არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რა ხდება ხულოში? როგორია მოსახლეობის განწყობა? როგორ მუშაობს აქ მმართველი პარტია და ოპოზიცია? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნესტან ანანიძეს ესაუბრა, იურისტს, აქტივისტსა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელს.
- ნესტან, თქვენი დაკვირვებით, როგორ მუშაობს მმართველი პარტია ხულოში?
ძირითადად, საჯარო კრიტიკას ერიდება ხალხი, თუმცა საზოგადოებაში აშკარაა, რომ მმართველი ხელისუფლების მიმართ დიდი უკმაყოფილება და იმედგაცრუებაა.
აშკარაა ისიც, რომ მოქმედი ხელისუფლება რეალური საქმის კეთებით საზოგადოების ნდობის მოპოვებას არ ცდილობს. გასული წლების განმავლობაში არ უშენებიათ ნდობა საზოგადოებაში, არ უკეთებიათ საქმე და შესაბამისად, ამ სახის ძალაუფლება დღეს აღარ აქვთ. ამიტომაა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებულია მაქსიმალურად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსები, სოციალური დახმარებით მანიპულირება, მერიებში დასაქმებული ადამიანები, მერის წარმომადგენლები… რათა მაქსიმალურად გაავრცელონ სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია და ასე ეცადონ საარჩევნოდ ხმების მობილიზებას.
ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია, რაც აშკარად აქვთ, ეს არის, საზოგადოებაში შექმნან წარმოდგენა, რომ თითქოს არ არსებობს ოპოზიციური პარტია საქართველოში და არ არსებობს პარტია, რომელსაც ხმას მისცემს საზოგადოება, რაც არის მტკნარი სიცრუე.
ეს არის სახელისუფლებო პროპაგანდა, რადგან ჩვენ ვხედავთ არაერთ ოპოზიციურ პარტიას, კოალიციას. 12 წლის შემდეგ მთელი საზოგადოება ვხედავთ საჭიროებას ცვლილებების, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
დეზინფორმაციულ მეთოდს მუდმივად იყენებს „ქართული ოცნება“. განსაკუთრებით იყენებენ მშვიდობის და ომის ნარატივებს წინასაარჩევნო შეხვედრებზე. ჩვენ ვნახეთ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც, ხულოს ცენტრში ამოსულს, გამოსვლა ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ და არა იმაზე, თუ რეალურად რა გვაწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ, მაგალითად, ბათუმი-ახალციხის გზა, რომელსაც ხულოელები ყოველდღიურად იყენებენ, სეზონურად ძალიან დატვირთულია და დღემდე არ არის გაკეთებული. ათ წელზე მეტია, რაც ამ გზაზე დავდივართ.
ამაზე პასუხი არ აქვთ, ბოდიშსაც არ იხდიან და ცდილობენ ელექტროენერგიის მიწოდების, გზის, სასმელი წყლის, ოჯახების ემიგრაციაში წასვლის, მთიანი აჭარის მოსახლეობისგან დაცლის პრობლემებზე საერთოდ არ ისაუბრონ, ზოგადად, საერთოდ არ ისაუბრონ პრობლემებზე.
იმის გამო, რომ უნარი არ აქვთ ამ პრობლემების მოგვარების, ცდილობენ შექმნან დეზინფორმაციით მტერი, რომელსაც, მათი აზრით, ფორმალური კანონებით ებრძვიან და ასე ცდილობენ ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, ანტიჰომოფობიური განცხადებები იქნება ეს თუ სხვა.
- არაერთი მოქალაქე დააჯერეს, რომ თითქოს შეუძლიათ გაიგონ, მათ ვის მისცეს ხმა. რომ განუმარტოთ მოქალაქეებს, რატომ ვერავინ გაიგებს თუ ვის მიეცი ხმა არჩევნებზე?
წინასაარჩევნოდ არაერთ უბანზე მოეწყო იმიტირებული ხმის მიცემა. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰკითხოთ, ვისაც მონაწილეობის გამოცდილება ჰქონია, მეც მქონია, დაგიზუსტებთ, რომ შეუძლებელია იდენტიფიცირება, თუ ვინ ვის მისცა ხმა.
ზოგადად, ყველა არჩევნებზე არსებობს წარმოდგენა, რომ ადამიანები, ვინც კომისიაში არიან, რაღაც მექანიზმებს იყენებენ, რომ გაიგონ, თუ ვის მისცა ხმა მოქალაქემ. ეს წარმოდგენები უფრო მძაფრდება, რაც მეტწილად სიტყვიერი დაშინების მცდელობაა. ეს იმისთვის კეთდება, რომ ადამიანებს შეუზღუდონ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
- რატომ ვერ დაკარგავს მოქალაქე ან მისი ოჯახის წევრი საჯარო სამსახურს, თუ მხარს არ დაუჭერს მმართველ პარტიას?
შეიძლება ითქვას, რომ ესაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფორმა და ამას მხოლოდ არჩევნების დროს არ იყენებენ.
როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდებთან, რომ ისინი აქტიურად იყვნენ სამოქალაქო პროცესებში ჩართულნი, ხშირ შემთხვევაში ურეკავენ ამ ახალგაზრდების ახლობლებს, მშობლებს და აფრთხილებენ, რომ თუ არ შეწყვეტს ეს კონკრეტული ახალგაზრდა აქტიურობას, სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ჩვენ ვნახეთ მერიებიდან, სხვადასხვა „აიპებიდან“ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული არაერთი ადამიანი, რომლებმაც იჩივლეს სასამართლოში და არაერთი საქმე მოიგეს. მახსენდება თეა წულუკიანისთვის მოგებული საქმეები და არა მხოლოდ.
შეუძლებელია საჯარო სამსახურებიდან ადამიანების მასობრივად დათხოვნა. პირველ რიგში, მათ არ აქვთ საკმარისი ადამიანური რესურსი ჩანაცვლებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტები, სოფლები დაცლილია და აღარც სამუშაო ძალა აღარ არსებობს. ადამიანები ემიგრაციაში არიან წასული და ერთ დღეს ადამიანის დათხოვნა და მეორე დღეს იმ პოზიციაზე ახლის მიყვანა ასეთი მარტივი არ არის.
თითოეული მოქალაქე კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა გვირჩევნია? – ჩვენს შვილებს მივცეთ უკეთესი მომავალი, რაც შესაძლებელია მხოლოდ ცვლილებებით და არა 12, 16 თუ მეტი წლით ერთი მმართველი პარტიით, თუ ჩვენ გვინდა ოჯახის წევრების დაკარგვა, რომლებიც ვეღარ ჩერდებიან ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ დასაქმებაც პოლიტიკური ნიშნით ხდება?!
რა გვირჩევნია, ხვალ რომ ვიღაცამ თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით და პოლიტიკური ნიშნით დაგვაშინოს – გაგათავისუფლებ სამსახურიდანო, თუ შევქმნათ სახელმწიფო, საზოგადოება, სამუშაო სივრცეები, საჯარო სექტორები, სადაც ადამიანებს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ კვალიფიკაციის მიხედვით დანიშნავენ და მუშაობის შესაძლებლობას მისცემენ?!
- შეიძლება აიღო თანხა თუ სხვა სახის შემოთავაზება, თუმცა საარჩევნო კაბინაში არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთო?
მე არაერთხელ მსმენია, მათ შორის ჩემს სოფელში, უბნებზე, როგორ იხდიან არჩევნებზე ხმის მიცემის წინ თანხას იმის სანაცვლოდ, რომ მოქალაქეებმა ხმა მისცენ კონკრეტულ პარტიას.
ეს ხელს არ გვიშლის თავისუფლად, დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება, როდესაც საარჩევნო კაბინაში დავრჩებით მარტო.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როცა ადამიანები იყენებენ მოსყიდვის, მოქრთამვის მეთოდებს, თუმცა ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, აღებული ქრთამის მიუხედავად მივიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ფარულობა და თუ რომელიმე მოქალაქის ხმის მიცემის ფარულობა არის დარღვეული და ამაზე პირდაპირ მიუთითებენ, მიანიშნებენ, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სასამართლოებს, ვინც დაეხმარებათ ამ კანონდარღვევის აღმოფხვრაში.
- რა სახის დეზინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივ დონეზე, სოფლებსა თუ თემებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები?
ყველაზე მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული მექანიზმი, ჩემი აზრით, სოციალური საკითხებით მანიპულირებაა, იმიტომ, რომ აჭარაში ცხოვრობს უამრავი ეკომიგრანტი, ცხოვრობენ მეწყრული პროცესებით დაზარალებულები, სოციალურად დაუცველები და სხვა, ეკონომიკურად მოწყვლადი ოჯახები.
ძირითადი მიზანია ასეთი ადამიანების დარწმუნება, რომ მათი მხარდაჭერა დამოკიდებულია არა სახელმწიფოზე, რომლის ვალდებულებაა მოქალაქის მხარდაჭერა, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც მმართველ ხელისუფლებაშია.
რეალურად, სოციალური დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხაა, რომელიც ეკუთვნის ადამიანს არა იმიტომ, რომ, ვთქვათ, მმართველ ხელისუფლებაში მყოფმა ქველმოქმედება განახორციელა, ან რაიმე მსგავსი, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაეხმაროს ადამიანებს. ეს ხდება მოქალაქეების მიერ სხვადასხვა სახის გადასახადებიდან შეკრებილი ბიუჯეტით. ეს არ არის დამსახურება კონკრეტული მმართველი ხელისუფლების ან პარტიის, ამიტომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ დეზინფორმაციას, რომ ეს პარტიის მხარდაჭერაა.
ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც იქნება ამ არჩევნების შემდეგ, ექნება ვალდებულება, დაიცვას და სათანადო საცხოვრებელი გარემო შეუქმნას ეკომიგრანტებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. სოციალური დახმარება არ გაქრება, ან შეწყდება.
- სად აპირებთ არჩევნებზე წასვლას და ზოგადად, როგორი წინასაარჩევნო მოცემულობაა თქვენთან, რა განწყობები იკვეთება მოსახლეობაში?
მე თვითონ ყველა საარჩევნო წელს ვარ ჩართული სადამკვირვებლო პროცესში და არჩევნებს წელსაც დავაკვირდები ერთ-ერთ უბანზე, ხულოში, ხმასაც აქ მივცემ.
თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა მივიდეს არჩევნებზე და აირჩიოს ხელისუფლება, რომელსაც შემდეგ მოსთხოვს სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას მისი ცხოვრების ხარისხის გასაზრდელად.
რაც შეეხება განწყობებს, აშკარაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მმართველი ხელისუფლებით უკმაყოფილოა. ამ პროცესში ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების უფრო მეტად გააქტიურება, უფრო მეტი ხილვადობა, მათი პროგრამების საზოგადოებისთვის გაცნობა, მათი ხმების მოქალაქეებამდე მიტანა, რაც ჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს შექმნიდა, ჩემი აზრით.
ასევე, მნიშვნელოვანია კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების არსებობა. პოლიტიკურ პარტიებს ხმა უნდა მივცეთ არა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებენ მომავალში, რასაც „ქართული ოცნება“ ხშირად იყენებს, რომ აი, მომეცი ხმა და ამ კანონს მივიღებ ან ამ ცვლილებას განვახორციელებ, გზას დავაგებ, სკოლას აგიშენებ… არჩევანი მოქალაქეებმა იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ, თუ რა გააკეთა აქამდე მმართველმა პარტიამ და რამდენად იმსახურებს ის მისი ისტორიიდან გამომდინარე ხელისუფლებაში დარჩენას.