მთავარი,სიახლეები

“გუშინაც, გუშინწინაც და სხდომამდეც უნდა მიეღო საკონსტიტუციოს შეჩერების გადაწყვეტილება” – გიორგი დავითური

05.09.2024 •
“გუშინაც, გუშინწინაც და სხდომამდეც უნდა მიეღო საკონსტიტუციოს შეჩერების გადაწყვეტილება” – გიორგი დავითური

ზუსტად 5 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განმწესრიგებელი სხდომა, სადაც ოთხი საკონსტიტუციო სარჩელის დასაშვებობაზე მსჯელობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე სამი დღის განმავლობაში, 29-31 აგვისტოს, უსმენდა მოსარჩელეებს, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარსდგენ და სცადეს მისი დარწმუნება იმაში, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან და ანადგურებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

ოთხივე მოსარჩელე ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა რუსული კანონი. მოსარჩელეთა თქმით, ამ შემთხვევაში, გადარჩებოდა სამოქალაქო და მედიასექტორში მომუშავე ასობით ორგანიზაცია.

განხილვის დასრულებიდან 5 დღე გავიდა, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია იმის შესახებ, რა გადაწყვიტა – მიიღო თუ არა ოთხივე სარჩელი წარმოებაში და გამოიყენებს თუ არა დროებითი შეჩერების ღონისძიებას.

იურისტების შეფასებით, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება დროებით შეაჩეროს. გიორგი დავითური, რომელიც სასამართლოში 122 სამოქალაქო ორგანიზაციისა და მედიის სარჩელს წარადგენდა, ამბობს, რომ საკონსტიტუციომ დროებითი შეჩერების მექანიზმი უნდა გამოიყენოს.

„ე.წ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ სადავო ნორმები ქმნის მოსარჩელე მხარის ინტერესის შეუქცევადად დაზიანების რისკებს. ეს რისკები დაიწყო უკვე და უკვე მიაყენა ორგანიზაციებს ამ რუსულმა კანონმა ზიანი. ეს რისკები უფრო და უფრო გამწვავდება.

ჩემი შეფასებით, დღესეც, გუშინაც, გუშინწინაც და სხდომამდეც იყო შეჩერების გადაწყვეტილება მისაღები. საკონსტიტუციო სასამართლო რას ჩათვლის გამოუსწორებელ ზიანად, მე ეს არ ვიცი. ჩემი შეფასებით ეს რისკები არსებობს.

ვიმეორებ, შეჩერების საკითხის გადაწყვეტა სხდომის გარეშეც იყო შესაძლებელი. რაც უფრო დააგვიანებს საკონსტიტუციო სასამართლო, მით უფრო გამწვავდება ეს რისკები და რაღაც ეტაპზე უკვე შეიძლება შეჩერებას აზრიც აღარ ჰქონდეს, იმდენად დააზიანებს [ორგანიზაციებს]“, – ამბობს გიორგი დავითური.

რა ვადა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად და შემდეგ მის გამოსაქვეყნებლად, ვკითხეთ გიორგი დავითურს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოებაში იმ კომპეტენციასთან მიმართებით, რა კომპეტენციის ფარგლებშიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელია შესული, ერთადერთი ვადაა დადგენილი და ეს ვადა არის 9 თვე, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციური სარჩელის განხილვისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში კანონით განსაზღვრული მეტი ვადა არ არსებობს.

მე რომ მკითხოთ, შეიძლება არც იყოს ეს საჭირო. ამ ვადებს ძალიან ცხადად განსაზღვრავს კონსტიტუცია. შეჩერების შუამდგომლობა არის საქმის მიხედვით. არ არის ისე, რომ ყველა საქმეში შეჩერების შუამდგომლობას ერთი ვადა სჭირდებოდეს.

ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში, როდესაც სჭირდებოდა საქმეს, გარემოებები ითხოვდა, რომ თუ ძალიან სწრაფად არ გაჩერდებოდა სადავო ნორმის მოქმედება, მოსარჩელეს მიადგებოდა გამოუსწორებელი ზიანი. ეს ზიანი ირკვეოდა კონსტიტუციური სარჩელის შეტანიდან ერთ კვირაში და გაუჩერებია საკონსტიტუციო სასამართლოს ეს. მაგალითად, ლევან გვათუას საქმე. მაგრამ ყოფილა საკონსტიტუციოს პრაქტიკაში, რომ ზიანი სარჩელის შეტანის მომენტში არ იყო, ეს გამოიკვეთა მოგვიანებით და ერთი წლის მერე გახდა შეჩერების საჭიროება. ერთი წლის მერე გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ შემთხვევაში.

სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე, როგორც დროებით ღონისძიებაზე, პასუხი – ვადები ასე განსაზღვრული არ არის და ვერც იქნება.

მთავარი აქ ისაა, რომ სადავო ნორმის შეჩერებას პასუხი უნდა გაეცეს დროულად, იმისთვის, რომ ამან არ გამოიწვიოს მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება და არ დაძრას შეუქცევადი პროცესები,“ – განმარტავს გიორგი დავითური.

გიორგი დავითურის თქმით, შეჩერების აუცილებლობა აშკარაა. მით უმეტეს, რომ ეს არ არის სამართლებრივად რთული საქმე.

„ამასთან, ლეგიტიმური მიზეზი, ღირებული კონსტიტუციური ინტერესი, რომელსაც ეს რუსული კანონი იცავს, საერთოდ არაა. არ არსებობს მსგავსი. ამ ფონზე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ცოტა ბუნდოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს რატომ სჭირდება ამდენი დრო.

ჩემი აზრით, კონსტიტუციური წინაპირობები ამ საქმის გაჩერების, არსებობს. რაც უფრო დაგვიანდება საკონსტიტუციო სასამართლო, ეს უფრო მეტად დააზიანებს მოსარჩელე მხარის უფლებრივ მდგომარეობას,“ – ამბობს გიორგი დავითური.

რა გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე არსებობს, ვკითხეთ გიორგი დავითურს.

„როცა ორგანიზაცია უკვე ლიკვიდირებულია, მერე გასაჩერებელი აღარაფერი აღარ არის. სადავო ნორმის გაჩერება ორგანიზაციის ფაქტობრივ გაჩერებას ვეღარ უშველის.

ჩვენ რასაც ვამბობთ, ეს უნდა გაკეთდეს წინასწარ, რომ არ გამოიწვიოს მოსარჩელე ორგანიზაციათა მიმართ რეპრესიული მექანიზმების გამოყენება. რეპრესიული მექანიზმების გამოყენების უფლება იუსტიციის სამინისტრომ 3 სექტემბრიდან მიიღო. იუსტიციას შეეძლება დაიწყოს მონიტორინგი, დაიწყოს ინფორმაციის ამოღება ფიზიკური და იურიდიული პირებიდან, დააჯარიმოს ადამიანები და ორგანიზაციები ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის (მათ შორის განსაკუთრებული მონაცემების შემცველი თუ კონფიდენციალური ინფორმაციის), დააკისროს ორგანიზაციებს ღირსებისშემლახავ რეესტრში დაურეგისტრირებლობისთვის 25 -ათასლარიანი ჯარიმა, დასაჯოს ეს ორგანიზაციები იმისთვის, რომ ისინი იცავენ საკუთარ ბენეფიციარებს, იცავენ თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებს და პირად ცხოვრებას.

სადავო ნორმებით ეს უკვე ქმნის აღსრულების წინაპირობას. ეს უკვე დაიწყო დღეს. საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს არა იმას, მიადგა თუ არა მოსარჩელეს გამოუსწორებელი ზიანი. და რაღას ვაჩერებთ, თუ ზიანი უკვე მიყენებული აქვს?

სანამ მიადგება, ეს უნდა გაჩერდეს მანამდე. ამ ზიანმა უკვე დაიწყო გამოვლინება თავისი ნიშნებით, კანონის მიღებისთანავე დაიწყო ეს ზიანი, ეს ზიანი ნელ-ნელა იზრდება და საბოლოო რეპრესიული მექანიზმების დამუშავება იქნება საბოლოო წერტილი, რომელიც ამას დაესმება,“ – ამბობს გიორგი დავითური.

იურისტის თქმით, რაც უფრო დროს გაწელავს საკონსტიტუციო სასამართლო, ორგანიზაციებისთვის მიყენებული ზიანი შეუქცევადი გახდება და ეს ზიანი იმდენად დიდი შეიძლება იყოს, რომ აზრიც დაკარგოს სადავო ნორმების შეჩერებამ.

„ჩემი პირადი მოლოდინი, როგორც მხარის, არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად. კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება ამ პირობებში მოითხოვს შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობა სრულად აზრს დაუკარგავს ამ კონსტიტუციურ სარჩელს, ვინაიდან მოკლევადიან პრესპექტივაში მოსარჩელეებს დაუდგებათ გამოუსწორებელი ზიანი, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრა, იქნება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელი,“ – ამბობს გიორგი დავითური.


რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა.

ამავე თემაზე:

„რუსული კანონი კლავს თავისუფალ მედიას“ – ჟურნალისტები საკონსტიტუციო სასამართლოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: