რამდენიმე დღეა კრემლის პროპაგანდისტები აქტიურად განიხილავენ და იწონებენ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.
ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ბოდიშზე საუბრისას, რუსეთის შსს–ს ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამად პროპაგანდისტული არხის „სოლოვიევ live“-ის თანაწამყვანმა სერგეი კარნაუხოვმა, საკუთარ გადაცემაში [Лабиринт Карнаухова], ვარშავის გეტოს წინააღმდეგობის მემორიალთან, 1970 წელს მუხლებზე დაჩოქილი გერმანელი პოლიტიკოსის, მაშინდელი კანცლერის – ვილი ბრანტის ფოტო აჩვენა ეკრანზე და პარალელი გაავლო ივანიშვილთან:
„ერთ ფოტოს გაჩვენებთ, ეს ისტორიული ფოტოა, ეს ვარშავაში იყო, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 25 წლის შემდეგ, ეს ვილი ბრანტია, ეს 1970 წლის შვიდი დეკემბერია, მაშინ ის დადგება/დაიჩოქებს მუხლებზე ებრაული გეტოს პატიმრების მემორიალთან, რომლებმაც გაბედეს ნაცისტების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, და არის ეს მომენტი, როდესაც ის დგას თავსაბურავ მოხდილი, თავისი ქვეყნის მიერ ჩადენილი ტრაგედიის აღიარების ნიშნად – კოლოსალურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
მერე ის დაწერს: ვგრძნობ გერმანიის ისტორიის მძიმე სევდას მილიონობით დაღუპულის ხსოვნის გამო, მე გავაკეთე ის, რასაც ადამიანები აკეთებენ, როდესაც შეუძლებელია რაღაცის თქმა და სიტყვები ყელში გეჩხირება“.
კარნაუხოვის შეფასებით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „იმაში რაც ახლა საქართველოში დაიწყო, არის არა პოლიტიკური ნაბიჯი, არამედ ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაბრუნდნენ იმ დროს, გაჩერდნენ და იგრძნონ ის მომენტი, იგრძნონ ტრაგედია… შეიგრძნონ ყველაფერი, რაც თან ახლდა ამ ნაძირალა, აბსოლუტურად არანორმალური ადამიანის, სააკაშვილის ქმედებებს“.
ამავე თემაზე: