯანში ჩავიდა, ან როცა ილჰამ ალიევი თბილისში ჩამოვიდა?
ფაქტი ერთია, რომ არჩევნების შემდეგ დავით გარეჯის სადავო მონაკვეთზე, არჩევნების ჩავლის შემდეგ, არაფერი გარკვეულა. არც „კარტოგრაფების საქმის“ განხილვა დაუსრულებია თბილისის საქალაქო სასამართლოს. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. სასამართლო ვადა კი, ამ საქმეზეც დარღვეულია იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების წინ გვეუბნებოდა, ეს საქმე განსაკუთრებული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისააო.
რა ჩანს იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ დავით გარეჯი ამ არჩევნებზე აღარ ახსოვს? – „ბათუმელები“ ივერი მელაშვილს ესაუბრა, „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთ ბრალდებულს.
- ბატონო ივერი, წინა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ საერთოდ აღარ ახსენებს დავით გარეჯს. მაშინ „ოცნების“ და პროსახელისუფლებო მედიის მთავარი გზავნილი იყო: „დავით გარეჯი საქართველოა“. რა გაირკვა ამ საქმეზე 4 წლის შემდეგ?
„კარტოგრაფების საქმეა“ ეს უფრო, რადგან დავით გარეჯის მონაკვეთი საერთოდ არ ფიგურირებს ჩვენს საქმეში. დავით გარეჯის ხსენება იყო მხოლოდ ტყუილი და პროპაგანდა. დავით გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია ახლაც და არაფერი შეცვლილა.
მე და ნატალიას გვედავებოდნენ, რომ თითქოსდა რაღაც რუკა აღმოაჩინეს და ამ რუკების შედარების შედეგად დაახლოებით 35 კვადრატულ კილომეტრს საქართველოს კარგავდა… ეს არის აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდება.
- უშუალოდ სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთთან დაკავშირებით არაფერი გარკვეულა?
ახლაც არ არის შეთანხმებული ეს მონაკვეთი. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ამ საკითხზე საერთოდ ძვრა არ ყოფილა.
პირიქით, ამგვარი კამპანიით გააღიზიანეს ჩვენი მოსაზღვრე, პარტნიორი ქვეყანა – აზერბაიჯანი. ამას მოჰყვა ის, რომ თუ მანამდე ჩვენი მომლოცველები და ტურისტები ჩვეულებრივად გადადიოდნენ ქედს გადაღმა და კელიებშიც შედიოდნენ, ახლა კელიებამდე კი არა, ქედამდეც აღარ უშვებენ.
- თუ გაქვთ ინფორმაცია: ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას მცდელობა, რომ ამ საკითხზე ესაუბრა აზერბაიჯანთან?
ამის შესახებ მე არაფერი გამიგია. მედიაში ვნახე, რომ საქართველოს პრემიერი იყო ჩასული აზერბაიჯანში, ილჰამ ალიევიც იყო აქ ჩამოსული, თუმცა შედეგობრივად ფაქტია, რომ არაფერი შეცვლილა.
ის მინდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, ამ დილეტანტური და უტვინო, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციით, წარმოუდგენელია, მიაღწიოს ხელისუფლებამ რამე შედეგს. ხომ ბევრი იძახეს, აი, რუკა აღმოვაჩინეთ და რაღაც – აბსოლუტურად შედეგი ნულია. ლოგიკურიცაა, რომ ასე ვერც იქნება შედეგი მიღწეული, როცა ამწვავებ მდგომარეობას და შენს პარტნიორს ბრალს სდებ.
ერთია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს საკითხი დასჭირდა ქვეყნის შიგნით, წინასაარჩევნოდ: აი, როგორი ბიჭები ვართ, აღმოვაჩინეთ ის, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიები დათმო, რაც მტკნარი ტყუილია და მეორეა ის, რომ პარტნიორთან სიტუაციას აფუჭებ.
- 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაგაკავეს ნატალია ილიჩოვასთან ერთად. მაშინ ხელისუფლება ამბობდა, რომ განსაკუთრებული იყო ეს საქმე და გამოძიებაც დაჩქარებული პროცედურით მოქმედებდა. რა გაარკვია სასამართლომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 4 წლის თავზე?
სასამართლოში საქმის ასე გაჭიანურებაც მოწმობს იმას, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილად წამოწყებული საქმე იყო. თუ ვინმეს უნდოდა ამ საკითხის გარკვევა, მათ შორის, ამ რუკასთან დაკავშირებით, ამ საქმის განხილვას 4 წელი რაში სჭირდებოდა?
რუკა თითქოს აღმოაჩინეს, თორემ ჩვენთვის ეს ახალი არ იყო. დავუშვათ, რუკა აღმოაჩინეს. მას უნდა ჩაუტარო ანალიზი, ანალიზის საფუძველზე კი, უნდა გამოიტანო დასკვნები და მიიღო გადაწყვეტილებები.
ეს რუკა ჩვენთან 2014-2015 წლებშიც განიხილეს. მაშინ ავხსენით ეს ყველაფერი და შეწყვიტეს ეს თემა, თუმცა წინასაარჩევნოდ წამოწიეს ისევ, რომ მოეტყუებინათ საზოგადოება – ფართო მასებმა ხომ არ იციან, რა ხდება ამ რუკაზე? უთხრეს, რომ აი, რუკა აღმოვაჩინეთ და ეს ტერიტორიები ჩვენია.
- გამოჰკითხეს მოწმეები სასამართლოში, რა ხდება პროცესებზე?
ძალიან ბევრი ისეთი მოწმეა საქმეში, ვინც საერთოდ არაა საქმის კურსში. ზოგი კორიდორში დაიჭირეს ალბათ, ან ქუჩაში მოკიდეს ხელი და უთხრეს, წამოდი, მოწმე იქნებიო. მე მრცხვენია მათ ნაცვლად, როცა ვუსმენ. უმეტესობას საერთოდ არ აქვს შემხებლობა საქმესთან.
ზოგიერთი მოწმე კი, სპეციალურად ჰყავს მოყვანილი პროკურატურას, მაგალითად, ჯონდი ბაღათურია, რომელიც მოვიდა და თქვა, ნამდვილად ვიცი, ჩემმა ინფორმატორმა მომიტანა ამბავი, სააკაშვილმა აზერბაიჯანს გადასცა ეს ტერიტორია და დავით გარეჯის მონაკვეთზე ამბობს ამას. შემდეგ მას ჩემმა ადვოკატმა უთხრა, იცით, რომ საერთოდ შეუთანხმებელია ეს ტერიტორიაო და დააღო პირი.
4 წელი გავიდა უკვე და მოწმეებიც ვერ გამოჰკითხეს ჯერ. ბოდიშის მოხდაც არ უნდათ: ადამიანს ეხები, ასეთ ბრალს სდებ. ხომ შეიძლება თქვა, რომ აი, შეგვეშალა? ამასაც არ ამბობენ.
- თქვენი დაკვირვებით, დღეს რატომ არ ახსენებს დავით გარეჯს საერთოდ „ქართული ოცნება“? ის გვპირდება ავტოკრატიას, მაგალითად, ოპოზიციის გაუქმებას…
ადრე რასაც ატყუებდნენ ხალხს, იგივე გზავნილებით ვეღარ მოატყუებენ, ხვდებიან, რომ ეს დამაჯერებელი არ არის და პირიქით, მათ წინააღმდეგ იმუშავებს.
სხვათა შორის, იმ 2020 წლის არჩევნებზეც „კარტოგრაფების საქმემ“ უფრო „ოცნების“ საწინააღმდეგოდ იმუშავა, ვიდრე სასიკეთოდ. ტყუილით და პროპაგანდით ვიღაც-ვიღაცები დააჯერეს, მაგრამ ვინც ოდნავ მოაზროვნე ადამიანი იყო, მაშინვე გაშიფრა და თქვა: ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი.
- თუმცა იმ პერიოდში თქვენ თავს დაგესხნენ კიდეც. ესეც ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული?
არიან ადამიანები, რომლებსაც „ოცნების“ ჯერ კიდევ სჯერათ… დაავალებენ, რომ მიდი, ამას ეს წამოაძახე.
- ახლა, როცა ივანიშვილი აანონსებს ოპოზიციის გაუქმებს და ესენიც იმეორებენ, ტერორისტები გამოდიან, მეტი რა უნდა თქვან? მაგათი ტყუილები უკვე მოჰბეზრდა ხალხს. ნახეს, რომ ის 100 ქარხანა არ გუგუნებს, არც სოფლებს მიეცა განვითარების საშუალება, ხალხი გარბის ქვეყნიდან და იძახიან, ეკონომიკური აღმავლობა გვაქვსო. გამოჩნდა, რომ არ არის დამაჯერებელი მათი არაფერი.
ქვეყნის გარეთ თუ შიგნით აღარ დარჩა აღარაფერი: ყველამ დაინახა ცხადად, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც რუსეთისკენ მიგვაქანებს.
ისევ კრემლის სცენარით მოქმედებენ. ხელისუფლება რომ შეინარჩუნონ, ყველაფერს იკადრებენ, მაგრამ არჩევნების გაყალბებაც რომ წარმოვიდგინოთ, მოსახლეობა უკვე ძალიან კატეგორიულად არის მზად, ესენი პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვას.