თამარ ბებიას აზრით, ხშირად არის მცდელობა, ჯენზი, რაღაც სასაცილო თაობად წარმოაჩინონ, ან უბრალოდ სულელ, საწყალ ბავშვებად, რომლებიც მარტივად ტყუვდებიან და ენდობიან „გარყვნილი ადამიანების“ დაპირებებს. თამარი კი მიიჩნევს, რომ მცდარი წარმოდგენაა და მომავალ არჩევნებში ჯენზი აუცილებლად გაიმარჯვებს. თამარ ბებია სტუდენტია ფოთიდან, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს და გაზაფხულის აქციების დროს დიდი გამოცდილებაც დააგროვა.
- თამარ, თქვენ, როგორც სტუდენტი, როგორ უყურებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს?
უნივერსიტეტის პირველი კურსი ჩემთვის საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ერთ-ერთი დიდი რამ, რაც ამ წელს გამოვცადე აქციებში აქტიური მონაწილეობაა, აქამდე არასდროს მიმიღია აქციებში მონაწილეობა, იმის გამო, რომ ფოთში ვცხოვრობდი.
გული მწყდება, რომ რუსეთთან საქართველოს მტკივნეული გამოცდილების მიუხედავად, ახალგაზრდებს კვლავ გვიწევს ერთი ძალიან მარტივი და წესით ყველასთვის გასაგები რამის მტკიცება – რომ რუსეთი არის მტერი და რომ ის, ვერასდროს გახდება საქართველოსთვის კეთილისმოსურნე ქვეყანა.
არ უნდა იყოს იმ კითხვის დასმა საჭირო – რუსეთი თუ ევროპა. ამაზე პასუხი ძალიან მარტივია, იმისთვის, რომ გავძლიერდეთ, მთავრობა დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული უნდა გახდეს და არა რუსულ მსოფლმხედველობაზე, რომელსაც სიკეთე ჯერ არავისთვის მოუტანია.
- თქვენ პირადად რა სიკეთე მიგიღიათ ევროკავშირისგან?
პირველ რიგში, ალბათ ვიზალიბერალიზაცია. ერთ-ერთი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, არის ევროკომისიისგან მიღებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მას შემდეგ, რაც საქართველომ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მან მიიღო ვიზალიბერალიზაცია ევროპის რამდენიმე განვითარებული სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ამ პროცესმა ბევრად გაამარტივა მიმოსვლა.
პირადად მე, არასდროს დამიტოვებია საქართველო, თუმცა რასაკვირველია, გეგმაში მაქვს უახლოეს მომავალში წასვლა ევროპაში, როგორც სამოგზაუროდ, ასევე სასწავლებლად.
- იძლევა საქართველო განვითარების საშუალებას? რა განსხვავებაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამ მხრივ?
მაშინ, როდესაც ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების თაობაზე, ხალხი რუსთაველზე გამოვიდა. სოციალურ ქსელებშიც, რუსთაველზეც ერთ რამეს გავიძახოდით – შინ ევროპისკენ. ეს სიტყვები უბრალოდ არ გვითქვამს, ამის მიზეზიც გვქონდა, ევროპა ჩვენი სახლია, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ მეტად განვითარდეს და გახდეს ევროკავშირის ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
ამ პოტენციალის გარეშე ის კანდიდატის სტატუსს ვერასდროს მიიღებდა.
ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, საქართველო არაა ეკონომიკურად ისეთი ძლიერი, როგორიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, თუმცა შესაძლებელია დროთა განმავლობაში ეს შეიცვალოს.
ჩვენ, სტუდენტები, ვტოვებთ ქვეყანას, რადგან ვიცით, რომ შრომა სათანადოდ არ დაგვიფასდება, თუნდაც ანაზღაურება არ იქნება ჩვენი მრავალწლიანი შრომის შესაბამისი, ამიტომაც გვიჩნდება სურვილი იმ გზას გავყვეთ, რომელიც თითქოს მეტ წარმატებას მოგვიტანს.
საქართველოში მეტად რომ აფასებდნენ ახალ თაობას, ბევრი ევროპაში განათლების მიღების შემდეგ უკან დაბრუნდებოდა და მთელ ძალისხმევას მოახმარდა, როგორც პიროვნულ, ასევე სამშობლოს განვითარებას. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გულწრფელი რომ ვიყო, გაცილებით გაიზრდება ჩვენი, სტუდენტების მოტივაცია, როდესაც დავინახავთ, რომ გვამჩნევენ და გვაფასებენ. ჩვენ განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები და გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამაში დაგვეხმაროს, რათა შემდგომ, ჩვენ დავეხმაროთ მას კიდევ უფრო გაძლიერებაში.
- რა სიკეთის მოტანა შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის?
ევროკავშირი, ევროპა, ჩემთვის ერთადერთი სწორი არჩევანია, რადგან ის თავისუფლება, პირადი სივრცე, ზომიერება, მრავალფეროვნება, დამოუკიდებლობა, რასაც ის მოიტანს, აუცილებელია მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. განათლების დონე გაიზრდება, მოსახლეობა მეტად გახდება დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, გავძლიერდებით ეკონომიკურად, ვიქნებით მეტად დაცულები. ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რის გამოც ევროკავშირის წევრობა გვჭირდება.
მახსოვს, დედამ იცოდა, რომ აუცილებლად გავიდოდი და გავაპროტესტებდი რუსულ კანონს. გულწრფელი რომ ვიყო, ერჩივნა ცოტა ადრე თუ მივიდოდი სახლში (ის ფოთშია, მე თბილისში), ნერვიულობდა, როგორც ყველა დედა. თუმცა იცოდა, რომ უმოქმედოდ ყოფნა არ შემეძლო და შეეგუა იმ აზრს, რომ თუ საჭირო იყო, დილამდეც იქ ვიქნებოდი. მხარს მიჭერს და გვლოცავს ახალგაზრდებს.
ამ თემაზე ყოველთვის ვსაუბრობთ, ის თავის დროინდელ აქციებზე მიყვება, მე ჩემსას ვუყვები. ოჯახის სხვა წევრებსაც ვესაუბრები, ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც, რადგან ყველა არ გვეთანხმება ახალგაზრდებს. ეს კი ისეთი თემაა, მართლა გინდება ახსნა, რატომ ხარ მართალი.
ვბრაზობ, როცა ისინი იმ საინფორმაციო საშუალებებს ენდობიან, რომლებიც ახალგაზრდების სხვა სახეს ხატავენ, იმას, რაც რეალურად არც არსებობს, უბრალოდ შეთხზულია. უხეშად რომ ვთქვა, ისინი ცდილობენ ჯენზი, რაღაც სასაცილო თაობად წარმოაჩინონ, ან უბრალოდ სულელ, საწყალ ბავშვებად, რომლებიც მარტივად ტყუვდებიან და ენდობიან ,,გარყვნილი ადამიანების”, თუ ,,გარყვნილი დასავლეთის” დაპირებებს.
ამის ხმამაღლა გაჟღერების შემდეგ, უფროსი თაობას არასწორი წარმოდგენა ექმნება ახალ თაობაზე. ეს ხელს უმართავს იმ ხალხს, ვისი მიზანიც ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნებაა, ანუ რაც უფრო ცუდ ბავშვებად წარმოგვაჩენენ ჩვენ და გააქრობენ ხალხის ნდობას ჩვენს მიმართ, მით უფრო დიდ ხანს ისხდებიან იმ სავარძელზე, რომლითაც წლებია სარგებლობენ.
წელს პირველად ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და თანაც, წლევანდელი არჩევნები მართლაც რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გავიმარჯვებთ – სხვა რამის წარმოდგენა ამჟამად არც მინდა.
ის, ვინც ,,აბა, ომი გინდათ?!“ იდეოლოგიას ემხრობით, გთხოვთ, გაიხსენეთ, რომ საქართველოს ბრძოლასა და მორჩილებას, თუნდაც უბრალოდ ჩუმად ყოფნას შორის არჩევანის გაკეთება ხშირად უწევდა. ის ყოველთვის ღირსეულად ბრძოლას ირჩევდა. ეს გზა უნდა გაგრძელდეს. ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ რუსეთი მტერია, სხვა შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ შევრცხვებით.