ავტორი: ბუთა ორჯონიკიძე
__
„ძალიან ბევრი წავიდა ემიგრაციაში, 18 ობიექტი დაიხურა. ავტობანი რომ გაიხსნა, იმ ღამეს, ცხრა საათის მერე ამ გზაზე მანქანა საერთოდ არ მოძრაობდა“, – გვიყვება მაიკო, „MM-ის“ თანამშრომელი. კვების ეს ობიექტი ზესტაფონში ყავით ცნობილ ქუჩაზე მდებარეობს.
ბოლო ერთ წელში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ორი ახალი მონაკვეთი გაიხსნა. სასიკეთო ცვლილებას უკვალოდ არ ჩაუვლია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის, აქ საგრძნობლად იმატა უმუშევრობამ, მიგრაციამ და ზარალმა.
სტატიაში აღვწერთ, როგორ აისახა ცვლილებები ზესტაფონისა და შროშის მცხოვრებებზე, შესრულდა თუ არა „გარემოს ზემოქმედების შეფასების“ დოკუმენტში შეტანილი პუნქტები და შეიძლებოდა თუ არა მოქალაქეებისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე გაკეთებულიყო ახალი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მაგისტრალის მონაკვეთები.
- ზესტაფონი – ყავით ცნობილი ქუჩა ნაომარ ტერიტორიას ჰგავს
ყავით ცნობილი და ერთ დროს ავტომანქანებით გადატვირთული თამარ მეფის ქუჩა დღეს შეიძლება ვეღარ იცნოთ. ძირითადად, რასაც დღეს ამ ქუჩაზე ნახავთ, ჩამოშლილი შენობებია წარწერებით აჭრელებული მინებით – „დაკეტილია“, „ქირავდება“, „იყიდება“.
როგორც კაფე „დისქავერის“ თანამშრომელი თიკო ამბობს, ავტობანის გახსნის შემდეგ მოსული კლიენტები აქაურობას ხშირად ნაომარ ტერიტორიას ადარებენ: – „ვინც იცოდა და ხშირად დადიოდა აქ, ამბობს, ნაომარს ჰგავს ქუჩაო… ობიექტები, რომლებიც დაიკეტა, უკვე დაზიანდა; მოუვლელია, მინები კი, ჩამსხვრეული…“
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ბევრი ობიექტი დაიკეტა. ძალიან ბევრი წავიდა საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი რაიონს გარეთ გავიდა სამუშაოდ“.
თიკო ამბობს, რომ ეს სურათი საბოლოო არაა და ზაფხულის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდება:
„ახლა კიდევ ზაფხულია და ზაფხულის იმედად არიან ღია ობიექტები. ოქტომბრიდან ისინიც დაიკეტებიან. რეალურად, ქუჩაზე დარჩება 4 ობიექტი. მობრძანდით ოქტომბერში და დანარჩენი ობიექტებიდან აღარცერთი აღარ იქნება”.
თიკოს თქმით, ავტობანი რომ კეთდებოდა, ყველამ წინასწარ იცოდა, თუმცა არ უზრუნველყვეს, რომ ობიექტები ერთიანად გადაეტანათ ავტობანის მიმდებარედ:
„შესაძლებელი იყო გამოეყოთ ავტობანზე ადგილი, სადაც ყველა ერთიანად გადავიდოდა და არა გაფანტულად. ეს ობიექტები ერთად რომ იყო აქ, იმიტომ მუშაობდა – ყველამ იცოდა, რომ ყავის ქუჩა იყო და მოდიოდნენ აქ“.
თიკოს აზრით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა ავტობანის ახალი მონაკვეთის გახსნას თამარ მეფის ქუჩაზე პროტესტი არ მოჰყოლოდა:
„პროტესტი რომ არ ყოფილიყო, იმიტომ გააკეთეს ასე – სულ გვეუბნებოდნენ, ეს ცოტა ხანსაა და ისევ გადმოვა გზა, დროებითაა და ისევ გადმოვაო.
ასე აჩერებდნენ ხალხს, რათა ამ ყველაფერს პროტესტი არ მოჰყოლოდა. მოვიდნენ, აზომეს ობიექტები, გადაგიყვანთ ავტობანზეო… ლამაზი სიტყვით აჩერებდნენ ხალხს – ეს არის სიმართლე.“
როგორც სხვადასხვა ობიექტის თანამშრომლები ამბობენ, მათ ჰპირდებიან, რომ რამდენიმე წელში (მათი თქმით, ეს თარიღი 1,5 წლიდან 3 წლამდე მერყეობს) შორაპნის წრეზე მოეწყობა ადგილი, სადაც შეძლებენ გადასვლას. თუმცა თიკო ამბობს, რომ 2 წლის შემდეგ ეს ყველაფერი დაგვიანებული იქნება:
„ყველა ერთად უნდა გადასულიყო თავის დროზე. ორი წლის მერე ვინ სად გადავა, მაგას უკვე ეს ხალხი ვეღარ აჰყვება. ამ ხალხიდან ყველამ გაიგნო გზა; 2 წელიწადში კიდევ მეტი გაიგნებს და თავისთავად აღარავის იქ აღარ მოუნდება.
მეც, პირადად, შემოდგომიდან მივდივარ ემიგრაციაში. ნელ-ნელა მაინც წავა ეს ხალხი საზღვარგარეთ, ყველა გაიფანტება.
დაკეტილი ობიექტების კორიანტელში „MM-ს“ ვპოულობ, კაფეს თანამშრომელი მაიკო მიყვება, რომ ეს გზა ათწლეულების უკან როგორიც იყო, ისევ ისეთი გახდა:
„რაც ავტობანი გაიხსნა, ხალხმა ძალიან მოიკლო, რადგან ყველა ავტობანზე გადავიდა. ეს გზა როგორც წლების წინ იყო, ისევ ისე ჩაკვდა.
ხალხზეც აისახა, ძალიან ბევრი ობიექტი დაიხურა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. თან ახლა ისეთი სეზონია, ყველას უნდა მუშაობა, ეს ხალხიც ცოდოა.
გზასაც ეტყობა, ხალხი რომ დადიოდა, გადატვირთული იყო გზა, საცობი იყო, ახლა შეგიძლია დაითვალო რამდენი მანქანა გაივლის დღეში“.
მაიკო ამბობს, რომ სხვა ობიექტების მსგავსად, შეიძლება მათი კაფეც დაიკეტოს:
„ჩვენც იგივე ბედი შეიძლება გვეწიოს. ახლა სეზონია კიდევ და ვფართხალებთ, სექტემბრიდან რომ უარესად ჩაკვდება ყველაფერი, დარწმუნებულები ვართ.“
თიკოს მსგავსად, მაიკოც აღნიშნავს, რომ ობიექტების დაკეტვასთან ერთად იმატა ემიგრაციამაც:
„ძალიან ბევრი წავიდა ემიგრაციაში, 18 ობიექტი დაიხურა. ხელფასებსაც დაუკლეს, თუ მუშაობა არ გაქვს, თანხასაც ვეღარ გადაუხდი თანამშრომელს, ამიტომ ბევრმა გადაწყვიტა წასვლა“.
დაკეტილი ობიექტების მფლობელების მოკითხვისას ყველასგან ერთსა და იმავე პასუხს იღებ, რომ მათ ვეღარ იპოვი, რადგან ობიექტები დაკეტეს და წავიდნენ. ვინც დღემდე მუშაობს, მათ ფართობი საკუთრებაში აქვთ.
მათგან ერთ-ერთია კაფე „N1”-ის მფლობელი პაატა, რომელიც ევროპიდან თავისი ბიზნესის დასახმარებლად დაბრუნდა:
„ევროპაში ვცხოვრობ და ახლა სპეციალურად ჩამოვედი, რომ ამ ბიზნესისთვის წვეთოვანი დამედგა. 2015 წელს გავხსენი კაფე („N1”), რის შემდეგაც ფუნქციონირებს და მართავენ ოჯახის წევრები, რადგან მე ევროპაში ვცხოვრობ.
ლოგიკურია, რომ ავტობანის გახსნას ყველა ელოდა და ყველამ იცოდა, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მართლა გაიხსნა, იყო ძალიან მოულოდნელი და სპონტანური.
მიუხედავად ზარალისა, პაატა ადგილის შეცვლაზე არ ფიქრობს. როგორც ამბობს, მისთვის ეს ადგილი მნიშვნელოვანია და სწორედ ახლა უნდა დაიწყოს თავისი მიზნის განხორციელება:
„ბევრს ჰქონდა თადარიგი დაჭერილი, ავტობანის სხვადასხვა მიდამოში გადაიტანეს კაფეები და იქ განაგრძეს მუშაობა, მაგრამ ჩემთვის ეს ტერიტორია და ადგილი ყოველთვის განსაკუთრებული იყო. თავიდანაც კონკრეტული ღირებულებების გამო შევარჩიე ეს ადგილი და ვიცოდი, ავტობანი რომ გაიხსნებოდა, იმის შემდეგ დაიწყებოდა ჩემთვის ეს საქმე.“
ყველა დაცემა წამოდგომის საწინდარიაო ამბობს პაატა, მისი მიზანია ობიექტს ახალი სიცოცხლე გაუჩინოს და ჩართოს თავის პროექტში – „გაიცანი საქართველო“:
„ევროპაში მაქვს პროექტი „გაიცანი საქართველო“ – პოლონეთში პირველი რესტორანი უკვე გავხსენი, პროექტის მიზანია საქართველო და მისი ღირებულებები გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. ეს ობიექტიც ამის ნაწილი იქნება, ახლა ხდება მისი მოდერნიზება და პროექტზე მორგება.“
გზას ვაგრძელებ. ღია ობიექტების თანამშრომლები კამერის წინ ლაპარაკს ერიდებიან, თუმცა ყველა აღნიშნავს, რამდენად მძიმე შედეგი მოიტანა ავტობანის გახსნამ მათთვის.
კაფე „გოლდენს“ მივადექი. თანამშრომელი ეთერ გუმბერიძე მიყვება, როგორ აისახა ავტობანის გახსნა მათ ობიექტზე:
„ძალიან შემცირდა ხალხი, მაგრამ მაინც მოდიან ჩვენი სტუმრები, ვისაც ახსოვს ჩვენი ყავის, ხაჭაპურის გემო.
ასე უცბად თუ დადგებოდა ეს ვითარება, არ ველოდით, მყისიერად მოიკლო ხალხმა. ბევრი ობიექტი დაიკეტა, ვისაც ქირა ჰქონდა გადასახდელი, ეს ობიექტი ჩემი უფროსისაა და ამუშავებს მაინც“.
ეთერის თქმით, ადრე თუ მათ კაფეში ორი თანამშრომელი მუშაობდა და მოვალეობებს ინაწილებდნენ, ახლა მხოლოდ ერთი ითავსებს ყველა მოვალეობას:
„მოლარე და მცხობელი ვიყავით, ახლა ყველაფერს მე ვაკეთებ. ორნი ვართ დარჩენილი, ერთი დღე მე ვმუშაობ, ერთი დღე – მეორე თანამშრომელი და მორჩა“.
ეთერიც აღნიშნავს, რომ ავტობანის გახსნის შემდეგ ზესტაფონში უმუშევრობამ იმატა:
„უმუშევრობამაც მოიმატა, ზოგი ემიგრაციაში წავიდა, ზოგი – სახლში, ზოგმა სხვაგან იშოვა სამსახური.
ზესტაფონში ბაზარსაც შეეტყო. ჯერ მარტო ამ ქუჩაზე 4 ტონა ყველი იყიდებოდაო – ასე ამბობდნენ, ახლა მაგდენი აღარ იყიდება“.
იმავეს ამბობს ზესტაფონის ბაზარში რძის პროდუქტებით მოვაჭრე თამარ ნოზაძეც:
„სახაჭაპურეებს დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ყველი და თავისთავად ყველის ფასიც იმატებდა. მოსახლეობაზე, გლეხებზე აისახა პირველ რიგში, ყველი რომ აღარ იყიდება, გაიაფდა. იმ იაფი ყველით კიდევ ამ გაძვირებულ პროდუქტს ვეღარ ყიდულობს ხალხი.
- შროშა – „დაგვტოვეს მშივრები – გზა ჩვენ არ გვაქვს და კვალი“
სამარშრუტო ტაქსიში ვჯდები და მძღოლს ვეუბნები შროშამდე გამოგყვებით-მეთქი. კი, მაგრამ ავტობანით მივდივარ, გადასახვევთან მოგიწევს ჩამოსვლაო – მიპასუხა.
ავტობანზე ჩამოვდივარ. აქ სავაჭრო ბაზარს აშენებენ, სადაც თიხის ჭურჭელი უნდა გაიყიდოს. მშენებლებს ვეკითხები, როგორ მოვხვდე შროშაში. გზას მასწავლიან.
სოფელში შესვლა რომ შეძლო, გზის უსაფრთხო ნაწილზე გადასვლაა საჭირო, ამისთვის ან ჯებირს უნდა გადააბიჯო შუა ავტობანზე, ან ჯებირს და მოაჯირს შორის გაძვრე, რაც თითქმის შეუძლებელია.
საბოლოოდ ვახერხებ გზის უსაფრთხო ნაწილზე გადასვლას და მალე ძველ გზაზე გადავდივარ, რომელიც ერთ დროს ერთადერთი გზა იყო დასავლეთში მოსახვედრად. ავტომანქანა აქ, ფაქტობრივად, აღარ მოძრაობს, გზაც უკაცრიელია.
რამდენიმე წუთში ვხედავ ვულკანიზაციას და მის წინ მჯდომ ადამიანს. ერთმანეთს ვეცნობით, გივი გველესიანს სახლის წინ, ჭიშკართან აქვს გახსნილი ვულკანიზაცია, ავტობანის გახსნის შემდეგ უმუშევარი დავრჩიო მეუბნება:
„ვმუშაობდი და უმუშევარი ვარ, აქ მოძრაობა აღარ არის. ჩამოვდივარ სახლიდან და ვზივარ, თუ ვინმეს გაუჭირდება, ქე მივეხმარები და პატივს ვცემ.“
მეთუნეები ძალიან დაზარალდნენ, სანამ სოფელ წევამდეც მივა ავტობანი, ნაწილმა იქ გადაიტანა თიხის ჭურჭელიო მითხრა გივიმ:
„სანამ გვირაბები გაკეთდება, წევაში წავიდნენ და იქ დგანან გაყოლებაზე გაჭირვებულები, სახელდახელოდ ააშენეს რაღაც. აქ აშენდება ახლა საამქროები და გადმოვლენ.“
მშენებლობის ერთი მხარე, სადაც მეთუნეები უნდა გადავიდნენ, თითქმის დასრულებულია, მეორე – შენების პროცესშია. შროშის ავტობანი წინა წლის შემოდგომაზე, სექტემბერში გაიხსნა.
გზას განვაგრძობ დახლებისკენ, სადაც ავტობანის გახსნამდე თიხის ჭურჭელს ყიდდნენ. ახლა ეს ადგილი ღობით არის შემოსაზღვრული. დახლის მეპატრონე დალი ამბობს, რომ ავტობანის გახსნა შროშაზე ძალიან ცუდად აისახა, თუმცა იმედი აქვს, თიხის ბაზარი ამუშავდება, რომელიც ახლა შენდება და ამის გამო მთავრობის მადლიერია:
„ხალხი ძირითადად დამოკიდებული იყო თიხის ჭურჭელზე. ბევრს ჰქონდა ბაზრობა, ზოგი კიდე აბარებდა, ასე ვირჩენდით თავს… მაგრამ იზრუნა ჩვენზე მთავრობამ და ავტობანზე კეთდება თიხის ბაზრობა, რომელიც უმოკლეს ხანში გაიხსნება.“
დალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავტობანის გახსნიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, დიდი სამუშაოები ჩატარდა, ამ ყველაფერს კი დრო სჭირდებოდა და იმედი აქვს, რომ თვე-თვენახევარში გაიხსნება ბაზრობა.
სოფელ წევის გზაზე გადასულ მეთუნეებს შორისაა დალის ოჯახიც:
„დროებით გადავედით წევაში, ის მონაკვეთია იქაც დარჩენილი [სანამ იქაც ავტობანი აშენდება]. რა ვქნათ, დიდი ოჯახები გვაქვს, ბავშვები გვყავს… აქაურობასთან შედარებით ვაჭრობა ბევრად ნაკლებია. ყველა ვერ გადავიდა იქ, აქედან და იქიდან ტრანსპორტი გინდა… რამდენიმე ოჯახია გადასული.“
ავტობანის გახსნამ ზარალთან ერთად შროშა მთავარი გზიდანაც მოკვეთა:
„ავტობანზე შესასვლელი არ გვაქვს, მაგრამ ახლა გვპირდებიან, მე მგონი გაკეთდება. ბაზრობა სადაც იქნება, იქ ალტერნატიული ხიდი უნდა გაკეთდეს, თორემ ბაზრობამდე ხალხი როგორ მივა…“
კიდევ ერთ თიხის დახლთან მივდივარ, პატარა კარში შესულს, რომელიც თიხის ჭურჭლითაა სავსე, მეპატრონე ბაბულია გველესიანს ვეცნობი. იგი ამბობს, რომ 26 სექტემბრის შემდეგ (როდესაც ავტობანი გაიხსნა), ამ გზაზე ავტომანქანა აღარ მოძრაობს:
„უბრალოდ ვყარაულობთ ჭურჭელს, რომელიც აქ გვილაგია. ვერსად ვერ წავიღე. ვისაც საშუალება ჰქონდა, წაიღო წევაში, მაგრამ მე ვერანაირად ვერ წავიღებდი, რანაირად წავიღებდი…
უნდა მიიტანო, მოიტანო, ან იქ უნდა გააკეთო დახლი და ადგილზე გაჩერდე; გადატანა- გადმოტანაში ჭურჭელიც იმსხვრევა, ისედაც მიტან-მოტანას ხომ თავისი ხარჯები აქვს და აბა როგორ?..“
ბაბულია ამბობს, რომ ავტობანის გახსნის შემდეგ აქ მხოლოდ ადგილობრივები დადიან და ელიან ბაზრობის გახსნას, რომელზეც ეუბნებიან, რომ სექტემბრის ბოლოს იქნება.
„ვიცოდით, ავტობანი რომ კეთდებოდა, მაგრამ გვეგონა, პირველ რიგში, გააკეთებდნენ სავაჭრო ადგილებს და ასე არ დავრჩებოდით, მაგრამ არ გამოვიდა ასე.
დავრჩით როგორც ტუპიკი, თამაშგარეში… ჩამოსასვლელი არ გვაქვს… ავტობანზე რომ გინდოდეს ასვლა, თბილისისკენ ან დასავლეთისკენ წასვლა, არც ასასვლელი გვაქვს… გაკეთდებაო მაგასაც გვპირდებიან, ჩასმულია პროექტშიო.“
63 წლის ვხდები ქალი, სად მაქვს იმის თავი ვიხტუნაო მოაჯირებზეო – ამატებს.
ბოლო წერტილი შროშის თიხის გასაყიდი ყველაზე დიდი მონაკვეთია. ამ ადგილას უწინ 52 მეთუნე იყრიდა თავს, ახლა კი, ერთ ხელზე დაითვლება მათი რაოდენობა.
„დაგვტოვეს მშიერი. გზა ჩვენ არ გვაქვს და კვალი. ერთ დღეს გაგვანადგურეს, რასაც ჰქვია“, – მეუბნება ერთ-ერთი მეთუნე.
მისი თქმით, თვეებია შროშა იზოლაციაში მოქცეული, მთავრობას კი, დახმარების თხოვნაზე რეაგირება არ ჰქონია:
„ჰაერში დავრჩით… მერამდენე თვეა, რაც ჩაკეტილები ვართ, ვინ იცის. მთავრობას დახმარება რომ ვთხოვეთ, არ გვაქვს საშუალება, წადი სადმე და იქ გააკეთეო;
წასვლა რომ მნდომებოდა და გაკეთების საშუალება მქონოდა, ჭურჭელს კი აღარ დავაწყობდი გასაყიდად.“
ბაბულია გველესიანის მსგავსად, აქ მყოფ მეთუნეებს საშუალება არ ჰქონდათ, ჭურჭელი სხვა ადგილას გადაეტანათ:
„52 ვიყავით, დაითვალე ახლა რამდენი ვართ… წავიდა ხალხი… სხვადასხვა ადგილას დადგნენ გზაზე.
ვერ წავედით, არ გვქონდა გასაქანი, რომ წავსულიყავით. რომ წახვიდე და ააშენო, ფული გინდა, ფული ჩვენ არა გვაქვს”.
„აქ ვართ და რას ვაკეთებთ… ვზივართ მთელი დღე ტყუილად“ – ერთვება საუბარში კიდევ ერთი მეთუნე.
„ვიღაცამ შეიძლება გამოიაროს – ერთმა ან ორმა, ვისთან მივა? ან ერთთან მივა, ან მეორესთან. ყველა ხომ ვერ გაყიდის იმ ერთ დღეს…“ – ამატებს მეორე
მათი თქმით, აქ რამდენიმე დღის წინ გაიარეს მთავრობის წარმომადგენლებმა, თუმცა მათთან გასაუბრება არ ისურვეს:
„ძალიან გაბრაზებულები ვართ, ამას წინათ გაგვიარა ჩვენმა მთავრობამ; ვთხოვეთ გაეჩერებინათ მანქანა, ორი სიტყვა რომ გვეთქვა, მაგრამ არ გაგვიჩერეს.“
- რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ავტობანის გახსნის შემდეგ ადამიანები არ დაზარალებულიყვნენ?
რა წერია „გარემოს ზემოქმედების შეფასებაში“:
უბისა – შორაპნის (F3) და შორაპანი – არგვეთას (F4) გარემოს ზემოქმედების შეფასებაში თითო თავი ეთმობა სოციალურ-ეკონომიკურ ზემოქმედებას.
შროშა
უბისა – შორაპნის „გზშ-ში“, რომელშიც შედის სოფელი შროშაც, ცხრილის სახით მკაფიოდ არის აღნიშნული, როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანების კომპენსაცია, რომელთა ბიზნესსა ან/და დასაქმებაზე მოახდენს გზა ზემოქმედებას.
ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია ყველა ოჯახი მათი სტატუსის მიუხედავად (დაკანონებადი მფლობელების და მიწის თვითნებურად დამკავებელი პირების სახით).
ასევე აღნიშნულია, რომ გზის სამუშაოების დროებითი ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს კომპენსაციის სახით უნდა მიენიჭოთ:
„ფულადი ანაზღაურება შეჩერებული ბიზნესის თვეების წმინდა შემოსავლის ოდენობით. შემოსავალი დაიანგარიშება საგადასახადო დეკლარაციის ან მისი არარსებობის შემთხვევაში. საარსებო მინიმუმის საფუძველზე (5 წევრიანი ოჯახისათვის). მუდმივი მუშა/დასაქმებული პირი: დაკარგული ხელფასის ანაზღაურება 3 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობით (5 წევრიანი ოჯახისათვის).და კომპიუტერის შესწავლის კურსები.“
მიიღეს თუ არა კომპენსაცია შროშელმა მეთუნეებმა? მეთუნე ნინო ამბობს, რომ არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ:
„აბსოლუტურად არანაირი კომპენსაცია არ მიგვიღია – ვითხოვდით, მაგრამ არაფერი.
პირიქით, როგორც ეთნოგრაფიული კუთხე, აქამდე გადასახადებისგანაც თავისუფლები ვიყავით, ახლა კი, ყველაფერთან ერთად, ახალ სავაჭრო ადგილას, სადაც გადაგვიყვანენ, ყოველთვიურ გადასახადს გვიწესებენ“.
ნინოსთან ვაზუსტებთ ამ ერთი წლის მანძილზე ძველ გზაზე დარჩენილი მეთუნეებიდან მიიღო თუ არა ვინმემ კომპენსაცია, რაზეც ნინომ იგივე გვიპასუხა, რომ აბსოლუტურად არანაირი კომპენსაცია არავის მიუღია.
- ზესტაფონი
შორაპანი – არგვეთა (F4) გარემოს ზემოქმედების შეფასებაში, რომელშიც შედის ზესტაფონი და თამარ მეფის ქუჩა, თავში „სოციალური და კულტურული ასპექტები“ ყურადღების ცენტრში ექცევა გზისპირა ბიზნესის საკითხი:
„პროექტის ექსპლუატაციის პერიოდის დროს სატრანსპორტო მოძრაობის გადართვამ არსებული გზიდან ახალ მიმართულებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ გზისპირა ბიზნესზე, მათ შორის მცირე გზისპირა მაღაზიებსა და რესტორნებზე ზესტაფონში.
გზის მომხმარებლებთან ვაჭრობის დონე დაეცემა, მაგრამ ისინი მაინც შეძლებენ ადგილობრივი საზოგადოებისთვის თავიანთი სერვისების მიწოდებას.“
განმარტების თანახმად, გზისპირა ბიზნესისთვის გამოსავლად და პრიორიტეტად თავიანთი სერვისების ადგილობრივებისთვის მიწოდება უნდა იქცეს.
მაშინ, როცა „ზემოქმედების სკრინინგის“ ცხრილში გრაფაში – „ბიზნესის შეფერხება გამოწვეულია ბიზნესზე წვდომის შემცირებით“ – აღნიშნულია, რომ საკითხით გამოწვეული საზოგადოების შეშფოთების დონე, ისევე როგორც საკითხის მნიშვნელობა, არის მაღალი.
ასევე, „განსახლებისა და კომპენსაციის ბიუჯეტში“ ცალკე გრაფა აქვს – ბიზნესს, დასაქმებასა და მოვაჭრეების კომპენსაციას, რომლისთვისაც ჯამური ღირებულების სახით გამოყოფილია 316,078 – ლარი.
ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „ობიექტი MM-ის“ მფლობელი მამუკა გვეუბნება, რომ მათ არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ:
„არც თანხა მიგვიღია და არაფერი. შეპირება იყო, რომ რაღაც ადგილი გამოიყოფოდა ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, წელიწადი მიდიოდა ამაზე საუბარი და არც მანდ არავის არაფერი მიუღია.“
იმავეს ამბობს კაფე „დისქავერის“ მფლობელი რეზო – „[კომპენსაციის] მსგავსი არაფერი მომხდარა“.
„არც გამიგია არაფერი მსგავსი, ჩემს ახლობლებსაც აქ ჰქონდათ ობიექტი და დახურეს, დანარჩენი კიდევ ვღაფავთ სულს.“
- არასათანადოდ შეფასებული ეკონომიკური განსახლების რისკები
არსებობს თუ არა პრაქტიკა, როდის უნდა მოხდეს იმ ყველაფრის უზრუნველყოფა, რაც ადამიანებს აუნაზღაურებს ან/და შეუმცირებს ზარალს და სოფელ შროშის შემთხვევაში დაგვიანებულია თუ არა სავაჭრო ობიექტების მშენებლობა;
ამ კითხვით მივმართეთ მარიამ ფაცაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ადგილობრივი თემების მხარდაჭერის კოორდინატორს, რომელიც ჩართული იყო მაგისტრალის მონაკვეთების მშენებლობის მონიტორინგის პროცესში:
„თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს, რომ ავტობანის გახსნამდე ეს ყველაფერი უზრუნველყოს, მაშინ ადგილობრივებს უნდა აუნაზღაუროს ზარალი, რომელსაც ამ პერიოდში განიცდიან“, – ამბობს მარიამი.
მარიამი აღნიშნავს, რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებად მიიჩნევიან:
„არამხოლოდ ადამიანები, რომელთაც უწევთ ფიზიკური განსახლება ანუ მაგალითად, ისინი, რომელთა საცხოვრებელზე ან მიწის ნაკვეთზეც უშუალოდ გადის ახალი მაგისტრალი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ეკონომიკური განსახლების რისკის ქვეშ დგებიან – კარგავენ შემოსავალს და საარსებო გარემოს.“
მარიამის თქმით, ბანკის [ამ შემთხვევაში, მონაკვეთების დამფინანსებლები არიან აზიის განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკები] პოლიტიკის მიხედვით, ფიზიკურ განსახლებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განსახლების საკითხიც:
„ეკონომიკური განსახლება გულისხმობს შემოსავლის დაკარგვას, რაც ადეკვატურად უნდა იყოს შეფასებული და ასევე უნდა იყოს მიტიგაციის – შერბილების სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო გარემო არ გაუარესდეს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
ამ მონაკვეთების შემთხვევაში პრობლემურია, რომ სათანადოდ არ არის შეფასებული ეკონომიკური განსახლების რისკები და არ არის მიღებული ყველა ზომა იმ ადამიანების საცხოვრებელი გარემოსა და შემოსავლების დონის შესანარჩუნებლად, რომლებიც პროექტების გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ.“
- აზიის განვითარების ბანკის პასუხი
აზიის განვითარების ბანკს, რომელიც შორაპანი – არგვეთის (F4) მონაკვეთის დამფინანსებელია, ვკითხეთ:
რატომ ვერ შეფასდა სათანადოდ ეკონომიკური განსახლების რისკები და არ გატარდა ყველა ზომა იმ ადამიანების საცხოვრებელი გარემოსა და შემოსავლების დონის შესანარჩუნებლად, რომლებზეც მოახდენდა გავლენას ავტომაგისტრალის მშენებლობა?
აზიის განვითარების ბანკის პასუხში ხაზგასმულია, რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია მაგისტრალი საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე.
ასევე აღნიშნულია, რომ ისინი ადევნებენ თვალს „პროექტში ჩართული ყველა აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოს საქმიანობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანხვედრა ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკასთან და ყველა იმ პროცედურის შესრულებას, რაც პროექტის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების ინტერესების გათვალისწინების ხელშეწყობისკენაა მიმართული.
პროექტის არაპირდაპირი ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის ზეგავლენის შერბილების ნაბიჯები, რაც საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მოქმედების სფეროა, გათვალისწინებული იყო პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე და განხორციელების პროცესშია.“
ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლის თქმით, მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებში ევროპის საინვესტიციო ბანკის სოციალური სტანდარტების გათვალიწინებით განსახლების გეგმას ადგენს ინიციატორი ორგანიზაცია.
უბისა-შორაპნის მონაკვეთის (F3) შემთხვევაში კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტმა შეადგინა განსახლების გეგმა და 2018 წლის მაისში გაიმართა კონსულტაციები ადგილობრივებთან, რის შემდეგაც ოფიციალურად გამოქვეყნდა გეგმა.
ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც შროშაში წარმოიშვა და სტატიაშია განხილული, გამოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია, რათა უკეთ გაერკვნენ პრობლემის არსში და საკითხს თვალყურს მიადევნებენ მათი მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში.
ასევე მათ პასუხში ნათქვამია, რომ ძალიან დიდი სერიოზულობით ეკიდებიან ყველა პრობლემას, რომლებიც ექმნებათ დაინტერესებულ მხარეებს და სწორედ ამიტომ აქვთ ოფიციალური გასაჩივრების მექანიზმი. თუმცა ამ დრომდე ამ პროექტთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივარი არ მიუღიათ.
____